ადამიანის ძირითადი უფლებები, როგორც სახელმწიფოსადმი და კერძო პირებისადმი დადგენილი მორალური იმპერატივები (ჰორიზონტალური და ვერტიკალური ეფექტი)1962 2022.01.11
ადამიანის ძირითადი უფლებები, როგორც სახელმწიფოსადმი და კერძო პირებისადმი დადგენილი მორალური იმპერატივები (ჰორიზონტალური და ვერტიკალური ეფექტი)

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაო აღიარება კაცობრიობის ერთ-ერთი უძვირფასესი მონაპოვარია. სახელმწიფოსა და სამართლის მიზანს თავისუფალი და ღირსებადაცული პიროვნება წარმოადგენს, რომლისთვისაც გარანტირებულია ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. 1 დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობაც სწორედ აქედან მომდინარეობს - მათ უმთავრეს მიზანსა და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანი, თავისუფალი ინდივიდი, რომლის უფლებები და
თავისუფლებები კონსტიტუციურად აღიარებულია, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა კი გარანტირებული. ყველაზე მოკლე და მარტივი განმარტებით ძირითადი უფლებები სახელმწიფოსგან ადამიანის დამცავი უფლებებია. 2 ისინი იცავენ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მათი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან და ამით უზრუნველყოფენ ადამიანებისათვის თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობას. დემოკრატიზაციის ფუნდამენტურ პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლებების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის აღიარება სახელმწიფოთა კონსტიტუციებით, რაც გულისხმობს ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფოს შეზღუდვის აუცილებლობას უფლებებითა და თავისუფლებებით. 3 მიუხედავად თანამედროვე მსოფლიოს შესამჩნევი დემოკრატიზაციისა, ძნელად თუ მოიძებნება სხვა კონსტიტუციებში ისეთივე ამომწურავი განმარტება, რომელიც ასე ნათლად გადმოსცემს ძირთადი უფლებების არსს, მისი ვერტიკალური მოქმედების ეფექტს, როგორც ეს
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლშია მოცემული. აღნიშნული დათქმით, ძირითადი უფლებების უპირატესობა უდავო ხდება - რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევასაც არ უნდა ისახავდეს იგი მიზნად,ხელისუფლების სამივე შტო უპირობოდაა შებოჭილი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით. არ არსებობს მიზანი, რომლის მისაღწევადაც ხელისუფლება უფლებამოსილი იქნება გაუმართლებლად ჩაერიოს ადამიანის ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში, რამეთუ დემოკრატიული სახელმწიფოს თვითმიზანს თავისუფალი, ღირსებადაცული ადამიანი წარმოადგენს, ხოლო ადამიანის არსებობა შეუძლებელია იქ, სადაც არ არსებობს მისი ბუნებითი, იმანენტური უფლებები. ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებების არსით, ფარგლებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს ამ ფარგლების შეცვლის, შევიწროვების გზით.

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ,,ადამიანის უფლებები უშუალოდ და პირდაპირ მოქმედებს, რაც პირველ რიგში ბოჭავს ხელისუფლებას არა მხოლოდ ამა თუ იმ ნორმატიული აქტით კონკრეტული უფლების არათანაზომიერად შემზღუდველი დანაწესების დადგენაში, არამედ კრძალავს კონსტიტუციითვე ფუნდამენუტრი უფლებების ძირითადი არსის დაძლევას, მისი დარღვევის, ხელყოფის ნორმატიული საფუძვლის შექმნას“ 5 , რაც ქვაკუთხედია სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება  ვისაუბროთ დემოკრატიულ საზოგადოებაზე იქ, სადაც ადამიანი არ არის სხვათა თანასწორი, სადაც ადამიანის პირადი სფერო დაუცველია, სადაც არ არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებით თვითბოჭვა, არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების ქმედითი მექანიზმი - ხელისუფლების სამივე შტოს ფუნდამენტს საჯარო მმართველობის განხორციელებისას სწორედ ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უნდა წარმოადგენდეს, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია სახელმწიფოში არსებობდეს ხალხის მმართველობა. დემოკრატიული სახელმწიფოს მშვენიერება მის ინდივიდუალურობაშია, ხოლო ინდივიდი არსებობს იქ, სადაც არსებობს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რამეთუ ეს უკანასკნელი ადამიანს გააჩნია იმიტომ, რომ ის ადამიანია და მის გარეშე ის ვერ შეძლებდა სრულფასოვან არსებობას, მისი იდენტობის შენარჩუნებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-4 მუხლთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ,,ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა, იქცეოდა გამოფიტულ წინადადებებად, ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო სახელმწიფოს კი თვითნებური მოქმედებისა და ძირითადი უფლებების იგნორირების უკიდეგანო შესაძლებლობები მიეცემოდა...“   , რაც, ვფიქრობ, ნათლად აღწერს ძირითადი უფლებების მორალურ იმპერატივს სახელმწიფოს მიმართ, რადგან მმართველობა, რომელიც არ ეფუძნება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ვერასდროს შექმნის ღირსეულ სახელმწიფოს და შესაბამისად ვერც თავისუფალ საზოგადოებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ადამიანებს სამართლებრივი ურითერთობა აქვთ არა მხოლოდ სახელმწიფოსთან, არამედ სხვა, თანასწორ ადამიანებთან თუ იურიდიულ პირებთან. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა რამდენად შეიძლება ადამიანის ძირითად უფლებებს
ჰქონდეთ ზეგავლენა კერძოსამართლებრივ ურითერთობებზე. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ძირითადი უფლებები სახელმწიფოსგან ადამიანის დამცავი უფლებებია, რომელის მიზანია ხელისუფლების შებოჭვის გზით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა
და თავისუფლებების სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გამონაკლის შემთხვევებში ძირითადი უფლებები ,,მესამე პირის“ მიმართაც, უფრო ზუსტად - კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლადაც მოქმედებს.  თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთ დროს ძირითად უფლებებს აქვს ე.წ. შუალობითი (არაპირდაპირი) მოქმედების ძალა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების მორალური იმპერატივები კერძო პირებისადმი გაცილებით უფრო ფართოა ვიდრე ამ უფლებათა პირდაპირი ზემოქმედების სფერო. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი სახალხო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპია, რაც თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში ხალხია ხელისუფლების წყარო - თავად ქმნის ამ უკანსაკნელს და ახორციელებს მას. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს ე.წ. სარკისებრი ეფექტი - თავისუფალი და პასუხისმგებლიანია რა საზოგადოება, ასეთივეა მისი ხელისუფლება. ამდენად, ადამიანის ძირითად უფლებებს მორალური იმპერატივის ძალა აქვთ არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ კერძო პირებისთვისაც, რადგან სწორედ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა, მათი რეაქცია ძირითად უფლებათა  ხელყოფისას ქმნის იმ ქმედით ბერკეტს, რაც სახელმწიფო ხელისუფლებას არ აძლევს საშუალებას საჯარო მმართველობის განხორციელებისას იმოქმედოს თვითნებურად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გაუთვალისწინებლად. ძირითადი უფლებები აღჭურავს ადამიანს თავისუფლებით და მოთხოვნილებით ხელისუფლების მიმართ, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მის თავისუფლებაში, ხოლო, მერე მხრივ, დაიცვას ეს თავისუფლება,   მაგრამ იმისთვის, რომ ამ უფლებათა აღიარებას არ ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, აუცილებელია თავად საზოგადოებას ესმოდეს ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა და საჭიროება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებისთვის. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება მხოლოდ შესაბამის ღირებულებებზე დაფუძნებულ სამართალს და ამავე ღირებულებებით შებოჭილ ხელისუფლებას შეუძლია. ასეთი წესრიგისთვის საფუძველი კი, პირველ რიგში ქვეყნის უზენაესი კანონით უნდა შეიქმნას და განისაზღვროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ამ უფლებებით სარგებლობის ფარგლები, ფორმები და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების არსი, რათა კონსტიტუციით შეიზღუდოს ხელისუფლების სამივე შტო მუდმივი ვალდებულებით - იმოქმედოს ადამიანის თავისუფლების სამსახურში კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და შექმნას ქვეყნის სამართალი, განავითაროს კონსტიტუციით გათვალისწინებული ღირებულებების უპირობო
ერთგულებით. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში, ადამიანის ძირითადი უფლებების მორალურ იმპერატივთა სრულფასოვან რეალიზებაზეა დამოკიდებული ნებისმიერ საზოგადოებაში.

 

ავტორები:

საბა პეტრიაშვილი
ანუკი გელაშვილი

 

გამოყენებული ლიტერატურა

,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ“, 28.06.2010.

,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ“, 28.06.2010.

Pieroth/Schlink, Grudrechte: Staatstrecht II, 26. Aufl. 2010, S. 13 f.

ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოსსაკონსტიტუციოსამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2016.

კ. კუბლაშვილი, ადამიანისძირითადიუფლებებიდათავისუფლებები, მეხუთეგამოცემა.

საქართველოსკონსტიტუციისკომენტარი, თავიმეორე, 2013.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.