იძულებით ქორწინება  3003 2022.01.28
იძულებით ქორწინება

 

დღევანდელ რეალობაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არასრულწლოვანთა ქორწინება,  პროცენტული მაჩვენებლით არ ჩამოუვარდება გასული საუკუნის მონაცემებს. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი განვითარებისა და განათლების დონე, შედარებით მაღალია, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში, არასრულწლოვანთა და იძულებით დაქორწინებულ პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება გასული საუკუნის მაჩვენებლებისაგან.  

ქორწინება, ეს არის ორმხრივი ნების გამოვლენა ორი პირის მხრიდან, რომელთაც სურთ ერთად შექმნან ოჯახი. დაქორწინება/ დაუქორწინებლობის გადაწყვეტლება თითოეული პირის კონსტიტუციური უფლებაა, რამეთუ ადამიანი არის თავისუფალი სუბიეტი და მას აქვს უფლება გადაწყვეტილება მისი პირადი ცხოვრების შესახებ მიიღოს მანვე, ამიტომ პირის დაქორწინება მისი ნების საწინააღდეგოდ და მისი სურვილის გარეშე არის დანაშაული.  

საერთაშორისო კონვენციები და პაქტები აღიარებს საქორწინო ასაკს მიღწეული ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას, რომლითაც სარგებლობენ დაქორწინების დროს,  ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირისას უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობითობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია. იძულებითი ქორწინების დასჯადობის მიუხედავად, პრაქტიკაში ეს კვლავ გამოწვევად რჩება. წლებია, ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებადიდი პრობლემაა. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150’-ე მუხლი საუბრობს იძულებით ქორწინების შესახებ. ზოგადად, იძულება გულისხმობს პირის იძულებას შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა,  ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. პირის იძულება, შესაძლოა, გამოიხატოს მასზე ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით.  

ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად, იძულებითი ქორწინება, ეს არის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მუქარის განზრახ გამოყენების აქტი, რომელიც ჩადენილია იმ მიზნით რომ ზრდასრული ადამიანი ან ბავშვი აიძულონ შევიდეს ქორწინებაში.  

ფიზიკურია იძულება, როდესაც პირს მუდმივად ახსენებენ ან ემუქრებიან კონკრეტული მოქმედების შესრულებით, რომელიც იქნება გამოწვეული მისი დაუქორწინებლობით იმ პირზე,  რომელზე ქორწინებაც მათ სურთ. მაგ: არასრულწოვან მ.ნ-ს მშობლები აიძულებენ დაქორწინდეს ვინმე ა.ბ-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებიან სახლიდან გაგადებით.  

ფიზიკურია იძულება, როდესაც პირს ეხებიან ფიზიკურად და მასზე ძალადობენ, რაც იწვევს ტკივილს. მაგ: სრულწლოვან ი.მ-ს ოჯახის წევრები მუდმივად სცემენ და სხვა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმის გამო რომ არ ქორწინდება იმ პირზე, რომელზეც მშობლები მიუთითებენ. 

ქორწინების იძულება არის განზრახი დანაშაული. ეს იმას გულისხმობს რომ პირი მოქმედებს შეგნებულად, იცის მისი მოქმედების უკანონობა მაგრამ მაინც სჩადის ამ დანაშაულს.  დანაშაულის კვალიფიკაციისათვის დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, ეს შესაძლოა იყოს: მატერიალური გამორჩენა, ტრადიციების დაცვა და ა.შ.  

რაც ყველაზე სამწუხაროა, ის პირები რომლებიც ამ დანაშაულის შემადგენლობას სჩადიან, არიან მშობლები. მათი აზრით, ეს მათ შვილზე და მის მომავალზე ზრუნვაა, თუმცა ამ დროს მნიშვნელოვნად ირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები და არ არის მხოლოდ ქორწინების უფლება, ეს ასევე, შესაძლოა იყოს: განათლების მიღების უფლება, ხელშეუხებლობის უფლება,  პიროვნული თავისუფლება, დამოუკიდებელი განვითარების უფლება და ა.შ.  

იძულებით დაქორწინებულ პირებს, ძირითადად კი ქალებს, ეზღუდებად განათლების მიღების უფლება, ვინაიდან მათი მთავარი საზრუნავი მათი ოჯახის მენტალობისა თუ კულტურის ზეგავლენით, დაქორწინების მომენტიდან ხდება მეუღლესა და შვილებზე ზრუნვა, რაც გულისხმობს მის დიასახლისად დარჩენას და სხვა გზით მის განუვითარებლობას.  

თითოეული ადამიანი, უფლებამოსილია, განვითარდეს მისი ნების შესაბამისად.  დამოუკიდებელი განვითარება, გულისხმობს, პირის ნების გამოვლენას სხვისი ნების ჩაურევლად და მისი სურვილის შესაბამისად მიიღოს ცხოვრებისეული გამოწვევები,  განვითარდეს სხვადასხვა სფეროში, რომელიც მასში იწვევს ინტერესს, დასაქმდეს და ამ მხრივ მიიღოს ახალი გამოცდილება და ა.შ. რასაც, ძირითად შემთხვევებში როგორც ნაადრევად დაქორწინებული პირები, ასევე იძულებით დაქორწნებულები არიან მოკლებულნი.  

საქართველოში იძულებით ქორწინების მსხვერპლები, ძირითად შემთხვევაში, არიან ქალები და ეს იძულება შესაძლოა გამოხატული იყოს არა მხოლოდ ოჯახის მხრიდან, რომ ოჯახი შექმნას მათთვის სასურველ მამაკაცთან, არამედ თვითონ მამაკაცის მხრიდანაც, ეს შესაძლოა გამოხატული იყოს ქალის მოტაცებით, მასზე ქორწინების მიზნით. რაც გულისხმობს უკანონო თავისუფლების აღკვეთას და, აღსანიშნავია, რომ ეს დანაშაული დამთავრებულად ითვლება მართლსაწინააღდეგო მოქმედების განხორციელებისთანავე.(იხ. სსკ-ის 143-ე მუხლი) ასევე შესაძლოა მამაკაცი ემუქრებოდეს ქალს მოტაცებით თუ ეს უკანასკნელი თავისი ნებით არ გაყვება ცოლად.  

სტატისტიკური მონაცემებით, იძულებით ქორწინების მსხვერპლნი არიან 15-დან 18 წლამდე მოზარდები, რომელთა ,,მართვა’’ ამ მხრივ უფრო მარტივია ოჯახის მხრიდან, ვიდრე ზრდასრულისა, რამეთუ მან მეტნაკლებად მეტი იცის ნაადრევად ქორწინებისა თუ იძულებით ქორწინების ავკარგიანობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ პირი რომელიც არის 16 წელს მიუღწეველი, მის სხეულში ნებისმიერი სექსუალური ხასიათის შეღწევა არის დანაშაული და არ აქვს იმას მნიშვნელობა ეს პირი იყო თუ არა თანახმა ამ კავშირზე. სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით 1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. 

იძულებით ქორწინებას მოყვება არა მხოლოდ ის შედეგები, რაც უკვე ზემოთ ვახსენე, ასევე ოჯახში მუდმივი ძალადობა, ჩაგვრვა, დამცირება და ა.შ. იძულებით შექმნილი ოჯახების 90%- ში ქალზე ფიზიკურ თუ მორალურ ძალადობას აქვს სისტემატიური ხასიათი. იქ, სადაც არის იძულება, ვერასდროს იქნება ურთიერთგაგება და პატივისცემა. 

ვფიქრობ, იძულებით ქორწინება, რამდენადაც აწუხებს ჩვენ ქვეყანას, იმდენად კანონმდებლობა უფრო გაუმართავია, შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი ღონისძიება და სანქცია უნდა გატარდეს არსებულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მსხვერპლთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტი გამოძიების სრულყოფილად და დროის მოკლე პერიოდში ჩატარებაა. იძულებითი ქორწინების შემთხვევათა უმრავლესობაში ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე,  დაზარალებულთა მხრიდან გამოძიების გაგრძელებაზე შესაძლო უარის თქმის,  დაზარალებულთა მხრიდან ჩვენების შეცვლისა და დამნაშავის დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, დანაშაულის შეტყობინებიდან მცირე დროში გამოძიების ეფექტიანად წარმართვა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების (ბრალის წარდგენა) დროული მიღება სამართალდამცავი უწყების მხრიდან.  

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ იძულებით ქორწინების დეფინიცია არ გულისხმობს მხოლოდ იძულებით ვინმესთან ოჯახის შექმნას, ის ასევე გულისხმობს: უფლების შელახვას, იძულებას,  დამოუკიდებელი განვითარების ხელშეშლას, განათლების მიღების შეუძლებლობას,  პიროვნული ხელშეუხებლობის შელახვას და ა.შ.  

ქორწინება, ეს არ არის ვალდებულება ან მოვალეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ პირის უფლებაა და მანვე უნდა გადაწყვიტოს, დაოჯახდება თუ არა.  

სტატიის მიზანი: სტატიის მიზანია, ყველამ ღრმად გაიზაროს, თუ რა შედეგებამდე შესაძლოა მიგვიყვანოს იძულებით ქორწინებამ. არა მხოლოდ ის არის დამნაშავე, ვინც სხვას აიძულებს ქორწინებას, არამედ ის, ვინც იცის ამის შესახებ და აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივობას და არ ატყობინებს შესაბამის ორგანოს. ჩვენი, ყველას ვალია, ამ მხრივ წვლილი შევიტანთ ყველანაირად მის აღმოსაფხვრელად. იძულებით ქორწინება აღვევს, არა მხოლოდ მსხვერპლის უფლებებს, არამედ ჩვენი, თითოეულის უფლებებს, ვიცხოვროთ განვითარებულ და დაცულ ქვეყანაში, სადაც თითოეული პირის უფლება დაცულია!

 

ავტორი: მარიამ ქოჩორაშვილი

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.