თვითმკვლელობაში დახმარებისა და ევთანაზიის ურთიერთმიმართება1319 2022.02.16
თვითმკვლელობაში დახმარებისა და ევთანაზიის ურთიერთმიმართება

თვითმკვლელობაში დახმარება ქართული კანონმდებლობით დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს. თვითმკვლელობაში დახმარება შესაძლოა გაგებულ იქნას, როგორც თვითმკვლელობისთვის რაიმე საშუალების, იარაღის გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მას გამოიყენებს თვითმკვლელობისთვის. ცხადია, ინიციატივა დახმარებაზე უნდა მოდიოდეს თვითმკვლელობის სურვილის მქონე პირისგან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, მუხლის დისპოზიცია შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული; „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით“. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განმარტავს ევთანაზიას. „ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით“. (აქტიური ევთანაზია). პაციენტის უფლებების შესახებ კანონის  23-ე მუხლის მიხედვით, ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული. პაციენტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სასიკვდილოც რომ აღმოჩნდეს, მკურნალი ექიმის ქმედებას, პაციენტისთვის პრეპარატის მიუცემლობას, თვითმკვლელობაში დახმარებად ვერ იქნება მოაზრებული. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლი ითვალისწინებს მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა დანაშაულს- თვითმკვლელობაში დახმარებას, სწორედ ამასთან დაკავშირებით წარმოიშვა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში დავა, მუხლთან დაკავშირებით რეფორმის შემოსაღებად. მოდავე სუბიექტები მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებებზე: „ევთანაზიისა და თვითმკვლელობაში დახმარების შემთხვევები ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ადამიანს ორივე შემთხვევაში გააზრებული ნებითა და საფუძვლით სურს დაასრულოს სიცოცხლე.  თვითმკვლელობაში დახმარების კრიმინალიზაციით, შეიზღუდა არამარტო ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლება, არამედ უფლება, მიიღოს მან დახმარება სხვისგან.“ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით- „თვითმკვლელობის უფლება მოიცავს სხვისგან დახმარების მიღების უფლებასაც, თუ ასეთი დახმარება შემოთავაზებული იქნება.“ სასამართლო თავის პოზიციას იმითაც ამყარებს, რომ გერმანიის ფედერალური მიწების უმეტესობაში სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელ აქტებში პირდაპირ არის ასახული სუიციდში დახმარება, როგორც აკრძალული ქმედება, რაც პაციენტს საკუთარი თავისუფალი ნების აღსრულებაში ექიმების მხრიდან დახმარების გარეშე ტოვებს. ამგვარად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობაში დახმარება არ უნდა იყოს დასჯადი ქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას არაერთჯერადი ხასიათი აქვს, (აქ უნდა ვიგულისხმოთ ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომაკვდინებელი საშუალებებით პირებს შესაბამისი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ). თვითმკვლელობაში დახმარების კრიმინალიზაციით, იმთავითვე შეიზღუდება თვითმკვლელი პირის ნების ავტონომია, და თუ თვითმკვლელობა ლეგალური ქმედებაა, მართლაც რატომ უნდა იყოს მასში დახმარება არალეგალური?! რაც არ უნდა, ერთი შეხედვით მორალურად გაუმართლებლად მოგვეჩვენოს აღნიშნული ქმედება, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა პირთა უფლებების დაცვა, შესაბამისად, თვითმკვლელობაში დახმარების მიღება პირის უფლებაა, და დამხმარე სუბიექტი დანაშაულს არ სჩადის. იმისდა მიუხედავად, რომ თვითმკვლელობაში დახმარება გერმანიის სისხლის სამართლის მიერ მიერ ლეგალურ ქმედებად იქნა ცნობილი (გარდა არაერთჯერადობისა), იგი მაინც მიიჩნევს ექიმის მიერ მსგავსი ქმედების განხორციელებას (ევთანაზიას) დასჯად ქმედებად, რაც პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ის, რომ ევთანაზიის დროს უშუალოდ ექიმს შეჰყავს პაციენტის ორგანიზმში მომაკვდინებელი პრეპარატი, ან კი იგი უმოქმედობით სჩადის ამ დანაშაულს და სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტით აღწევს მიზანს, ხოლო თვითმკვლელობაში დახმარებისას, რეალურად, „მკვლელობას“ სჩადის თვითმკვლელი სუბიექტი თვითონ, მაგალითად თვითმკვლელობაში დამხმარე მას გადასცემს სასიკვდილო საწამლავს, ეს უკანასკნელი კი საწამლავს სვავს. ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი განსხვავებულია ორივე შემთხვევაში. თვითმკვლელობაში დახმარებისას, პირი თავად იწვევს თავის სიკვდილს, ესე იგი “დამხმარე” ქმედებაში არ მონაწილეობს არც ფიზიკურად, და არც ფსიქოლოგიურად, იგი არ მონაწილეობს ასევე თვითმკვლელი პირის გადაწყვეტილების მიღებაში(განსხვავებით თვითმკვლელობამდე მიყვანისგან), ხოლო ევთანაზიისას, ექიმის ქმედება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ევთანაზიის დროს, პაციენტის მიერ თვითმკვლელობას არ აქვს ადგილი.

ეს უკანასკნელი მხოლოდ ნამდვილი ნების საფუძველზე ითხოვს სიკვდილს, რასაც შემდგომ ექიმი ახორციელებს. სწორედ ამით უნდა აიხსნას, გერმანიაში არსებული ამგვარი მიდგომა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
BVerfG, Urteil vom 26.02.2020 - 2 BvR 2347/15, 2 BvR 651/16, 2 BvR 1261/16, 2 BvR.

BVerfG, NJW 2020, 907, Rn. 293.

ბაჩანა ჯიშკარიანი, „თვითმკვლელობაში დახმარების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის პრობლემატიკა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“,უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული იურიდიული ჟურნალი,  2020 წელი.

 

 

 ანი კორძახია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.