სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი ვალდებულება1275 2022.01.25
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი ვალდებულება

 ადამიანებს გააჩნიათ ისეთი სახის ვალდებულებები,რომელთა არ შესრულება ცალსახად წარმოადგენს კანონდარღვევას,თუმცა ამასთანავე არსებობს საკითხები,სადაც რაიმეს შესრულება/არშესრულება უბრალოდ ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,მის ზნეობრივ თვალსაზრისზე და ადგილი არ აქვს არავითარ ვალდებულებას. საინტერესოა, თუ რომელ სფეროში მოექცევა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის დახმარების გაუწევლობა.

 სისხლის სამართლის მიხედვით კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა არის მისი გადაწყვეტის საბოლოო საშუალება და იქამდე,სანამ მოცემულ საკითხს სწორედ მაგ ჭრილში განვიხილავთ,აუცილებელია აღინიშნოს,რომ ზოგადად ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის ნებისმიერი სახის დახმარება ნამდვილად არის ჰუმანურობის ერთ-ერთი გამოხატულება,ეს კი ის ფასეულობაა,რაც სასურველია რომ ყველას გააჩნდეს. ვფიქრობ,რომ ურთიერთდახმარება კაცობრიობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ესაჭიროება. 

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იცავს სამართლებრივ სიკეთეებს უკანონო ხელყოფისგან. იერარქიულად რომ დავალაგოთ მისი დაცვის ობიექტები,ნათელია,რომ პირველრიგში ის იცავს ადამიანს,მის სიცოცხლეს და შემდეგ სხვა დანარჩენს,აქ ასახვას პოვებს კონსტიტუციის მთავარი მიზანიც. სწორედ აქედან გამომდინარეა,რომ კანონმდებელმა დასჯადი გახადა ისეთი სახის ქმედება,როდესაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ პირს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას არ გაუწევს ის,ვისაც ეს შეუძლია. 

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად ისჯება ,, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა.’’ სავსებით შესაძლებელია,რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არც კი იყოს ინფორმირებული იმაზე,რომ მსგავს შემთხვევაში მათი დაუხმარებლობა იქნება მართლსაწინააღმდეგო ქმედება,რასაც ბუნებრივია,მოყვება სისხლისსამართლებრივი შედეგები. აღნიშნული მუხლის უკეთ გასაგებად,საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ მის წინაპირობებზე. 

 თავდაპირველად,მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს თუ ვინ ან რამ წარმოქმნა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. საჭიროა,რომ ეს საფრთხე იყოს უშუალო და რეალური და გამომდინარე აქედან, დახმარების აღმოჩენა-აუცილებელი და გადაუდებელი. ამ შემთხვევაში აუცილებელი და გადაუდებელი დახმარება უნდა გავიგოთ იმგვარად,რომ კონკრეტულ სიტუაციაში,მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება დაუხმარებლობამ გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგი,როგორიცაა  ადამიანის დაღუპვა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც,რომ მოცემულ ვითარებაში დაზარალებულის ძალებს აღემატება სიტუაციიდან თავის დაღწევა,თუმცა არუნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი,რომ სისხლის სამართლის კოდექსისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის,ისე იმ ადამიანის,ვინც უნდა დაეხმაროს მას. სწორედ ამიტომ,დაუხმარებლობა დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ,როდესაც პირს შეეძლო დაზარალებულის დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე. ასევე თუ დახმარების აღმოჩენა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ამ დროსაც თავისუფლდება პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. 

 სსკ 129-ე მუხლში საუბარია დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობაში სათანადო დაწესებულებისთვის ან სხვა პირისთვის. სათანადო დაწესებულებაში,როგორც წესი,იგულისხმება ისეთი დაწესებულება,რომელიც ვალდებულია აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარება გაუწიოს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფს. ხოლო სხვა პირში შესაძლოა მოვიაზროთ ისეთი პირი,რომელსაც შეუძლია დაზარალებულის დახმარება სპეციალური ცოდნის,თანამდებობის ან დაზარალებულთან დამოკიდებულების გამო.

  გარდა საქართველოს კანონმდებლობისა,დაუხმარებლობა ისჯება გერმანული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც,თუმცა განსხვავებით ქართული კანონმდებლობისგან იქ ისჯება დაუხმარებლობა არა ყველა შემთხვევაში,არამედ განსაზღვრულ ვითარებაში,მაგალითად უბედური შემთხვევის დროს. როგორც უკვე აღვნიშნე სსსკ-ის მიხედვით დაუხმარებლობის დროს მთავარ დასაცავ სიკეთეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე,ხოლო გერმანულ სისხლის სამართალში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები იყოფა,მეცნიერების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ აღნიშნული ნორმა იცავს ინდივიდუალურ სამართლებრივ სიკეთეს,ხოლო უმცირესობა ფიქრობს,რომ ნორმა ძირითადად იცავს სოციალურ სტაბილურობას.

 დასკვნის სახით,მინდა ვთქვა,რომ,მართალია,დახმარების სურვილი ადამიანს,პირველრიგში, თავად უნდა გააჩნდეს და მას ვერავინ დაავალდებულებს,თუმცა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის დახმარების გაწევა,შეიძლება ითქვას, ის გამონაკლისი შემთხვევაა,როდესაც კანონდმებელმა ურთიერთდახმარების ზოგადი მოქალაქეობრივი ვალი სამართლებრივ ვალდებულებად აღიარა და საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგა.

 

ავტორი: ქეთევან რაზმაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1)სისხლის სამართლის კერძო ნაწილი(წიგნი I),სახელმძღვანელო,გამომცემლობა: ,,მერიდიანი“, თბ. 2019

2)სისხლის სამართლის კოდექსი

3)სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, თბ. 2002

4) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები,ავტორი: თემურ ცქიტიშვილი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.