ვეტოს ინსტიტუტი2466 2022.02.10
ვეტოს ინსტიტუტი

 

  ვეტოს საფუძვლები რომის იმპერიასა და სახალხო ტრიბუნს უკავშირდება, რომელიც ხალხის წარმომადგენელი იყო და სიტყვებს ,,მე ვკრძალავ“ იყენებდა არისტოკრატიის ტირანიისგან მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს ფესვები რომში გვხვდება, კონსტიტუციებში, დღეს არსებული ფორმით, მისი აღმოცენება ინგლისს უკავშირდება.  მე-17 საუკუნიდან პარლამენტის სტატუსი შეიცვალა და მას მონარქის თანხმობის პირობით კანონის მიღების უფლება მიენიჭა. ინგლისის გამოცდილება აშშ-მა ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის ფარგლებში მოაქცია და პრეზიდენტს ვეტოს უფლება კონგრესის საკანონმდებლო უფლებამოსილებების შეზღუდვის მიზნით განუსაზღვრა.
  ვეტოს ინსტიტუტის დამკვიდრება საქართველოში 1991 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პრეზიდენტმა ვეტოს უფლება შეიძინა, რომელიც დაძლევადი იყო უზენაესი საბჭოს 2/3-ის მხარდაჭერით.
ვეტოს დაძლევის წესი არაერთხელ შეიცვალა საქართველოს ისტორიაში.
1995წელს მიღებული ახალი კონსტიტუციით ვეტოს დაძლევა გამარტივდა, საჭირო იყო პარლამენტის სიითი შემადგენლობის 3/5-ის მხარდაჭერა.
2004 წელს კვლავ ცვლილებები განხორციელდა და ვეტოს დასაძლევად საჭირო გახდა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ვეტოს ძალა.
2010 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების გამო ვეტოს დაძლევა კვლავ გამარტივდა და განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერის საჭიროება.
2017-2018 წლების საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს უფლება განისაზღვრა კონსტიტუციის 46-ე მუხლით.
ვეტოს უფლება კონსტიტუციურ კანონებთან მიმართებით შედარებით შეზღუდულია. დღეს მოქმედებს კონსტიტუციური კანონის მიღების ორი წესი. პირველი წესის თანახმად, კანონი მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ის მხარდაჭერით, რა დროსაც პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება. მეორე წესის თანახმად, კანონის მიღება ხდება პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით, ორი მოწვევის პარლამენტის მიერ. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოკლებულია ვეტოს უფლებას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვეტო თანამდებობის პირის უფლებაა შეაჩეროს პროცესი ან საერთოდ შეწყვიტოს იგი. ამის მიხედვით, განასხვავებენ იმპერატიულ და სუსპენზიურ ვეტოს. იმპერატიული ვეტოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაუძლეველია, ე.ი. ვეტო პირდაპირ აუქმებს პროცესს. იგი მეტწილად დამახასიათებელი იყო ანტიკური სამყაროსა და შუა საუკუნეების კონსტიტუციური მონარქიებისათვის, თუმცა თანამედროვეობაშიც ვხვდებით მის მაგალითებს. რაც შეეხება სუსპენზიურ ვეტოს, იგი დაძლევადია. თანამედროვე სამყაროში ვეტო, როგორც წესი სწორედ სუსპენზიური ხასიათისაა.
ვეტოს უფლება განსაზღვრულია არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო და შერეული მმართველობის ქვეყნებშიც.
პოლონეთი წარმოადგენს საპარლამენტო მმართველობის ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს გააჩნია ვეტოს უფლება, მოტივირებული წინადადებით კანონს გადასცემს სეიმს, რომელიც იღებს მას 3/5-ის უმრავლესობით. კონსტიტუციის განსაკუთრებულ თავისებურებას კი ის ფაქტი წარმოადგენს, რომ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება არ შეუძლია საბიუჯეტო კანონის პროექტებთან დაკავსირებით.
საბოლოოდ, დღესდღეობით ვეტოს უფლებით აღჭურვილები არიან სახელმწიფოს მეთაურები და ვეტოს ძირითადი დანიშნულება საკანონმდებლო პროცესზე გავლენის მოხდენაა. საქართველოში ვეტოს უფლება ასევე აქვთ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეებსაც.

ავტორი: ანა მაღრაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.  

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.