ბუნებითი სამართლის საკითხი პირველი ქართველი პროკურორის სამართალშემოქმედებაში1004 2022.01.22
ბუნებითი სამართლის საკითხი პირველი ქართველი პროკურორის სამართალშემოქმედებაში

XIX საუკუნემ მრავალი გამოჩენილი ქართველი მოღვაწე და მოაზროვნე მოგვცა გვაჩუქა. ამ მოღვაწეთა დიდი რიგის დასაწყისში სათავეში კი მკვეთრად გამოირჩევა იაგორ ჭილაშვილის უაღრესად კოლორიტული ფიგურა. 

ამდენად მიმაჩნია, რომ ჩვენთვის, მომავალი თაობისათვის, მისი ცხოვრება, შემოქმედება საინტერესოა წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან იაგორ ჭილაშვილი თავის თარგმანებსა თუ ნაშრომებში ავითარებს ისეთ მოსაზრებებს, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ნაშრომი წარმოაჩენს პირველი ქართველი პროკურორის ხედვას ბუნებითი სამართლის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ იაგორ ჭილაშვილის შემოქმედება წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ნიჭიერმა, განათლებულმა, თავის საქმეში წარმატებულმა პიროვნებამ ბოლომდე უერთგულოს საკუთარ ქვეყანას.

II. იაგორ ჭილაშვილის მსოფლმხედველობა მისი ნაწარმოებების მიხედვით

2.1. იაგორ ჭილაშვილის თარგმანები

იაგორ ჭილაშვილის მსოფლმხედველობაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მისი მთარგმნელობითი საქმიანობა. მის მოღვაწეობაში კარგად გამოსჭვივის მისი იდეური მრწამსი. იაგორი დიდად იყო გატაცებული ფრანგი განმანათლებლების ფილოსოფიით, რამაც განაპირობა ის, რომ 18 წლის ჭაბუკმა ფრანგულიდან რუსულად მონტესკიეს ,,არზასისა და ისმენიას ნამდვილი ისტორია“, ხოლო 20 წლის ასაკში კი უკვე მაბლის შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ,,ისტორიის შესწავლის შესახებ“ თარგმნა. 

მაშინდელ რუსეთში მრავალი პროგრესული მოაზროვნე თავის შემოქმედებას სწორედ ფრანგი განმანათლებლების ნაწარმოებების თარგმნით იწყებდა და შესაბამისად, არც იაგორ ჭილაშვილი წარმოადგენდა გამონაკლისს.

ჭილაშვილის მიერ ნათარგმნ ნაწარმოებში, ,,ისტორიის შესწავლის შესახებ“ განხილულია ახალი და ძველი მსოფლიოს ისტორია. ამ ისტორიის განმავლობაში მომხდარი ყველა უბედურების წყაროდ კი ფრანგ განმანათლებელს მმართველთა და აღმასრულებელთა ბოროტმოქმედება აქვს მიჩნეული. მაბლისეული ხედვის მიხედვით, არსებითი მნიშვნელობის იყო ისტორიის შესწავლა,  დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ისტორიული გამოცდილების გამოყენება, მათ გარეშე კი ქვეყნის ეფექტური მართვა შესაძლებლობას მოკლებული იყო. 

მაბლი უტოპიურ-სოციალიზმს მისდევდა. ეს ტერმინი ისტორიულ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში, საზოგადოების სოციალუსტური გარდაქმნების შესახებ კარლ მარქსის იდეოლოგიის გავრცელებამდე, მოძღვრების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. უტოპიური სოციალიზმი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის კვალდაკვალ განვითარდა. მოძღვრების მიმდევრები დიდ იმედებს ამყარებდნენ გონიერებასა და განათლებაზე, როგორც სოციალიზმის განვითარების ძირითად ინსტრუმენტებზე.  

ამ ყოველივემ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ვინაიდან იაგორ ჭილაშვილი მაბლის ფილოსოფიით იყო დაინტერესებული, ისიც უტოპისტ-სოციალისტი იყო.  არამედ პირიქით, იაგორ ჭილაშვილს მაბლის ნააზრებში პოლიტიკური რადიკალიზმი, ტირანიისა და დესპოტიზმისადმი სიძულვილი და თავისუფლების სიყვარულის იდეები ხიბლავდა.

ფრანგი განმანათლებლებისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა უდიდესი გავლენა იქონიეს იაგორ ჭილაშვილის შეხედულებებზე. როგორც შარლ ლუი მონტესკიე, ასევე გაბრიელ ბონო დე მაბლი ყველაზე უპირატესად სწორედ ადამიანის ძირითად უფლებებს მიიჩნევდნენ და ამ საკითხს სამართლიანი კანონმდებლობის პრობლემას უკავშირებდნენ. 

მათი აზრით, ადამიანისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბუნებითი თანასწორობა, სამართლიანობა, თავისუფლება, სიყვარული და რაღა თქმა უნდა, ამ პრინციპებთან მჭიდრო კავშირში არსებული კერძო საკუთრება და თანაგრძნობა. სწორედ ეს იდეოლოგია და აზროვნება გახდა იაგორ ჭილაშვილისათვის მთელი ცხოვრების გზამკვლევი, რაზედაც უშუალოდ მის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ.

2.2. იაგორ ჭილაშვილი ბუნებითი სამართალის შესახებ

იაგორ ჭილაშვილი მხოლოდ მთარგმნელობით საქმიანობას როდი მიჰყვებოდა. იგი ავტორია წიგნისა ,,ბუნებითი სამართლის მონახაზები“, რომელიც 1812 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ნამდვილ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და მისი ერთადერთი ეგზემპლარი მოსკოვში ისტორიული ბიბლიოთეკის იშვიათი წიგნების განყოფილებაშია მოთავსებული.  აღნიშნული, რა თქმა უნდა, ცარიზმის ჭილაშვილისადმი დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინებაა.

როგორც ბატონი სერგო ჯორბენაძე აღნიშნავს ერთ-ერთ სტატიაში, ,,ბუნებითი სამართლის შესახებ მოძღვრება არ შეიძლება თავის ისტორიულ განვითარებაში განვიხილოთ, როგორც ჩვეულებრივი იურიდიული დოქტრინა“. ბუნებითმა სამართალმა ფესვები ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში გაიდგა, მაგრამ მხოლოდ XVIII საუკუნეში გახდა ბუნებითი სამართალი საზოგადოებრივი აზრის ფართო მოძრაობის იდეოლოგიური ფორმა. ამასთან მიმართებით კი უდიდესია ფრანგი განმანათლებლების წვლილი, ვინაიდან სწორედ მათ დაუდეს სათავე ფეოდალური უთანასწორობისა და თვითნებობის კრიტიკას, რომლის შესახებაც შეუდარებელ ნამუშევრებს აქვეყნებდნენ.

მათი ნააზრევი ,,გონების სამეფოდან“  მოდიოდა, რომლის წინააღმდეგაც ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ფორმა თუ ტრადიციული შეხედულებები უძლური იყო. მათ საზოგადოებას დაანახეს, რომ ვითარება რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს ემსახურებოდა, გარდა მათი კეთილდღეობისა, უსამართლობისა და ცრუმორწმუნეობის შედეგი იყო. ეს ყოველივე კი მხოლოდ ერთ გამოსავალს ტოვებდა, რომ ყველაფერი ახლიდან, განსხვავებულად და ბუნებითი სამართლის შესაბამისად შეცვლილიყო.  

ბუნებითი სამართლის წარმომადგენლები XVIII საუკუნეში მრავალსაუკუნოვანი ფეოდალიზმის ინსტიტუტს სრულ აღმოფხვრასს უქადდნენ და ახალი დემოკრატიული თავისუფლების დამყარების მიზანს ემსახურებოდნენ. მსოფლიოში არსებული ყველა მსოფლმხედველობა, მათ შორის უტოპისტ-სოციალისტებიც კი, ბუნებითი სამართლის გავლენას იზიარებდნენ. გამონაკლისს წარმოადგენდნენ სენსიმონისტები, რომლებმაც სრულად გაწყვიტეს კავშირი ბუნებით სამართალთან.

თუმცა, მხოლოდ ბუნებითი სამართლისადმი მხარდაჭერა როდი გულისხმობს კონკრეტული პიროვნების პროგრესულობას. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ბურჟუაზიულ იურისპრუდენციაში ბუნებით სამართალს რეაქციული მიზნებისათვის იყენებდნენ.  შესაბამისად, იაგორ ჭილაშვილის მსოფლმხედველობაზე მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ის ბუნებითი სამართლის მხარდამჭერი იყო არაფერს ნიშნავს, თუ მისი ნაშრომის ანალიზს არ შევუდგებით და არ გავცემთ პასუხს კითხვაზე, თუ რისთვის იყენებდა იგი ბუნებით სამართალს და რა დატვირთვა აქვს მის წიგნში აღნიშნულ დოქტრინას.

ამისათვის, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც მაშინდელ რუსეთში იყო შექმნილი. ცარიზმი პირდაპირ არ უპირისპირდებოდა ბუნებით სამართალს და არც სკოლებში კრძალავდა ბუნებითი სამართლის სწავლებას, ვინაიდან ისინი აღნიშნულ სამართლის მოძღვრებას საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსათვის სრულიად უწყინარად წარმოაჩენდნენ.

არაერთი ნაშრომი გამოიცა XIX საუკუნის 20-30-იან წლებში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეესაბამებოდა ბუნებითი სამართალი იმდროინდელ სინამდვილეს. მოძღვრებას ხშირად იყენებდნენ პროგრესული მოაზროვნეები რადიკალური დასკვნების გასაკეთებლად. ცოდნას, განვითარებასა და სიახლეებს მოწყურებული ახალგაზრდობა კი სწორედ ამ ნამუშევრების საფუძველზე აყალიბებდა მის მსოფლმხედველობას. ამის დასამტკიცებლად სერგო ჯორბენაძე იხსენებს თუ რაოდენ დიდი სიყვარულით წერდა ა.ს პუშკინი ბუნებითი სამართლის პროგრესულ წარმომადგენელზე ა.პ კუცინზე, ხოლო ნ.ვ გოგოლი - ნ.გ ბელოუსოვზე. 

ამ მხრივ არც იაგორ ჭილაშვილი იყო გამონაკლისი და ისიც სწორედ ბუნებით სამართლის დემოკრატიული მიმართულების წარმომადგენელი იყო. იმ პერიოდიდან და ცარიზმის ცენზურიდან გამომდინარე ის, რაღა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ საუბრობს თავის ნაშრომში ხალხის უფლებაზე რევოლუციაზე, მაგრამ ამაზე აშკარად მეტყველებს მის მიერ გაკეთებული დემოკრატიული და რადიკალური დასკვნები. გარდა ამისა, ცენზურის საკითხთან დაკავშირებით, იაგორ ჭილაშვილი ნამუშევრის შესავალშივე აღნიშნავს და საუბრობს იმ დაბრკოლებებზე, რომელთა გამოც მას არ შეუძლია სრულად და საფუძვლიანად ისაუბროს ბუნებით სამართალზე:

 ,,ვაქვეყნებ რა ამ ნაწარმოებს, მე ვალდებულად ვრაცხ ჩემს თავს ვაღიარო, რომ მისი გამოქვეყნება სხვანაირი სახით მინდოდა, მაგრამ მთელმა რიგმა გარემოებებმა ხელი შემიშალეს ამ სურვილის განხორციელებაში; მე არ შემეძლო მისი სასურველი სრულყოფა საჭირო დროის უქონლობის გამო, და მე დამრჩენია მხოლოდ ვთხოვო პატივცემულ მკითხველებს იყვნენ ჩემს მიმართ ლმობიერნი“  

სრულად წარმოუდგენელი და შეუძლებელია ლოგიკურად დააკავშირო ერთმანეთთან შენი მოსაზრებები და ცნებები, როდესაც საუბარი ბუნებით სამართალზე გვაქვს და ამავდროულად ამ ყველაფერს ცარიზმის ცენზის ქვეშ აკეთებ, როდესაც რუსეთში სრულებით განსხვავებული და საწინააღმდეგო რეალობა იყო. შესაბამისად, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ავტორი მხოლოდ დროის უქონლობას არ უნდა უქადდეს.

2.3 იაგორ ჭილაშვილი ადამიანურ საწყისებზე

საინტერესოა ადამიანის ბუნების იაგორ ჭილაშვილისეული განმარტება, რომლადაც მისი აზრით იწოდება ,,იმ თვისებების გამოხატულება, რომლითაც მას შეუძლია იმოქმედოს ანდა განიცადოს, ხოლო ბუნების კანონები ქმნიან წესრიგს, რომელშიც ყველა ადამიანური მოქმედება და განცდები უნდა გახორციელდეს. ამ კანონების ერთიანობას კი ჰქვია ბუნებითი სამართალი“.  საზოგადოების მიზანი ავტორს გამოჰყავს ადამიანის ბუნებრივი თავისებურებებიდან, მისი ,, ბუნებრივი საჭიროებიდან“. 

ბუნებრივ საჭიროებად იაგორ ჭილაშვილი მიიჩნევდა ადამიანის მიერ რაიმე ნივთის ნაკლებობის შეგრძნებას, ასევე მისი აზრით, მოთხოვნილება საკვებსა ან წყურვილზე ადამიანის სიცოცხლის მთავარ სტიმულად აქვს მიჩნეული და როგორც თავად ამბობს, ადამიანის სიცოცხლის მთავარი ზამბარა სწორედ კვებისა და წყურვილის მოთხოვნილებაა, ურომლისოდაც იგი დაიღუპება და მოკვდება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა ჰელვეციუსის მოსაზრებაც გაგვახსენდეს, რომელიც თვლიდა, რომ შიმშილი და გაჭირვება ადამიანს შრომისმოყვარესა და ბრძენს ხდის, აიძულებს მას, რომ შექმნას და სრულყოს შრომის იარაღები.  იმავეს ავითარებდა თავის ნაშრომებში ჟან ჟაკ რუსოც და მიიჩნევდა, რომ შიმშილი პირვლეი მასწავლებელია პირველყოფილი ადამიანისა. 

მსგავსად ამ გენიალური მოაზროვნეებისა გიორგი ჭილაშვილიც თვლის, რომ შიმშილი და გაჭირვება დიდი ძალაა, რომელიც ავითარებს ადამიანის უნარს და მათ შორის არა მარტო ფიზიკურს, არამედ სულიერსაც. 

აღსანიშნავია, რომ იაგორ ჭილაშვილი მსჯელობას ინდივიდიდან, პირველყოფილი ადამიანიდან იწყებს. ადამიანიდან, რომელსაც შიმშილის გამო ტანჯვა უწევს, თუმცაღა მისი ცნობიერება და ცოდნა იმდენს ვერ სწვდება, რომ თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. თუმცაღა შეძლებს, რომ ერთ დღესაც იპოვოს ნივთი, რომელიც მის წყურვილსა და შიმშილს დააკმაყოფილებს. ადამიანი ყურადღებას მიაქცევს ამ ნივთს. პირველყოფილი კვლავ იგრძნობს შიმშილს, ისევ შეაწუხებს ნაცნობი მოთხოვნილება, თუმცა მას უკვე ახსენდება, რომ ბოლოს როდესაც ასეთი ტკივილი აწუხებდა ისარგებლა კონკრეტული ნივთით და ეს მოთხოვნილება დაიკმაყოფილა, ანუ ადამიანმა დაიწყო მსჯელობა, მაგრამ აუცილებელია გაიხსონოს რა ნივთი იყო ის, რომელმაც მისი ტკივილი დააშუშა. იგი აზრით უახლოვდება ამ ნივთს და ასე იქმნება წარმოსახვა.

წყურვილი და შიმშილი მუდმივად აწუხებს ჩვენს პირველყოფილ ადამიანს და ის უკვე სისტემურად აქცევს ყურადღებას წარსულ შიმშილს, გამოაქვს დასკვნები და აქცენტს აკეთებს მომავალ საჭიროებასა და ნივთზე, ანუ ადამიანი ფიქრობს. მუდმივი ფიქრის შედეგად ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ ამ ნივთმა ადრეც თუ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნილებები, შეუძლია დააკმაყოფილოს ახლანდელიც, ესეიგი იგი უკვე აზროვნებს. შესააბამისად თუკი პირველყოფილმა იცის, რომ ეს ნივთი მას წარსულშიც გამოადგა და მომავალშიც დაეხმარება, უჩნდება სურვილი, რომ ამ ნივთს ფლობდეს. სურვილს კი გამოხატავს ნივთის შეძენით, ამას კი ნება ეწოდება.

ამ ერთის მხრივ მარტივი, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ზოგადი და დიდი მნიშვნელობის მქონდე მაგალითით კარგად წარმოჩნდება იაგორ ჭილაშვილის გენიალურობა. მართალია ის აბსტრაქტული ადამიანის ცნებიდან გამოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის უცხოა ადამიანის საზოგადოებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის შეფასება და რამდენადაც თვითონვე აღნიშნავდა: ,,ჩვენ აზრობრივად შეგვიძლია ამოვგლიჯოთ ადამიანი მის მსგავსთა გარემოდან, განვიხილოთ იგი განცალკევებულად, მაგრამ მას არ შეუძლია იარსებოს ამგვარ მდგომრეობაში, არ შეუძლია გააგრძელოს სიცოცხლე სხვების დახმარების გარეშე“. 

ამ ამონარიდიდან საკმაოდ საინტერესო დასკვნა გამოაქვს პროფესორ სერგო ჯორბენაძეს და აღნიშნავს რომ ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ იაგორ ჭილაშვილმა ისტორიული იდეალიზმის დაძლევა მოახერხა, თუმცაღა მას უეჭველად მიაჩნია, რომ აქ ავტორი საზოგადოებრივი ადამინის როლის ღრმა მიხვედრას გვაძლევს. 

შეუფასებელია იაგორ ჭილაშვილისეული განმარტება იმისა თუ რისთვის იბადება ადამიანი, რაზედაც ის სიყვარულით პასუხობს და თავის ნაშრომში წერს, რომ ,,ადამიანი იმისთვის არ იბადება, რომ არ იცხოვროს, ბუნებამ გააჩინა იგი, ბუნებამ მოამარაგა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარით, მაშასადამე ბუნებამ განუსაზღვრა ადამიანს დატკბეს სიცოცხლით“ . მაგრამ ამ მოსაზრებასთან მიმართებით მახსენდება კაცთმოძულე მალთუსის შეხედულება. თომას რობერტ მალთუსი იკვლევდა სიღატაკის გამომწვევ მიზეზებს და გვთავაზობდა მოსახლებისა და არსებობის საშუალებათა ზრდის თანაფარდობის კანონს. მისთვის არ არსებობდა ისეთი ფასეულობები, როგორიცაა სიყვარული და თავის იდეოლოგიას მგლური  ცხოვრების პრინციპსა და გადარჩენისათვის ბრძოლაზე ამყარებდა. განსხვავებით იაგორ ჭილაშვილისა ის მიიჩნევდა, რომ ზედმეტ ადამიანს არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეს, მისთვის არ არსებობს ადგილი და ბუნება მას უბრძანებს, რომ გაშორდეს და არც იმას დააგვიანებსს, რომ თავისი განაჩენი სისრულეში მოიყვანოს. 

იაგორ ჭილაშვილს თავის ნაწარმოებში მნიშნელოვანი მოსაზრებები აქვს დაფისწირებული ისეთ  მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას. რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს? რატომ ხდება იძულებული, რომ დანაშაული ჩაიდინოს? პირველი ქართველი პროკურორი ამ ყოველივეს ადამიანის მოთხოვნილებებს უკავშირებს, მათ შორის კი ყველაზე გამოკვეთილი ჯანმრთელობის შენარჩუნების წადილია, რომლისთვისაც უფლება აქვს ისარგებლოს იმ საგნებითა და ნივთებით, რომლებიც მას გარს აკრავს.

ავტორს ცალკე აქვს გამოყოფილი ადამიანის უფლება ,,ძალით მოიგერიოს ყოველგვარი გარდუვალი თავდასხმა, რომელიც მის სიცოცხლეს ანდა კეთილდღეობას ემუქრება“.  ხაზს უსვამს დაჩაგრულის უფლებებსაც დესპოტიზმის, ძალადობისა და თვითმპყრობელობის დროს დაიცვას თავი თავდასხმისაგან. 

III.  დასკვნა

ამდენად, წინამდებარე ნაშრომში იაგორ ჭილაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ანალიზის  საფუძველზე წარმოჩენილია დიდი მამულიშვილისა და სახელმწიფო მოღვაწის ხედვა ბუნებითი სამართლის შესახებ. მისთვის, ისევე, როგორც გამოჩენილ ფილოსოფოსთა ნააზრევში წარმოჩენილია ადამიანის, როგორც სამართლის მთავარი სუბიექტისა და ღირებულების მნიშნელობა. კერძოდ, ის იზიარებდა ხედვას, რომ ადამიანისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბუნებითი თანასწორობა, სამართლიანობა, თავისუფლება, სიყვარული და რაღა თქმა უნდა, ამ პრინციპებთან მჭიდრო კავშირში არსებული კერძო საკუთრება და თანაგრძნობა. იაგორ ჭილაშვილი ბუნებითი სამართლის დემოკრატიული მიმართულების წარმომადგენელი იყო. მის შემოქმედებაში მკვეთრად იკვეთება, რომ პერიოდიდან და ცარიზმის მიერ დადგენილი ცენზურიდან გამომდინარე ის, რაღა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ საუბრობს თავის ნაშრომში ხალხის უფლებაზე რევოლუციაზე, მაგრამ ამაზე აშკარად მეტყველებს მის მიერ გაკეთებული დემოკრატიული და რადიკალური დასკვნები. 


 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბერაძე ს., ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიისათვის მე-19 საუკუნის 20-30-იან წელბში, ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები, 1951 წ., ტომი VIII.

2. გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, 1935.

3. მათიაშვილი აკ., კვლავ გიორგი ჭილაშვილის შესახებ, ჟურნალი ,,საბჭოთა სამართალი“, N4, 1965.

4. სურგულაძე ი., ნარკვევები საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან, თბილისი, 2000 წელი.

5. ჭილაშვილი ი. ,,ბუნებითი სამართლის მონახაზები“, სანკტ-პეტერბურგი, 1812 წ.

6. ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. 

7. ჯორბენაძე ს., ი.გ. ჭილაშვილი- დიდი მოაზროვნე და სახელოვანი იურისტი, ,,გამოჩენილი ქართველი იურისტები“.

8. Damrosch 2005

9. Finnis, John (2020), Zalta, Edward N., Natural Law Theories, Metaphysics Research Lab, Stanford University,

10. "Heaven on Earth: The Rise and Fall of Socialism". Public Broadcasting System. Retrieved December 15, 2011.

11. Helvetius: A Study in Persecution by David Warner Smith, Clarendon Press Oxford, 1965.

12. Lauren G. Leighton. The Esoteric Tradition in Russian Romantic Literature: Decembrism and Freemasonry. Penn State University, 1994.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.