ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება2487 2022.02.01
ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

აღნიშნული სამართლებრივი სტატიის განსახილველი თემა  კლასიკურ ხელშეკრულებებს შეეხება, კერძოდ, ქირავნობასა და იჯარას.  ამ ორი ტიპის ხელშეკრულებას ხშირად ვაწყდებით სამართლებრივ ურთიერთობებში. მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა კი არც ისე იოლია. თავდაპირველად განვიხილოთ თითოეული მათგანის სამართლებრივი ბუნება ცალ-ცალკე.


 

ქირავნობის ხელშეკრულება

 

        ქირავნობის ხელშეკრულების ცნება უშუალოდ ფორმულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლში - ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. სწორედ ესაა ქირავნობის ტრადიციული განმარტებაც. ამ ორი წინადადების შინაარსის საფუძველზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე. კერძოდ კი, ქირავნობა განეკუთვნება ორმხრივ, კონსენსუალურ და სასყიდლიან ხელშეკრულებათა ტიპს.

          სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს კონკრეტულ დათქმას, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების დადება - ზეპირად თუ წერილობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ქირავნობა ფორმასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას არ განეკუთნება, რომლის ნამდვილობასაც სამოქალაქო კოდექსი დაუკავშირებდა რაიმე ფორმის დაცვის აუცილებლობას, ამდენად,  შესაძლებელია მისი დადება როგორც ზეპირად, ისე - წერილობით, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დაუკავშირონ წერილობით თუ ზეპირ გარიგებას, ამდენად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისთვის  წერილობითი გარიგების დადება სავალდებულო არ არის და მისი დაუცველობა გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება.


 

იჯარის ხელშეკრულება

        საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

        იჯარის ხელშეკრულების ორი მხარე არსებობს: მეიჯარე და მოიჯარე. მეიჯარე წარმოადგენს ქონების გამცემ პირს, იგი ძირითადად ქონების მესაკითრეა. მეიჯარის ამპლუაში შეიძლება, აგრეთვე, იყოს მესაკუთრის უფლებამოსილი პირი. მოიჯარე არის ქონების მიმღები, რომელმაც წესით უნდა განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა ნივთზე. ნიშანდობლივია, რომ ორივე შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.

        მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი.

                ზემოაღნიშნული 581-ე მუხლის დისპოზიციაში იჯარის ხელშეკრულების ობოექტად მოიხსენიება ქონება, მაგრამ არაა დაკონკრეტებული მისი სახე. ამდენად, უნდა მივიჩნიოთ, რომ იჯარის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, უძრავი (გარდა მოხმარებადი და გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთებისა), ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეეთები.

        სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს დათქმას იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი ფორმის თაობაზე, ამდენად, იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.

 

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა საერთო სამართლებრივი ელემენტები

 

       ქირავნობა, იჯარის ხელშეკრულებასთან ერთად, განეკუთვნება ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს. მათთვის დამახასიათებელია ის გარემოება, რომ გამქირავებელი/მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, დროებით სარგებლობაში გადასცეს მეორე მხარეს (დამქირავებელს/მოიჯარეს) რაიმე საგანი (გამოყენების შესაძლებლობის მინიჭება). სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ დამქირავებელმა/მოიჯარემ საგანი უნდა დააბრუნოს.  

       ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა ახლო კავშირი გამოიხატება თავად 581-ე მუხლის მეორე ნაწილში - იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სწორედ ამ ორი ხელშეკრულების მსგავსი ბუნებიდან გამომდინარე საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება ქირავნობის მუხლებით (531-575), თუ იჯარის მუხლებით სხვა რამ არაა დადგენილი. როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, სამოქალაქო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომლითაც დადგენილია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელი ფორმა.

 

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა გამიჯვნა

        საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ საქმეზე განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულებას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან ძირითადად, გარიგების მიზანი განასხვავებს, სახელდობრ, მაშინ, როდესაც ქირავნობას დანიშნულება არ გააჩნია, იჯარის ხელშეკრულებით ქონება მოიჯარეს ნაყოფის მისაღებად გადაეცემა. ამ განსხვავების საილუსტრაციოდ  სსკ-ის 531-ე და 581-ე მუხლების სამართლებრივი კონსტრუქციების შედარება სრულიად საკმარისია. ამდენად ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი) ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის  შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“).  

        ამდენად, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულები პრაქტიკაში ფართო გამოყენებას ჰპოვებს. ისინი საკუთრების დროებით სარგებლობაში გადაცემის გავრცელებული საშუალებებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნათლად აღწერს იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების სამართლებრივ ბუნებას. მაგრამ პრაქტიკაში ზოგჯერ ძნელია მათი გამიჯვნა. მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მათ შორის არის ის, რომ იჯარის ხელშეკრულების მიზანი ქონებიდან სარგებლის (ნაყოფის) მიღებაა. ქირავნობის ხელშეკრულებას კი ეს დანიშნულება არ აქვს.


 

ავტორი - გიორგი ლუტიძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. 

 

გამოყენებული მასალა:

  1. საქართვლოს სამოქალაქო კოდექსი

  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. საქმე №ას-553 -2021.      

  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-549-549-2018      

  4. გიორგი რუსიაშვილი - ქირავნობის ხელშეკრულების გამიჯვნა მსგავსი ტიპის ურთიერთობებისაგან - შედარებითი სამართლის ჟურნალი 3/2020.

  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.  საქმე ას-1271-2019

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.