განსაკუთრებით საშიში დაავადების შეყრა1049 2022.02.10
განსაკუთრებით საშიში დაავადების შეყრა

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ბევრ ისეთ მუხლს შეიცავს, რომლის არსებობის შესახებ შესაძლოა არც კი გვქონდეს წარმოდგენა. ერთ-ერთ ასეთ მუხლს წარმოადგენს განსაკუთრებით საშიში დაავადების შეყრა, რომლის მუხლიც შემდეგი ფორმულირებითაა წარმოდგენილი: „სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“ საინტერესოა, რას გულიხმობს აღნიშნული მუხლი.

თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. 

132-ე მუხლით სახეზეა საფრთხის შემქნელი დელიქტი, რაც გულისხმობს სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა. დასჯადია თვითონ საფრთხის შექმნის ფაქტი და იმისთვის, რომ დანაშაული დამთავრებულად იცნოს, საჭირო არ არის,რეალურად მოხდეს დაავადების შეყრა სხვა ადამიანისთვის. აღნიშნულს, ანუ უშუალოდ შეყრას ითვალისწინებს უშუალოდ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი,რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: „სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“ მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი ნაწილი ითვალისწინებს დამნაშავის მოქმედების შედეგად დაავადების შეყრის საფრთხეს, ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ შედეგიან დელიქტს წარმოადგენს, შესაბამისად,საჭიროა დამნაშავის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

საინტერესოა, რის მიხედვითაა განსაზღვრული ინფექციური დაავადებები ამავე მუხლის მოქმედების არეალად .აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ დაავადებათა ნუსხას საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი განსაზღვრავს,რომლის კონტროლიც მასვე ევალება. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 76-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ: „განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეთა შემოწმების საჭიროებისას ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა; გამოკვლევის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს მოქალაქეთა ღირსება და მათი ძირითადი უფლებები.“ განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების სხვისთვის შეყრის ხერხები კანონისთვის უმნიშვნელოა და შესაბამისად, არც ჩამონათვალს განსაზღვრავს. ამიტომ, მათ შესაძლოა, მივაკუთვნოთ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სანიტარულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო წესებისა და ღონისძიებების შერულებისთვის თავის არიდება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება და სხვა.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაქავადებებს მიაკუთვნებს საკარანტინო(იგივე კონვენციური ტიპის) დაავადებებს(რომლებიცაა: ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, სისხლმდენი ვირუსული ცხელება, ყვავილი), რომლის დროსაც უმეტეს შემთხვევაში ცხადდება კარანტინი.

ინფექციურ დაავადებებსაა აგრეთვე მიკუთვნებული ტიფი, დიზენტერია, ვირუსული ჰეპატიტი, ციმბირის წყლული, ბრუცელოზი და სხვა. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ვენერიული დაავადებები, როგორებიცაა: ათაშანგი, ჰონორეა და ა.შ  რა ვიცით ვენერიული დაავადებების გადადების გზებზე? უმეტესად, იგი სქესობრივი გზით ვრცელდება, თუმცა ზოგიერთი ( რომლის მაგალითადაც შეგვიძლია, დავასსახელოთ ათაშანგი), აგრეთვე სანიტარიულ- ჰიგიეური ნორმების დაუცველობითაც ვრცელდება ( თუნდაც საერთო ჭურჭლით, აგრეთვე საერთოპირსახოცით, თეთრეულით და ა.შ სარგებლობა). რაც შეეხება დანაშაულის ამსრულებელს, იგი შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ინფიცირებულია (ამავე მუხლით უნდა დადგინდეს იმ  სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც არღვევს წინდახედულების სპეციალურ ნორმებს და ქმნის სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხეს ანდა ახორციელებს ინფექციური დაავადების შეყრას). 

რაც შეეხება დანაშაულის შეყრის განზრახვას, სსკ 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათალისწინებული დანაშაული გულისხმობს მხოლოდ განზრახვას. ხოლო მე-2 ნაწილის განხორციელება შესაძლებელია როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით.

132-ე მუხლის მე-3 ნაწილში კი მოცემულია 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების დამამძიმებელი გარემოებები - განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადდების შეყრის საფრთხის შექმნა ან დაავადების შეყრა ა) ორი ან მეტი პირისა, ბ)დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრუწლოვნისთვის. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

პირველ შემთხვევაში პასუხიმგებლობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დამნაშავე საფრთხეს უქმნის ორ ან მეტ პირს, ერთიანი განზრახვით, მარტივად რომ ვთქვათ, პირს დანაშაულის ჩადენამდე ე.ი მისი შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე უნდა აღმოუცენდეს განზრახვა, რომ საფრთხე შეუქმნას 2 ან მეტ პირს, რომელი ქმედებებიც ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხდება, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ დროის მცირე მონაკვეთით მათი დაშორება. თუ პირმა საფრთხე შეუქმნა ერთ პირს, ხოლო შემდეგ დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით აღმოუცენდა ახალი განზრახვა, ქმედებას დავაკვალიფიცირებთ ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით და არა მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით. როცა პირის  მიზანია  ორი ან მეტი პირისთვის საფრთხის შექმნა, მაგრამ შედეგად მხოლოდ ერთ პირს შეეყარა, ქმედება დაკვალიფიცირდება ამ დამამძიმებელი გარემოების მცდელობით - 19,132, მე-3 ნაწილი, ა ქვეპ.

ახლა კი  განვიხილოთ ბ ქვეპუნქტი- აქ მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაზარალებული ორსულადაა და საფრთხის შექმნითსაფრთხე ექმნება ასევე ემბრიონის ნორმალურ განვითარებასაც. დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ქალი ნამდვიად ორსულადაა და არ უნდა ვარაუდობდეს( რადგან ქალის ორსულობა აქ ქმედების ნიშანია). 

რაც შეეხება არასრულწლოვანს, აქ პასუხსიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ დაზარალებული არაა მიღწეული სრულწლოვნობას და დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პირი, ვისაც საფრთხეს უქმნის, 18 წელს მიუღწეველია, თუ ეს მან არ იცის, ამ ქვეპუნქტით კვალიფიკაცია გამორიცხულია. აგრეთვე გამორიცხულია მაშინაც, როდესაც დამნაშავეს ჰგონია, რომ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანს, მაგრამ პირი სრულწლოვანი აღმოჩნდება, რადგან ამ შემთხვევაში სახეზე არაა ის მსხვერპლი, რაც გათვალისწინებულია ამ დამამძიმებელ გარემოებაში.

საინტერესოა, რომ ამავე დაავადებათა რიცხვში შედის კოვიდ-19ც, რომლის დახასიათებაშიც ზუსტად იგივე მახასიათებლებია, რაც სხვა განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს ახასიათებს: გადაცემის გზები - კონტაქტური, ჰაერწვეთოვანი, კარანტინი და ა.შ

 

ავტორი: მარიამ წიკლაური; თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ინტერნეტწყარო:https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=3a02d1dd-efe2-44f8-a0e6-d16d1601f7fe

2.მზია ლეკვეიშვილი, გოჩა მამულაშვილი, ნონა თოდუა - სისხლის სამართლის კერძო ნაწილი

თბ. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ. 2019 – 117-ე მუხლის კომენტარი, 132-ე მუხლის კომენტარი

3.სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 132.

4. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 76-ე მუხლი;

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.