21-ე საუკუნის სენი -  ფემიციდი2225 2022.02.01
21-ე საუკუნის სენი - ფემიციდი

გენდერული ნიშნით მკვლელობა საკმაოდ გავრცელებული და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა, რომელიც არამხოლოდ ლოკალურ ,   არამედ ფართო მასშტაბებს მოიცავს, რომლის მსხვერპლიც თავისუფლად შეიძლება იყოს, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. გენდერული ნიშნით მკვლელობა წარმოადგენს ადამიანის მკვლელობას მხოლოდ და მხოლოდ მისი გენდერული მახასიათებლის გამო, ხოლო ფემიციდი ქალის მკვლელობაა ქალის გენდერული მახასიათებლის გამო. ამ თემის განხილვისას მამაკაცების უმრავლესობას უჩნდება ხოლმე პროტესტის გრძნობა, თუ რატომ გამოყოფენ ასე აშკარად ქალთა მკვლელობას და ამბობენ, რომ მამაკაცებსაც კლავენ ქალები, აპროტესტებენ, რატომ არავინ საუბრობს ამ ყველაფერზე. თუმცა პასუხი ამ კითხვაზე არის   სტატისტიკა,  რომელიც ნათლად ასახავს სხვაობას მოკლულ მამაკაცებსა და ქალებს შორის. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს გამოცემული კვლევის თანახმად, ყოველი ოთხი ქალიდან ერთს ცხოვრების მანძილზე განუცდია გენდერული ძალადობის რომელიმე ფორმა.

აღსანიშნავია, რომ   ბოლო წლებში აშკარად იგრძნობა გამოვლენილი შემთხვევების ხილვადობა,რისი მიზეზიც არის არა მისი რეალური ზრდადობა, არამედ მიმართვიანობის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღების გაზრდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფემიციდის სტატისტიკა არც ამ პანდემიის ჟამს შენელდა.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გენდერული ნიშნით მკვლელობა 2018 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსით ცალკე მოწესრიგების საგანს არ წარმოადგენდა, თუმცა 2018 წლიდან იგი დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მკვლელობის დროს(სსკ 109 მუხლი, დ1 ქვპ).

თუ გადავხედავთ სასამართლო პრაქტიკას, აღმოვაჩენთ, რომ კაცები ზედმეტად არარეალურ მიზეზებს ასახელენენ ხოლმე, რის გამოც მათ ქალი "დასაჯეს". მკვლელობის გავრცელებულ მიზეზებს წარმოდგენს (თუ ეს ოჯახში ხდება) : ღალატი, დაშორება, ცუდად შესრულებული ე.წ ქალური ვალდებულებები (ვგულისხმობ საჭმლის მომზადებას, სახლის დალაგებას, ჭურჭლის რეცხვას და ყველა იმ მიზეზს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს "მამაკაცის წყრომა"), თუმცა ხშირია სრულიად უცხო ქალთა მკვლელობა მათთვის უცხო მამაკაცთა მიერ, რომლის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა, იყოს თუნდაც სექსუალურ აქტზე უარი.

რა არის მკვლელობის გამომწვევი მიზეზები?

განვიხილოთ ის მიზეზები, რაც შესაძლოა მკვლელობას იწვევდეს. პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის, რომ ამ მიზეზების გამოკვლევა ოჯახში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ოჯახი არის ის ინტიმური ადგილი, რომელიც თითქმის ყველასგან უხილავია და ხშირად ხდება ისე, რომ ოჯახში მიმდინარე ძალადობა ოჯახშივე რჩება და დამნაშავე პასუხს არ აგებს ამ ყველაფრის გამო. 

განვიხილოთ Daphne Project 2007-2013-ის კვლევა, რომელიც იკვლევდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ინტიმურ-პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ მკვლელობებს, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ევროპაში ყოველწლიურად 3500 ადამიანი კვდება ინტიმურ-პარტნიორული ურთიერთობის შედეგად და ეს რიცხვი დღეში 9 ადამიანიდან 7 ქალს მოიცავს.  კვლევის თანახმად, ფემიციდის მიზეზებს შორის 

უპირველესია ეჭვიანობა, ფიზიკური ან ეკონომიკური შეზღუდვები და სოციალური ურთიერთობებიდან მოწყვეტა.

რაც შეეხება სოციუმს, მასთან დკავშირებული რისკ ფაქტორებიდან გამოყოფენ ხოლმე გარშემომყოფთა ნაკლებობის ფაქტორს, მაგალითად ოჯახის სხვა წევრები, მეზობლები ან მეგობრები შესაძლოა იყვნენ იმ მუქარის მომსწრე, რომელსაც მოძალადე ახორციელებს მსხვერპლზე, რომელიც მას ჰპირდება მკვლელობას,  თუმცა  მისი გარშემომყოფები ნაკლები სერიოზულობით აღიქვამენ ამ ფაქტს და შესაბამისად, უყურადღებოდ ტოვებენ ქალს, რომლის სიცოცხლეც შესაძლოა, მალევე დასრულდეს მუქარის სუბიექტის მიერ.

რა როლი აქვს საზოგადოებას  ფემიციდის წინააღმდეგ?

საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი როლი აკისრია ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებისა და რეფორმების განხორციელების კუთხით.

მაგალითისთვის აღსანიშნავია „საიას“ პრეცედენტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ორგანოებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფემიციდის შესაბამის შემთხვევაზე არ მოახდეენ შესაბამის რეაგირებას. სწორედ „საია“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოში მომხადარი ფემიციდის კონკრეტული შემთხვევები გასაჩვრდა ევროპულ სასამართლოში და გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, რომელიც ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციაა. 

რაც შეეხება საერთაშორისო ჩართულობას, ამ მხრივ აღსანიშნავია გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დოკუმენტია ქალთა თანასწორობის მისაღწევად; ამ კონვენციის მიზნებისათვის ცნება “დისკრიმინაცია ქალთა მიმართ” გულისხმობს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელიც ლახავს ან არარად აქცევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან სხვა რაიმე სფეროში კაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ, - მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობასა და განხორიციელებას“ .

გენდერული ნიშნით მკვლელობა მრავლისმომცველი თემაა. ადამიანის  მკვლელობა ისეთი  უფლებების დარღვევაა, როგორებიცაა სიცოცხლის უფლება, თანასწორობა, ღირსება და დისკრიმინაციის აკრძალვა, ასევე წამებისა და სხვა სასტიკი თუ არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა. რა არის ამ შემთხვევაში პრობლემა და გამოსავალი? ცხადია, ამ ორ შორის კავშირია. საზოგადოება სავსეა სტერეოტიპებით, რომელთა მოშორება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რაც ფემიციდს იწვევს. თუმცა  ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნდა დასახელდეს პატრიარქალური შეხედულებები,  

რომლებიც , საზოგადოებაში სტერეტიპების სახითაა დამკვიდრებული. სოციუმის წევრების ვალს  კი წარმოადგენს, უარი თქვან მახინჯ შეხედულებებზე, რომლებიც მათ აზიანებს. გამოსავალს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების შემეცნებას, ცნობიერების ამაღლებას და საკანონმდებლო კუთხით იმ რეგულაციების მიღებას, რომლებიც გაურკვეულწილად მაინც მოხსნის პრობლემას, რასაც ფემიციდი , უფრო გლობალურად რომ შევხედოთ, გენდერის ნიშნით მკვლელობა ჰქვია. 

ავტორი: მარიამ წიკლაური

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი


 

გამოყენებული ლიტერატურა :
1. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ;
2.  PROJECT DAPHNE,. The research uses official data from national countries and from international sources (Eurostat, WHO, UNODC-HEUNI, Interpol);
 3. McFARLANE, J.M., CAMPBELL, J.C., WILT, S., SACHS, J., ULRICH, Y. and XIAO, X. (1999), “Stalking and Intimate Partner Femicide”, in Homicide Studies;
4. ქალის მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, 1979 წლის 18 დეკემბერი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.