პროპორციული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ბარიერი1134 2022.01.17
პროპორციული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ბარიერი

 

პროპორციული სისტემის პირობებში საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. არჩევნებში კენჭი ეყრება არა ცალკეულ კანდიდატებს, არამედ პარტიულ სიებს. პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად 1889 წელს ბელგიაში გამოიყენეს. საქართველოშიც 1919 წლის 14-16 თებერვალს დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც, ამავდროულად, პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო, სწორედ ამ სისტემით ჩატარდა. არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობდა, 6 მათგანი კი პირველ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. 

პროპორციული არჩევნები წმინდა პარტიული არჩევნებია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ამომრჩეველი შესაძლოა მხარს უჭერდეს ლიდერს, მოსწონდეს მისი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, მაგრამ არ იცნობდეს პარტიის წევრებს ან მათ უმრავლესობას, რომლებიც შედიან პარტიულ სიაში და მანდატების მფლობელებიც გახდებიან. ამიტომ, სათუოა, გაამართლებენ თუ არა ისინი იმედებს. 

საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ჩატარდეს საერთო სახელმწიფო დონეზე, როდესაც მთელი სახელმწიფო ერთ საარჩევნო ოლქადაა წარმოდგენილი, ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით. მართალია, ეს უკანასკნელი პარლამენტში რეგიონების დამაბალანსებელ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს, თუმცა ახალისებს რეგიონული პარტიების წარმოქმნას და სეპარატიზმს.

პროპორციული სისტემის ძირითადი უპირატესობა ამომრჩეველთა პოზიციის მაქსიმალურად ზუსტად ასახვაა წარმომადგენლობით ორგანოში. პიპა ნორისის კვლევით, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის მიერ მიღებული ადგილების შედეგებიდან გადახრა, ე.წ „გამარჯვებულის ბონუსი“ საშუალოდ 12,5%-ია, შერეულ საარჩევნო სისტემებში-7,4%, ხოლო პროპორციულ სისტემებში მაჩვენებელი 5,7%-ია. ამდენად, მაჟორიტარული სისტემის პირობებში, პარტიამ, რომელიც 37,5%-ზე მეტ ხმას იღებს, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. 

უზრუნველყოფილია პარტიულ-პოლიტიკური პლურალიზმის მაღალი ხარისხი,რაც სრულად გამორიცხავს სახელმწიფოში ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბებას. პარტიები მეტად ორიენტირებულნი არიან საარჩევნო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემა ერგება მოთხოვნებს პოლიტიკაში ქალთა როლის ზრდასთან დაკავშირებით. ამ სისტემით მეტ ქალს აქვს წარმომადგენლობით ორგანოში მანდატის მიღების პერსპექტივა. განსაკუთრებით, სიითი პროპორციული 

წარმომადგენლობის პირობებში. 2004 წელს ქალების რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა საშუალო 15.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით. 

მაღალია აქტივობაც. ნორისის კვლევებით, 1990-იან წლებში ჩატარებულ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოიყენებოდა, ამომრჩეველთა აქტივობის დონე 70% იყო. მაშინ, როდესაც მაჟორიტარული სისტემის  ქვეყნებში აქტივობის საშუალო მაჩვენებელი-60,4%, შერეული სისტემის პირობებში კი 64% იყო. ძირითადად, პროპორციული სისტემის უპირატესობები აქცენტებს სვამს  საკითხებზე, რომლებიც პრობლემას წარმოადგენდა წინა საარჩევნო სისტემის პირობებში. ამან გნაპირობა მომძლავრებული ლტოლვა მის მიმართ, თუმცა არც ეს უკანაკნელია იდეალური და მთელი რიგი საფრთხეებია გასათვალისწინებელი.

პირველ რიგში, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შეიძლება გართულდეს სამთავრობო კოალიციების ფორმირება. თუ გავითვალისწინებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ კლასიკური ტიპის, არამოწყვლადი, სტაბილური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მყარად დგანან საკუთარ ფასეულობებზე, ამასთან ერთად, პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს და კონსტრუციულად ოპონირებენ, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური შეთანხმება ვერ შედგა პარტიებს შორის. მაგალითები უამრავია ევროპის უახლეს ისტორიაშიც. 

პროპორციული საარჩევნო სისტემა შანსს აძლევს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, მოიპოვონ მანდატები, მაგრამ იყო ახალწარმოქმნილი მცირე პარტია არ ნიშნავს, იყო მზად პარლამენტში ეფექტურად მუშაობისთვის. მსოფლიოს მონაცემთა ანალიზით, ერთ ქვეყანაში საშუალოდ 4-5 აქტიური პარტიაა. ისრაელში მათმა რაოდენობამ უკვე 9-ს მიაღწია. საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე  პარლამენტში შესვლა ასევე 9 პარტიამ შეძლო. მაგრამ, კარგია ასეთი პარტიულ-პოლიტიკური პლურალიზმი? რაც უფრო მეტია ეფექტური პარტია, მით მეტია კოალიციური და არასტაბილური მთავრობის ფორმირების შანსი. 

კოალიციური მთავრობის არსებობა ხომ ცალკე პრობლემაა. მეტწილად ის სუსტი და არაეფექტურია. მთავრობის უპირატესობა მისი ოპერატიულობაა, კოალიციური შემადგენლობის შემთხვევაში კი პროცესები ხშირად იწელება პარტიათაშორისი იდეოლოგიური აცდენისა თუ პირადი პოლიტიკური ინტრიგების გამო. იტალიის პარლამენტი 2008 წლის შემდეგ 3-ჯერ დაითხოვეს კოალიციური მთავრობის ჩამოუყალიბებლობის გამო. გერმანია 2017 წელს 171 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მთავრობის გარეშე. ნიდერლანდები ამავე წელს - 225 დღე, ბელგია 2010-11 წლებში - 525 დღე, ირლანდია კი 2017 წელს - 590 დღის განმავლობაში. 

პოლიტიკური კრიზისების დროს პარტიებს შორის ხშირი მოლაპარაკებები იმართება, რათა მიღწეულ იქნეს კონსენსუსი. რაც მეტია პარტიათა რიცხვი, მით მაღალია კომპრომისების საჭიროება. მაგალითად, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში 

 

ისრაელში გაღრმავდა პოლიტიკური დაქსაქსულობა, ეფექტური პარტიების რაოდენობა 5-დან 9-მდე გაიზარდა. საყურადღებოა, რომ პარტიების ზრდას ისრაელში ხელი შეუწყო დაბალმა 1.5%-იანმა ბარიერმაც. ნეთანიაჰუს 2019-2020 წლებში 3 საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწია, რათა კოალიციური მთავრობა შეექმნა. უკანასკნელად ქნესეთმა თავისი უფლებამოსილების ვადა ბოლომდე 1984-1988 წლებში ამოწურა. ეს იმის მანიშნებელია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით შექმნილმა პარტიულ პლურალისტურმა საკანონმდებლო ორგანომ, რაც ერთი შეხედვით სასურველი შედეგია, მეორე მხრივ, შეიძლება დესტაბილიზაცია და პოლიტიკური კრიზისი განაპირობოს. მითუმეტეს, ისეთ პოლიტიკურად აქტიურ სოციუმში, როგორიც საქართველოშია.  

პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შესაძლებელია, პატარა პარტიებმა არაპროპორციულად დიდი ძალაუფლება მოიპოვონ. მიუხედავად მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, შეიძლება ასეთმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაში და ზემოხსენებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საჭირო კომპრომისის შედეგად სამთავრობო მართვის რომელიმე მიმართულება ჩაიბაროს. მსგავსი ლიბერალური მიდგომის წყალობით ანტისისტემურ პარტიებს შანსი ეძლევათ, მარტივად შეაღწიონ საკანონმდებლო ორგანოში და პოზიციებიც გაიმყარონ. რადიკალური იდეოლოგიის მიმდევარი პარტიების მოძლიერებას მეტწილად არასასიკეთო შედეგები მოჰყვება ხოლმე. 2020 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში, ტიურინგიის მიწაზე, ადგილობრივი პრემიერის არჩევნებში ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტური პარტიის დახმარებით გაიმარჯვა თომას კემერიხმა, რაც „პოლიტიკურ მიწისძვრად“ შეფასდა. ამ ფაქტით გატყდა 70 წლიანი ტაბუ, რომლის განმავლობაშიც წამყვანი პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ აღარ დაუშვებდნენ ნაცისტური ძალების გააქტიურებას ახალ პოლიტიკურ რეალობაში. რამაც გამოიწვია აქტიური პროტესტი და ბუნდესტაგი ხელახალი არჩევნების საფრთხის წინაშე დააყენა. სავარაუდოდ ასეც მოხდებოდა, რომ არა კემერიხის მხრიდან ნაციზმის დაგმობა და ნებაყოფლობით პოსტის დატოვება.

პროპორციული საარჩევნო სისტემა გარკვეულ ასპექტებში თავადვე უშვებს ხარვეზებს, რომლებიც მაჟორიტარულ სისტემაში გამართულია. მაგალითად, თუ ამ უკანასკნელის პირობებში კავშირი მაჟორიტარსა და ამომრჩეველს შორის ძლიერია, პროპორციული სისტემის პირობებში ცალკეული დეპუტატები არ არიან ანგარიშვალდებულნი ელექტორატის კონკრეტული წრის წინაშე. სწორედ ეს განაპირობებს გაძლიერებულ ყურადღებას პარტიულ პროგრამებსა და იმ საარჩევნო ზონებზე, სადაც კონცენტრირებულია ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი. მაგალითად, როგორიცაა დედაქალაქი.  

პროპორციული სისტემის პირობებში შესაძლოა გართულდეს მცირე, თუმცა საკმარისი მხარდაჭერის მქონე, მოწყვლადი პარტიების მოშორება. გერმანიის 

თავისუფალი დემოკრატიული პარტია მმართველი კოალიციის წევრი იყო 1949-1998 წლების განმავლობაში, 8 წლის გამოკლებით, მიუხედავად იმისა, რომ ხმების 12%-ზე მეტი არასოდეს მიუღია.

თითოეული ფაქტი მეტყველებს, რომ პარტიულ-პლურალისტური პარლამენტი ხშირად დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზი ხდება. ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის ძირითადი ნაკლია, რომელსაც დასავლური დემოკრატიის ქვეყნები საარჩევნო ბარიერის მექანიზმს უპირისპირებენ. საარჩევნო ბარიერის დაწესება ხელს უშლის წარმომადგენლობით ორგანოში იმ პარტიების წევრთა მოხვედრას, რომლებიც ამ ორგანოში „ამინდს ვერ შექმნიან“. თუმცა, აქვე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზღურბლს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმები გამარჯვებულ პარტიებზე ნაწილდება. 

ყველა საარჩევნო სისტემას აქვს ბარიერი, მხარდაჭერის მინიმალური ზღვარი, რომელიც პარტიას ესაჭიროება საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად. პროპორციული არჩევნების პირობებში საარჩევნო ბარიერის განსაზღვრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მთელი რიგი საკითხებისა: მოსახლეობის რაოდენობა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურის დონე, ექსტრემისტული პარტიების არსებობა-არარსებობა და სხვა. საერთაშორისო პრაქტიკაში საარჩევნო ბარიერი 0.67%-დან (ჰოლანდია) 10%-მდე (თურქეთი) იცვლება. 

ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობაში საარჩევნო ბარიერი ძირითადად 3- 5% შუალედში მერყეობს, რაც ხელს უწყობს პატარა პარტიების გაძლიერებას და ხელს უშლის ძალიან მცირე ჯგუფების ინტერესების პარლამენტში შეღწევას. ეს შუალედი რეკომენდებულია გარდამავალი ქვეყნების პოლიტიკური სტაბილურობისთვისაც. ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემა ჩამოყალიბებულია და არჩევნებში ძირითადად ორი-სამი ძლიერი პარტია მონაწილეობს, ბარიერი ამომრჩეველთა წარმომადგენლობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

2002 წლის თურქეთის არჩევნებში 10%-იანი ბარიერის არსებობის გამო ბევრმა პარტიამ ვერ შეძლო პარლამენტში შეღწევა და ხმათა 46% დაიკარგა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი 30-40% შორის მერყეობს. პოლონეთში არ არის 10%-იანი ბარიერი, აქ პარტიებისთვის 5%-იანი, ბლოკებისთვის კი 8%-იანი ბარიერი მოქმედებს, თუმცა 1993 წელს ხმათა 34% ბარიერგადალახულთა შორის გადანაწილდა. ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ მთავარია ბარიერი გონივრულად იქნეს შერჩეული ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რადგან სტანდარტულმა ბარიერმაც კი, როგორიცაა 3-5%, ბევრი დაბალრეიტინგული პარტიის არსებობის პირობებში დიდი დისპროპორცია შეიძლება გამოიწვიოს, როცა პროპორციული სისტემის პრინციპული მიზანი აღნიშნული ხარვეზის მინიმალიზაციაა. თუმცა, ხშირად იდეალურ წარმომადგენლობას სტაბილური მმართველობა სჯობს. 

საქართველოში 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედებდა 4%-იანი ბარიერი, რომელიც ორმა პარტიამ („მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ და კომუნისტური პარტია) გადალახა. 1992 წელს არჩევნებზე საარჩევნო ბარიერმა 2%-მდე დაიწია და ნიშნულს 24-მა პარტიამ გადააბიჯა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი, თუმცა, ამასთანავე, უახლოესი ისტორიის ტრაგიკული და მძიმე პერიოდი, ომებისა და ანარქიის თანხლებით. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  5%-იანი ზღვარის გადალახვა მოახერხა სამმა პარტიამ. ყველაზე მაღალი ბარიერი - 7% - მოქმედებდა 1999 წლის არჩევნებზე, რომელშიც 45 პარტია მონაწილეობდა და საკანონმდებლო ორგანოში კვლავ 3-მა პარტიამ შეაღწია. ერთი შეხედვით, გაზრდილი ბარიერი მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო, თუ პრიორიტეტებს, ნაცვლად პროპორციულობისა, სტაბილურობისკენ დავსახავთ. 2004 წლის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში ასევე 7%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ. 2008, 2012, 2016 წლების არჩევნებში საარჩევნო ბარიერმა 5%-მდე დაიწია.  2020 წლის ერთჯერადად დაშვებული 1%-იანი ბარიერი 9 პარტიისთვის აღმოჩნდა გადალახვადი, თუმცა 1992 წლის შემდეგ ნანატრმა პარტიულმა პლურალიზმმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ქართული პოლიტიკური სპექტრი არ აღმოჩნდა მზად ასეთი დაბალი ბარიერისთვის. ასე და ამგვარად, საჭიროა გონივრულად მაღალი ბარიერის არსებობა.

საკმაოდ აქტუალურია ბუნებრივი ბარიერის მოქმედების პრაქტიკა, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობის საპარალამენტო მანდატების რაოდენობაზე გაყოფით გამოითვლება. დღეის მონაცემებით საქართველოს ბუნებრივი ბარიერი არის 0.67%. აღნიშნული მექანიზმი სასურველია მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებისთვის. პოლიტოლოგების განმარტებით, ნულოვანი ბარიერი ყველა ჯგუფს, მათ შორის ჰომოფობიურს, მარგინალურს და სხვა ექსტრემისტულ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას, პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, რაც აუცილებლად შეიცავს გარკვეულ რისკებს ისეთ სახელმწიფოში, სადაც ნორმაზე (3-4) მეტი აქტიური პოლიტიკური პარტიაა. პარლამენტში შეიძლება აღმოჩნდნენ პარტიები, რომლებიც ფლობენ 1 ან 2 მანდატს, რაც იწვევს პოლიტიკური გარემოს ფრაგმენტაციას. ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას არა მარტო უმრავლესობის ჩამოყალიბებასა და მთავრობის შექმნას, არამედ ძლიერი ოპოზიციის ფორმირებასაც. 

საარჩევნო ბარიერის განსაზღვრა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინდივიდუალური და სპეციფიკური საკითხია, რადგან უამრავ გარემოებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი ორი აბსოლიტურად იდენტური პოლიტიკური კლიმატის მქონე სახელმწიფოსი. ძალიან ცოტაა ქვეყანათა რაოდენობა, რომლებსაც სრულიად ერთნაირი საარჩევნო სისტემა აქვთ. როგორც მაღალ საარჩევნო ზღურბლს აქვს უარყოფითი მხარეები, ისევე აქვს დაბალს.  

 

 

ბიბლიოგრაფია

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი,  გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, ი. კახიძე), თბილისი, 2020. გამომცემლობა „მერიდიანი“.

  2. იურიდიული სახელმძღვანელოების სერია “RES PUBLICA”. ავტორი: ირაკლი კობახიძე. კონსტიტუციური სამართალი. სახელმწიფო მოწყობის სამართალი. მეორე გამოცემა, თბილისი 2020. 90 გვ.

  3. Norris, P. (1997). Choosing Electoral Systems: Proportional, Majoritarian and Mixed Systems. International Political Science Review. Vol. 18, No. 3, 297-312. P 307.

  4. BRIDGE Project 2007 AEC IDEA IFES UNEAD UNDP v2.  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიული განვითარების ტრენინგი. 51 გვ.

  5. Thuringia state premier Kemmerich quits, 'effective immediately' 08.02.2020". Retrieved 2020-02-08.  https://www.dw.com/en/germany-thuringia-state-premier-kemmerich-quits-effective-immediately/a-52306048

  6. https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2018)004-e. გვ 17-19

  7. Proportional Representation in Practice: An International Comparison of Ballots and Voting Rules https://www.fraserinstitute.org/sites/default/files/proportional-representation-in-practice.pdf

 

ავტორი: საბა ბასილაძე  

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.