დამთავრებული და დაუმთავრებელი მომზადება სისხლის სამართალში1755 2022.01.17
დამთავრებული და დაუმთავრებელი მომზადება სისხლის სამართალში

 

პირველ რიგში დავიწყოთ იმის გარკვევა,თუ რას გულისხმობს დანაშაულის მოზმადება  შემდეგ ერთმანეთისაგ გავმიჯნოთ დამთავრებული და დაუმთავრებელი მოზმადება.

დავიწყოთ იმით,რომ დაუმთავრებელი დანაშაულის ერთ-ერთ სახეს მომზადება წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წინა სისხლის სამართლის კოდექსისგან განსხვავებით, დასჯადად აცხადებს მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებას. ამგვარი პოზიცია აიხსნება შემდეგი მოსაზრებების გამო: პირველი, დანაშაულის მოსამზადებელი მოქმედება საკმაოდ შორსაა დანაშაულის ბოლომდე მიყვანამდე, ამიტომ მომზადება არ ქმნის ობიექტის დაზიანების რეალურ საფრთხეს, რის გამოც ეს ეტაპი მცირე მნიშვნელობისაა. მეორე, მომავალში დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიერ გარკვეული საქმიანობა ხშირად არ ატარებს კონკრეტულ ხასიათს, ანუ დამნაშავეს ჯერ კიდევ არა აქვს დაზუსტებული სამოქმედო გეგმა. მაგ: თუკი პირი მოამზადებს ხელსაწყოებს, რომ შემდეგ შეკვეთის მიღებისას გააყალბოს დოკუმენტები, არ იძლევა საფუძველს პირის მიმართ გამოვიყენოთ სისხლის სამართლებრივი რეპრესია. 

განზრახვის გამომჟღავნება შეიძლება გამოიხატოს გამოთქმით, წერილობით ან ჟესტიკულაციით, მაგრამ მასთან არ უნდა ახლდეს ქმედება, რომელიც დამნაშავის განზრახვის სისრულეში მოყვანის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს. რამდენადაც ქართული სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, ანუ კრიმინალიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ქმედება, ამდენად განზრახვის გამომჟღავნების დასჯადობის აღიარება დემოკრატიულ პრინციპებზე ხელის აღება იქნებოდა. სისხლის სამართლის კოდექსში გვხვდება მუხლები, რომლებიც ერთი შეხედვით განზრახვის გამომჟღავნებას ჰგავს (მაგალითად, სსკ-ის 150-ე (იძულება) და 15I-ე (მუქარა) მუხლები). მუქარა (რომელიც იძულების განხორციელების ხერხადაც გვევლინება) განზრახვის გამომჟღავნება არ შეიძლება იყოს, ჯერ ერთი, იმიტომ რომ მუქარა ყოველთვის მისაწვდომია იმისათვის, ვისაც ემუქრებიან, ხოლო სხვა დანაშაულის ჩადენის განზრახვა შეიძლება მუქარის ობიექტისათვის არც იყოს მისაწვდომი.

მოსამზადებელი საქმიანობა სხვადასხვა ქმედებით შეიძლება გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია არა მარტო დანაშაულის იურიდიულ ბუნებაზე, არამედ მისი განხორციელების კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ მრავალ ფაქტორზე, რომელიც ობიექტური, ან სუბიექტური ხასიათის შეიძლება იყოს განვიხილოთ აღნიშნული დებულება სსკ-ის 228 ე მუხლის (მეკობრეობა) მაგალითზე. მეკობრეობის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე მისი განხორციელება ამსრულებლის მიერ მხოლოდ წყალში მყოფ მცურავი საშუალებაზე შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის ტერიტორიაზე მისვლა ამსრულებლისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩასადენად. მეკობრეობის ჩასადენად დამნაშავეს შეიძლება დასჭირდეს ნავის შეძენა, იარაღის დამზადება, თანამზრახველების მოძებნა, რაც ყოველთვის შექმნილ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოქმედებანი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის მომზადებად, თუ მათი განხორციელება სწორედ დანაშაულებრივი განზრახვითაა განპირობებული. მაგალითი, ხანჯლის დამზადება შეიძლება იყოს როგორც მართლზომიერი, ისე მართლსაწინააღმდეგო. დანაშაულის მომზადებაა - თუ ხანჯალს პიროვნება ამზადებს ადამიანის მოკვლის მიზნით.

 

ახლა უშუალოდ ვისაუბროთ დამთავრებულ დ ადაუმტავრებელ მომზადებაზე.გამოვკვეთოთ მათ შორის განსხვავება და ვიმსჯელოთ სამართლენრივ შედეგებზე.მომზადება შეიძლება იყოს ორი სახის: დამთავრებული და დაუმთავრებელი.როდესაც დანაშაულის ჩასადენად არა მხოლოდ ერთი,არამედ რამდენიმე პირობის შექმნაა საჭირო და პირმა მხოლოდ ერთი პირობა შექმნა,მისი ქმედება დაუმტავრებელ მოზმადებად დაკვალიფიცირდება.დანაშაულის მომზადება დამთავრებულია,როდესაც პირმა დანაშაულის ჩასადენად ყველა პირობა შექმნა.მაგ: ბანკში შეღწევისათვის სიგნალიზაციის გამოსართავად შეიძლება საჭირო იყოს რამდენიმე ოპერაციის განხორციელება, ვთქვათ, ორი ან მეტი ადგილზე სიგნალიზაციის გამოსართავი კოდის შეყვანა. შეიძლება ბოროტმოქმედებმა დაბრკოლებათა გადასალახად ბანკის თანამშრომლებს საჭმელში ძილის წამალი შეურიონ და ა.შ. თუ რომელიმე პირობას ვერ განახორციელებენ, მაშინ ადგილი ექნება დაუმთავრებელ მომზადებას. ასეთ დაყოფას სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულებრივი ქმედების ობიექტურად განსხვავებულ ეტაპებს. ამიტომ ობიექტისათვის შექმნილი საფრთხის სხვადასხვა დონის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დიფერენციაციაც უნდა მოხდეს.

ზოგადად დანაშაულის მომზადებისათვის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მომზადებისათვის.

 

ახლა კი ვისაუბროთ და ერთმანეითასგან გავმიჯნოთ მოზმადება და მცდელობა.მომზადების შინაარსი უკვე განვიხილეთ.ახლაა შეევხოთ მცდელობას,რათა მოვახდინოთ მისი დიფერენცირება მომზადებისაგან.

 

საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახ ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“.

ერთმანეთისაგან განვასხვაოთ დასჯადი და არადასჯადი მცდელობა.                                                               მაგ: თუ ა-მ დაუმიზნა თოფი ბ.-ს მოკვლის მიზნით, მაგრამ პოლიციამ დროულად განაიარაღა, ა. დაისჯება მკვლელობის მცდელობისათვის, ხოლო თუ ა-მ ნებაყოფლობით აღარ განახორციელა გასროლა, მაშინაც ადგილი აქვს მცდელობას, მაგრამ ამ მცდელობის დაუსჯელობას განაპირობებს სისხლის სამართალში დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების ნორმა.

უშუალო საფრთხე არის მცდელობის ის კონსტიტუციური ნიშანი, რომელიც მას განასხვავებს მომზადებისაგან .შესაძლებლობის ორი სახე არსებობს: ფორმალური და რეალური. სისხლის სამართალს აინტერესებს რეალური შესაძლებლობის კატეგორია, რომელსაც სინამდვილედ გადაქცევის რეალური კანონზომიერებანი უდევს საფუძვლად რეალური შესაძლებლობა, თავის მხრივ, ორი სახისაა: აბსტრაქტული და კონკრეტული. აბსტრაქტული რეალური შესაძლებლობისას ჯერ კიდევ არ არის საკმარისი პირობები, რომელიც მას სინამდვილედ გადააქცევს, ხოლო კონკრეტული რეალური შესაძლებლობისას არსებობს ქმედითი, კონკრეტული პირობების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლებლობა ალბათობის მაღალი ხარისხით სინამდვილედ უნდა აქციოს. აქედან დასკვნა, რომ საფრთხე მით უფრო ქმედითია, თუ იგი სინამდვილედ გადაქცევის რეალური კონკრეტული შესაძლებლობის პირობებს შეიცავს.

 

კანონმდებელი მცდელობის განსაზღვრისას მიუთითებს „დანაშაულის ბოლომდე მიუყვანლობაზე“, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის, რომ დანაშაულებრივი შედეგის გარდა ადამიანმა ყველაფერი განახორციელა, არამედ შესაძლებელია ქმედება სრული მოცულობით არ ჰქონდეს შესრულებული. მაგ: თუ დამნაშავის ნასროლი ტყვია დაზარალებულს ასცდა, შედეგის გარდა მკვლელობის შემადგენლობის ობიექტური მხარის ყველა ნიშანი განხორციელებულია, ე.ი. ადგილი აქვს დამთავრებულ მცდელობას, მაგრამ თუ თოფის დამიზნებისას მას იარაღი წაართვეს, მკვლელობის შემადგენლობაში სრულიად არ განხორციელებულა შედეგი და ნაწილობრივ არ შესრულებულა ქმედება, რადგან დამნაშავეს ხელი არ გამოუკრია სასხლეტისათვის, ე.ი. სახეზეა დაუმთავრებელი მცდელობა.

განზრახვის ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ცნობილია, არის მართლწინააღმდეგობის შეგნება. ამიტომ, ამ უკანასკნელის არარსებობა გამორიცხავს ადამიანის დანაშაულებრივ განზრახვას, რაც იმას, ნიშნავს, რომ არც დანაშაულის მცდელობაზე შეიძლება მსჯელობა. მაგ: თუ ა.-ს ჰგონია, რომ საკონფერენციო დარბაზში დალაგებული წიგნებიდან ერთ-ერთის წაღება ნებადართულია და წიგნის გატანისას მას წიგნს ჩამოართმევენ, არ შეიძლება მისი ქმედება დანაშაულის მცდელობად შეფასდეს. 

იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა შესრულებული შესაბამისი დანაშაულის შემადგენლობით გათვალისწინებული ქმედება, მცდელობა ორი სახისაა: დაუმთავრებელი და დამთავრებული. ამგვარ დაყოფასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის თეორიაში ორი საკითხი იჩენს თავს: პირველი, გამართლებულია თუ არა მცდელობის აღნიშნულ სახეებად დაყოფა და თუ შესაძლებელია, აქვს თუ არა მას რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა. მეორე, მცდელობის დამთავრებულ და დაუმთავრებელ სახეებად დაყოფას ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმი უნდა დაედოს საფუძვლად.

მოსამართლემ კანონით დადგენილ ფარგლებში უფრო მსუბუქი სასჯელი უნდა დანიშნოს დაუმთავრებელი მცდელობისათვის დამთავრებულ მცდელობასთან შედარებით, რადგან სამართლით დაცულ სიკეთეს დაუმთავრებელი მცდელობისას უფრო ნაკლები საფრთხე ექმნება.

დაუმთავრებელი მცდელობისას ჯერ კიდევ არ არის ყველა მოქმედება შესრულებული,რამაც დანაშაულებრივი შედეგი უნდა გამოიწვიოს. 

მაგ: მკვლელმა იარაღი დაუმიზნა,მაგრამ აღარ ესროლა მსხვერპლს, ბოროტმოქმედმა ნავთი მიასხა მანქანას,მაგრამ ცეცხლი აღარ წაუკიდა.

 დამთავრებულია მცდელობა,როცა შერსულებულია ყველა ის მოქმედება,რაც ტიპურად დანაშაულებრივ შედეგს იწვევს,მაგრამ შედეგი არ დგება ამა თუ იმ ხელშემშლელი გარემოების გამო. 

არის შემთხვევები,როცა დამნაშავე ყველაფერს აკეთებს,რათა შედეგო დადგეს,მაგრამ შედეგი არ დგება. 

მაგ: ა-მ დარბაზში შეიტანა ბომბი,მაგრამ ბომბის მექანიზმი დანიშნულ დროს არ ამოქმედდა.

ფორმარულ ანუ შედეგგარეშე დანაშაულებშივ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დამთავრებულ მცდელობას.

 

შესაბამისად დანაშაულის მომზადებისა და მცდელობის შინაარსის გარკვევით ვასკვნით,იმას,რომ ეს ორი ტერმინი ერთმანეთსაგან განსხვავდება.კერძოდ დანაშაულის მოზმადება არის დანაშაულის ჩადენის წინაპირობების შექმნის ერთობლიობა,ხოლო მცდელობა ეს უკვე არის დანაშაულის ჩადენისაკენ მიმართული მომენტი,რომელიც ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.ძირითადი განსხვავბეა კი მათ შორის ისაა,რომ მცდელობის დროს სახეზე გვაქვს უშუალო საფრთხე,რაც მომზადებისას ჯერ კიდევ არ არსებობს.

 

დანაშაულის მომზადების და მცდელობის გამიჯვნა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს მაშინ როცა ქმედების შემადგენლობის ერთი ნიშანი უკვე განხორციელდა.სხვა დანარჩენი ქმედებებისას კი დანაშაულის მომზადების და მცდელობის ურთიერთგასამიჯნად დროისა და სივრცის კომპონენტის გათვალისწინებაა საჭირო.დანაშაულის მცდელობად ითვლება ქმედება,რომელიც დროსა და სივრცეში მჭიდროდ უკავშირდება ქმედების შემადგენლობის განხორციელება და ამგვარად სამართლებრივ სიკეთეს კონკრეტულ საფრთხეს უქმნის.

 

დანაშაულის მომზადება და მცდელობა განზრახ შეიძლება განხორციელდეს, ანუ შეუძლებელია გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულში მომზადების ან მცდელობის დასჯა.

 

დანაშაულთა ნაწილის მომზადება და მცდელობა შეუძლებელია,რადგან ფაქტობრივად მოსამზადებელი მოქმედება უკვე დანაშაულს ქმნის. 

მაგ: აგრესიული ომის დაგეგმვა ან მომზადება ისჯება, როგორც დამთავრებული დანაშაული.

მაგ: ბანდიტიზმის მომზადება მცდელობა შეუძლებელია,რადგან მის შემადგენლობში ასახულ სხვა დანაშაულთა  მოსამზადებელი ქმედებები უკვე დამთავრებული დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს.


 

რაც შეეხება შედეგგარეშე ანუ ფორმალურ შემადგენლობებს, სადაც ქმედების სრულად განხორციელება შედეგსაც გულისხმობს,აქ მცდელობა შეუძლებელია, თუ ქმედების პირველი აქტით დანაშაული დამთავრებულად ცხადდება, მაგ: ცრუ დასმენა.

მაგ: ისეთ შედეგგარეშე შემადგენლობებში, სადაც  დანაშაულის დამთავრებისთვის ქმედების სრულად განხორციელებაა სავალდებულო, როგორც მომზადება, ისე მცდელობა სრულად შესაძლებელია. მაგ: თუ დაზარალებუმა ბოროტმოქმედს არ მისცა გაუპატიურების საშუალება, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს გაუპატიურების მცდელობად.

 

დაბოლოს მინდა ვახსენო ის,რომ დანაშაულის მომზადება და მცდელობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.თუმცა,პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის, თუ მისი უმეცრების ან სხვა პიროვნული ნაკლის გამო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებით არ შეიძლებოდა მიღწეულიყო შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი(სსკ-ის მე-20 მუხლი).

 

 

ავტორი:მარიამ ლაბაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

 

გამოყენებული ლიტერატურა

1)სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი I), სახელმძღვანელო, გამომც: „მერიდიანი“, თბ., 2019

2)სისხლის სამართლის კოდექსი 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.