ქრისტიანული მორალი ქართულ სამართალში2374 2022.02.04
ქრისტიანული მორალი ქართულ სამართალში

 კაცობრიობა წარმოშობის დღიდანვე იდგა გარკვეულ კანონზომიერებებზე. დაარსების მომენტიდან დღემდე, კანონზომიერებათა ლავირება არ მომხდარა. პირველი ადამიანი, ისევე როგორც უკანასკნელი, ამ სამყაროში ყოველთვის იყო, არის  და იქნება ძიებაში. საძიებო ობიექტი კი ჭეშმარიტი ცხოვრების არსის მიგნება, მისი გაგება,  შემეცნება და გათავისება გახლავთ. ძიების პროცესში ჩვენ, მოკვდავნი, მრავალ შეცდომებს ვაგროვებთ „ცოდვათა მოვერცხლილ ქისაში“, ხანდახან ქისა იმდენად მძიმდება სამყაროში არსებულ ყველაზე მძიმე ლოდს ემსგავსება, რომლის ზიდვაც მოკვდავისათვის შეუძლებელია.  ცოდვებით სავსე ქისას დაცლა სჭირდება,  რათა ადამიანმა ცხოვრების რთულ ბილიკზე კვლავ იმავე შემართებით, უფრო მსუბუქად შეძლოს სვლა ჭეშმარიტებისაკენ. სწორედ ამ განსახილველმა ორმა ინსტიტუტმა ოდესღაც აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რათა ადამანითა მოდგმას მისცენ სწორი ორიენტირი დაეხმარონ მათ ჭეშმარიტი გზის გაკვალვაში და აპოვნინონ თავიანთი ეგზისტენციალური სიღრმეების მთავარი წყარო, რათა იგრძნონ  შვება და მიაღწიონ სრულყოფილებას.  მხოლოდ ამ ორ წარმონაქმს შესწევს კაცობრიობას შეუნარჩუნოს სისტემური წესრიგი და ხალხთაშორის არსებული ქაოსური პროცესების ჩახშობა და ლიკვიდაცია მოახდინოს. 

   „გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს.“(ბიბლია. ესაია წინასწარმეტყველი(ეს.) 51:4) პირველად იყო ღმერთი. არამატერიალური აბსოლუტი, ჭეშმარიტებისა სრულყოფილების ნაზავი, ადამიანთა მოდგმის იმედი და წინამძღოლი, სამყაროსა და ქვეყნიერების საზრისი, სამყაროში არსებულ სიტყვათა შორის უმაღლესი ცნების დეფინიცია, უკომპრომისო, უდავო, ნათელი ჭეშმარიტება და საწყისი ყოველივესი. ღმერთი საუკუნო სიმშვიდის ადგილსამყოფელია ხოლო ხალხთაშორის არსებული თითოეული რელიგია მასთან მიმავალი ეკლიანი, რთული, გაუკვალავი, უსიერი ტყეა, რომელიც  სავსეა უამრავი სირთულით, ცდუნებით, ხორციელი ლტოლვითა თუ დაბრკოლებით, თუმცა სწორედ ეს წარმოგვიდგება ერთადერთ საშუალებად, რომელიც საკუთარ თავში შინაგანი თვითგამორკვევითა და მიწიერი ცხოვრების შედეგთა რეზულტატებით მიგვიყვანს ჭეშმარიტ ღმერთთან.რელიგია  დამაკავშირებელი ძაფია  ადამიანსა და ღმერთს შორის, ამ სიტყვას შესწევს ძალა გამოიტანოს ადამიანის სულის ყველაზე ღრმად ჩამარხული მანკიერებები სააშკარაოზე შესაბამისად ცოდვილმა, მოკვდავმა, ხორციელმა ქმნილებამ გაუსწოროს მას თვალი და მოინანიოს იგი. „ჩვენ ვესწრაფვით, რომ სიყვარულით აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და როგორც ჩანს, აქედან წარმოდგება სახელწოდება რელიგია, რათა ღმერთში ვიპოვოთ მშვიდობა“ (ნეტარი ავგუსტინე). რელიგიური სამართლის მთავარი მასაზრდოებელი იდეა არსებულ სამყაროში კრძალვით, საკუთარი თავის თვითგვემითა და ნიჰილიზმით მარადიული საიქიო სასუფევლის დამკვიდრებაა, შესაბამისად რელიგიური კანონები ადამიანთა  ხორცს უწესებენ შეზღუდვებს, რათა გადარჩეს სული, რომელიც განაგრძობს არსებობას ღვთიურ სამყაროში. 

    სამართალი არის კულტურული და ისტორიული მოვლენა. სამართალი არ არის უნივერსალური, დროსა და სივრცის გარეშე არსებული ფენომენი. იგი იცვლება დროსთან და გარემოებებთან ერთად. შესაბამისად ცვალებადია სამართლის ცნება და სადავოა მისი შინაარსიც. სამართალი გახლავთ სამყაროში დამკვიდრებული  მსოფლიო სისტემებისა და სრულყოფილი წესწყობილებათა ნაკრები, სადაც გაერთიანებულია სახელმწიფოს მართვის და წესრიგის დამყარებისათვის გაწერილი სამართლებრივი ნორმები. სამართალი თავისი ბუნებით  საყოველთაოდ სავალდებულო (ინტერსუბიექტური), გარდაუვალი, იძულებითი ინსტიტუტია.აღქმა ამ მეცნიერების მეტად რთული და კომპლექსურია. მისი განმარტებისათვის ფიქრი ჯერ კიდევ ძველ რომსა და საბერძნეთში იწყება ისეთი ფილოსოფოსების მოძღვრებებში, როგორიც პლატონი, არისტოტელე,  ციცერონი, იუსტინიანე და სხვანი გახლდათ. თითოეული მათგანის ნაშრომებში სანუკვარი წესრიგისა და სრულყოფილი სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ დათქმას წარმოადგენდა ისეთი სამართლებრივი აქტისა თუ კანონთა მოცემულობის ქონა, რომლის მიზანი ერთმნიშვნელოვნად იქნებოდა სამყაროში არსებულ ცივილიზაციებს შორის თანასწორუფლებიანობა, მშვიდობა და სამართლიანობის სამაგალითო ხარისხი. სწორედ ამისთვის არის შექმნილი სამართალი კაცობრიობისათვის, თუმცა რამდენი ადამიანიც გახლავთ დედამიწაზე იმდენივე ჭეშმარიტი სამართლის სხვადასხვა დეფინიცია არსებობს.მას გააჩნია კონკრეტული ნორმატიული აქტებით გაწერილი მუხლობრივი ჩამონათვალი(კონსტიტუცია, სისხლის და სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები, ნორმატიული აქტები და ა.შ) საზოგადოებათა შორის გამოწვეული ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზის საპოვნელად. იგი განიცდის ცვლილებებს, დევალვაციასა თუ ევოლუციებს, სამართალი არ არის დაწერილი სამუდამო მოცემულობა, მისი განმარტება, გაგება, თუ შემეცნება ეპოქათა მიხედვით იცვლება. ეს მეცნიერება ყოველთვის გახლდათ საზოგადოების მმართველი კლასის(ფენის) ნება-სურვილის სარკე. ესეიგი იგი განიცდის გარდატეხას შეხედულებათა პროპორციულად. სამართალი ატარებს დამსჯელობით პოლიტიკას. მისი მთავარი მიზანი სახელმწიფო და მსოფლიო წესრიგია, შესაბამისად იგი იყენებს ამ ბერკეტს სამართალწარმოების სახით.  გამომდინარე ყოველივედან ამ ინსტიტუტის მთავარი მოვალეობა ხორციელი საზრისის კონტროლი და მეთვალყურეობაა. იგი იღებს რა, პასუხისმგებლობას გამოწვევებისა და არასამართლებრივი ქმედებების აღკვეთასა და პრევენცირებაზე,  დადგენილ კანონზომიერებათა ზედმიწევნით აღსრულებაზე, ყოველგვარი გადაცდომების გარეშე. ვინაიდან უსამართლობა წინაპირობაა არსებულ სამყაროში წარმოქმნილი ადამიანთა შორის ყოველგვარი ქიშპისა თუ დავისა, ამიტომაც სანამ იარსებებს უკანასკნელი ადამიანი მანამდე  მისთვის მუდამ იქნება გაწერილი კონკრეტული სოციალური ნორმების ერთობლიობა, რომელსაც  სამართალი ეწოდება.

     ქართული სამართლის დასაბამიდან, ჩვენი არსებული რელიგიის შეერთების მომენტიდან, დღვანდელ რეალობამდე, ამ ორ წარმონაქმნს ქართველი ერისათვის გასისხლორცებული და გადაჯაჭვული  კავშირი გააჩნია. ამ ორი ინსტიტუტის მეშვეობით იმართებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. რელიგია გახლდათ სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი ორგანიზმი ქართული სახელმწიფოსთვის.ხოლო რაც შეეხება უახლესს საქართველოს ისტორიას და დღევანდელ რეალობას, თანამედროვე საქართველოს მთავრობა მისი სამართლებრივი ხელმძღვანელობის ფარგლებს ახორციელებს  1995 წელს მიღებული კონსტიტუციით,რომელსაც ხელი ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა. ამ დღიდან მოყოლებული თანამდეროვე ქართული სახელმწიფო ემყარება ზემოთხსენებული კონსტიტუციის პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი მოისაზრებს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ავტოკეფალური ეკლესიის ურთიერთობას. „რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.“ მოცემული მუხლი ადასტურებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის, მას შეგვიძლია კონკორდატიც ვუწოდოთ, თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად ამ კონკორდატმა გაწერა ამ ორ ინსტიტუტს შორის თანაარსებობის პრინციპები. აღნიშნული შეთანხმება ორიინსტიტუტს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი თანაარსებობის ევოლუციის კიდევ ერთი შედეგი  გახლავთ, შესაბამისად საქართველოს პრაქტიკა ამკვიდრებს და იზიარებს სამართლის უზენაესობის ქვეშ რელგიური წარმონაქმნის  მოქცევას. სამართალმა ქართულ ავტოკეფალურ ეკლესიას უპირატესი როლი მიანიჭა, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუმცა იგი დაუქვემდებარა კონსტიტუციურად გაწერილ მუხლებსა და დანაწესებს შესაბამისად სახელმწიფომ გამორიცხა  ამ ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა. ამ მუხლთან ერთად პარლამენტის დადგენილებით მიღებულია ნორმა „საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიბებელ ეკლესიას შორის“კონსიტუციის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ნორმა კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოს სამართლებრივი სისტემისათვის რელიგიური ხასიათის ტრადიციების დეტალიზაციას და მათ საკანონმდებლო დონეზე ჩაშვებას. აღნიშნული პროცესით რეგულირდება  გარკვეული ეკლესიური გავლენათა სფეროები, უფრო დეტალურად ვიდრე ეს მე-8 მუხლში გახლავთ აღწერილი. ეს კი ხაზს უსვამს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მიდგომებს, კერძოდ თუ როგორ არის გაწერილი სამართლებრივ ჭრილში  ყველა რელიგიური მოძღვრების შესაბამისი ასპექტი საქართველოს მართმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ.

   ჭეშმარიტი, ძლიერი, გამართული, სამაგალითო, სახელმწიფოს ცნებას უამრავი კრიტერიუმი განსაზღვრავს, თუმცა უპირველესი და უდიდესი  სწორედ თავად სახელმწიფოში მაცხოვრებელ ხალხზე გახლავთ დამოკიდებული. მათ უნდა გააჩნდეთ შინაგანი კულტურა, რწმენისა და კანონმორჩილების ნაზავში წარმოქმნილი საღი მიდგომა ცხოვრების შესახებ, სწორედ ეს გახლავთ ნებისმიერი სახელმწიფოს შენებისას მთავარი საფუძველი, რომლის გარეშეც შეუძლებელია კონკრეტული ხალხთა ნაცია გარკვეულ შედეგამდე მივიდეს. სამყარო კანონზომიერებებზე დაყრდნობით შექმნილი მატერიაა, თითოეული კანონზომიერება განსაზღვრავს ჩვენი არსებობის განმაპირობებელ მოცემულობას, დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძისა დ მზის გარშემო, ოზონის სფერო, ჰაერის, წყლისა თუ სხვადსხვა სამყაროში მოვლენილი საჭიროებების არსებობა სწორედ ის კანონზომიერებათა ერთობაა, რომლის ერთი ელემენტის დარღვევაც კი ჯაჭვური რეაქციით სამყაროს  კატასტროფამდე მიგვიყვანს. სწორედ ასეთ ორ კანონზომიერებაზე, რელიგიასა და სამართალზე დგას თითოეული სახელმწიფო დღეს. აღნიშნული კანონზომიერებათა თანაარსებობის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერმა თანამედროვე სამყაროში არსებულმა არა სახელმწიფომ, არამედ ხალხთა ერთობამაც კი, შეძლოს არსებობა. შესაბამისად საციცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია თითოეული მოცემულობა დღევანდელ რეალობაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს კონსტიტუცია, თბილისი 2018 წელი
2. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წელი
3. მუთჰორსტი ო.(2019). „სამართალმცოდნეობის საფუძვლები“, თბილისი, 2019წ,  
4. გ. ხუბუა, „სამართლის თეორია“, თბილისი,  2015წ

 

ავტორი: ათული კეპულაძე

თსუს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი


 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.