სამართალი და სამართლიანობა2327 2022.02.08
სამართალი და სამართლიანობა

 

მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიაში სამართალმა დაიწყო საფუძვლების გაღვივება, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა კონკრეტული მოვლენისადმი მიდგომა სამართლიანია იგი თუ არასამართლიანი.  სამართლის პოზიტიური ცნების მიხედვით, ის არის  სახელმწიფოს მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა.  ამ გაგებით, სამართალმა წარმოშო სამართლიანობა, მაგრამ რა ხდებოდა იქამდე, სანამ სახელმწიფოები კოდიფიცირებული სამართლის ჩამოყალიბებას დაიწყებდნენ? იქამდე სამართლიანობის განცდა არ არსებობდა საზოგადოებაში? რა თქმა უნდა, არსებობდა. იურისპრუდენცია არის მეცნიერება სამართლიანისა და უსამართლოს შესახებ, - აღნიშნავდა ულპიანე. შეიძლება ითქვას,  ულპიანე აკეთებდა დაშვებას, რომ სამართალში არსებობს როგორც სამართლიანი ასევე უსამართლო ნორმები, ან სამართლიანი და უსამართლო გადაწყვეტილებები. 

დიგესტებში ნახსენებია, რომ სამართალი დასაბამს იღებს სამართლიანობისგან, როგორც დედსიგან. თუმცა საზოგადოებრივი ურთიერთობები იმდენად ცვალებადი და განვითარებადია, რომ შეუძლებელია მუდმივად ერთი სახის სამართლიანობა არსებობდეს და იქიდან გამომდინარეობდეს კანონი. ამ შემთხვევაში სამართლიანობიდან კი არ გამომდინარეობს ნორმა, არამედ საჭიროებიდან და აუცილებლობიდან.  შემდგომში კი, როდესაც ყალიბდება კანონი, სწორედ მისი საფუძვლით მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება ვუწოდოთ სამართლიანი

 თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონიც შეიძლება იყოს გარკვეულწილად უსამართლო. როგორც გუსტავ რადბრუხი აღნიშნავდა, წინააღმდეგობა სამართლიანობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას შორის იმგვარად უნდა გადაწყდეს, რომ განაწესითა და ძალაუფლებით უზრუნველყოფილ პოზიტიურ სამართალს მაშინაც  მიეცეს უპირატესობა, როდესაც ის შინაარსობრივად უსამართლო და მიზანმიუმართავია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ტოტალურად აუტანელი და უსამართლოა. ეს ბოლო ფრაზა გუსტავმა მას შემდეგ დაუმატა თავის მოსაზრებას, რაც ნაცისტური გერმანიის კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ,,კანონიერი’’ ქმედებები იხილა. აქვე უნდა აღვნიშნოთ საბჭოთა კავშირში არსებული კანონმებლობა, რომელიც კრძალავდა კერძო საკუთრების უფლებას და მხოლოდ კოლექტიურს არეგულირებდა. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, დარღვეული იყო მოქალაქეების საკუთრების უფლება, რომელიც კაპიტალისტურ  ქვეყნებში უკვე კარგად იყო განვითარებული.   შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში  საკუთრების უფლება სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო დაშვებული და აქ უკვე გამართლდებოდა მოსაზრება, რომ სამართალს წინ უძღვის სამართლიანობა (დიგესტები). თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე მისი  არსებობა საჭიროების საფუძვლიდან უფრო უნდა ყოფილიყო დაშვებული. ზოგადად ნებისმიერი უფლება, რომელიც დღეს ჩვენს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, საჭიროების და აუცილებლობის საფუძველზე გვაქვს მონიჭებული .  მაგალითად, განათლების უფლება თითოეულ ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ კარგი მომავალი ჰქონდეს

 

ავგუსტინე აღნიშნავდა, რომ  ,,სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ყაჩაღთა ბანდა’’. ამ მოსაზრების უკუდასკვნით  შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კანონმდებლობის დასაცავად უნდა ახორციელებდეს სამართლიან  ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ისეთი მოცემულობა, სადაც ხალხი ემსახურება ბიუროკრატიულ ინსტრუმენტს. როგორც ეს მაგალითას საბჭოთა კავშირში იყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მართალია ამ  გადასახედიდან კერძო საკუთრების არ არსებობს სსრკ- ში უსამართლო იყო, მაგრამ იმ პერიოდში ხელისუფლების სათავეში მდგომი პირები თვლიდნენ, რომ  ეს სამართლიანი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ კოლექტიური საკუთრება თანასწორობის განმაპირობებელი იქნებოდა. თუმცა როგორც ბატონი გიორგი ხუბუა აღნიშნავს ,,თანასწორობა რეალურ სინამდვილეში არ არსებობს - სრული თანასწორობის ცნება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მხოლოდ ჰიპოთეტურად, რეალური სინამდვილისგან აბსტრაჰირების გზით.’’ რაც იმას ნიშნავს, რომ  არ არსებობს სამყაროში ორი ერთნაირი იდენტური მოვლენა. აქედან გამომდინარე ვერც საბჭოთა კავშირში იცხოვრებდა  ორი მატერიალურად ერთნაირი მდგომარეობის მქონე ადამიანი. შესაბამისად, ამ გზით სამართლიანობის  ,,დაბრალება’’ აბსურდი იყო და ის მოსაზრებაც, რომ საბჭოთა კავშირში თანასწორობა ჰყვაოდა, სრული ბლეფია.

 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლოკოსტი ნაცისტური გერმანიისთვისაც სამართლიანი მოვლენა იყო. მაგრამ დღეს, 21-ე საუკუენში ვინმეს სჯერა, რომ მილიონობით ადამიანის დახოცვა სამართლიანია მხოლოდ იმის გამო, რომ  ჰიტლერი ებრალებეს ადანაშაულებდა, 1918 წელს  ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიისთვის დაკისრებული ზარალის ანაზღაურებისთვის? განა საერთოდ რაიმე გასამართლებელი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ 6 მილიონი ადამიანის დახოცვა გაამართლო? სრული პარადოქსია.

 ეს  რა თქმა უნდა დღევანდელი გადასახედიდან, მაგრამ დღესაც კანონის უამრავი დანაწესი არსებობს, რომელიც მიზანშეუწონელია და უამრავ ადამიანს არასამართლიან მდგომარეობაში აყენებს. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიგვაჩნია, მაგრამ განა სამართლიანია, რომ ამერიკის მოქალაქეები სხვადასხვა შტატში ცხოვრების გამო სხვადასხვა კანონმდებლობას ექვემდებარებიან?ერთ შტატში რომ დღემდე სიკვდილით დასჯა ძალაშია და სხვა შტატში ეს ფაქტი სიცილადაც აღარ ჰყოფნით? დიახ, უამრავი საკმაოდ არა  ჰუმანური დანაშაულები ხდება, თუნდაც პედოფილის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და სხვა ამორალური ქცევები, რომლებსაც ხშირად საზოგადოება ვერ ჰპატიობს დამნაშავეს, მაგრამ განა ამისთვის სიკვდილით დასჯა რელევანტურია? ეს შეიძლება გახდეს სხვა პოტენციური დამნაშავეებისთვის პრევენციის საფუძველი? ვფიქრობ, რომ არა. ნებისმიერ დამნაშავეს აქვს უფლება და ვალდებულება, პასუხი აგოს გონივრულად, რაციონალურად და გააზრებულად. ვგულისხმობ იმას, რომ მას დანაშაულის და სასჯელის არსი უნდა ესმოდეს რისთვისაც პასუხს აგებს. ეს უფრო სამართლიანი მიმაჩნია, ვიდრე მკვლელობის დროს მკვლელის მოკვლაც და ორი ყველაზე ღირებული სიცოცხლის დასრულება.

            ამრიგად, სამართალსა და სამართლიანობას შორის ურთიერთკავშირი არასდროს შეწყდება და მათ შორის ყოველთვის იქნება ის ძაფი, რომელიც ამ ორ ცნებას ფაქტობრივად სრულყოფს. ვფიქრობ, რომ სამართალი ვერ იარსებებს სამართლიანობის გარეშე და პირიქით. რაც არ უნდა იყოს, ნათელია, რომ სამართლიანობა ეს არის ადამიანის განცდა, რომელიც ინდივიდუალური, შეფასებითი და დამახასიათებელია. რამდენიმე საუკუნის წინ ადამიანს დანაშაულისთვის ჯვარზე ვაკრავდით, უფრო მოგვიანებით ტალიონის მეთოდის საფუძველზე კიდურებს ვაჭრიდით, გილიოტანაზე თავს ვკეთდით, გაზის ბუნკერში ვკეტავდით, იარაღით ვხრეტდით. დღეს კი ელექტრო შოკით ვკლავთ. და დიახ, საზოგადოების ნაწილს ეს დღესაც სამართლიანად მიაჩნია. არავინ იცის, ხვალ რა იქნება და რა პარადოქსს ვუწოდებთ სამართლიანს. თუმცა ერთი რამ ცხადია, არასდროს, არასდროს მოექცევა ადამიანის გონი ისე, რომ კაცობრიობის 100-მა % ერთი კონკრეტული მოვლენა ცალსახად სამართლიანად ან ცალსახად უსამართლოდ ჩათვალოს, რისი ნათელი მაგალითიც სწორედ დღესაც მცხოვრები სტალინის და ჰიტლერის მიმდევრები არიან.

 
 

ავტორი:თამარ იმერლიშვილი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.