გენდერული კვოტირება საქართველოში 1821 2022.02.17
გენდერული კვოტირება საქართველოში

„მეტი ქალი პარლამენტში”, – ეს არის გზავნილი, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებაში ხშირად განხილვადი საკითხი გახდა.  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იქმნება ქალთა მოძრაობები, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის ზრდას. ამაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ეს ტენდენცია არ არის უცხო  საქართველოსთვის. ჯერ კიდევ 1919 წელს, დამფუძნებელი კრების არჩევნებში ქალებმა გაიმარჯვეს, ისინი არიან პირველი ქალი პარლამენტარები. ხუთივე ქალი წევრი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საკითხზე საუბრისას, ყურადღების მიღმა არ  უნდა დაგვრჩეს კატო მიქელაძე, რომელიც პარიზში ცხოვრებისას გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას, 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, მაშინვე დაიწყო ფემინისტური აქტიურობა და თანამოაზრეების შემოკრება. 1917 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა  საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა”. მიუხედავად იმისა, რომ ეს  გაზეთი, ერთი საუკუნის წინ გამოდიოდა, ის ყველა იმ თემას აშუქებდა, რომლებიც ქალებისათვის დღესაც აქტუალური, მაგალითად: : ოჯახში ძალადობა, ქალების პოლიტიკური მოღვაწეობა და სხვა. ამ საკითხებზე წერდნენ ქალები 105 წლის წინ, 105 წლის შემდეგაც რადიკალური ცვლილებები ამ კუთხით არ მომხდარა და ქალები კვლავ პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდას მოითხოვენ. მნიშვნელოვანია, განვიხილოთ თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ქალთა პოლიტიკაში აქტიური ჩართვა და როგორ შეიძლება ის განხორციელდეს.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ უფლება, რომლის თანახმადაც, ქალებს შეუძლიათ  მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში, სრულყოფილად  ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც  აღიარებულია საერთაშორისო და რეგიონული სამართლის ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა, მაგალითად: “ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია”,“საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და ა.შ. საზოგადოებაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე,  აუცილებელია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდეს, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, რადგანაც პრობლემების გადაჭრისას ორივე მხარის ხედვა მნიშვნელოვანია. პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა  უზრუნველყოფს საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდამ მოიტანა ის, რომ ეს ქვეყნები ქალთა უფლებების რეალიზაციის მხრივ დღესდღეობით საუკეთესო ქვეყნებად მიიჩნევა. გარდა ამისა, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ქალთა აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანა არაერთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემას. 

ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის ერთ-ერთი საშუალებად აღიქმება გენდერული კვოტირება. გენდერული კვოტირება წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა როლების გასააქტიურებლად. მისი მიზანი არის ქალების დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან. 

საქართველოს პარლამენტმა კვოტირება მიიჩნია ეფექტურ, შედეგის მომტან საშუალებად და 2020 წლის 2 ივლისს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დამტკიცდა 25%-იანი გენდერული კვოტირების მექანიზმი, რომლის მიხედვით, პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.  2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში კი - პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მითითებულ იყოს მინიმუმ ყოველ მესამე კანდიდატად. მართალია, ნორმა თავისი შინაარსით ნეიტრალურია, რადგან არ მიუთითებს რომელიმე  კონკრეტულ სქესზე, თუმცა  საქართველოში არსებულის ფონის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ამ მექანიზმის დანერგვა უზრუნველყოფს ქალი კანდიდატების მიერ პარტიულ სიაში ადგილის დაკავებას. საზოგადოების ნაწილი, ამ მექანიზმის დამკვიდრებას ეწინააღმდეგება  ქვეყანაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამო, ნაწილი კი, კვოტრების მექანიზმს უწოდებს დისკრიმინაციულს. სამწუხაროდ, საზოგადოება ქალს კვლავ ოჯახურ გარემოში მოიაზრებს და არა პოლიტიკაში. ზოგიერთი ადამიანის აზრით, პოლიტიკაში  ქალის ადგილი არ არის – და მისი საქმე მხოლოდ ოჯახი და შვილებია. გარდა ამ არგუმენტისა, გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე რომ ქალები ადვილად მართვადები არიან და გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად კაცები მიიღებენ. რეალურად, მართლია, ადამიანის მართვა შესაძლებელია, მაგრამ ის სრულებითაც არ არის „სქესთან შეჭიდული დაავადება“. ვინმესგან მართული შეიძლება იყოს, როგორც ქალი, მსგავსადვე მამაკაციც და არანაირი კვლევა არ ადასტურებს ქალთა სისუსტეს ამ კუთხით. ზემოთ ხსენებულებისგან განსხვავებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი კვოტირებას დისკრიმინაციულ მექანიზმად მიიჩნევს. მათი აზრით, კვოტირება ეწინააღმდეგება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და ამ შემთხვევაში, კაცებთან შედარებით, ქალებს ენიჭებათ უპირატესობა, ისინი სარგებლობენ პრივილეგიით. „კვოტირება უპირატეს მდგომარეობაში აყენებს არჩევნებში ქალ კანდიდატებს, რითაც ირღვევა, ერთი მხრივ, თანასწორი შესაძლებლობების დემოკრატიული პრინციპი, მეორე მხრივ კი, ამომრჩეველს - წინასწარ განსაზღვრული სქესის მქონე კანდიდატის წარდგენით - ვართმევთ არჩევანის თავისუფლებას“. რადგან გენდერული კვოტირება განიხილება დიფერენცირებულ  მოპყრობად და  ყოველი დიფერენციაცია არ ნიშნავს დისკრიმინაციას, განვსაზღვროთ, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს თუ არა უთანასწორო მოპყრობის გონივრული საფუძველი, რომელსაც შეუძლია გაამართლოს სახელმწიფოს ქმედება. სახელმწიფოს მოსაზრებით, ნორმა მიზნად ისახავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისაგან. აღნიშნული ნორმით, სახელმწიფოს დაეკისრა პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ზომები ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად. მათი აზრით, გენდერული კვოტირება წარმოადგენს „დაბალანსებული და პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნისა და საკანონმდებლო ორგანოში ქალების წარმომადგენლობის გაზრდისაკენ მიმართულ ღონისძიებას.“ მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დიფერენციაციის ლეგიტიმური მიზანი არსებობს, თუმცა, გარდა ამისა, საჭიროა, რომ დიფერენციაცია იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. 

გენდერულ კვოტირება მრავალი ქვენყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნოთ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად, რადგან  ის უზრუნველყოფს პოლიტიკაში ქალების როლის პოპულარიზაციას, აგრეთვე „საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის გაღვივებას“. მიიჩნევა, რომ გენდერული კოტირება ამცირებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ზეგავლენას ქალებზე, რადგან, დროთა განმავლობაში საზოგადოება ეგუება იმ ფაქტს, რომ ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ არის უცხო, არამედ ის არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკითხავია, ამგვარი დიფერენციაცია არის თუ არა აუცილებელი მიზნის მისაღწევად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად- მზღუდველ) საშუალებას“. ჩემი აზრით, გენდერული კვოტირება არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას, რადგან, ვფიქრობ, რომ მოიძებნება სხვა ღონისძიებები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე შედეგის მოტანა. მაგალითად ყაზახეთში არ არსებოს კანონი გენდერული კვოტირების შესახებ, მაგრამ იგი უკვე 1991 წლიდან აქტიურად ეწევა სახელმწიფო დონეზე სქესთა შორის თანასწორობის უზრუნველყოფას, რომლის შედეგად ყაზახ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში ბოლო 25 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. ჩემი შეხედულებით,  გენდერული კვოტირების დაწესება ნიშნავს, რომ ქალებს თავად არ გვაქვს  უნარი, დავიკავოთ ჩვენთვის სასურველი პოზიციები ამა თუ იმ საფეხურზე და ამისთვის ხელოვნურად შექმნილი პირობები გვესაჭიროება. ვფიქრობ, რომ ეს შეურაცხმყოფელიც არის, რადგანაც გარკვეულ პოზიციას ვიკავებთ  იმიტომ, რომ ვართ ქალები და არა იმიტომ, რომ  გვაქვს უნარები და შესაძლებლობები გავუმკლავდეთ დაკისრებული ვალდებულებებს. თანამდებობის დაკავება უნდა ხდებოდეს თავისუფალი კონკურენციის პირობებში და არა სქესის გამო. მიმაჩნია, ამ მექანიზმის გამოყენებით მივიღებთ არა მეტ ღირსეულ ქალს პარლამენტში, არამედ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბუნებრივად არ გამოიჩევიან იმ თვისებებით, რომლებიც საჭიროა მოცემული თანამდებობისთვის და მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ პარლამენტში რომ პარტიებს კანონის ცვლილება ავალდებულებს ამას.

 საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ქალთა როლი პოლიტიკაში გაიზარდოს, თუმცა არა იმგვარად, რომ მოხდეს  ქალების რეალური შესაძლებლობების „დაკნინება“. ქალებისთვის პრივილეგიის მინიჭება არ უნდა გახდეს მათი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საფუძველი, ეს უნდა განხორციელდეს თავისუფალი კონკურენციის პირობებში, რადგან სწორედ კონკურენცია უზრუნველყოფს ხარისხს და ჩემთვის პრიორიტეტული არა პარლამენტართა სქესი, არამედ „ხარისხია“. 

 

ავტორი : მარიამ ფირცხალავა 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე