ინფორმაცია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს. მასზე არსებობს კოლოსალური მოთხოვნილება, რადგან ინფორმაცია და მისი გაცვლა არის საწყისი ყველა ადამიანური ურთიერთობისა. მაგრამ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციებს სჭირდება თავმოყრა და იმ სახით მიწოდება საზოგადოებამდე, რომ მათთვის მარტივად გასაგები იყოს. ჟურნალისტია ის, ვინც ინფორმაციების კორიანტელში უზრუნველყოფს მცდარისა და ჭეშმარიტის ერთმანეთისაგან გამიჯვნას, მათ დახარისხებას და მიწოდებას მოსახლეობამდე იმ სახით, რომ საზოგადოებამ შეძლოს ჯანსაღი აზრის გამოტანა. ჟურნალისტიკა საკმაოდ თანამედროვე სფეროა, რადგან იგი თან ერთვის ინტერნეტისა და მასობრივი კომუნიკაციების დანერგვას მსოფლიოში. თუმცა ისტორია იცნობს არაერთ შემთხვევას, რომელსაც შეგვიძლია კლასიკური გაგებით ჟურნალისტის საქმიანობა ვუწოდოთ.
ჟურნალისტიკის განვითარებას საფუძველი ჯერ კიდევ ძველ რომში ჩაეყარა. ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე იკვრებოდა აფიშა, რომელიც სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიდა მოსახლეობას. მან გზა გაუკვალა ე.წ. ,,პროკლამაციებს“, რომელიც ერთ-ერთ მწვავე იარაღად იქცა იმ ინფორმაციის გავრცელებისა, რის დამალვასაც საზოგადოება სასოებით ცდილობდა. ასევე საინტერესოა შიკრიკების საქმიანობაც, მათი ძირითადი მოვალეობა ხომ ინფორმაციის გავრცელება იყო. ამ საკმაოდ საინტერესო ისტორიული რაკურსის შემდგომ კი დადგა XX საუკუნე, ეპოქა მასობრივი კომუნიკაციების განვითარებისა. სწორედ ამ დროს მოძლიერდა ჟურნალისტიკის პროფესიული საქმიანობა, რადგან ინფორმაციების ქარ-ცეცხლში სწორედ მათ შეძლეს ეპოვათ მიჯნა დემაგოგიასა და სიმართლეს შორის. მოგეხსენებათ, ადამიანი, რომელიც ფლობს ინფორმაციას არის მუდმივი საფრთხის ქვეშ, რადგან იცოდე ფაქტები ვინმეს ან რაიმეს შესახებ ნიშნავს იცნობდე მათ სისუსტეებს. ბუნებრივია, სიახლის დანერგვა საზოგადოებაში მუდამ იწვევს დაპირისპირებებს, არც ჟურნალისტიკა ყოფილა გამონაკლისი და მან საფუძველი ჩაუყარა იმ სახით კონფრონტაციას საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რაც აქამდე არსებულ არცერთ საომარ მოქმედებებს არ გამოუწვევიათ. ჟურნალისტები გახდნენ კრიტიკის და ხშირად ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტები და სწორედ ამიტომ სახელმწიფოების დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, დაეცვათ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა.
საინტერესოა, ის გარემოება, რომ ქართული კანონმდებლობა არ იძლევა ზუსტ დეფინიციას თუ ვინ შეიძლება იყოს ჟურნალისტი. ძირითადი ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავდა ჟურნალისტის სტატუსის სამართლებრივ კონსტრუქციას, იყო საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“. მოცემული საკანონმდებლო აქტი შეიცავდა კონკრეტულ ნორმას, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა ჟურნალისტის ცნებას და მკაფიოდ აწესებდა მათი მოქმედების ფარგლებს. კანონის 21-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე:,,ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება, ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი“. გარკვეულწილად გულდასაწყვეტიც კი არის, რომ კანონი, რომელიც მსგავს კონკრეტულ დეფინიციას აძლევდა ჟურნალისტს ძალადაკარგულია. რადგან თანამედროვე მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ვაწყდებით პრობლემას, რომ ქაოსურია ზუსტად დადგინდეს, თუ ვინ არის ღირსი ეწოდოს ჟურნალისტი. მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს ფანჯარა ცარიელი არ დარჩენია ქართველ კანონმდებელს და იმ დაბნეულობის შესავსებად რაც შესაძლოა ყოფილიყო 2004 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც არსებითაც მოიცვა ის ასპექტები, რაც ამ შემთხვევაში ჟურნალისტის დეფინიციას ეხება. ასევე არსებობს ევროსაბჭოს 2000 წლის R(2000)7 დანაწესი, რომელსაც თუ დავეყრდნობით დავასკვნით, რომ ჟურნალისტი არის ნებისმიერი პირი, ვინც დღენიადაგ მოიპოვებს და ავრცელებს ინფორმაციას მასმედიის საშუალებით.
მსოფლიოს პოპულარული გამოცემების მიხედვით, ჟურნალისტიკა ერთ-ერთ სახიფათო პროფესიად არის აღიარებული. თუკი სიღრმისეულად გავიაზრებთ ჟურნალისტის მთავარ ფუნქციას, მარტივი გასაგებია, თუ რატომ არიან ჟურნალისტები ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსხვერპლნი. ბუნებრივია, მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის მისაღები საზოგადოების ყველა ეშელონებისათვის და ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი არამარტო კრიტიკის, არამედ ფიზიკური ძალადობის ეპიცენტრები ხდებიან. იუნესკოს მონაცემების მიხედვით განვლილი 2021 წელი საკმაოდ მძიმე იყო ჟურნალისტებისათვის, რადგან მსოფლიოს მასშტაბით 55 ჟურნალისტი იქნა მოკლული. აგრეთვე მზარდი სტატისტიკაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც იმ ფაქტებისა, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე აშკარა თავდასხმა თუ ზეწოლა. მსოფლიოში აქტიური რეფორმები ტარდება, რათა ჟურნალისტიკა გახდეს ბევრად უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო პროფესია საზოგადოებისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სანქციას ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს, მის იძულებას, გაავრცელოს ან პირიქით თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ხოლო ამ ნორმის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, თუ ხელის შეშლა მოხდება ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. პირველ რიგში აუცილებელია ვისაუბროთ ამ ნორმის მიზანზე, ვინაიდან ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება, მრავალი ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, არის ერთ-ერთი გარანტი დემოკრატიის მაღალი სტანდარტისა სახელმწიფოში, ქართველმა კანონმდებელმა აუცილებლად მიიჩნია, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა უნდა ყოფილიყო დაცული. არაერთი ცნობილი უცხოური გამოცემის, როგორიც არის Freedom House და IREX, საქართველოში 2014 წლიდან მედიის მდგრადობის ინდექსი ინერტულია, რადგან განიცდის, როგორც აღმასვლას, ასევე დაღმასვლას, მაგრამ იგი მაინც ინარჩუნებს იმ დონეს, რომ საქართველო კვლავ არის სტანდარტის მდგრადობასთან მიახლოებული სახელმწიფო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველო უცხოური მედია გამოცემების თვალსაზრისთ ფასდება, როგორც პლურალისტული მედიაგარემოს მქონე სახელმწიფო. განსახილველი ნორმის (სსკ-ის 154-ე მუხლი) მიზანი არის, დაიცვას ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა, არამხოლოდ სახელმწიფო ორგანოების, არამედ კერძო პირების ჩარევისაგანაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლოების მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აგვისტომდე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 19 საქმეზე 25 პირის მიმართ. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2021 წლამდე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები საკმაოდ მცირეა, რაც მიუთითებს ამ მხრივ სახელმწიფოს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას.
საქართველოში გვაქვს რეალობა, რომ ჟურნალისტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი უმეტესწილად კერძო პირების მხრიდან და ძირითად შემთხვევაში ამის მთავარი საბაბი, სწორედ მათ მიერ მოძიებული და გავრცელებული ინფორმაციაა. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტის საქმიანობაა ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა სიამოვნებს თუ არა ეს კონკრეტული ფართო მასებს. სისხლისსამართლებრივი რეგულირების სფეროც სწორედ ამ ასპექტზე გადის, რადგან სახელმწიფოს არსებობისათვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივად ხდებოდეს ინფორმაციის ცირკულაცია, გაიცვალოს აზრები და მხოლოდ ამის შემდგომ ჩამოყალიბდეს ერთიანი, ჭეშმარიტი და რაც მთავარია რეალობასთან ახლოს მდგომი აზრი. მედიის დამსახურებით სახელმწიფო არ იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში და ამ მხრივ ისინი საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ. სისხლის სამართლის 154-ე მუხლი არის პირდაპირი გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში არ შეიზღუდოს ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის გავრცელება, და მათი საქმიანობის გამო არ გახდნენ ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლნი. საზოგადოებაში არის დამკვიდრებული საკმაოდ რელევანტური ტერმინი Watchdog, რაც ,,მოდარაჯე ძაღლს გულისხმობს. ეს ტერმინი ნათლად ასახავს, რომ ჟურნალისტი გარკვეულწილად არის მაკონტროლებელი ხელისუფლებისა. ეუთო/ოდირის ერთ-ერთი საინტერესო განმარტება ჟურნალისტების შესახებ ამყარებს მოსაზრებას, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებებს, არიან ადამიანის უფლებადამცველები.
მოგეხსნებათ, ჯანსაღი კრიტიკა არის ის უნიკალური რამ, რაც შეუძლებელსაც კი შესაძლებელს ხდის. მთავარია საზოგადოებამ ისწავლოს როგორც ჯანსაღი გაკრიტიკება, ასევე ამ კრიტიკის ღირსეულად მიღება. დღესდღეობით მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა მათი პროფესიული საქმიანობის დაცვის საკითხი. მაგრამ ასევე გამოწვევაა მედიის მიერ ჯანსაღი ინფორმაციის გავრცელება. ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია მივაღწიოთ დემოკრატიის იმ უმაღლეს მწვერვალს, რასაც ვხედავთ საზღვარგარეთის უამრავ სახელმწიფოში. ჟურნალისტიკა და სამართალი არის ის ორი განსხვავებული სფერო, რომელთა ჰარმონიულად თანაცხოვრება რთულია, თუმცა შესაძლებელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს ორ საინტერესო ფაქტს, კერძოდ, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტიკამ უზრუნველყოს, რომ აზრი განსხვავდებოდეს მოსაზრებისაგან. ჟურნალისტმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს აზრი განსხვავებულ კონტექსტში და მოსაზრება, როგორც კონკრეტული პიროვნების საზრისი და არ მოხდეს ამ განსხვავებული ტერმინების არევა. საბოლოოდ კი, მოვიხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების მე-3 პრეზიდენტის ტომას ჯეფერსონის სიტყვებს: ,,ჟურნალისტიკა გახლავთ ხელოვნება, რომელიც სხვებს უხსნის, იმას, რაც თავადაც ვერ აუხსნია“.
გამოყენებული ლიტერატურა:
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“
საქართველოს კანონი ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ (ძალადაკარგულია 2004 წლის 15 ივლისიდან)
ევროსაბჭოს R(2000)7 რეკომენდაცია ,,ჟურნალისტების მიერ თავიანთი ინფორმაციის წყაროს გაუმჟღავნებლობის თაობაზე, 2000 წელი.
Clark.M.,Grech.A., Journalists under pressure unwarranted interference, fear and self-censorship in Europe, Printed at the Council of Europe, 2017 March.
ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
ავტორი: გიორგი ერისთავი
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა