ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანი არის ადამიანთა კეთილდღეობა და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოში ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა არ არის განსაზღვრული, რაც გარკვეულ რისკებთან ასოცირდება. ჩვენი კანონმდებლობა მხოლოდ ერთი სპეციალური ნორმით (სსკ-ის მე-11 მუხლი) ცდილობს დაადგინოს ემბრიონის უფლებაუნარიანობა, რაც პრაქტიკულ გამოხატვას მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეობის უფლებაში პოულობს. ვფიქრობ, რომ ჩანასახის უფლებაუნარიანობა უფრო ფართე არეალს უნდა მოიცავდეს, რათა ჩანასახმა მიიღოს მეტი სარგებელი და მისი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
ჩვენი კანონმდებლობით არ არის დადგენილი გააჩნია თუ არა ჩანასახს ღირსება, ღირებულებები. ბუნდოვანია საკითხი ემბრიონთა დონაციისას ქონების მომწესრიგებელი ნორმები უნდა გავრცელდეს თუ არა მათზე. ამ გაურკვევლობის გამო ხდება ემბრიონთა დიდი რაოდენობის განადგურება. ჩვენი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ჩანასახი სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში სუბიექტია თუ ობიექტი.
ეს საკითხი არის უაღრესად საკამათო, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ სამართლებრივი რეგულაციები მერყეობს ნებადართულიდან (როგორც 1990 წლის გაერთიანებული სამეფოს „ადამიანის ემბრიოლოგიისა და ფერტილიზაციის შესახებ“ კანონში) ემბრიონის კვლევის ან გარკვეული რეპროდუქციული პროცედურების სრულ აკრძალვამდე (როგორც გერმანიის 1990წლის „ემბრიონის დაცვის შესახებ კანონით“.).
ვინაიდან არც ერთი ეს უკიდურესი პოზიცია არ მეჩვენება განსაკუთრებით დამაჯერებლად, ამ სტატიაში გავაკეთებ შედარებით ანალიზს და მიმოვიხილავ, არის თუ არა დაცული ჩანასახის სიცოცხლისა და ღირსების უფლება საერთაშორისო აქტებით, მიმოვიხილად სხვადასხვა თეორიას და იმ ცვლილებებს, რომელთა შეტანა საჭიროა საქართველოს კანონმდებლობაში.
ჩანასახის სიცოცხლის უფლება საერთაშორისო აქტებით
სიცოცხლის უფლება არის უმთავრესი, საყოველთაო და ხელშეუვალი უფლება, რომელიც გარანტირებულია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ. თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევებიც, როდესაც ბუნდოვანია გამოყენებულ უნდა იქნეს თუ არა ეს უფლება. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, საერთაშორისო პრაქტიკითაც კი, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვრცელდება თუ არა სიცოცხლის უფლება ჩანასახზე, ვინაიდან ამ უფლების განხორციელება ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის დედის უფლებებთან. ხოლო სამართლებრივ სახელმწიფოში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პრინციპი, რომ იქ მთავრდება შენი უფლება, სადაც სხვისი იწყება.
ჩანასახის უფლებრიობა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და არ ექვემდებარება ცალსახა გადაწყვეტას. მაგალითად: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-3 მუხლით „ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“. ნორმის ტელეოლოგიური განმარტებით და კანონმდებლის მიზნიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ ამ ნორმის გამოცემის დროს არსებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ კლიმატს, დავადგენთ, რომ მასში არ არის ნაგულისხმები ჩანასახის სიცოცხლის უფლება. იგივე შეიძლება ითქვას „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტზე“, რომლის მიხედვითაც „ყველა ადამიანს თანდაყოლილი სიცოცხლის უფლება აქვს“, თუმცა აქ გაეროს არ უგულისხმია ჩანასახის სიცოცხლის უფლება, რადგან აბორტი ხელისმომწერ სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ დავის და აზრთა სხვადასხვაობის საგანი იყო.
განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა „ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენციამ“. კერძოდ, მე-4 მუხლში წერია, რომ: „ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის დაცვის უფლება. აღნიშნული უფლება დაცულია კანონით, ზოგადად, ჩასახვის მომენტიდან.“ ძალიან საინტერესოა ეს მუხლი, რადგან იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამ კანონით ჩანასახის სიცოცხლის უფლებაც გარანტირებულია, მაგრამ თან ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქალის კონსტიტუციურ უფლებასთან. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც არის გამოყენებული სიტყვა „ზოგადად“- ეს ნიშნავს, რომ მუხლი უშვებს ნორმათა კოლიზიის შესაძლებლობას და ხსნის, რომ ჩანასახს აქვს სიცოცხლის უფლება, მაგრამ ამ კონვენციის ხელისმომწერ სახელმწიფოებს უტოვებს არჩევანის თავისუფლებას, რათა ქალთა კოსნტიტუციური უფლება ანუ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლება კონკრეტულ გარემოებებში კანონიერი გახადონ.
გაეროს მიერ შემუშავებული „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია „იცავს ბავშვს დაბადებამდე და დაბადების შემდეგ“. აქ საყურადღებოა სიტყვა „დაბადებამდე“, რაც გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ მუცლადმყოფი პირისთვის ზიანის მიყენება, სიცოცხლის მოსპობა დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. თუმცა აქვე პარადოქსია, რომ ქალს აქვს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლება. შესაბამისად, ვერ ვიტყვით რომ მყარია გაეროს მიერ შემოთავაზებული გარანტიები ბავშვის დაბადებამდე დაცვასთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ამავდროულად ქალის კანონიერ ინტერესებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური და ხელშეუხებელი უფლება არის ღირსების უფლება, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და ვრცელდება ჩანასახზეც. თუმცა მედიცინის განვითარებასთან ერთად ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შესაძლებელია ჩანასახის გენური მუტაცია, მისი უჯრედების გამოყენება, ემბრიონის გაყინვა/კონსერვაცია და ამ ყველაფერმა ზემოთ ნახსენები უფლებები შესაძლოა, დააყენოს რისკის ქვეშ და ჩანასახი აქციოს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ემბრიონის ასეთმა მიზანმიმართულმა გამოყენებამ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებისთვის შეიძლება გამოიწვიოს მათი დიდი რაოდენოთ განადგურება, რაც გაუფრთხილებლობითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ყველაზე, ყოველგვარი განსხვავებების მიუხედავად, მათ შორის ჩანასახზეც, რაც იძლევა ჩანასახის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. თუმცა ეს არის ზოგადი განსაზღვრებითი ხასიათის ნორმა და შესაბამისად არ გამორიცხავს საგამონაკლისო შემთხვევებს. აქვე უნდა ითქვას, რომ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით: „...ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს...“ არ არის მითითებული, თუ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ათვლა. ასე, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ ჩანასახიც იგულისხმება. „ბავშის უფლებათა კონვენცია“ ამ საკითხს ღიად ტოვებს და მის განსაზღვრას ანდობს ეროვნულ კანონმდებლობებს.
ჩანასახის უფლებაუნარიანობა
ყველა ადამიანი გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების მატარებელია. იგი მონაწილეობას იღებს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, პასუხს აგებს გარკვეულ შედეგებზე, აქვს თავისი სამოქმედო არეალი, ქმედებების განხორციელების უფლება, ექცევა კანონის გავლენის ქვეშ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი უფლებაუნარიანი პირია დაბადებიდანვე. ხოლო „უფლებაუნარიანობა ნიშნავს ნებისმიერი ადამიანის უნარს იყოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.“(ლ.ჭანტურია)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით: „ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.“ საქართველო კონტინენტური სამართლის ოჯახს მიეკუთვნება და გვერდს არ უვლის რიგ ევროპულ სახელმწიფოებში დანერგილ კანონს და სამოქალაქო კოდექსში განამტკიცებს ჩანასახის უფლებაუნარიანობას. სსკ-ის მე-11 მუხლის მეორე პუნქტში წერია: „მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.“ ამ მუხლით სახეზეა ჩანასახის შეზღუდული და პირობითი უფლებაუნარიანობა, ვინაიდან და რადგანაც მისი განხორციელება დამოკიდებულია პირობის შესრულებაზე, ანუ ბავშვის დაბადებაზე. ახლა რაში გამოიხატება ჩანასახის შეზღუდული უფლებაუნარიანობა. საქმე ისაა, რომ ეს ნორმა არის სპეციალური და არა ზოგადი, უფლებაუნარიანობაში გულისხმობს მხოლოდ მემკვიდრეობის უფლებას, რომელიც მიენიჭება მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება. სხვაგვარად ეს უფლება გაუქმდება. იგი არის საგამონაკლისო ნორმა, რომელიც არ განივრცობა, მხოლოდ მემკვიდრეობას ეხება და განზე გვრჩება ჩანასახის სხვა უფლებების მიღების შესაძლებლობა. ასევე, არ არის განსაზღვრული ემბრიონის ზუსტი იურიდიული სტატუსი, რომელიც საჭიროა, რათა საერთოდ მის უფლებებზე ვისაუბროთ და დავადგინოთ იგი ნივთია, პირი თუ რას წარმოადგენს.
რაც შეეხება Infans conceptus-ის პრინციპს, Infans conceptus pro nato habetour თეორია სათავეს იღებს ძველი რომაული სამართლიდან და დამკვიდრებულია ევროპისა და ამერიკის ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ასევე გვხვდება სამხრეთ აფრიკაში. Infans conceptus-ის პრინციპის თანახმად, ჩანასახი ითვლება დაბადებულად, როდესაც საქმე მის ინტერესს ეხება. ესე იგი, ჩანასახის უფლებები მაშინაა ასიმილირებული დაბადებული ბავშვის უფლებებთან, როდესაც საჭიროა მისი ინტერესების რეალიზება. თუმცა ამ თეორიის პრაქტიკული გამოყენება გვხვდება მხოლოდ სამემკვიდრეო უფლებაში. ბავშვს შეუძლია მიიღოს მემკვიდრეობა ან საჩუქარი, მაშინაც კი, თუ ჯერ არ დაბადებულა. აქედან გამომდინარე, ბავშვი უფლებაუნარიანობას იძენს ჩასახვის მომენტიდან და არა დაბადებიდან, თუ ეს მის ინტერესებში შედის. თუმცა ემბრიონი არ არის სრულუფლებაუნარიანი, იგი შეზღუდულუფლებაუნარიანია. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პრინციპი ბავშვის ინტერესის განსაზღვრას გულისხმობს, ეს არის აბსტრაქტული პრინციპი, რომლის განმარტებაც გვხვდება მხოლოდ მემკვიდრეობაში და არაფრით არ განსხვავდება პრაქტიკულად ქართული კანონმდებლობისგან.
საინტერესოა ჩანასახის უფლებაუნარიანობა შვეიცარიის კანონმდებლლობის მიხედვით. ვფიქრობ, შვეიცარია ამ მხრივ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის 31-ე II მუხლის მიხედვით: „დაბადებამდე ბავშვი იმ პირობით არის უფლებაუნარიანი, რომ ის ცოცხალი დაიბადება.“ შვეიცარიის კანონმდებლობა ჩანასახს ანიჭებს პირობით უფლებაუნარიანობას. პირობა გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი უნდა დაიბადოს ცოცხალი. შვეიცარიის კანონმდებლობა უფრო მეტ არეალს და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ჩანასახს, რომ იყოს კერძოსამართლებრივი და ზოგადად სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე. ამის პრაქტიკული გამოყენება გვხვდება იმ მხრივ, რომ ჩანასახი შეიძლება იყოს გარიგების მონაწილე და შეიძლება დაიდოს გარიგება მისი სახელით, თუმცა პირობა იქნება, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩანასახი უნდა დაიბადოს. ჩანასახს ამით შეეძლება სხვადასხვა სარგებელი მიიღოს, რასაც ვერ მიიღებს ბავშვი infans conceptus-ის პრინციპით ან საქართველოს კანონმდებლობით.
არსებული რისკები ჩანასახის სრულუფლებიანობასა და ჩანასახის ნივთად აღიარების შემთხვევაში
რადგანაც სამართალი ზუსტი მეცნიერებაა, საჭიროა განვსაზღვროთ ემბრიონის ზუსტი იურიდიული სტატუსი. თუ ჩანასახი იქნება სრულუფლებიანი, მაშინ ეს წინააღმდეგობაში მოვა აბორტის უფლებასთან და აბორტი განზრახ მკვლელობად ჩაითვლება. ამით შევეხებით ქალთა კანონიერ ინტერესებს და კონსტიტუციით აღიარებულ მათ უფლებებს. არ შეიძლება საზოგადოებამ ან კანონმა დაუწესოს ქალებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. მათ აღარ ექნებათ არჩევანის თავისუფლება, რაც გარდა იმისა, რომ მათი უფლების შეზღუდვაა, გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული. არასასურველი ორსულობა სხეულის განზრახ დაზიანებას, უკანონო აბორტს, ორსულთა გახშირებულ სიკვდილიანობას, დაბადებული ბავშვის არაჯანსაღ გარემოში ცხოვრებას და სხვა სახიფათო შედეგებს გამოიწვევს. ამასთანავე, არ იქნება გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალი არის გაუპატიურების მსხვერპლი, ან არ აქვს ფინანსური საშუალება ბავშვის უზრუნველსაყოფად და სხვა.
მეორე მხრივ, თუ ჩანასახს არ მივიჩნევთ უფლებაუნარიანად, მაშინ გავაფართოვებთ სიხშირეს ისეთი საქმიანობებისა, რომლებიც მომავალ ჯერარდაბადებულ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე დააყენებენ და ემბრიონს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ვიხილავთ. საქმე გვექნება ემბრიონის ორგანოებით ვაჭრობასთან, გენურ მუტაციასთან, გენურ ინჟინერიასთან... პრობლემატურია საკითხი ემბრიონის სასყიდლიან დონაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, არსებობს რისკი იმისა, რომ „გამეტების მიმწოდებლებმა ემბრიონის დონაცია გამოიყენონ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით.“(გელაშვილი) ეს პრობლემა ჯერ კიდევ აღმოუფხვრელია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ემბრიონთა დონაცია ნებადართულია ან არ არის ზუსტად მოწესრიგებული კანონით ამ პროცედურის სასყიდლიანობა ან დასაშვებობა.
საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკით, ცნობილია, რომ ემბრიონებს იყენებენ არა მარტო უშვილო წყვილებისთვის გადასაცემად, ასევე, სამედიცინო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. არსებობს სპეციალური ემბრიონთა ბანკები, კლინიკები, რომლებიც ემბრიონებს იყენებენ სამეცნიერო კვლევებისთვის. არსებობენ ემბრიონთა „დილერები“, რომლებიც არალეგალური თუ ლეგალური გზებით შოულობენ ემბრიონებს, ზოგჯერ კი ქალისა და მამაკაცის გამეტების ყიდვით თავად ხელოვნურად ქმნიან მათ და არიან მიმწოდებლები ბაზარზე, სადაც მათი მოთხოვნა როგორც კლინიკებისა მეცნიერების მხრიდან, ისე უშვილო წყვილების მხრიდანაც საკმაოდ დიდია. ემბრიონებით ვაჭრობა საკმაოდ არაეთიკურია და ასეთ დროს, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს მისი კანონით დაცვას, ისინი ექცევიან სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებად და მათი ფუნდამეტური უფლება, რომ მათი ღირსება იყოს დაცული არ არსებობს. ჩანასახის ნივთად აღიარების შემთხვევაში გაიზრდება ემბრიონთა დონაციის სასყიდლიანობის მაჩვენებელი და უამრავი ემბრიონი, ე.წ პოტენციური სიცოცხლე, განადგურდება გაუთვალისწინებლად და კვლევითი მიზნებისთვის.
გაერთიანებული სამეფოს „ადამიანის ემბრიოლოგიისა და ფერტილიზაციის შესახებ“ კანონის შემუშავებისას, ამ საკითხზე მომუშავე უორნოკის კომისიამ არ განმარტა კონკრეტულად, თუ საიდან იწყება სიცოცხლე და დასკვნაში მიუთითა, რომ „ემბრიონს აქვს სპეციალური სტატუსი, იგი არის არა ადამიანი, არამედ პოტენციური ადამიანი და იმსახურებს პატივისცემას“. რაც ხაზს უსვამს ემბრიონის პატივისცემის, ღირსების უფლებასა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.
2006 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვეტო დაადო კანონპროექტს „ემბრიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენების შესახებ“. პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ თითოეული ემბრიონი არის პოტენციური სიცოცხლის მატარებელი, გააჩნია ღირსება და ღირებულებები. შედეგად აშშ-ში ამოქმედდა ემბრიონის შვილად აყვანის პროგარამა, მათი დაბადების მიზნით და ამით გამოირიცხა ემბრიონთა კვლევითი მიზნებისთვის გამოყენება.
ემბრიონთა დონაცია მთელ რიგ სახელმწიფოებში საკმაოდ სადავო საკითხია. იგი აკრძალულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, შვედეთი, შვეიცარია, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, თურქეთი.
ევროსაბჭოს მე-11 პრინციპის მიხედვით: „ ერთი წყვილის მიერ გამოუყენებელი ემბრიონის დონაცია მეორე წყვილისთვის ხელოვნურად ჩასახვის მიზნით, წევრი სახელმწიფოების მიერ შეიძლება დაშვებულ იქნეს გამონაკლის შემთხვევებში.“ამ პრინციპის შესაბამისად, საგამონაკლისოდ სინჯარაში განაყოფიერებული და „დარჩენილი“ ემბრიონის დონაცია დასაშვებია შემდეგ ქვეყნებში: ფინეთი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა, აშშ.
ქართული სამართალი არ მოიცავს პრეემბრიონის დამცავ ნორმებს და ფართო არეალს იძლევა ემბრიონთა სამოქალაქო ბრუნვაში არსებობისთვის, რაც აშკარად გულისხმობს ემბრიონთა მიკუთვნებას ობიექტთა კატეგორიისთვის. ეს არ მგონია მიზანშეწონილი, რადგან ამით უგულებელყოფილია ემბრიონის ღირსების, პატივისცემის უფლება და ის ყოვლადაღიარებული ფაქტი, რომ ემბრიონი არის „პოტენციური სიცოცხლე თავისი ღირებულებებითა და ღირსებით“. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით იგი მხოლოდ რეპროდუქციის უფლების ინსტრუმენტი და მიზნის მიღწევის საშუალებაა“, რითაც სამართლებრივად მის ობიექტივიზაციას ესმება ხაზი, რაც მთელ რისკებთან არის დაკავშირებული და ხელს უწყობს ემბრიონთა სამოქალაქო ბრუნვაში არსებობას, მასზე სხვადასხვა მანიპულაციის განხორციელებას, სასყიდლიან დონაციას და ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე მათ მიზანმიმართულ განადგურებას.
ემბრიონის უჯრედების გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.
ხელოვნური განაყოფიერების პროცესში იქმნება არაერთი ემბრიონი, რომელთაგან მაქსიმუმ სამი გადააქვთ ქალის ორგანიზმში. ხდება ამ ემბრიონთა სელექცია გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე. რისთვისაც ტარდება პგდ (პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა). იგი ეთიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, გაუმართლებელია და გარკვეულ სამართლებრივ პრობლემებს ვაწყდებით ამასთან დაკავშირებით. პგდ-ს შედეგად ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხე ექმნება და მიზანმიმართულად ნადგურდება მრავალი მათგანი. ამ დიაგნოსტიკით ხდება ისეთ დაავადებათა დადგენა, როგორებიცაა: დაუნის სინდრომი, მუკოვისციდოზი და სხვა. ეს მხოლოდ მშობლის ინტერესებს ემსახურება, რასაც მოჰყვება მრავალი ემბრიონის შექმნა და განადგურება.
გერმანიაში 1990 წელს „ემბრიონის დაცვის შესახებ“ კანონით აიკრძალა პგდ. ხოლო 2011 წლის ივლისში „გამონაკლის შემთხვევებში გენეტიკურ დაავადებათა მაღალი რისკის მქონე პირთათვის თერაპიული სკრინინგი დაშვებულ იქნა.“
საქართველოს კანონმდებლობა სამართლებრივად არ აწესრიგებს ემბრიონზე/ჩანასახზე კვლევებს და არ არსებობს ამის შესახებ რაიმე კანონი. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი უბრალოდ აწესრიგებს სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევას. ამ კანონში ნახსენებიც არაა ჩანასახი და მიმართულია ადამიანთა და ცხოველთა მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების პრინციპზე.
თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით, კერძოდ, ადამიანის ლეიკოციტთა ანტიგენის (Human Leucocyte Antigen – HLA) მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ემბრიონის შერჩევა იმპლანტაციისთვის. იმ მიზნით, რომ მან შეძლოს უფროსი დის/ძმის დაავადების განკურნება. ამ მეთოდს მიმართავენ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს ბავშვის გადასარჩენად. ხდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ისეთი დაავადებების განკურნება, როგორებიცაა: თალასემია, დაიმონდ-ბლეკფანის ანემია, ფანკონის ანემია, ლეიკემია და სხვ. გენეტიკური ტესტირების გზით ე.წ. „მხსნელი დედმამიშვილის“ სელექცია ხდება, რასაც უამრავი გენეტიკურად შეუთავსებელი ემბრიონის განადგურება მოჰყვება.
ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი არაა მოწესრიგებული კანონით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს ბავშვის დაბადება წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და შესაძლებელია, რომ არ აღმოჩნდეს საკმარისი სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები და აუცილებელი გახდეს სხვა ორგანოთა გადანერგვაც, რაც არ მგონია მიზანშეწონილი, რადგან ჩანასახს არ შეუძლია მისი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე თანხმობის გაცხადება თავისი ორგანოების გადაცემაზე და ერთის სიცოცხლის გადასარჩენად მშობლების მიერ მეორის გამოყენება არაეთიკურია და ჩანასახის უფლებებსაც არღვევს. ამიტომაა საჭირო რომ ეს საკითხი იყოს კანონით მოწესრიგებული და ჩანასახის იურიდიული სტატუსიც განსაზღვრული, რათა იგი არ იქცეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებად.
„მხსნელი დედმამიშვილის“ შექმნის ლეგალიზება გამოიწვევს ბავშვთა „დიზაინის“ ლეგალიზებასაც, რაც გულისხმობს სხვადასხვა მახასიათებლებით ადამიანის სპეციალურად შექმნას. ვფიქრობ, ეს მომავალი ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი და სტრესული იქნება, მით უმეტეს, თუ ვერ მოახერხა მოლოდინის გამართლება და უფროსი და/ძმის გადარჩენა.
„ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებს „მკურნალობის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების აღებას სხვა ადამიანისთვის გადასანერგად, მხოლოდ პოტენციური დონორის მშობიარობის შემდეგ.“ ამავე კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტით, სხვა ადამიანი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური ნათესავი, ისე ნებისმიერი მესამე პირი.
ემბრიონის შექმნა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, როდესაც გამოუვალი ვითარებაა და განკურნების სხვა გზა არ არსებობს დასაშვები უნდა იყოს. მაგრამ უნდა აიკრძალოს ემბრიონთა სელექცია და მათი განადგურება არათავსებადობისას, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ პოტენციურ ადამიანებს, რომლებიც სამართლებრივ დაცვას იმსახურებენ.
იურისპრუდენცია ზუსტი მეცნიერებაა. აქედან გამომდინარე, საჭიროა, კანონმდებლობით მოვაწესრიგოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჰქვია ჩანასახის იურიდიული სტატუსი. აუცილებელია, რომ განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს ჩანასახი - ის პირია თუ ნივთი. ზემოთ უკვე განხილული საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს და აღიაროს სამართლებრივი აქტით, რომ ჩანასახი არის პოტენციური ადამიანი, რომელსაც გააჩნია ღირსება და ღირებულებები. ასევე,, დადგენილი უნდა იყოს, რომ დაბადებამდე ბავშვი არის პირობითუფლებაუნარიანი შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის მსგავსად. ეს უფლებაუნარიანობა კი არ უნდა გამოიხატოს მხოლოდ მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობაში. ამასთან ერთად, ამ ნორმამ პრაქტიკული გამოყენება უნდა ჰპოვოს გარიგებებში. ჩანასახს უნდა შეეძლოს, რომ იყოს გარიგების მხარე, ეს შეიძლება იყოს დაზღვევა, ჩუქება და სხვა. იგი ამით მიიღებს სარგებელს, რასაც ვერ მიიღებდა Infans conceptus-ით ან საქართველოს არსებული კანონმდებლობით.
რთულია მიჯნის გავლება პირის სამოქალაქო უფლებასა და ინტერესს შორის. ზოგჯერ ერთის უფლებათა განხორციელება მეორის ინტერესის შელახვას იწვევს. მაგრამ, თუ ეს ინტერესი არ იქნა სამართლით აღიარებული, მაშინ ვერ მოხდება მისი დაცვა. ამიტომ საჭიროა ემბრიონთა ინტერესების გათვალისწინება და აღიარება კანონის დონეზე. მათი ინტერესების აღიარებისთვის კი აუცილებელია, პირველ რიგში, ემბრიონის ზუსტი იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, რაც სტატიის დასაწყისშიც ვახსენე. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩანასახის უფლებების აღიარებისას განზე დაგვრჩეს ქალის კონსტიტუციური ინტერესი, რომელიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-8 მუხლით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, საჭიროა ამ უფლებათა კოლიზიისას დავიცვათ თანაზომიერების პრინციპი. საქართველოს კანონმდებლობამ უნდა აკრძალოს ემბრიონთა მიზანმიმართული განადგურება როგორც სამეცნიერო კვლევებისთვის, ისე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ემბრიონთა სელექციისას. ამავე მიზეზით უნდა აიკრძალოს ემბრიონთა ორგანოების გამოყენება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მუცლადმყოფი ემბრიონი უნდა მივიჩნიოთ პირობით სუბიექტად სამოქალაქოსამართლებრივი თვალსაზრისით. ხოლო სინჯარის ემბრიონზე არ უნდა ვრცელდებოდეს ქონების მომწესრიგებელი ნორმები, რადგან ეს მის სტატუსს ნივთთან ათანაბრებს, რაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან როგორც დედის ორგანიზმში, ისე სინჯარაში მყოფი ემბრიონი არის პოტენციური სუბიექტი, პოტენციური სიცოცხლე, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი დაცვა.
ავტორი: თამარ მაზანიშვილი
ბიბლიოგრაფია
სამეცნიერო ლიტერატურა:
ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი.
კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009 წელი.
Anderson M., Are you My mommy? A call for Regulation of Embryo Donation, Cap. U.L. Rev.,Vol. 35, 2006
Hayry M., Rationality And The Genetic Challenge: Making People Better? Cambridge University Press, 2010.
Jones D.A., The Soul Of The Embryo, An Enquiry into the Status of the Human Embryo in the Christian Tradition, Continuum, 2004.
Kovacs G., The Subfertility Handbook: A Clinician’s Guide, 2nd ed., Cambridge University Press, 2011.
Moore P., The Debate About Genetic Engineering, Rosen Central Publishing, 2007
გელაშვილი ი., ჩანასახის სამოქალაქოსამართლებრივი მდგომარეობა, სადოქტორო ნაშრომი, თსუ, თბილისი, 2012.
ნაციონალური კანონმდებლობა:
(ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/)
სამოქალაქო კოდექსი, ძალაშია 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ , ძალაშია 1997 წლის 10 დეკემბრიდან.
კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ძალაშია 2000 წლის 23 თებერვლიდან.
საერთაშორისოსამართლებრივი აქტები:
კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“, მიღებულია 1989 წლის 20 ნოემბერს, საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 2 ივლისიდან.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენცია, მიღებულია 1950 წლის 4 ნოემბერს, საქართველოსთვის ძალაშია 1999 წლის 20 ივნისიდან.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს.
„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი“, მიღებულია 1966 წლის 16 დეკემბერს, ძალაშია 1976 წლის 23 მარტიდან.
„ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია“ (Pact of San Jose), მიღებულია 1969 წლის 22 ნოემბერს, ძალაშია 1979 წლის 18 ივლისიდან.
საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა:
German Civil Code,
http://www.gesetze-im-internet.de/englisch_bgb/englisch_bgb.html
The Civil Code of Spain, Walton C. S., The Civil Law in Spain and Spanish-America, Lawbook Exchange, 2003.
The General Civil Code of Austria, translated by Baeck P.L., Oceana, 1972.
Swiss Civil Code,
https://fedlex.data.admin.ch/filestore/fedlex.data.admin.ch/eli/cc/24/233_245_233/20180101/en/pdf-a/fedlex-data-admin-ch-eli-cc-24-233_245_233-20180101-en-pdf-a.pdf
სხვადასხვა:
https://fiches-droit.com/infans-conceptus
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა