სქესის ნიშნით დიფერენციისა და დისკრიმინაციის რეგულირების  კონსტიტუციური სტანდარტები920 2022.01.22
სქესის ნიშნით დიფერენციისა და დისკრიმინაციის რეგულირების კონსტიტუციური სტანდარტები

დისკრიმინაცია თავისი არსით თანამედროვე სამყაროს საკმაოდ აქტუალური და საინტერესო თემაა საზოგადოებრივ დღის წესრიგში.  პირველ რიგში მნიშვნელოვანია ითქვას თუ რას გულისხმობს თავის თავში და როგორ განიმარტება ზოგადად დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. დისკრიმინაცია არღვევს ადამიანთა შორის თანასწორობას და არათანაბარ პირობებში აყენებს ინდივიდებს. 

   დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნებიდან სქესობრივი დისკრიმინაცია შედარებით ყველასთვის ნათელი ცნებაა და ის ზედმეტ ახსნას უფრო ნაკლებად საჭიროებს. ესაა დისკრიმინაცია , რომელიც ეფუძნება საკითხს იმის შესახებ, პირი არის ქალი თუ მამაკაცი. ის წარმოადგენს ევროკავშირის სოციალური პოლიტიკის ყველაზე დახვეწილ ასპექტს და დიდი ხანია უკვე ითვლება არსებით უფლებად. შესაბამისად დაცვის განვითარება ემსახურება ორ მიზანს: პირველი ესაა ეკონომიკური, რადგან ბაზარზე განვითარებული არასწორი მიდგომის აღმოფხვრას უწყობდა ხელს და მეორეც, პოლიტიკურ დონეზე ქმნიდა ახალ სახეს, რომელიც სოციალური პროგრესისა და საცხოვრებელი/სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.  ამგვარად, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვა იყო და დღესაც კვლავ რჩება ევროკავშირის ძირითად ფუნქციად. თანასწორი მოპყრობის სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო მას შემდეგ გამყარდა, რაც მას მთავარი ადგილი დაეთმო ძირითად უფლებათა ქარტიაში.

    ევროპის საბჭოს რიგ დოკუმენტებში დისკრიმინაციის აკრძლვა უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ევროპული სოციალური ქარტიის 1996 წლის ვერსია უზრუნველყოფს სქესობრივი საფუძვლით დისკრიმინაციის აკრძალვას და თავის მხრივ მოიცავს როგორც თანაბარი შესაძლებლობების ასევე დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებში თანაბარი მოპყრობის უფლებას. 2000 წლამდე ევროპის კავშირში გამოიყენებოდა კანონმდებლობა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მხოლოდ შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური უსაფრთხოების კონტექსტში და მხოლოდ სქესობრივი საფუძვლით დისკრიმინაციას ფარავდა. ამავე წელს მიიღო გაერთიანებამ ორი დირექტივა, რომელებიც ეხებოდა დასაქმებისას თანაბარი მოპყრობის შესახებ საკითხს და ის შრომით ურთიერთობებში კრძალავდა დისკრიმინაციას სექსუალური, რელიგიური  თუ სხვა ნიშნის საფუძველზე.

    საქართველოს კონსტიტუცია ფართოდ განსზღვრავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და დაუშვებელია ყოველგვარი დისკრიმინაცია, რაც შეიძლება გამოხატული იყოს: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის’’ მიხედვით.

საქართველოს კონსტიტუციი მე-11 მუხლის  შესაბამისად, დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშანს წარმოადგენს სქესის ნიშანი და ამავე დებულების შესაბამისად აკრძალულია დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით. აღნიშნული საკითხი  საუკუნეების მანძილზე გლობალურ პრობლემად განიხილებოდა და სამწუხაროდ დღესაც არ კარგავს აქტუალობას რიგ სახელმწიფოებში. მაგრამ უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოების ჯანსაღმა აზრმა და მიდგომებმა დაამსხვრია ის სტერეოტიპული შეხედულებები, რომლის მიხედვითაც ქალთა როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში საუკუნეების მანძილზე ჩაგრული იყო და დაუმტკიცა მსოფლიოს რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება და დაუშვებელია სხვადასხვაგვარი მიდგომები. 

   ჩვენს რეალობაში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობა კონსტიტუციურ დონეზეა აყვანილი და აქედან გამომდინარე ისინი სწორედ, რომ თანაბარ პირობებში ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ეს ყველაფერი კი ხორციელდება სახელმწიფო მექანიზმებისა და კანონის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლი, თანსწორობის უფლებაზე საუბრისას გამოყოფს ქალთა და მამაკაცთა შორის თანაბარი უფლებების შენარჩუნებას, კერძოდ მესამე პუნქტი აკონკრეტებს, რომ  ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.’’ აღნიშნული პირდაპირ მიმართულია სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანაბარი უფლებებით აღჭურვილი პიროვნებათა ჩამოყალიბებისაკენ. ქართული კანონმდებლობა და სახელმწიფო ცდილობს ყველნაირად შეამციროს აღნიშნული დისკრიმინცია და ეს ყველასათვის ცალსახა ფაქტია.  თუ შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას თუნდაც გასული საუკუნისა და უფრო წინარე პერიოდის ისტორიას, დავინახავთ, თუ რამდენი გაკეთა სახელმწიფომ აღნიშნული უთანასწორობის აღმოსფხვრელად და მის მინიმუმამდე დასაყვანად, მაგრამ იმ ფაქტსაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ საერთდ არ არსებობს აღნიშნული ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და ის ბოლომდე ამოიძირკვა საზოგადოების ცნობიერებიდან, არა რა თქმა უნდა. არის შემთხვევები სადაც ჯერ კიდევ  ,,ცოცხლობს’’ დისკრიმინაციის ამგვარი ფორმა, მაგრამ სახელმწიფო თავის მხრივ საკუთარ თქავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ არსებული პრობლემები მოაგვაროს და დისკრიმინაციის რეგულირების კონსტიტუციური მიდგომების საფუძველზე ოპერირება გაუწიოს აღნიშნულს. სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის ფორმის ძალიან ბევრი  შემთხვევიდან მინდა რამდენიმე მათგანის წარმოჩენის მეშვეობით გამოვკვეთო არსებული მდგომარეობა და ამასთანავე დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.

   აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით გენდერულ თანასწორობას და კონკრეტულად  გენდერულ თანსწორობას შრომით ურთიერთობაში. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ განმარტავს, რომ სახელმწიფო ცდილობს თანაბარ პირობებში იყვნენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები და აქედან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულების დადებისას ის ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას. შესაბამისად ყოველგვარი დისკრიმინაცია აქ დაუშვებელია და სახელმწიფო მოქმედებს კონსტიტუციური დათქმის საფუძველზე, აღნიშნული შესაბამისობაშ მოდის კონსტიტუციის 11 მუხლის პირველ ნაწილთან და ამგვარად  გამოხატულებას პოვებს პრაქტიკულ ცხოვრებაში.

  ამასთან, საოჯახო ურთიერთობებიც, ერთ-ერთი საკმაოდ აქტუალური თემაა, აღნიშნულ კონტექსტში განსახილველად. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ აცხადებს, რომ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია მეუღლეთა შორის თანსწორობა. საოჯახო ურთიერთობებში, ქორწინებისა და განქორწინების დროს ქალი და მამაკაცი სარგებლობენ თანასწორი პირადი და ქონებრივი უფლებებით, მათ შორის, გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევის უფლებით, და ეკისრებათ თანასწორი მოვალეობები. საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლებამოვალეობებთან დაკავშირებით დისკრიმინაცია ან უპირატესობის მინიჭება. აღნიშნული ჩვენი კანონმდებლობის მნიშვნელოვან მონაპოვრად შეგვიძლია დავასახელოთ, რადგან ისტორიულად ყველასთვის ცნობილია, რომ ქალების როლი ოჯახში ძირითად ბავშვების გაზრდასა და საოჯახო საქმიანობაში მოიაზრებოდა, მეტიც რიგ განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფოებში დღესაც საკმაოდ აქტუალურია აღნიშნული პრობლემა და ქალის როლი საოჯახო ურთიერთობებში დაკნინებულია. მაგრამ, იმედია, ის მნიშვნელოვანი ძვრები და სასიკეთო სიახლეები , რაც განიცადა ქართულმა კანონმდებლობამ და ფაქტობრივად ყველანაირად თანაბარ პირობებში ჩააყენა ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახურ ურთიერთობებში, აუცილებლად გავრცელდება იქ, სადაც სამწუხაროდ დღეს ასეთი მიდგომები არაა.

   მინდა ასევე შევეხო ე. წ. კვოტირების სისტემას საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული მეთოდია  და ემსახურება ქალთა როლის გაზრდას პოლიტიკურ ურთიერთობებში. ეს საკითხი არც საქართველოში კარგავს აქტუალობას, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტები, დაამტკიცა, რაც მიზნად ისახავს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარსადგენ პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს სულ მცირე ყოველ მეოთხე კანდიდატად, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში კი - პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მითითებულ იყოს მინიმუმ ყოველ მესამე კანდიდატად. მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვსაუბრობთ გენდერულ კვოტირებაზე მხედველობაში გვაქვს თანასწორობა,რომელიც მოიცავს ორ ძირითად პრინციპს,ეს არის სამართლიანობა და კეთილდღეობა. სამართლიანობა იქნება სახეზე,როდესაც ქალსა და მამაკაცს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლონ საზოგადოებრივი სიკეთითა და თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. თუ ეს პრინციპი დაცული იქნება საზოგადოებაში,ის ქვეყნის კეთილდღეობისა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ, მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელოვნური ბარიერი ერთგვარად არა თუ თანასწორობისა და ბალანსის დაცვას ემსახურება, არამედ, მეტიც, თავადაა დისკრიმინაციული ბუნების. აქ ერთგვარდ იკვეთებ ქალთა უპირატესი მდგომარეობა, და ხელოვნური ცდა იმისა რომ ქალის როლი პოლიტიკურ ურთიერთობებში გაუთანაბრდეს მამაკაცისას, ამ დროს ხომ ერთგვრად მამაკაცი გამოდის ჩაგრულ მდგომარეობაში. მეტიც, ერთგვარი იძულებაცაა ქალისთვის აღნიშნული მოთხოვნა, რომ აუცილებლად ჩაეროს პოლიტიკურ პროცესებში. გარდა ამისა პარტიას უზღუდავს თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობას რომ სიაში ჰყავდეს სასურველი კანდიდატი რომელიც იმის გამო, რომ ვთქვათ ქალი არაა ვეღარ ახერხებს ადგილის დაკავებას. და მეტიც ეს ერთგვარად ამომრჩეველს უზღუდავს არჩევნის თავისუფლებას და წინასწარ განუსაზღვრავს მას ასარჩევი კანდიდატის სქესს. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ კვოტირების ამგვარი წესი ხელოვნური ბარიერია რომელიც მართალია დროებითობის პრინციპის საფუძველზე შემოიღეს და მთავარი მიზანი თანასწორობის დამყარება იყო, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე ის ჩემთვის უფრო დისკრიმინაციულია და არ შეესაბამება სტანდარტს, რომელიც მუშაობს სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე.

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ საქართველოს უზანაესი კანონის დათქმები უზრუნველყოფს ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას სქესის ნიშნით. ბევრი რამ უკვე გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან იმ მნიშვნელოვანი მექანიზმებისა შემუშავებითა თუ სასიკეთო ნაბიჯების გადადგმით, რაც განახორციელა ქვეყანამ, მაგრამ მაინც არსებობს კონკრეტული საკითხები და დეტალები, რასაც აღმოფხვრა  და დახვეწა სჭირდება , რათა მიღწეული იქნეს სრულყოფილება აღნიშნული მიმართულებით და საბოლოოდ აღმოიფხვრას ის პრობლემა რასაც დისკრიმინაცია ჰქვია სქესის ნიშნის მიხედვით.

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • საქართველოს კონსტიტუცია

  • საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • სახელმძღვანელო დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართლის შესახებ

 

ავტორი: მარიამ კენჭოშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.