სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობები. 4716 2022.01.17
სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობები.

სისხლის სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დანასაულთა შემადგენლობებს,რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის კვალიფიკაციისათვის,ამდენად აუცილებელია,რომ ვიცოდეთ თუ რით განსხვავდება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მუხლები ერთნამენითსგან.

პირველ რიგში განვმარტოთ თუ რას ნიშნავს მკვლელობა.სისხლის სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში მკვლელობა განმარტებულია, როგორც სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობა. მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით, ფიზიკური ზემოქმედებით. რომ დავიწყოთ ჩვენს მიერ შესადარებელ მუხლებზე მსჯელობა,სსკ 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახი   მკვლელობისთვის და ამ სახის დანაშაულის ძირითად შემადგენლობას წარმოადგენს.  მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, რადგან ეს მკვლელოობა არ  გულისხმობს დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობას. მუხლი  არ მოიცავს მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, ამიტომ იმის  განსასაზღვრავად, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ეს მუხლი, უნდა გამოირიცხოს  როგორც მკვლელობის დამამძიმებელი, ისე შემამსუბუქებელი გარემოებები. ობიექტური წინაპირობების სახით, უნდა არსებობდეს დამდგარი შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, სუბიექტური წინაპირობა კი მდგომარეობს განზრახვაში, მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.უმეტესად ამ სახით მკვლელობა ჩადენილია ეჭვიანობის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩხუბის დროს, შურისძიებით და ა.შ. იგი პირად ურთიერთობათა საფუძველზე აღმოცენებული მკვლელობაა. ამავე მუხლით კვალიფიცირდება როცა შეუძლებელია მკვლელობის მოტივის დადგენა, არ არსებობს ხარვეზის შევსების საშუალება და გამორიცხულია დამამძიმებელი გარემოების არსებობა. 108-ე მუხლით კვალიფიცირდება დაზარალებულის თანხმობით ან ურთიერთშეთანხმებით ჩადენილი მკვლელობაც, რადგან თანხმობას იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს.

ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპიური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ეჭვიანობის ან  შურისძიების  საფუძველზე. მაგალითად:

ა.-მ ურთიერთშელაპარალების ნიადაგზე ჩხუბის დროს შურისძიების მოტივით  დანის გულმკერდის არეში ჩარტყმის შედეგად მოკლა ბ. ან ა.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე იარაღიდან გასროლით მოკლა თავისი მეუღლე. 

ეს ორი შემთხვევა კლასიკური მაგლითია იმისა, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით. განსახილველ მუხლს შეიძლება უწოდოთ „დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილი განზრახ მკვლელობა,“ ვინაიდან  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია 109-ე მუხლში, რომელსაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

როგორც უკვე ვთქვი,მკვლელობა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მიზნითა,მოტივითა და საფუძლით.ხშირია მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით.ეჭვიანობა გულისხმობს ნორმალურ და არა პათოლოგიურ ეჭვიანობას, ის შეიძლება წარმოქმნილი იყოს როგორც ობიექტურად არსებული, ისე მოჩვენებითი ფაქტებით, მაგალითად როდესაც პირს ჰგონია რომ მეუღლე ღალატობს, მისი წარმოქმნის საფუძველია პირის ერთგულებასა თუ სიყვარულში დაეჭვება. ეჭვიანობა შეიძლება გადაიზარდოს შურისძიებაში, მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება მრავალი სხვა სახის იყოს.ასევე ხშირია მკვლელობები ჩადენილი ჩხუბის დროს.მკვლელობას, ამ დროს უნდა გამოირიცხოს დამამძიმებელი გარემოებები, ასევე აფექტის მდგომარეობა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც. ასეთ დროს აუცილებელია დადგინდეს ჩხუბის წარმოშობის მიზანი და მოტივი, ასევე მონაწილეთა ქცევა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. მოტივი მას მიჯნავს ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკვლელობისაგან, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩხუბის ინიციატორის ვინაობას, პირადი მოტივის არსებობას, თუ ქმედება ჩადენილია მცირე ან ყოველგვარი საბაბის გარეშე.ასევე აუცილებელია ვახსენოთ ისიც,რომ 108-ე მუხლით არ კვალიფიცირდება ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც შედეგად იწვევს დაზარალებულის სიკვდილს, რადგან სახეზე გვაქვს ბრალის ორმაგი ფორმა - განზრახვა ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ და გაუფრთხილებლობა სიკვდილის მიმართ, რაც გამორიცხავს განზრახ მკვლელობას.

რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანას,იგი არაა მკვლელობის სახე,რადგან ადგილი არ აქვს შუალობით ამსრულებლობას.თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე იყენებს არამართლზომიერ ქმედებას მსხვერპლის მისამართით,რაც შესაძლოა გამოიხატოს მუქარაში.თვითმკვლელობამდე მიყვანას აწესრრიგებს სსსკ-ის 115-ე მუხლი.კანონმდებელი უთითებს იმ ხერხებზე, რომლის დახმარებითაც დამნაშავეს მიჰყავს დაზარალებული თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე. მაგალითად მუქარა შეიძლება იყოს თვითმკველობამდე მიყვანის საშუალება. როგორც აღნიშნულია მუქარის ხასიათს მნიშვნელობა არ ენიჭება ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის. მუქარაში შეიძლება ვიგულისხმოთ სიკვდილის თუ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების, სამსახურიდან დათხოვნის, სახლის დაწვისა და სხვა ნებისმიერი მუქარა. მთავარია, მუქარა დაზარალებულის მიერ აღიქმებოდეს მისთვის სახიფათოდ. სასტიკი მოპყრობა, როგორც თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანის საშუალება, შეფასებითი ცნებაა. სასტიკი მოპყრობა გულისხმობს ისეთ ქმედებათა ჩადენას, რომელიც დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვას აყენებს, მაგალითად: ცემა, მძიმე სამუშაოს შესრულების იძულება, საკვების გარეშე დატოვება და სხვა. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზოგჯერ თავად ის ხერხი, რომელსაც დამნაშავე იყენებს დაზარალებულის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უფრო მკაცრად ისჯება. ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის არსებობა. დანაშაული დამთავრებულია მცდელობის ეტაპზევე. თავის მოკვლის განზრახვა ან მომზადება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას არ ქმნის.დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ახალი რედაქციის მიხედვით, სსივი პასუხისმგელობას ამძიმებს იგივე ქმედება, ჩადენილი გენდერის ნიშნით. განსხვავებით, მცირეწლოვანის ან შეურაცხადი პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა განხილულია როგორც შუალობითი ამსრულებლობით განხორციელებული მკვლელობა, ისევე როგორც ფიზიკური იძულება, როდესაც პირს არ შეუძლია საკუთარი ნების გამოყვანა (გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება). 

საბოლოოდ, 108-ე და 115-ე მუხლების შედარებით მივდივართ იმ დასკვნამდე,რომ მკლელობა შეიძლება ჩადენილ იქნას  როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით, ასევეა თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანაც.მთავარი განმასხვავებელი ისაა,რომ 108-ე მუხლით კვალიფიკაციისას პირი უშუალოდ ახორციელებს ქმედებას რაიმე ხერხით, რომელიც იწვევს პირის სიკვდილს, მაგალითად დამნაშავე უშუალოდ ესვრის მსხვერპლს იარაღს და კლავს, მას არ მიჰყავს პირი თვითმკვლელობამდე. თვითმკვლელობისას კი დამნაშავე ხდება ინიციატორი და იგი უშუალოდ არ კლავს დაზარებულს,მაგრამ ხდება მკვლელობის მიზეზი,ანუ დაზარალებული უშუალოდ საკუთარი ხელით ისპობს სიცოცხლეს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა

1)სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი I), სახელმძღვანელო, გამომც: „მერიდიანი“, თბ., 2019

2) ვ. მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე, დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ (სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი), თბ., 1980, 

3)სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, (დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ), ავტორთა კოლექტივი, 2002 წ

4)სისხლის სამართლის კოდექსი

 

 

ავტორი:მარიამ ლაბაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.