გაყინული ემბრიონის სამართლებრივი სტატუსი საოჯახო სამართალში1271 2022.02.12
გაყინული ემბრიონის სამართლებრივი სტატუსი საოჯახო სამართალში

 

ემბრიონის გაყინვა არის ემბრიონის გარკვეულ ტემპერატურაზე შენახვის პროცესი, კერძოდ, განაყოფიერება მიმდინარეობს ადამიანის სხეულის გარეთ, როგორც ეს ხდება ინვიტრო განაყოფირებისას. პირველად მსოფლიოს ისტორიაში 1984 წელს ავსტრალიაში დაიბადა ბავშვი, რომელიც გაყინული ემბრიონის განვითარების შედეგად იშვა, ხოლო საქართველოში  2006 წელს დაიბადა პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა წრეს: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.  ფიზიკური პირი იმდენად არის სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტი რამდენადაც მას აქვს უფლებაუნარიანობა, რომელიც წარმოიშობა დაბადებისთანავე და ქმედუნარიანობა, რომელიც გარკვეული ასაკის მიღწევასთან ერთად ენიჭება. გაყინული ემბრიონი, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი ვერ იქნება, რამდენადაც იგი არ არის დაბადებული, გაყინულია და მასში სასიცოცხლო პროცესებიც შეჩერებულია.  რაც შეეხება კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტს, ეს არის ქონება, ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია შეუზღუდავად, რამდენადაც არ ეწინააღმდეგება კანონს და ზნეობრივ ნორმებს. ყურადსაღებია, რამდენად შეიძლება იყოს გაყინული ემბრიონი ნივთი და საკუთრების უფლების ობიექტი.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად,  მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების ობიექტი არის ქონება, რომელც, სსკ-ის 147-ე მუხლის თანახმად,  ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.მოცემული მუხლების ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ თუ გაყინულ ემბრიონს მივიჩნევთ საკუთრების უფლების ობიექტად, მაშინ იგი უთანაბრდება ნივთის კატეგორიას, მისი მესაკუთრე კი არის ის ცოლ-ქმარი, რომელბმაც შექმნეს გაყინული ემბრიონი. შესაბამისად, მათ თანაბარი უფლებები ექნებათ, ემბრიონთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.  აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში როდესაც ემბრიონი გაყინულია, ფაქტობრივად მასში სასიცოცხლო პროცესები არ მიმდინარეობს, მას სიცოცხლე დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან სასიცოცხლო პროცესები მხოლოდ საშვილოსნოში განთავსების შემდეგ ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ გაყინული ემბრიონიც იმგვარი გენეტიკური კოდის, მასალის მატარებელია, როგორც ადამიანი და არის სიცოცხლისუნარიანი. ამიტომაც, შესაძლებელია გაყინული ემბრიონის ნივთად, საკუთრების ობიექტად მიჩნევა. ქართულ კანონმდებლობაში, სამწუხაროდ, გაყინული ემბრიონის სამართლებრივი სტატუსი ჯერ განსაზღვრული არ არის. 

American fertility organization-მა მკაფიოდ განსაზღვრა, რომ გამეტები და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ემბრიონი არის დონორების საკუთრება, თუმცა დონორისთვის გაყინულ ემბრიონზე საკუთრების უფლების მინიჭება მრავალ პრობლემას წარმოშობს, ამგვარმა დონორმა შესაძლოა მომავალში მშობლის სტატუსი მოითხოვოს. 

გაყინული ემბრიონი უმჯობესია  მეუღლეთა თანასაკუთრებაში მოექცეს, სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თანასაკუთრებას არ წარმოადგენს  ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე ან  ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. მეუღლეთა თანასაკუთრება არსებობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოშობილია სათანადო წესების დაცვი, კერძოდ, სსკ-ის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

ემბრიონი წარმოიშობა, ქალისა და მამაკაცის გამეტების შერწყმის შედეგად, გამეტები ქალისა და მამაკაცის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი მოხდება მათი შერწყმა, ემბრიონის წარმოშობა, ისინი უკვე თანაბარი უფლების მატარებლები ხდებიან ემბრიონზე. შესაბამისად, როდესაც ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, საკუთარი გამეტების საშუალებით შექმნიან ემბრიონს, მათ მიღებულ ემბრიონზე თანაბარი უფლება გააჩნიათ, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში მიღებულ მეუღლეთა თანასაკუთრებას.

ერთი შეხედვით საქმე რთულდება, როდესაც საქმეში ერთვება მესამე პირი, ე.ი მაშინ, როცა გაყინული ემბრიონი წარმოქმნილია გამეტის დონაციის შედეგად, აღსანიშნავია, რომ მესამე პირის ბიოლოგიური მასალის დონაცია ხდება ნებაყოფლობით, მან წინასწარ უნდა გამოთქვას თანხმობა, რომ გაცნობიერებული აქვს მისი გამეტით ემბრიონის შექმნის შესახებ და მიუთითოს, რომ არ სურს ჰქონდეს კავშირი მიღებული ემბრიონთან. ასეთ შემთხვევაში, მიღებული ემბრიონი უნდა მიეკუთვნოს ცოლ-ქმრის საკუთებას, რადგან მათი სურვილით მოხდა ემბრიონის შექმნა და ისინი წარმოადგნენ სწორედ ამ ემბრიონის პოტენციურ მშობლებს. 

გაყინულ ემბრიონთან დაკავშირებული დავებისას შესაძლოა ერთმენეთის პირისპირ აღმოჩნდეს ადამიანის ძირითადი უფლებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროში, კერძოდ უფლება გახდე მშობელი და უფლება არ გახდე მშობელი. ყოველი ადამიანი თავად წყვეტს, როდის გახდეს მშობელი ან რამდენი შვილის მშობელი იყოს. ამგვარი გადაწყვეტილების  მიღებისას ძალდატანება არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად. შესაბამისად, როდესაც ერთი მეუღლე ითხოვს გაყინული ემბრიონის მისთვის გადაცემას, რათა მისი საშუალებით გახდეს მშობელი, გამოდის, რომ მეორე მეუღლის ინტერესი არ გახდეს მშობელი შესაძლოა დაირღვეს. „სკინერი ოკლაჰომას წინააღმდეგ“ საქმეში სასამართლომ განსაზღვრა, რომ უფლება გახდე მშობელი, გყავდეს შთამომავლობა, არის არსებითად პირადი გადაწყვეტილება, რომელიც სხვის მიერ არ უნდა იყოს შეცვლილი.

ქართული კანონმდებლობით ჯერჯერობით არ რეგულირდება განქორწინების შემდეგ გაყინული ემბრიონის ბედის საკითხი, მიზანშეწონილია მხარეებს, მეუღლეებს, შორის შეთანხმების, ხელშეკრულების არსებობა გაყინულ ემბრიონთან დაკავშირებით. როდესაც ცოლ-ქმარი გადაწყვეტს ქორწინებას და საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს, (სსკ-ის 1172-1181-ე მუხლები) იგი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს დათქმას ემბრიონის კრიოკონსერვაციის შესახებ,  თუ რა ბედი ელის მას განქორწინების შემდეგ,  სწორედ ეს იქნება ერთგვარი საფუძველი გაყინულ ემბრიონთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, რომელითაც სასამართლომ დავის განხილვისას უპირატესად უნდა იხელმძღვანელოს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 2021 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით.

  2. Gregoratos, supra note 5, at 991 (quoting the American Fertility Society, Ethical Statement on In Vitro Fertilization, 41 Fertility & Sterility 12 (1984)).

  3. Arado Th., Frozen Embryos and Divorce: Technological Marcel Meets The Human Condition, N. Ill. U. L. Rev., Vol. 21, 2001, 244.

  4. Blank R., Bonnicksen A., Medicine Unbound: The Human And The Limits of Medical Intervention: Emerging Issues in Biomedical Policy, Vol. 3, Columbia Universiry Press, 1994, 55.

  5. skinner v Oklahoma, 316 U.S. 535 (1942)

  6. < http://invitro.ge/geo/index.php?page_id=126>

  7. https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bgb/englisch_bgb.html#p6588

ავტორი: მარიამ ბოხუა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

 

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.