გენდერული თანასწორობა, როგორც თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის გამოვლინება6086 2022.02.17
გენდერული თანასწორობა, როგორც თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის გამოვლინება

21-ე საუკუნე ქალების საუკუნეა. ეს იმას გულისხმობს, რომ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი კარიერული შესაძლებლობები. ისინი სწავლობენ, როგორ დააკავშირონ წარმატებული პროფესიული ცხოვრება სრულყოფილ პირად ცხოვრებასთან. ქალები ამტკიცებენ, რომ არ იმსახურებენ, იწოდებოდნენ სუსტ სქესად. მართლაც, 21-ე საუკუნეში ქალებს ისე როგორც არასდროს აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ წარმატებული კარიერა, თუმცა, აქამდე მათ დიდი გზა გაიარეს. ცხადია, ვერ ავცდებით აღნიშნულის ისტორიულ რაკურსში განხილვას. უძველესი პერიოდიდან გამიჯნულია კაცისა და ქალის როლი, მათი უფლებები და საქმიანობა. დიდი ხნის განმავლობაში, ბავშვის დაბადებასთან ერთად, განისაზღვრებოდა მისი როლი საზოგადოებაში სქესის შესაბამისად - მამაკაცი, როგორც მარჩენალი, ქალი, როგორც დედა და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი ყველა სახის საოჯახო საქმეზე. ქალები აბსტრაჰირებულნი იყვნენ განათლების მიღების შესაძლებლობისგან, ვერ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, მათთვის წარმოუდგენელი იყო ისეთი პროფესიები, როგორიცაა: ჯარისკაცი, პოლიციელი, მეხანძრე და ა.შ. ქალებმა 100 წლის წინ დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად, მართალია, აღნიშნული 1 საუკუნეს ითვლის, თუმცა დამეთანხმებით, რომ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის ფონზე, ეს საკმაოდ მცირე დროა.  მათ შეძლეს განათლების მიღების, ამასთან, არა მარტო საარჩევნო ხმის უფლების მოპოვება, არამედ მოახერხეს ისიც, რომ თავად იყვნენ არჩეულნი. თუმცა, ქალები პოლიტიკაში დღემდე უმცირესობაში არიან, იმ ფონზეც, როდესაც ბევრი პოლიტიკური ლიდერი ქალი ახსოვს ისტორიას. გენდერული თანასწორობის ჩანასახს საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ვხვდებით, რისი ნათელი გამოვლინებაც თამარის გამეფებაა. დღეს კი იქამდე მივედით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქალია. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მოვლენებმა წინ წამოწია ქალის როლი. ჩვენ იმ საუკუნის დასაწყისში ვართ, როდესაც ქალებს პირველად აქვთ ისეთივე განვითარების შესაძლებლობები, როგორც მამაკაცებს. თუმცა, ცხადია, თვალს ვერ დავხუჭავთ ქალებსა და მამაკაცებს შორის ჯერ კიდევ არსებულ უთანასწორობაზე მრავალი მიმართულებით - ქალების მიმართ დისკრიმინაცია - მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობა, ეკონომიკური დისკრიმინაცია, უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული პრაქტიკა - უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და მდგრადი ფორმაა.

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. ჯერ კიდევ ციცერონი ამბობდა: “ჩვენ გაჩენილები ვართ სამართლიანობისათვის და ეს უფლება ეფუძნება არა შეხედულებებს, არამედ ბუნებას.“ ამდენად, ცხადია, რომ ადამიანის ეს უფლებები თანდაყოლილია და ადამიანებს ისინი გააჩნიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან.

საქართველოს კონსტიტუცია, მისი მიღების დღიდანვე, განამტკიცებს თანასწორობის ზოგად ნორმას, პრინციპს და კრძალავს ნებისმიერ, მათ შორის სქესის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამდენად ცხადია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სქესთა შორის თანასწორობა, კონსტიტუციურადაა მოწესრიგებული. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტიას და კრძალავს დისკრიმინაციას „რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. აღნიშნულ მუხლში გამოხატული თანასწორობის პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს და ამავდროულად მიზანს წარმოადგენს, აქ ცხადია გენდერული თანასწორობაც მოიაზრება, რამდენადაც მითითება სქესის ნიშანზეც გვაქვს. თანასწორობა იმას გულისხმობს, რომ ქალის და კაცის უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ იქნება განსაზღვრული იმით, ქალად არიან დაბადებული თუ კაცად. აღნიშნულთან მჭიდრო კავშირშია მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიც, რომელიც ამბობს:“სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დებულება არ წარმოადგენს ძირითად უფლებას როგორც ასეთს, არამედ ის უფრო სახელმწიფოს ვალდებულების გამომხატველი ნორმაა, რამდენადაც მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას მოითხოვს. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვა კი დემოკრატიული საზოგადოების უმნიშველოვანესი საზრუნავია. საინტერესოა, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ისედაც განამტკიცებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობას, რა საჭიროება და აუცილებლობა არსებობდა ამ დებულების საგანგებოდ დამატებისათვის?! ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მისაღწევად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად წლების განმავლობაში სახელმიწიფოების ძალისხმევის მიუხედავად,  ფაქტია, რომ დღემდე თვალშისაცემია დისბალანსი ქალების საზიანოდ. სწორედ სხვადასხვა სფეროში ქალების ფაქტობრივი მდგომარეობის ნეგატიური ტენდენციების შენარჩუნებამ დღის წესრიგში დააყენა დამატებით მოწესრიგების არსებობის საკითხი და დამატებითი გარანტიების შექმნის აუცილებლობა, შესაბამისად, კონსტიტუციით, თანასწორობის ზოგადი უფლების აღიარების პარალელურად, შეიქმნა სპეციალური დებულებები, რომლებმაც დამატებითი კონსტიტუციური ვალდებულებებით შებოჭა ხელისუფლება. ამდენად, აღნიშნული პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა და შესაბამისად გენდერული თანასწორობის დაცვა.   

საინტერესოა, რას გულისხმობს თავად ტერმინი „გენდერული“თანასწორობა“?! გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ეს ტერმინი თავის თავში მოიაზრებს, სქესის მიუხედავად, რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას, თანასწორ უფლებებს, პასუხისმგებლობებს,  ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსხვავებული ქცევის, მისწრაფებების და საჭიროებების,  საზოგადოების მიერ ქალებს და კაცებს შორის მსგავსებების და განსხვავებების და მათი როლების თანაბრად დაფასებას.   გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება როგორც ქალის, ისე კაცის  ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები, ქალების და კაცების ჯგუფების განსხვავებულობის აღიარებით. ის ეფუძნება პრინციპს, რომ ქალები და კაცები არიან თანასწორი პარტნიორები სახლში, თემში და საზოგადოებაში. ცხადია, გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს ქალებისა და მამაკაცების ტოტალურ გათანაბრებასა და გათანასწორებას, არამედ ის კრძალავს უსაფუძვლო დიფერენცირებას. გენდერული თანასწორობის იდეა ისაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სხვადასხვა სქესის ადამიანებისათვის შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფა, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანის თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირება.

როგორც აღვნიშნეთ, გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე.  თუმცა, ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს, სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც შეუძლებელია. სამწუხაროს, დღემდე გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება. გენდერული თანასწორობის ცნებასთან პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვა. დისკრიმინაცია ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოს მასშტაბით საკამოდ ძნელი აღმოჩნდა. მიუხედავად ქალების როლის ევოლუციისა, აქტუალურია სექსიზმის, გენდერული დისკრიმინაცის, სელექციური აბორტსა და ოჯახში  ქალების მიმართ ძალადობის საკითხები. ვაჟებისათვის უპირატესობის მინიჭება და გოგონების დაუფასებლობა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რის შედეგადაც, საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 2020 წელს ბავშვების სქესის გამო 19000 აბორტი ჩატარდა. სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, მოქალაქეების 46% ბიჭის ყოლას ამჯობინებს, 45%-ისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლა მხოლოდ 9%-ს სურს. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა გენდერული დისკრიმინაციის რადიკალური გამოვლინებაა, ის ნეგატიურ გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ქალების მნიშვნელობის აღქმასა და გაზრდაზე, არამედ ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ისედაც მცირეა. გარდა ამისა, დღესდღეობით ორსულობა ხშირად ხდება ქალის უმუშევრობის მიზეზი, ამასთან კომპანიები უარს ამბობენ ქალების დასაქმებაზე მათი სქესის გამო. თვალშისაცემია ასევე სხვაობა ანაზღაურებებს შორის. ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამოუვარდება, რაც საგანგაშოა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ხელფასებს შორის სხვაობის საშუალო მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება. ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7 ქალიდან 1 არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის 2 270 ფაქტი გამოვლინდა. მსხვერპლთა შორის 1 875, ანუ 83% ქალი იყო. უწყების მიერ, იგივე პერიოდში, გამოვლენილია 2 141 ოჯახში მოძალადე — 1 818 კაცი, ხოლო 323 ქალი. ცხადია, რომ ძირითადად მოძალადეებს კაცები წარმოადგენენ, მსხვერპლთა უმეტესობა კი ქალები არიან. აღსანიშნავია ასევე ქალების პოლიტიკური აქტიურობის საკითხიც, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 28 დეპუტატია ქალია, თუ ამ მონაცემს შევადარებთ ისეთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში არსებულ რეალობას, როგორიც გერმანიაა, რომლის ბუნდესტაგში 630 დეპუტატიდან 223 (31.4%) ქალია, დისბალანსი ცხადი გახდება.

დემოკრატიული ათენის პოლიტიკური ლიდერის პერიკლეს სიტყვებით:“ათენის კანონები ... თანასწობას სამართლიანობას ანიჭებდა ყველას, მათი პრივატული განსხვავებების მიუხედავად.“  მაშინ, როდესაც ათენმა ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში გაიაზრა, რომ მნიშვნელოვანია კანონის წინაშე თანასწორობა, ადამიანების განსხვავებულობის მიუხედავად, რატომ არის ჩვენთვის ასე რთული 21-ე საუკუნეში, რომ ვაღიაროთ ქალები და კაცები ერთმანეთის თანასწორად?! რაც ყველაზე საგანგაშოა, ხშირად თავად ქალებისგან მოვისმენთ, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, ქალის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება თავად ქალის ბრალია, ასეთი დედები კი იგივეიდეოლოგიის მქონე შვილებს ზრდიან, რაც ცხადია, აფერხებს ქვეყნის წინსვლას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, არის თუ არა საკმარისი და ქმედითი თანასწორობის უფლების და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციური გარანტიები? ცხადია, არა. მაშინ, როდესაც საქართველო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოა, საქართველომ ასევე მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის, ანუ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ამასთან სისხლის სამართალი დასჯადად აცხადებს ოჯახში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, მიღებულია სპეციალური კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც ადგენს ქალისა და მამაკაცის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში მათი განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს, ცხადია, ქალების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტების აქტიური გამოვლინება. ამდენად, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ საკითხის მხოლოდ საკანონმდებლო მოწესრიგება არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, ამ კონსტიტუციურმა ნორმამ პრაქტიკაში ჰპოვოს  სწორი იმპლემენტაცია და სახელმწიფომ შეასრულოს თავისი პოზიტიური ვალდებულებები. უპირობოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ძალზედ პრობლემური საკითხის კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება და კონსტიტუციური გარანტიების შექმნა უმნიშვნელოვანესი და ძალიან პროგრესული ნაბიჯია, თუმცა მიზნის მიღწევა შეუძლებელია სხვა ქმედითი ნაბიჯების გარეშე. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებულ, სპეციალურ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთ გავრცელებულ, თუმცა ძალიან საკამათო ინსტრუმენტს წარმოადგენს „გენდერული კვოტირება“ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მეტი ინტეგრირებისთვის. მართალია, ქალები აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობენ შეუფერხებლად, მაგრამ  დღემდე გაცილებით მცირეა მათი რაოდენობა არჩევით თუ დანიშვნით პოლიტიკურ თანამდებობებზე, ამ მიზეზით, ქალთა კვოტირება საქართველოში აქტუალური თემაა 2011 წლიდან, როდესაც წარმოიშვა ინიციატივა, პარლამენტში ქალების მინიმუმ 30%-ით წარმომადგენლობის შესახებ. ცხადია, კვოტირებას ჰყავს მომხრეებიცა და მოწინააღმდეგებიც.  მხარდამჭერთა აზრით, კოტირება არის ქალების მიმართ წარსულში უსამართლო მოპყრობის გამოსწორების გზა; ემსახურება ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ინტეგრირების უზრუნველყოფით. ამ გზაზე ის ქალებისთვის ხელის შემშლელი ბარიერების მაკომპენსირებელი საშუალებაა; ცხადია კვოტირება იმ ფარგლებში უნდა მოხდეს, რა ფარგლებშიც ის არ გამოიწვევს კაცების დისკრიმინირებას, გენდერული კვოტის დაწესებით მამაკაცების დისკრიმინაციის გამოწვევას კი გამორიცხავს ის გარემოება, რომ საბოლოოდ პოლიტიკურ პარტიაზე, თუ კანდიდატზე არჩევანს აკეთებს თავად ამომრჩეველი.  მოწინააღმდეგეები კი მიუთითებენ, რომ კვოტირება არღვევს თანასწორობის პრინციპს: ის გულისხმობს შედეგების გათანაბრებას უნარების იგნორირებით. ქალებს კაცებთან შედარებით ანიჭებს მექანიკურ უპირატესობას; ეწინააღმდეგება არჩევანის თავისუფლებას, რადგან ამომრჩეველი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას, შედეგად კი იღებს რეალობას, რომელშიც პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უპირატესობა ენიჭებათ არა კვალიფიკაციის, არამედ გენდერული ნიშნით;  უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ კვოტირება ხშირად თავად ქალებისთვის არის მიუღებელი, რადგან გათანაბრების ხელოვნური მხარდაჭერით ხდება ხაზგასმა მათი ბუნებრივი უუნარობისა, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებლად მიაღწიონ წარმატებას პოლიტიკურ ასპარეზზე. მაშასადამე, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების გონივრული დაბალანსება, მათი მხოლოდ მაშინ და იმ  ინტენსივობით თუ ხანგრძლივობით გამოყენება, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული მიზნების რეალურად მიღწევის პოზიტიური დინამიკის შეუქცევადობის ხელშესახებობისთვის. კვოტირებასთან დაკავშირების იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომაც, 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებში, საქმეზე: „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ დავის საგანს წარმოადგენდა ნორმა, რომელიც ადგენდა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ვალდებულებას, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარედგინათ იმგვარად შედგენილი პარტიული სია, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამასთან, თუკი პარტიული სია არ იქნება შედგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს ეძლევა შესაძლებლობა, 3 დღის ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. აღნიშნულზე სასამართლომ ერთმანეთისაგან დაოუკიდებლად ორ ჭრილში იმსჯელა, კერძოდ, კაცების კვოტირებასა და ქალების კვოტირებასთან დაკავშირებით. პირველ შემთხვევაში მან მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს მინიმუმ ერთი კაცი, არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზანთან, ანუ  სქესთა შორის არსებული ბალანსის გაუმჯობესებასთან, რამდენადაც კაცები ყოველთვის სარგებლობდნენ წარმომადგენლობის მაღალი მაჩვენებლით,  ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რეგულირება, რომელიც ახდენს კვოტირებას მამაკაცების სასარგებლოდ და სანაცვლოდ, პოტენციურად ამცირებს ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში. რაც შეეხება, პარტიული სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი ქალი კანდიდატის წარდგენის ვალდებულებას, იმ ფონზე, როდესაც პალმანეტში ქალთა წარმომადგენლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა 16%-ზე მეტი, დადგენილი კვოტირება უზრუნველყოფს ქალთა გარკვეული რაოდენობის აუცილებლად წარმოდგენას საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად ცხადია, რომ სადაო ნორმა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშეწყობისკენაა მიმართული. გამოითქვა მოსაზრება, რომ პარლამენტში ქალთა არჩევის ხელშემშლელი გარემოებების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნამ, მათ შორის კვოტირების სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს კიდეც პარლამენტის წევრების მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხი. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, რომ არა ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ქალების ცხოვრებაში არსებობს, ისინი უფრო მეტი რაოდენობით იქნებოდნენ პარლამენტშძი წარმოდგენილნი და ამდენად, მამაკაცთა 75 პროცენტზე მაღალიწარმომადგენლობა  არაბუნებრივად მიიჩნია.  ქალთა წარმომადგენლობის სწორედ ამ ხელოვნური შემცირებითა დაბარიერებით, ფაქტობრივად, საზოგადოება უარს ამბობს საუკეთესო კანდიდატები შეარჩიოს ქვეყნის მოსახლეობის ნახევრიდან, ქალებიდან, რაც უსამართლოა. სახელმწიფო უნდა ისწრაფოდეს მისი მოსახლეობის რესურსის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ და იმ ხელოვნური ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რომლებიც მოსახლების ნახევარს არ აძლევს საკუთარი უნარების სხვების თანასწორად გამოვლენის შესაძლებლობას პარლამენტში. შესაბამისად, სასამართლომ ამ ჭრილში, ქალების კვოტირება მისაღებად და ლეგიტიმურად მიიჩნია. 

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ გენდერული თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების შექმნა უმნიშვნელოვანესი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დებულებები არ დარჩეს მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზე და მათ პრაქტიკული განხორციელებაც ჰპოვონ, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის შეგნების ამაღლება და მათი ინფორმირება. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს და გაითავისოს თავისი როლი და პასუხისმგებლობა  ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპის მძევლობისგან სოციუმის სრულად გათავისუფლებაში. შეუძლებელია გენდერული თანასწორობის მიღწევა თავად  მამაკაცების ჩართულობის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ  ბოლო დროს მამაკაცები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ქალების გაძლიერებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ცხადია, ცვლილებებს დიდი დრო სჭირდება, თუმცა მთავარია, რომ ამ ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია, თუ ამას მოვინდომებთ.

 

გამოყენებული ლითერატურა:

  1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მეხუთე გამოცემა;

  2. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, გამომცემლობა შპს“პეტიტი“, თბილისი, 2013;

  3. ქეთევან ერემაძე, ძირითადი უფლებები თავისუფლებისთვის, თბილისი, 2020;

  4. https://securitysectorintegrity.com/ka/%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/

  5. საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“;

  6. საქართველოს კონსტიტუცია.

ავტორი: ნინო ჯალალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე