სამოსამართლო სამართალი, როგორც სამართლის წყარო3491 2022.01.22
სამოსამართლო სამართალი, როგორც სამართლის წყარო

 სამართლის წყარო მეტად ფართო ცნებაა. ჩემი აზრით, არასწორი იქნება თუ სამართლის წყაროს ერთგვაროვან დატვირთვას მივანიჭებთ, რადგან იგი თავის თავში გულისხმობს,როგორც იმ მატერიალურ მდგომარეობას ,რომელიც საფუძვლად უდევს კანონმდებლობას, ასევე იმ ძალას რომლის მეშვეობითაც ყალიბდება სამართალი. საინტერესოა საკთხი შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ სამოსამართლო სამართალი სამართლის წყაროდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა კონტინენტურ და ანგლო-საქსური სამართლის სისტემების მქონე ქვეყნებში. აღნიშნულ სტატიაში მინდა სწორედ აღნიშნულ საკითხს შევეხო.

კონტინენტური ევროპის ქვეყნებში გაბატონებულია წესი ,რომლის თანახმადაც სასამართლოს არ შეუძლია განახორციელოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა ამ ქვეყნებში ,სადაც სამართლის ძირითად წყარო პოზიტიური სამართალია, ,,სამოსამართლო სამართალი არის სამართლის შეფარდების და არა სამართალშემოქმედების აქტი’’(გ.ხუბუა).განსხვავებულ სურათს ვხვდებით ანგლო-საქსური სამართლის მქონე ქვეყნებში. აღნიშნულ სახელმწიფოებში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც:,, სამართალი არის ის,რასაც ასეთად მიიჩნევს მოსამართლე’’(law is what the judg says it is)(გ ხუბუა სამართლის თეორია).ამგვარად, common law-ს ქვეყნებში მოსამართლეს აქვს უპირატესი შესაძლებლობა და ბერკეტი განახორციელოს სამართალშემოქმედება, რის გამოც მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება. სამართლებრივი რეალიზმი და ნორმათა სკეპტიციზმი სწორედ მსგავს თეორიებს ქადაგებს. ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში სასამართლოს ერთდროულად აქვს მინიჭებული როგორც მართლმსაჯულების ისე კანონშემოქმედების ფუნქცია. აღნიშნულ ქვეყნებში ცალკეული სასამართლო გადაწყვეტილებების ერთობლიობა ქმნის სამართალს. კოდიფიცირებული სამართლის არარსებობა განაპირობებს იმ ფაქტს,რომ common law ქვეყნებში გაბსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლო გადაწყვეტილებებს.  უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვრტილებებს აქვთ მბოჭავი ძალა, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული სასამართლო პრაქტიკა(პრეცენდენტული სამართალი). ამ მხრივ იგი განსხვავდება კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამართლისგან, სადაც პრეუდიციებს არ აქვთ მბოჭავი ძალა. მიუხედავად ამისა, ცხადია ანგლო საქსური სამართლის ქვეყნებში მოსამართლეს უფლება აქვს გადაუხვიოს პრეუდიციას თუმცა ამ ყველაფერს სათანადო დასაბუთება სჭირდება. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განმარტოს თუ რატომ არ გაითვალისწინა შესაბამისი პრეუდიცია.აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ კონტინენტური ევროპის ქვეყნებში,სადაც არის კოდიფიცირებული სამართლის სისტემა, მოსამართლე ორიენტირებულია ,რომ კონკრეტულ საქმეს მოარგოს ესა თუ ის ნორმა და ამგვარად გადაწყვიტოს საკითხი. ხოლო ანგლო საქსური ქვეყნების შემთხვევაში მოსამართლის მიზანია მოიძიოს კონკრეტულ საქმესთან მიახლოებული ქეისები. სწორედ აქედან გამომდინარე ვადგენთ,რომ კონტინენტური ევროპის იურიდიული აზროვნების წესი დედუქციურია ,რადგან მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ. ანგლო საქსური ქვეყნების შემთხვევაში კი პირიქით საქმე გვაქვს ინდუქციურ აზროვნების წესთან ,როდესაც კონკრეტული შემთხვევებიდან ვაყალიბებთ ზოგად წესებს. Common law ქვეყნებში სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები მთლიანად არ ბოჭავს სამართლის შემფარდებელს. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ თუ ადრე მიღებული გადაწყვეტილება არ ეკუთვნის ზემდგომ სასამართლოს, მოქმედი სასამართლო უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს ახალი სამართლებრივი პრინციპი და შეცვალოს არსებული პრაქტიკა. ამ სისტემის ქვეყნებში გაბატონებულია ე.წ პრინციპი judge-made law ანუ მოსამართლე გვევლინება არა მხოლოდ სამართლის შემფარდებლად არამედ სამართალშემოქმედადაც. თანამედროვე პერიოდში ანგლო საქსური სამართლის მქონე ქვეყნებში სულ უფრო მეტად იზრდება პოზიტიური სამართლის როლი. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ის ფაქტი,რომ 1900 წლიდან კალიფორნიაში მოქმედებს სამოქალაქო კოდექსი civil code ისე რომ ეს შტატი არ გამხდარა civil law-ის ქვეყანა. ამავდროულად აშშ ში უკვე მოქმედებს კომერციული კოდექსი და აქ უკვე განხორციელდა სავაჭრო კოდექსის კოდიფიკაცია. ამ ყველაფრის პარალელურად კონტინენტური ევროპის ქვეყნებში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მათი როლი განსაკუთრებით დიდია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სპეროში, შრომის სამართალში და სხვა. უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კონტინენტური ევროპის სახელმწიფოებში სასამართლოები არ არიან შებოჭილნი ზემდგომი სასამართლოს პრეუდიციებით.მართლწესრიგის მსგავსად სამოსამართლო სამართალი იერარქიული ხასიათისაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იერარქიულად ზემდგომ პრეუდიციებს უპირატესობა აქვთ ქვემდგომ პრეუდიციებტან შედარებით. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,რომ ახლად დადგენილი პრეუდიციები უპირატესობით სარგებლობენ ძველ პრეუდიციებთან შედარებით.

     სამოსამართლო სამართალზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ესაა სასამართლო პრაქტიკის უკუძალის საკითხი. თანამედროვე სამართლებრივ დოქტრინაში არსებობს ორი სახის უკუძალა

  1-რეტროსპექტული-იგი ვრცელდება მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

  2-პროსპექტორული-იგი ვრცელდება მომავალში წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 სხვადასხვა სახელმწიფოებში ამ საკითხის მიმართ განსხვავებული აზრები არსებობს. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაესი სასამართლო აღიარებს ,როგორც რეტროსპექტულ ისე პროსპექტორულ უკუძალებს. დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატა უპირატესობას ანიჭებს რეტროსპექტულ Overruling-ს.

 საინტერესოა ამ საკითხებთან მიმართებით ქართული კანონმდებლობის დამოკიდებულება.

     საქართველოს კონსტიტუციის 84 მუხლის თანახმად მართლმსაჯულება შებოჭილია კონსტიტუციითა და კანონით. შესაბამისად, მოსამართლე უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ცხადია კონსტიტუციის ამ მუხლიდან უნდა დავასკვნათ, რომ იგი სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს გამოყენებას გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, ყურადსაღებია, რომ მართლწესრიგი არ არის იდეალურად სრულყოფილი და კანონით გათვალისწინებული ვერ იქნება ყველა სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთანავე, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მოსამართლეებს უწევთ ისეთი ურთიერთობების გადაწყვეტა, რომლებიც კანონით არაა განსაზღვრული. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ კანონის ტექსტი ჩვეულებისამებრ აბსტრაქტულია და მისი ესა თუ ის დებულება მოსამართლისგან განმარტებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ,რომ ეს დამოკიდებულება არასწორია. ჩემი აზრით, თუ მოსამართლეს მოვთხოვნებს დავუწესებთ და მხოლოდ მექანიკური შემფარდებლის როლში დავტოვებთ მთელი რიგი ურთიერთობები მოუწესრიგებელი დარჩება. მეორე მხრივ კი მოსამართლის გადაწყვეტილებები სამართლის საწინააღმდეგო გახდება. ვფიქრობ, მოსამართლემ არა მხოლოდ მოქმედი კანონების მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ იგი უნდა დაეყრდნოს საკუთარ რწმენასა და ინტუიციას. ჩემი აზრით, მხოლოდ ამ მეთოდითაა შესაძლებელი კონსტიტუციის უზენაესი პრინციპის სამართლიანობის მიღწევა. ჩემი ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია იქიდან, რომ პრაქტიკაში ხშირია ისეთი რთული საქმეები ,რომელთა მოგვარებაც მხოლოდ პოზიტიური სამართლის ნორმებით შეუძლებელია და ამიტომ საჭიროა მოსამართლის ინტუიციის ჩართულობა. ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ სასამართლო უნდა ვაქციოთ კანონშემოქმედად. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ მთავარი პრინციპი, რომლის თანახმადაც მოსამართლე არ აკეთებს პოლიტიკას. თუმცა მიმაჩნია , რომ რადგანაც მოსამართლე უშუალოდ მონაწილეობს ნორმის შეფარდების პროცესში და სწორედ მოსამართლეს უხდება კანონმდებლის მიერ მიღებული კანონის პრაქტიკაში გადმოტანა, ამიტომ საჭიროა მას მინიჭებული ჰქონდეს გარკვეული კორექტირებების შეტანის უფლება. შესაბამისად სამართლიანობის პრინციპი არ უნდა ემსხვერპლოს იმგვარ დამოკიდებულებას, რომ მოსამართლე მხოლოდ ნორმის სიტყვა-სიტყვით განმმარტებელია. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეს არ ექნება ნორმის განმარტების და ინტერპრეტაციის საშუალება ცხადია მის დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტი იქნება.  ასეთ შემთხვევაში მივიღებთ სურათს, სადაც სასამართლო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მართული ფიგურა იქნება. ცხადია ეს ყოველივე არღვევს ხელისუფლების დანაწილებისა და შესაბამისად დემოკრატიულობის პრინციპებს. რაც შეეხება უკუძალის საკითხს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია უკუძალა,იმ შემთხვევაში თუ იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით დასაშვებია რეტროსპექტული უკუძალა და არა - პროსპექტორული.ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუცია განმარტავს,რომ არავინ აგებს პასუხს იმ ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის მომენტში კანონიერი იყო. 

  დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სამოსამართლო სამართალთან მიმართებით მსოფლიოში არაერთგვაროვანი პოზიციაა. კონტინენტური სამართლის წარმომადგენელი ქვეყნები ძირითადად არ აღიარებენ მას  სამართლის წყაროდ, ანგლო საქსურ სამართლის ქვეყნებში კი სიტუაცია განსხვავებულია და ამ ქვეყნებში სამოსამართლო სამართალი აღიარებულია სამართლის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.

 

ავტორი: გიორგი თედეშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
 

გამოყენებული ლიტერატურა: გ. ხუბუა ,სამართლის თეორია ,თბილისი 2015 წელი.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.