ვინ იყო პასკვინო? იმ დროს როდესაც ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის, ეპიტამიის, მისატევებლად რომის პაპები ინდულგენციებს გასცემდნენ, რომში გამოჩნდა ყმაწვილი სახელად პასკვინო. პასკვინო მასხრად იგდებდა პაპებს, სატირული ხუმრობებით არცხვენდა მათ და რეპუტაციას ულახავდა. პასკვინომ თავისი გონებამახვილობით სახელი გაითქვა რომში, მას არა მხოლოდ მიმდევრები არამედ ბევრი მიმბაძველიც გაუჩნდა. მოსახლეობა ბარათებზე წერდა სატირულ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, ტყუილ-მართალ კორესპონდანციებს, რომლებსაც პასკვინოს გარდაცვალების შემდეგ მის ქანდაკებასთან ტოვებდნენ. აღნიშულ ბარათებს დაერქვა პასკვილი.
დღეს ქართულ საზოგადოებაში ძველ-რომაული პასკვილების აღორძინების ხანაა. იმ უზარმაზარი გასხვავებით, რომ მას არაფერი აქვს საერთო კეთილშობილურ მიზანთან, შეცვალონ, გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ცხოვრება, გააკრიტიკონ ის პიროვნებები თუ წესები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო განვითარებულ, პროგრესულ საზოგადოებასთან, ამხილონ დაუსჯელი მმართველი ორგანოები და მისი წევრები. დღევანდელი პასკვილი წმინდა ცილისწამებაა, რომელიც თავისუფალ სიტყვას ამოფარებული ხშირად უტეხს კონკრეტულ ადამიანებს სახელს, საფრთხეში აგდებს მათ სიცოცხლეს და ამდენად საზოგადოების დაბნევას, შურისა და ბოღმის კულტივირებას უწყობს ხელს. დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით აწყდება ცილისწამებისა და თავისუფალი სიტყვის აღრევას და მასთან თანმდევ პრობლემებს. რა უნდა იყოს ცილისწამებაზე მძიმე, შესაძლებელია თუ არა რომ ცილისწამებით ადამიანის ჯანმრთელობა შეირყეს, შესაძლებელია თუ არა ცილისწამებამ ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს და აღმოჩნდეს მიზეზი ადამიანის რეპუტაციის, ღირსებისა და პატივის შელახვის. მიმაჩნია რომ კი! არის თუ არა ცილისწამების თემა აღნიშული თანმდევი მოვლენების და მიუხედავად სამოქალაქო სამართლის გარჩევის საგანი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მას ძალიან ხშირად პირდაპირ პროპორციულად შეიძლება დაუკავშირდეს უმძიმეს დანაშაულთა სახეობები.
1999 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ხოლო იმავე წლის 20 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენცია, როგორც მოქმედი კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი. ადამიანის პატივი, პირადი ცხოვრება, ღირსება, რეპუტაცია, გახდა სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი. სახელმწიფომ განიცადა ცვლილებები და დაიწყო დემოკრატიული ღირებულებებით არსებობა. სწორი ღირებულებები და იდეოლოგია განაპირობებდა იმ ინსტიტუტების შექმნას რომლებიც ისევ ამ ღირებულებების სიმყარეს უზრუნველყოფენ და განამტკიცებენ. ის საკანონმდებლო ცვლილებები რაც განხორციელდა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ცილისწამების დასჯადობა დემოკრატიულ ქვეყანაში არა სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ იქნებოდა გაგებული და გამოყენებული, არამედ სიტყვის თავისუფლების ის ბერკეტი იქნებოდა, რომელიც აღნიშნული უფლების გარდა უზრუნველყოფდა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას. ვთვლი, რომ დღესდღეობით სწორედ ეს უფლებები დგას საფრთხის ქვეშ და სახელმწიფო უშვებს
გამონაკლისს ადამიანის ღირსების აბსოლუტურ უფლებაში სიტყვით, ცილისწამებით, ჩარევის სახით.
ამ ყველაფრის ფონზე 2004 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 148-ე მუხლი, ცილისწამება დანაშაულის ბრალდებით. დღეს ცილისწამება მოწესრიგებულია კანონში ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის განხილვის საგანს თუმცა მაინც არასრულყოფილად.
დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ფონზე მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის გადაწყვეტილება ცილისწამების დეკრიმინალიზაციის შესახებ. ცილისწამების დეკიმინალიზაცია ერთი შეხედვით ტოვებს მეტი ტოლერანტობის განცდას, რა განცდასაც აჩენს ზოგადად ნებისმიერი დეკრიმინალიზაციის ფაქტი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში სხვა სისხლის სამართლებრივ დანაშაულთა მიმართ სხვანაირი პრინციპი მოქმედებდა. 2006 წელს გამოცხადდა ნულოვანი ტოლერანტობა და ხელისუფლების უმაღლესმა ორგანოებმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდეს ეხელმძღვანელათ პრინციპით „ყველა ციხეში“.
ნულოვანი ტოლერანტობა პირდაპირ დაუკავშირდა ნულოვანი გასამართლების შანსს. ეს არის ლოზუნგი, რომლის შინაარსი მიუთითებს მკაცრ საპოლიციო სისტემაზე. მიმაჩნია, რომ ნულოვანი ტოლერანტობის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს უდანაშაულობის პრეზუმფციის სახით, მიუხედავად ამისა „ყველა ციხეში“ პრინციპის გატარებას მოყვა თავისი შედეგები.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთ მხარეს დანაშაულთა შერაცხვის გამკაცრების საკითხი დგას, ხოლო მეორე მხარეს ადამიანის უფლების შემლახველი დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. ცილისწამების დეკრიმინალიზაცია თავის დროზე შეფასდა პროგრესულად და დემოკრატიულად, თუმცა ის ყოველივე რაც ქვეყანაში ხდებოდა ნულოვანი ტოლერანტობის კუთხით გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ცილისწამების დეკრიმინალიზაცია არა ტოლერანტული ნაბიჯი იყო არამედ წარმოადგენდა მედიისთვის და პოლიტიკური სუბიექტებისთვის გარკვეულ ბერკეტს იმისათვის, რომ მათი ცილისმწამებლური ბრალდებები, სიტყვის თავისუფლების ეგიდით, არ აღმოჩენილიყო სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ცილს სწამებდნენ ადამიანს დანაშაულის ბრალდებით და შემდეგ ნულოვანი ტოლერანტობის ლოზუნგითა და „ყველა ციხეშის“ პრინციპით თავისუფლებას უღკვეთავდნენ პირებს.
ცილისწამების დეკრიმინალიზაცია აღნიშნულ პერიოდში ცხადია, რომ არაპირდაპირი გზით ემსახურებოდა არა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას არამედ ცილისწამებით ადამიანთა უფლებების შელახვის გამარტივებას. მიმაჩნია, რომ ცილისწამების დეკრიმინალიზაციის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ზემოთ თქმული თითოეული მიზეზიდან გამომდინარე იყო ნაჩქარევი და სხვა მიზეზებით განპირობებული. ცილისწამების კრიმინალიზაცია იქნება სწორედ ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო სუფთას გახდის სიტყვის თავისუფლების უფლებას და დაიცავს ადამიანის ღირსებას.
„სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო“ გვეუბნება ხალხური სიბრძნე და ასეთია ქართული მიდგომა. არა მხოლოდ ქართულ აზროვნებას გააჩნია მსგავსი მიდგომები. ყველა აცნობიერებს, რომ სიტყვას არა თუ უდიდესი მნიშვნელობა და ძალა აქვს, არამედ სიტყვა, მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მით უფრო კონკრეტულ ადამიანზე შეიძლება წარმოადგენდეს ამ ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სიტყვას ვალდებულება უფრო ახლავს თან, ვიდრე უფლება. ადამიანის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში ჩაყენება შესაძლებელია როგორც ვერბალურად ისე ფიზიკურად, ვერავინ იტყვის რომელს შეუძლია მეტი ზიანის მოტანა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, თუმცა ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ადამიანის ფსიქიკის შერყევა და მძმე შედეგამდე მიყვანა შესაძლებელია სიტყვით, სწორედ ამიტომ სიტყვას ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი ფასი უნდა დაედოს.
ავტორი: კესანე ფიფია
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი
გამოყენებული ლიტერატურა:
მ.შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, მ. ხასია. „სასჯელაღსრულების სამართალი“
საქართველოს კანონი სიტყვის გამოხატვისა და თავისუფლების შესახებ
საქართველოს სისხლის სამათლის კოდექსი
1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსი
2004 წლის სისხლის სამართლის კოდექსი
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა