სამართლისა და ენის ურთიერთკავშირი1364 2022.02.10
სამართლისა და ენის ურთიერთკავშირი

ენა, როგორც კომუნიკაციის მედიუმი, უძველესი და უნივერსალურია. სიტყვითა და ენით გამოითქმის სამართალი. კომუნიკაციის საშუალების განვითარება მნიშვნელოვნად მოქმედებდა სამართლის გაუმჯობესებაზე. კაცობრიობის განვითარების ყველაზე ადრეულ პერიოდში, როდესაც ენა იყოს კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება, სამართალი ატარებდა ჩვეულებით ხასიათს, ამ დროს ვერ მოხდებოდა ნორმების კოდიფიკაცია, ვინაიდან არ არსებობდა დამწერლობა. მოგვიანებით, ზეპირი სამართალი გარდაიქმნება წერილობით ფორმებში, რასაც ბეჭდური სახით სამართლის ჩამოყალიბება მოსდევს. განვითარების ახალ საფეხურზე კი მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების როლი პოზიტიურ სამართალში. 

სამართლის ნორმა გამოხატულებას ენობრივ სტრუქტურაში პოვებს. კანონმდებლის მიერ ნორმის ჩამოსაყალიბებლად გამოხატული ენობრივი საშუალებები უზრუნველყოფს დავის მოგვარების საშუალების შექმნას. სამართლის ფილოსოფიისთვის მნიშვნელოვანია ენის თავისებურებების, მისთვის დამახასიათებელი წესების სწორი ადაპტირება ნორმაშემოქმედებაში, რადგან კანონის მიზანი და სამოქმედო სივრცე სწორად და ზუსტად იქნას დადგენილი. განსაზღვრულობის პრინციპის მიხედვით, სამართლებრივ სახელმწიფოში მოქმედი ყველა კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მისი ნორმები-ცხადი, კონკრეტული, არაორაზროვანი, კანონის ნამდვილი აზრი - მისახვედრი და გასაგები, დარღვევის შედეგები განჭვრეტადი. 

ენობრივი გაგება მრავალეტაპიანი პროცესია: ენა მუდმივი და შეუცვლელი სტატიკური სტრუქტურის მქონე არ არის, იგი დროთა განმავლობაში, სხვადასხვა წარმოდგენისა და განვითარების ეტაპზე მყოფი საზოგადოების კვალდაკვალ იცვლება და ვითარდება. კულტურული და სოციალური ცვლილებები გავლენას ახდენს საზოგადოების როგორც ენობრივ, ისე სამართლებრივ მხარეზე. ქართულ სამართლებრივ კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთიდან იძულების წესით თავსმოხვეულმა ნორმატიულმა აქტებმა და სამართალწარმოების ენაც გახდა რუსული. მას შემდეგ, რაც 1918 წელს საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართული სამართალშემოქმედება უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და 1921 წელს შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც გამდიდრებული იყო ჰუმანური სტანდარტებითა და იმ დროისათვის ბევრი ევროპული სახელმწიფოსათვის შესაშური დემოკრატიული ღირებულებებით. იმავე წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირებას მოჰყვა შედეგად ქართული ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერება, ძალდატანებით რუსულ სამართლებრივ ყაიდაზე მოქცევის მცდელობა და ქართული ენის დევნა. ამ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საქართველოში, ეროვნული სამართლის შეუნარჩუნებლობის მიუხედავად, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი უცვლელი დარჩა.

სამართალსა და ენას შორის არსებული კავშირის შეცნობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იურისტის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სამართლის მნიშვნელობის გაგება სურს. მსგავსი მსჯელობა პირველად განავითარა ამერიკელმა ლინგვისტმა და ფილოსოფოსმა ჩომსკიმ, რომლის თეორია ეხება ადამიანის ენის ღრმა სტრუქტურას. ჩომსკის აზრით, ენის სტრუქტურა ადამიანისთვის გენეტიკურია და ის არის ე.წ. ,,პროტოადამიანური გრამატიკა’’. კითხვა ისაა, შეიძლება თუ არა მსგავსი სტრუქტურის პოვნა კანონში. ეს იდეა ეფუძნება დ.ლ. პეროტს, რომელმაც შეიმუშავა პერსპექტივა - ბუნებითი სამართალი დნმ-კოდში, რაც გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ არსებობდეს გენეტიკურად გადაცემული სამართლებრივი აღქმა. ყველა სამართლებრივ სისტემაში შესაძლებელია არსებობდეს ერთი საერთო სტრუქტურა, რომელიც თავის უნივერსალურობით მოიცავდა კაცობრიობას და გენეტიკურად გადაეცემოდა ადამიანს ფუნდამენტური უფლებებისა და მოვალეობების შენარჩუნებისთვის.  ეს ჰიპოთეზა მისაღებია იმდენად, რამდენადაც თუ ენა მიჩნეულ იქნება გენეტიკურ სტრუქტურად, იგივე ეხება კანონს ნაწილობრივ შემთხვევაში, გამომდინარე კანონზე ენის გავლენისა. ენა იყენებს გენეტიკურ-კულტურულ მახასიათებლებს კანონის მიზნის მისაღწევად. 

საზოგადოების სისტემურ ფარგლებში სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნების საფუძველი არის მართლწესრიგი, რომელიც ენობრივი მახასიათებლებითაა ჩამოყალიბებული. ენასთან დაკავშირებული ფილოსოფიური შეხედულებების სისტემური გამოყენება, სამართლის ფილოსოფიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, შედარებით ახალია. ჯერემი ბენთამი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა. მან შეიმუშავა სიტყვების მნიშვნელობის რადიკალურად ემპირისტული თეორია. ბენთამის მიზანი იყო, სამართლის დაცლა მორალური უფლებებისა და ვალდებულებებისაგან. მას კანონის ბუნების ,,გონივრული’’ ფენომენების მითითებით ახსნა სურდა. ბენთამის ,,სამართლებრივი პოზიტივიზმი’’ დაფუძნებული იყო სიტყვების მნიშვნელობისა და გამოყენების მოთხოვნაზე. 

ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსებისათვის ენობრივი თავისებურებების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მათი შეხედულებით, სამართლის ენობრივი მხარე მხოლოდ დამხმარე მექანიზმია და მას არ შეიძლება გადამწყვეტი როლი მიენიჭოს სამართალწარმოებაში. ამისგან განსხვავებით, ბენთამი კანონს განმარტავდა ემპირიულ ფენომენზე მითითებით. მას სიტყვის მნიშვნელობა მიზეზ-შედეგობრივ ტერმინად მიაჩნდა. ბენთამის საკუთარ თეორიას ავითარებდა კანონის განმარტების საშუალებად (,,განმარტება, როგორც მეთოდოლოგია სამართლის ფილოსოფიაში’’). იგი განსაზღვრავდა კანონს, როგორც ნიშანთა შეკრების კონკრეტულ სახეობას (,,კანონი და ნიშნები’’ - ‘Law and Signs’). ბენთამის აზრით, კანონი არის ნიშანთა ერთობლიობა, ხოლო იურიდიული ფილოსოფია არის ენის ფილოსოფიის ფორმა. იურიდიულ თეორეტიკოსს აქვს ლინგვისტური ამოცანა, განსაზღვროს სამართლებრივი დისკურსის ტერმინები. თუმცა, როგორც მიჩნეულია, ბენთამის მიერ შემოთავაზებული თეორია სამართლისა და ენის ფილოსოფიის აპოგეა იყო. იგი უსწრებდა დროს. 

სამართალი არის იმდენად ზუსტი, რამდენადაც იგი ჩამოყალიბებულია ფორმალური და ნათელი ენის გამოყენებით. ვინაიდან იურისტების საქმიანობა მოიცავს ენასთან მუშაობას, სამართლებრივი ნორმების შედგენას, გაანალიზებას, განმარტებას, იურისპრუდენციას მიაკუთვნებენ ჰერმენევტიკულ მეცნიერებას. 

სამართლებრივი ტექსტის წერილობითი ფორმით განმტკიცებულია სამართლის ხელმისაწვდომობა. სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ წერილობითი ფორმით მოცემული სამართლის ნორმის აღქმადობის საკითხი დაკავშირებულია რამდენიმე ასპექტთან. აუცილებელია რომ კანონი იყოს ჰერმენევტიკული, კოგნიტური, პრაგმატული და საჭიროა აკუსტიკური და ოპტიკური აღქმა. ხსენებულის გათვალისწინების შემთხვევაში შედეგი იქნება ამგვარი: ნორმა მოერგება დროს და იმ გადასაჭრელ საკითხებს, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში არსებობს. სამართლებრივი ნორმა იქნება მარტივად აღსაქმელი მისი ადრესატისთვის და ნორმის წაკითხვის შემდეგ, ადრესატს ექნება შესაძლებლობა, განჭვრიტოს შედეგი. სამართლებრივი უსაფრთხოება, როგორც იურიდიული სიზუსტის განმსაზღვრელი პრინციპი, გულისხმობს, რომ სამართალი იყოს თვალსაჩინო, ნორმები - ხელმისაწვდომი. ,,კანონმდებელი უნდა აზროვნებდეს როგორც ფილოსოფოსი და ლაპარაკობდეს, როგორც გლეხი’’ (რ.ფ. იერინგი). 

სამართლისა და ენის ურთიერთდამოკიდებულებას ნათლად ასახავს კოლონიალიზმის პერიოდი. ხსენებულ ეპოქაში სამხრეთ ამერიკული ქვეყნები ევროპელი, ძირითადად, ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების მიერ იმართებოდა, რომელთაც ამ ტერიტორიაზე ჩაიტანეს საკუთარი ენა და კანონმდებლობა. შემდგომ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი მოიპოვეს ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა  არგენტინა, ჩილე, პერუ, მათ ტერიტორიაზე მოქმედებს ესპანური მართლწესრიგი, ხოლო ბრაზილიაში - პორტუგალიური სამართლის სისტემა. აქედან ნათელია, რამდენადაა გადაჯაჭვული სამართალი და ენა. სოციალური კონტროლი ხორციელდება მის მიერ, ვის ხელშიცაა როგორც ენა, ისე სამართალი. 

იურიდიული საქმიანობა სრულიად მოქცეულია ტექსტუალური ინტელექტუალური სამუშაოს ფარგლებში. პრაქტიკოსი თუ თეორეტიკოსი იურისტებისათვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი ტექსტი, რომლის ანალიზის შედეგადაც ხდება ნორმის ინტერპრეტაცია. ნორმის შემფარდებელი მოქცეულია ენობრივ ფარგლებში. სამართლის ენა მაღალგანვითარებული დარგობრივი ენაა, რომელიც შედგება სხვადასხვა დონეებისაგან. ესენია: კანონის ენა, ე.ი. ის ენა, რომლითაც იქმნება საკანონმდებლო აქტები; მეცნიერული (სარეცენზიო) ენა, რომელსაც იყენებენ მკვლევარი იურისტები; განაჩენისა და გადაწყვეტილების ენა - რომელიც ნორმის შემფარდებლის მიერაა გამოყენებული და მოხელეთა ენა, რომელიც გამოიყენება საჯარო მმართველობის სფეროში. 

იურიდიული ლინგვისტიკა მიმართულია რთული და მრავალმხრივი პრობლემების გადაჭრისაკენ. იმისათვის, რომ ხსენებული მიზანი მიღწევადი იყოს, შემუშავებულია სპეციალური საერთო წესები, რომელიც ნორმატიული სამართლებრივი ტექსტების შექმნას, სიტყვათა და წინადადებათა წყობას, სინტაქსურ წყობასა და გამართულობას მოიაზრებს. განსხვავებული სტანდარტი მოქმედებს სამართლის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლის ენასთან მიმართებით. კანონმდებლის ენას იმპერატიულობა ახასიათებს. მისი ნება ზოგადი ცნებების საფუძველზეა ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ნორმის შემფარდებელ მოსამართლეს, მისი ენა მხარეთათვის გასაგები, შედარებით გამომსახველობითი და კონკრეტულია, მოიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას. ასევე განსხვავებულია ბრალმდებლის ენა, რომელიც აყალიბებს სახელმწიფო ბრალს, არის იმპერატიული და განსხვავებული ენობრივი კონსტრუქციის მქონე, საპირისპიროდ დამცველის ენა შედარებით შემრიგებლურია და მსჯელობითია. ნოტარიუსის ენა ფორმალურ ფარგლებშია მოქცეული, ვინაიდან ვერ გასცდება ნორმატიულ ჩარჩოებს. ყველაზე მეტად აკადემიური ენა ახასიათებთ სწავლულ იურისტს, რომელიც მიმართულია უკეთესი სამართლის ჩამოყალიბებისკენ.

სამართლისა და ენის ურთიერთკავშირი საკმაოდ მჭიდრო და მნიშვნელოვანია. სამართლის ნორმა ენობრივი სტრუქტურითაა გამოხატული და სამართალწარმოების ნებისმიერი მონაწილის საქმიანობა წარმოუდგენელია ტექსტუალური სამუშაოს გარეშე. ამ ორ ინსტიტუტს შორის ჯანსაღი და გამართული კავშირი მნიშვნელოვანია თანამედროვე სახელმწიფოთათვის, ვინაიდან ბუნდოვნად, ორაზროვნად და ხარვეზებით ჩამოყალიბებული სამართლებრივი ნორმა წინააღმდეგობაში მოდის იმ მნიშვნელოვან პრინციპთან, როგორიცაა სამართლებრივ სახელმწიფოში მოქმედი განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი. ამიტომაა მნიშვნელოვანი სამართალსა და ენას შორის არსებული კავშირის სწორი ანალიზი და შეფასება, რომ მოხდეს კანონის მიზნისა და სამოქმედო სივრცის სწორი განსაზღვრა. საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რთული სამართლებრივი ურთიერთობების შესაბამისი მოგვარება პირდაპირ კავშირშია ენობრივად გამართულ მოწესრიგებასთან. თანამედროვე იურიდიული კულტურის სწორი განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ენისა და კანონის ურთიერთკავშირი. ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სახელმწიფოების ჯანსაღი, სამართლებრივად დახვეწილი განვითარებისთვის. 


 

ავტორი: ანა კუსიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გონაშვილი ვ., ერემაძე ქ., თევდორაშვილი გ., კახიანი გ., კვერენჩხილაძე გ., ჭიღლაძე ნ., საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, მერიდიანი, თბილისი, 2017.

მუთჰორსტი ო., სამართალმცოდნეობის საფუძვლები, მთარგმნელი მაისურაძე დ., გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), თბილისი, 2019.

ციპელიუსი რ., იურიდიული მეთოდების მოძღვრება, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), მეათე გადამუშავებული გამოცემა, ბეკი, მიუნხენი, 2006.

ხუბუა გ., სამართლის თეორია, თბილისი, 2015.

Grossfield B., Language and the Law, Journal of Air Law and Commerce, SMU Scholar, 1985.

Lavery A., The Language of The Law, American Bar Association Journal , Vol. 7, No. 6 (JUNE, 1921). 

Perrott, Has Law a Deep Structure - The Origin of Fundamental Duties, in Lasek, JAFFEY, PERROT & SACHS, FUNDAMENTAL DUTIES 7 (1980).

Schane S., Language and the Law, Continuum, 2006. 

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.