სავალდებულო ვაქცინაციისა და რელიგიის თავისუფლების ურთიერთმიმართება703 2022.02.16
სავალდებულო ვაქცინაციისა და რელიგიის თავისუფლების ურთიერთმიმართება

სახელმწიფოთა ნაწილი სავალდებულო ბავშვთა პროფილაქტიკურ ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზედად უშვებს რელიგიასთან დაკავშირებულ გამონაკლისს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლება. ადამიანის სიცოცხლე ყველა რელიგიაში უპირატესი მნიშვნელობის მქონეა, ამის მიუხედავად, არსებობს რელიგიები, რომელთა წარმომადგენლები უარყოფენ ზოგი ტიპის სამედიცინო ჩარევას, და უარს ამბობენ ამ უკანასკნელზე. რელიგიისა და სამედიცინო ჩარევის ურთიერთშეთანხმებაზე საუბრისას ცხადია გვახსენდება იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულება სისხლის გადასხმაზე. იეჰოვას მოწმეები მიიჩნევენ, რომ სიცოცხლე, რომელიც მათ ღმერთმა აჩუქათ არ შეიძლება იყოს გადარჩენილი სისხლის გადასხმით. იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი სისხლის გადასხმაზე, თუნდაც ეს სისხლი მათივე ორგანიზმიდან იყოს გადასხმული. მათი აზრით, ამ ქმედებას ღმერთი კრძალავს. პაციენტი, რომელსაც არ სურს გადაირჩინოს საკუთარი სიცოცხლე, რადგან კრიტიკულ სიტუაციაშიც კი რელიგიის წინააღმდეგ წასვლად მიაჩნია სამედიცინო დახმარების მიღება ექიმებისგან, (ამ შემთხვევაში სისხლის გადასხმა), უფლებამოსილია გააკეთოს ეს, რადგან საფრთხეში იგი თავის სიცოხცხლეს აგდებს. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და შესაბამისად ყველა მათგანს აქვს უფლება მოკვდეს. სახელმწიფო ვერ "დააძალებს" პაციენტს ჩაიტაროს იმ სახის მკურნალობა, რომელიც მისთვის მიუღებელია. რა პარალელის გავლება შეგვიძლია სისხლის გადასხმასა და ვაქცინაციას შორის ?!, პირველ ყოვლისა, ორივე მათგანი წარმოადგენს აუცილებელ სამედიცინო ჩარევას, რომლებზედაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, ორივე მათგანის ეფექტურობას ადასტურებს პრაქტიკა და მსოფლიო მედიცინის განვლილი წლები, მაგრამ სისხლის გადასხმაზე უარი მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება, მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ, ვაქცინაციაზე უარით კი საფრთხეში დგება საზოგადოების ჯანმრთელობა, ქვეყნის ინტერესები. ვაქცინაცით ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ თავს იცავს, არამედ იმ სოციუმს, რომელშიც იგი ცხოვრობს. 

 

კათოლიციზმში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორალურად ყველაზე მიუღებელია იმგვარი ვაქცინით აცრა, რომელიც შეიცავს  ნებაყოფლობითი აბორტებიდან მიღებული ფეტუსის უჯრედებს. კათოლიკური ეკლესია უშვებს გამონაკლის შემთხვევებს და მისაღებად მიიჩნევს ამგვარი შემადგენლობის ვაქცინით აცრას გადაუდებელ სიტუაციაში, როცა საფრთხე ემუქრება ბავშვის სიცოცხლეს, ე.წ.extrema ratio”-ს პირობებში. რელიგიის თავისუფლების უფლებასთან მიმართებით, კათოლიციზმის მიმდევრებმა უნდა გამოთქვან წინააღმდეგობა მონაწილეობა მიიღონ ამგვარ სამედიცინო პროცედურაში, ან მოითხოვონ ალტერნატივა და აიცრან სხვა ეფექტური ვაქცინით. ამავე მიზეზზე მიუთითებს მართლმადიდებლური ეკლესია, რომლისთვისაც მიუღებელია ვაქცინის ის ტიპი, რომლის პრეპარატშიც გამოყენებულია ემბრიონიდან აღებული ქსელური უჯრედები. ასევე მომეტებულ ყურადღებას აქცევენ ზემოხსნებულზე მეტად „ეთიკურ“ ვაქცინის ნაირსახეობას, წითურას ვაქცინას, რომელიც შეიცავს კურდღლის უჯრედოვან ქსოვილს, ასევე „ა“ ჰეპატიტის ვაქცინას, რომელიც შეიცავს მაიმუნის უჯრედოვან ქსოვილს. ამგვარი ნაირსახეობები სიახლეს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში და ჯერ-ჯერობით გლობალურ ბრუნვაში არაა, თუმცა, მათი ეთიკური მხარე საკმაოდ პრობლემატურია. ისლამში საკვებთა ნაწილი არის აკრძალული (არაბ. harab), მაგალითად, ღორის ხორცი, სხვა ცხოველების ხორცი კი არის ნებადართული (არაბ. halal), იმისდა მიხედვით, თუ როგორ კვდებიან ისინი. ისლამის მიმდევრებისთვის მიუღებელია იმ პრეპარატით ვაქცინაცია, რომელიც შეიცავს  აკრძალული ცხოველის ხორცისგან მიღებულ ჟელატინს (ჟელატინი არის ნაზავი პეპტიციდებისა და პროტეინებსა, რომელიც დამზადებულია ნაწილობრივ ჰიდროლიზებული კოლაგენისაგან. ეს უკანასკნელი კი მიიღება სხვადასხვა ცხოველის, ქათმების, ღორების, კანიდან, ძვლებიდან და კანის ქსოვილებიდან). თუმცაღა, ისლამი უშვებს გამონაკლისს, როცა ადამიანს არ აქვს ალტერნატივა აიცრას ნებადართული პროდუქტის გამოყენებით მიღებული ვაქცინით, და იგი იცრება აკრძალული პროდუქტით მიღებული ვაქცინით, იგი დამნაშავედ არ ჩაითვლება. ბუდიზმის მიმდევრებისთვის მიუღებელია იმგვარი ვაქცინების გამოყენება, რომლებიც რაიმე სახით შეიცავენ სხვა სიცოცხლისგან მიღებულ უჯრედებს.

გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, რელიგიური საფუძვლით ზრდადია. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ სახელმწიფოს ინტერესები, არ შეიძლება რელიგიის თავისუფლების დაცვით საფრთხე ხალხთა ჯანმრთელობას შევუქმნათ.

გასაზიარებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზოგადად, რელიგიის რაიმესახის წინააღმდეგობა ვაქცინაციასთან წარმოადგენს მის მიმდევარ ხალხთა ინტერპრეტაციას. ვაქცინაცია სამედიცინო პროცედურაა, თავად ადამიანის გადასაწყვეტია მისთვის მისაღებია თუ არა მისი სხვადასხვა ნაირსახეობა, თუმცა რელიგიისთვის გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს თავის არიდება სავალდებულო ვაქცინაციისთვის სამართლიანი არ შეიძლება იყოს. ადამიანების მიერ რელიგია სწორად უნდა იქნას შემეცნებული, გააზრებული. შეიძლება ითქვას, რომ მშობლის მიერ შვილის სავალდებულო ვაქცინაციაზე რელიგიური მრწამსის გამო უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან მიზეზად, მაგრამ, რადგან პრაქტიკაში ვხვდებით ამ მიზეზით დაშვებულ გამონაკლისებს, მიზანშეწონილია ვაქცინათა ალტერნატივების არსებობა. კერძოდ, თუ პაციენტის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის რაიმე მიზეზით მიუღებელია კონკრეტული პრეპარატით აცრა, იგი არათუ არ უნდა აიცრას, არამედ უნდა აიცრას სხვა ალტერნატიული პრეპარატით, რომელიც ეფექტურობით მსგავსია სხვა ვაქცინებისა. მსოფლიო მედიცინა განვითარების გზას ადგას, სრულებით შესაძლებელია იმგვარი ვაქცინების გამოგონება, რომლებიც ყველა რელიგიის წარმომადგენლებისთვის იქნება მისაღები. რაც არ უნდა რელიგიისგან ჩამოშორებულად გვეჩვენოს სამედიცინო ჩარევა, და შესაბამისად სიცოცხლის გადარჩენა, ადამიანის აზრს პატივი უნდა ვცეთ. რაკი სავალდებულო პროფილაქტიკური აცრები არა ერთი ადამიანის, არამედ საზოგადოდ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ინტერესებშია, აუცილებელია ვაქცინათა ალტერნატივების არსებობა, ქვეყანამ უნდა დაიცვას ადამიანის ეს უფლება, მაგრამ არა ისე, რომ ამ უკანასკნელმა შემდგომ ამ მიზეზით სახელმწიფოს ინტერესებს შეუქმნას საფრთხე საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო. 


 

ბიბლიოგრაფია : 

 

  • 1. Harris AL, Engel TP. Anesthetic challenges and considerations presented by the Jehovah’s Witness patient. Department of Anesthesiology, Loma Linda University School of Medicine, Loma Linda, California. იხ.  www.unipa.it/~lanza/gta/JehovahsWitness.html. Accessed January 1, 2006.

  • 2. Pontifical Academy for Life Moral reflections on vaccines prepared from cells derived from aborted human fetuses. Natl Cathol Bioeth Q. 2006;6:541–7. doi: 10.5840/ncbq20066334.

  • 3. Joint statement of Advice and Society of the Orthodoxdoctors of Russia about the problems of vaccination inRussia. Available from: http://www.patriarchia.ru/db/text/964218.html. Accessed: Febrary 10, 2016.

  • 4. Grabenstein JD. What the world’s religions teach, applied to vaccines and immune globulins. Vaccine. 2013;31:2011–23. doi: 10.1016/j.vaccine.2013.02.026.

  • 5. Chen RC. Learning medicine and learning Buddhism [in Chinese]. Taipei: Hui-chi.

  • 6. Religious exception for vaccination or religious excuses for avoiding vaccination,croatian medical journal. 

  • იხ. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5141457/.

 

 ანი კორძახია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.