„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ძირითადი პრინციპები“1800 2022.01.25
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ძირითადი პრინციპები“

 

 სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში განასხვავებენ ორ ძირითად მიმართულებას, საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სახით.   ოპერატიულ საქმიანობას კოლოსალურად დიდი ადგილი უკავია საგამოძიებო პროცესში.  ოპერატიული საქმიანობის ჩართულობა  მტკიცებულებათა შეგროვების პროცესში, ჩადენილი დანაშაულის გახსნაში  და ჰიპოთეტურად,  სავარაუდო დანაშაულის პრევენციაში შეუდარებლად დიდი და მნიშვნელოვანია. ამის კონსტატირებას ახდენს ასევე ევროპული  პრაქტიკა  და საქართველოში არსებული გამოცდილება ოპერატიულ-საქმიანობაში. ოპერატიულ-საქმიანობას ბევრი გადაკვეთის   წერტილი  აქვს ადამიანის უნივერსალური ხასიათის  რიგ  უფლებებთან,  რაც გარანტირებულად დაცულია კონსტიტუციით. ამგვარი საქმიანობის ჩატარების  ბუნებიდან,  არსებული და მოქმედი ხერხებიდან გამომდინარე როგორც მიეთითა, სასწორის ერთ პინაზე იდება ადამიანის კონსტიტუციით დაცული უფლებები და მეორე პინაზე ოპერატიული-საქმიანობის ჩატარების  საჭიროება, მსგავს  კოლიზიურ სიტუაციაში ხშირ შემთხვევაში პრიმატი ენიჭება ოპერატიული საქმიანობის ჩატარებას.

 როგორც წესი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა სისხლის სამართალწარმოების მიღმა განხორციელებულ არასაპროცესო ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს.  ოპერატიულ სამძებრო  საქმიანობის საკანონმდებლო დეფინიცია შემდეგნაირია, იგი  არის „ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებათა სისტემა, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.  

  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვას ისახავს მიზნად, რაც უდავოდ, კონსტიტუციურ-ლეგიტიმურ და გამართლებულ მიზანს წარმოადგენს. იგი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს.  ოპერატიული საქმიანობა მისი განმახორციელებელი ორგანოების სახით წყვეტს ფართომასშტაბიან და კოლოსალურ ამოცანებს და სისხლის სამართლის პროცესს ეხება მხოლოდ იმ ნაწილში რომელიც ეხმარება სასამართლო, პროკურატურისა და სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებს სხვადასხვა სახის დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო  ქმედებების გახსნაში, აგრეთვე დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენაში. ძირითადად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება სამართალდამცავ სტრუქტურების მიერ, დანაშაულის გახსნის და მისი თავიდან აცილების მიზნით უკავშირდება სახელმწიფოში დანაშაულის პრევენციის, თუ საგამოძიებო ტაქტიკის ჩამოყალიბების და მისი განვითარების ეტაპებს. ამავდროულად, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედების მიზანს წარმოადგენს ის,  რომ განისაზღვროს მიღებული ცნობის რეალური შინაარსი და ზუსტი შემცველობა, რომელიც ვლინდება მისი მტკიცებულებად ქცევის პროცესში და განსაზღვრავს ნივთებს, საგნებს, ფაქტებს, რომლებიც შესაძლებელია გამოდგეს მტკიცებულებად.

 როგორც ზემოთ მიეთითა ოპერაიტულ-სამძებრო საქმიანობას გააჩნია კონკრეტული მიზნები, რომელთა განსახორიცელებლადაც მათ იყენებს კომპეტენტური სუბიექტი, ამგვარ საჯარო და ლეგიტიმური ინტერესების დაცვა როგორც მინიმუმ სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა. საჯარო ინტერესების ფარგლები დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. 

 საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, ამა თუ იმ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია: მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 

 ამავე დროს ნებისმიერი ჩარევა რათა მას გააჩნდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება უნდა იყოს  აუცილებელი, გამოსადეგი და პროპორციული. 

 ოპერატიულ საქმიანობისას სპეციალური ღონისძიებების ექსპლუატაციაში შეყვანა საჭიროებს რიგი იმპერატიული მოთხოვნების გათვალისწინებას.  საჭიროა ოპერატიულ საქმიანობაში არსებული პრინციპების განსხვავება სისხლის სამართალში არსებულ პრინციპებისაგან და ა.შ. ობიექტური ხასიათის შენარჩუნებისა და დასაცავად არსებული პრინციპები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. განასხვავებენ  რიგ პრინციპებს მათი კონკრეტიზაციიის,  გავრცელების გრადაციის და ფართო-მასშტაბიანობის  მიხედვით.

 საქართველოს „ოპერატიულ-სამძებრო სამქიანობის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობა უნდა განხორციელდეს რამდენიმე პრინციპის საფუძველზე. კერძოდ ამავე კანონის მე-2 მუხლში მოცემულია შემდეგი შინაარსი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს“. ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად-ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი განხორციელება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების ფარგლები და ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული მონაცემები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ლეგიტიმური მიზნისა და ამოცანის პროპორციული უნდა იყოს. ამავე დროს  აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას,  საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს, დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან. 

 საუბარში, შევეხებით უცხო ქვეყნების პრაქტიკას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას არსებულ  პრინციპებსა და დაცულობის მასშტაბებს. ამ შემთხვევაში განვიხილავთ რუსეთის მაგალითს: კერძოდ ქვემოთ წარმოდგენილია ის ფუნდამენტური პრინციპები რაც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორიცელებისას ყოველთვის უნდა იქნეს ყურადსაღები და დაცული. ესენია: (კანონიერების პრინციპი, გათვალისწინება და პატივისცემა კანონის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კონსპირაციულობა და ბოლოს ფარული და აშკარა მეთოდებისა და საშუალებების შეხამების პრინციპი). ქვემოთ მოცემული პრინციპები  გათვალისწინებულია ასევე ქართული კანონმდებლობით ოპერატიული საქმიანობის განხორციელებისას.

 

1) კანონიერების პრინციპი-რაც გულისხმობს რომ, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ყველა ქმედება უნდა ემყარებოდეს კანონის უზენაესობას. 

2)გათვალისწინება და პატივისცემა კანონის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების-აღნიშნული პრინციპი გულისხმობს იმას რომ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორიცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ყველა ადამიანისა ასევე ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, რაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დეკლარაციით 1948 წლის და რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით.

 3) კონსპირაციულობა-იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა  თავისი ბუნებით ითვლება სადაზვერვო საქმიანობად, კონსპირაცია(ფარულობა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას-მიიჩნევა ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგან, რომლითაც ხდება მიზნის ეფექტიანად და სწრაფად  მიღწევა. ამავე დროს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ   კონსპირაციულობასთან მიმართებით ამგვარი ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებს,  აძლევს უფლებას რომ გამოიყენონ ნებისმიერი სახის  დოკუმენტი, რომელთა დახმარებითაც  მოხდება თანამდებობის პირთა ვინაობის დაშიფვრა, უწყებრივი კუთვნილების გარკვევა ამა თუ იმ დაწესებულების, ორგანიზაციის, ქვედანაყოფის, სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილების, მოქალაქეთა ვინაობის დადგენა,  რომლებიც დახმარებას უწევენ მათ კონფიდენციალური საქმიანობის საფუძველზე. 

 4) ფარული და აშკარა მეთოდებისა და საშუალებების შეხამება-ერთ-ერთი განსხვავება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სხვა ტიპის სამართალდამცავ ღონისძიებებისაგან, ითვლება შესაძლებლობა მისი განხორციელების ფარული გზით(ე.ი მესამე პირთა ცოდნის ელემენტის გარეშე). ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს გააჩნია აბსოლუტური დამოუკიდებლობა როგორც მეთოდების ასევე საშუალებების შერჩევის საქმეში, რაც დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ სიტუაციზე და არსებულ ობიექტურ სირთულეებზე.

 

  აღსანიშნავია რომ, 2005 წლამდე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას მიკუთვნებულ პრინციპები კანონში ზოგადი და აბსტრაქტული სახით იყო მოცემული. ამ პერიოდამდე და ძველი რედაქციის თანახმად კანონით გათვალისწინებული იყო შემდეგი დანაწესი, კერძოდ „ოპერატიული-სამძებრო საქმიანობა უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის(ფარულობის), ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს.  ამავე დროს შეზღუდული იყო იმგვარი ოპერატიული ღონისძიების   განხორიცელება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა  ადამიანის სიცოცხლის, ღირსების, ქონების და იურიდიული პირის უფლებებს. მკაცრი ხაზი იყო გავლებული იმგვარ ქმედებებთან რომლებიც დაკავშირებული იყო მოტყუებასთან, ძალით დაყოლიებასთან, შანტაჟთან. თუმცაღა, მიუხედავად აღნიშნულისა უშუალოდ ოპერატიული ღონისძიების ბუნება და მისი ჩატარების წესი, კანონში მითითებული პრინციპების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა.

 2014  წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაჩნდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ნიშანდობილია, რომ ამ ცვლილებების ფარგლებში შეიცვალა ოპერატიული საქმიანობის  განხორციელების პრინციპები და ის ძირითადად მოვიდა თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რაც კანონმდებელმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის დაადგინა.  ამ ცვლილებებით კანონდმებელმა გამოთქვა ნება რომ ოპერატიული საქმიანობა აუცილებლად უნდა დაფუძნებოდა ისეთივე კრიტერიუმებს და მოქცეულიყო ისეთივე მკაცრ ჩარჩოებში, როგორშიც არის ფარული საგამოძიებო მოქმედებები.  

 არ უნდა დაგვავიწყდეს რომ, კანონი  პრინციპულ დონეზე ზღუდავს ოპერატიული საქმიანობის ჩატარებას და უშვებს აღნიშნულის განხორიცელებას  მხოლოდ განსაკუთრებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საჭიროებების შემთხვევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს კანონი „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/18472?publication=51)
2. რედ. ნ.ძიძიგური, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ №2, 2016წ.
3. საქართველოს კონსტიტუცია-(https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
4. А.Ю.  Шумилов, „Курс основ оперативно-розыскной деятельности, учебник 3-е издание дополненное и переработанное“ М. 2008г.
5. „Федеральный закон об  оперативно-розыскной деятельности“, Статья 3-„Принципы оперативно-розыскной деятельности“.
6. И.В. Кушнир М. „Оперативно-розыскная деятельность“ 2010г.
7. თ.გვასალია, კვლევა „ოპერატიული საქმიანობა სამართალდამცავ ორგანოებში“  2019 წ.

 

ავტორი: არტურ ჩობანიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.