მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია1431 2022.02.19
მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

 

მფლობელობა თანამედროვე სანივთო სამართალში საჯაროობის პრინციპის გამოხატვის ფუნქციას ითავსებს, რომლის გამოვლინებადაც გვევლინება მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლში ჰპოვებს ასახვას. სამოქალაქო კოდექსით განმრტკიცების მიუხედავად, დასახელებული პრეზუმფციის ქმედითობა თანამედროვე ეკონომიკური წესრიგის, მუდმივად ცვლადი, დინამიკური წყობილების პირობებში ხშირად პრობლემურია და ეჭვის ქვეშაც დგება, სწორედ ამიტომ დავის საგანია, შეუძლია თუ არა კრედიტორს დაეყრდნოს საკუთრების ვარაუდს, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას და  ყოველთვის ენდოს საკუთრების ფაქტობრივ გამოვლინებას მფლობელობის სახით. საკითხის პრობლემატურობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, სტატიაში განხილული იქნება მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საფუძვლები, არსი, მისი მიზნები და გამოყენების მასშტაბები, შეფასდება მისი დადებით მხარეები თუ ნაკლოვანებები.

საჯაროობის პრინციპი, როგორც მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საფუძველი

საჯაროობის პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის სანივთო უფლებების არსებობის განსაზღვრის და ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების გაანალიზების შესაძლებლობის უზრუნველოფის საშუალებაა. ეს პრინციპი ეფუძნება შეხედულებას, რომ სანივთო უფლებების დადგენა თუ გადაცემა მესამე პირებისთვის, გარე დამვირვებლებისთვის აუცილებლად ხილული, მარტივად აღქმადი, შესაბამისად, საჯარო უნდა იყოს. იგი ორი სხვადასხვა კუთხით, დიფერენცირებულად უნდა განვიხილოთ - უძრავ და მოძრავ ნივთებთან მიმართებით.  

საჯაროობის პრინციპი უძრავ ნივთებთან დაკავშირებით არსებული უფლების საჯარო რეესტრში შეტანის წესში ჰპოვებს გამოხატულებას - ასე ყველა სახის ცვლილება გარე დამკვირვებლისთვის თვალნათელი ხდება. ნებისმიერ მესამე პირს, რომელსაც სურს დარეგისტრირებულ ქონებაზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება (ყოველგვარი იურიდიული ინტერესების გარეშეც კი), შეუძლია როგორც თავად მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვით, ასევე ელექტრონულადაც მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ქონების სამართლებრივ მდგომარეობაზე. ძირითადად, პირი ასეთი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს მაშინ, როდესაც ქონების ყიდვის (მასზე საკუთრების უფლების მოყოვების) ან მისი უფლებრივად დატვირთვის გადაწყვეტილებას იღებს.

გასაგებია, თუ რა პროცედურები არსებობს უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად, თუმცა ისმის კითხვა, როგორ იღებს პირი ინფორმაციას იმის შესახებ, რა უფლებებით არის დატვირთული არარეგისტრირებული მოძრავი ნივთები? რა ბერკეტები არსებობს საჯაროობის პრინციპის დასაცავად მოძრავ ნივთებთან მიმართებით?  სამოქალაქო კოდექსის 186 I მუხლის მიხედვით, „მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი“. ანუ, კანონით „ნამდვილი უფლების“ გადაცემის პარალელურად (მესაკუთრეს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება, განკარგოს მოძრავი ნივთი ნამდვილი უფლების საფუძველზე, მიაწოდოს შემძენს ინფორმაცია არა მხოლოდ საკუთრების უფლების, არამედ ყველა სხვა სანივთო-ვალდებულებითი უფლების შესახებ) აუცილებელია ნივთიც გადაცემაც, ვინაიდან  ნივთზე მფლობელობის, ფაქტობრივი ბატონობის გადასვლით მესამე პირისთვის აშკარა ხდება საკუთრების უფლების გადაცემაც, შესაბამისად, სრულდება საჯაროობის პრინციპიც. ამ შემთხვევაში, ცხადია, აღნიშნული პრიცნიპი მფლობელობის ფაქტში ჰპოვებს ასახვას.  სწორედ აქედან გამომდინარეობს პრეზუმფციაც, რომ მფლობელი მესაკუთრედაც ივარაუდება, რაც სამოქალაქო კოდექსის 158 (I) მუხლშია განმტკიცებული. (ასევე, სამოქალაქო კოდექსის 186 I მუხლია 187-ე მუხლით მოწესრიგებული კეთილსინდისიერი შემძენის განსაზღვრების საფუძველიც). ერთია ის, რომ მფლობელობა საჯაროობის პრინციპის გამოხატვის ფუნქციითაა დატვირთული და მეორე ის, რამდენად ეფექტურად ახორციელებს იგი ამ ფუნქციას. რაღა თქმა უნდა, საჯაროობის პრინციპის დაცვის ბევრად მაღალი ხარისხი გვაქვს სახეზე უძრავი ნივთების შემთხვევაში, მაგრამ განსხვავებული სურათია მოძრავ ნივთებთან მიმართებით - აქ არ არსებობს სრული გარანტია იმისა, რომ პირის ნდობა ხილული მდგომარეობისადმი ყოველთვის გამართლდება უფლების ნამდვილო-ბასთან დაკავშირებით, თუმცა მეტად გართულებული პროცედურა ამგვარი ბუნების ნივთებთან დაკავშირებით არ გამოიყენება, რასაც შემდეგ განვიხილავ. 

 მფლობელობა, როგორც საკუთრების ვარაუდი და მისი  წარმოშობის წინაპირობა

პრეზუმფციას ზოგადად ორი ფუნქცია აქვს: მატერიალურსამართლებრივი და საპროცესოსამართლებრივი. პრეზუმფციების შემთხვევაში მხარეს, რომელიც რომელიმე პრეზუმირებულ ფაქტს ეყრდნობა, არ ევალება მისი მტკიცება, მაგრამ დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ეს ფაქტი უარყონ და საპირისპირო ამტკიცონ, ანუ მტკიცების ტვირთი მათზე გადადის.პრეზუმფციის მატერიალურსამართლებრივი ფუნქციის თანახმად, იგი მოცემურად ითვლება და პირდაირად თუ ირიბად გამოიყენება, როდესაც არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მიღებისათვის. ქართული სამართალი არაერთ მნიშვნელოვან, სამართლის სისტემისგან განუყოფელ პრეზუმფციას იცნობს, რომეთაგანაც ერთ-ერთია სწორედ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია.  მფლობელობა, გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლების შინაარსობრივ ელემენტს წარმოადგენს, ასევე წარმოგვიდგება, როგორც საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობა ორი ასპექტით - პირველი, არარეგისტრირებულ მოძრავ ნივთებზე პირდაპირი მფლობელობისას და მეორე, როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებზე კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლით. ამ შემთხვევაში, ჩვენი განხილვის საგანი პირველი შემთხვევაა, რომელიც მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციად წარმოგვიგება. 

 

მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის შინაარსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 158 I მუხლით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. აღნიშნული ვარაუდი მოქმედია იქამდე, სანამ საწინააღდეგო არ დადგინდება. პრეზუმფციის საფუძველზე, თუ ნივთის გადაცემისას გამხვისებლის ფაქტობრივი კავშირი ნივთთან დასტურდება, მხარე (ყველაზე ხშირად მყიდველი) არაა ვალდებული, რომ დაინტერესდეს მფლობელიც უფლებრივი მდგომარეობით, ამგვარად, მესაკუთრეც თავისუფლდება მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს ზოგადი წესია, რომელსაც აქვს გამონაკლისები, რაც 158 II მუხლშია ასახული, კონკრეტულად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ სამართალში მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რესესტრში არ ხდება (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მაგ. თვითმფრინავი, გემი, სხვ), რითაც ფაქტობრივად გამორიცხულია საჯარო რეესტრის მონაცემებით მოძრავ ნივთებზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათის გამოვლენა, მესაკუთრედ ყოფნის ფაქტის გადამოწმება. 

აღნიშნული პრეზუმფცია ქმედითია მხოლოდ მაშინ, როცა ნივთის გადაცემის მომენტში გამსხვისებელს მასზე პირდაპირი მფლობელობა აქვს, ანუ ეს ვარაუდი ვრცელდება ამჟამინდელ მფლობელზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იგი ვერ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც, მართალია, აქვთ უფლება მოძრავ ნივთზე, მაგრამ მაგრამ ნივთი მათი მფლობელობიდან გავიდა (მოპარვის, დაკაგვის და სხვ შედეგად) და ამგვარად შეწყდა მათი პირდაპირი მფლობელობა. 158 II მუხლზე დაყრდნობით, საკუთრების პრეზუმფცია ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში უნდა გავრცელდეს.

პრეზუმფციის გამოყენების სფერო

მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი გამოიყენება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე და მათთან ერთად „ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც ხელიდან ხელში უბრალოდ ტრადიციით გადაიცემა“. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ 158 I მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ ნასყიდობის, არამედ ჩუქების ხელშეკრულების დროსაც, ვინაიდან საკუთრების მოპოვება ნამდვილი უფლების არსებობაზეა დამყარებული. 

თუ დავა მიმდინარეობს მეუღლეთა შორის, მაშინ პრეზუმფცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ პირადი მოხმარებისა და ისეთ ნივთებზე, რომლებიც თავიანთი ექსკლუზიური ხასიათით, მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრება შეიძლება იყოს. აღნიშნული ვარაუდი გამოიყენება მეუღლეთა თანასაკუთრების მიმართ და ერთ-ერთი მეუღლის ვადებულების გამო მათი დაყადაღება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღნისძიებაა.

 

პრეზუმფციის წინაპირობები:

მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის წინაპირობების გარკვეული ნაწილი უკვე მიმოვიხილეთ, ვინაიდან ისინი ქმნიან თავად ნორმის შინაარსს, თუმცა დამატებით დაწვრილებით განვიხილოთ მათი ზოგიერთი ასპექტი: განხილული პრეზუმფციის გამოყენების უმთავრესი წინაპირობაა პირდაპირი მფლობელობა - არაპირდაპირი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების ვარაუდი გამორიცხულია, ვინაიდან არაპირდაპირ მფლობელს ნივთზე მფლობელობის უფლება ენიჭება პირდაპირი მფლობელისაგან და იგი ნივთზე თავის საკუთრების უფლებაზე, როგორც წესი, არ მიუთითებს, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს დავა მხარეებს შორის საკუთრების უფლებაზე, რაც ამ პრეზუმფციის გამოყენების საფუძველი უნდა იყოს. 

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ მფლობელობა საკუთრების ვარაუდს იწვევს, თანამფლობელობა თანასაკუთრების ვარაუდს წარმოშობს, ხოლო თუ ერთ-ერთი თანამფლობელი დაამტკიცებს ერთპიროვნულ მფლობელობას, მაშინ ვარაუდი ეხება მის ასევე ერთპიროვნულ საკუთრებას. 

ჩემს მიერ ბევრჯერ იქნა ნახსენები მფლობელობა, თუმცა აღსანშნავია, რომ მისი იურიდიული შედეგი მის ბუნებასა თუხარისხზეა დამოკიდებული. მფლობელობა  მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საფუძვლად ქცევისთვის აუცილებელია ხორციელდებოდეს „საკუთრად ფლობის“ სახით - იგი მეტია, ვიდრე უბრალო მატერიალური ჭერა და მითხოვს, რომ მფლობელის დამოკიდებულება ნივთის მიმართ იყოს საკუთრების ანალოგიური, მაშასადამე, გასათვალისწინებელია მჭერის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სუბიექტური ელემენტიც. თუ „საკუთრად ფლობა“ არ გვაქვს სახეზე, ნივთი არ არის გააზრებული, როგორც საკუთარი და მას მფლობელი იყენებს არა საკუთრივ თავის, არამედ რაიმე სხვა მიზნის მისაღწევად, ეს არ იწვევს საკუთრების ვარაუდს.

მფლობელობაზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ უნდა დამაყოფილზეს უნაკლო მფლობელობის პირობებიც. მაგალითისთვის, მფლობელობა არ უნდა იყოს ორაზროვანი (რაც სახეზეა ერთად მცხოვრები ადაიანების მფლობელობისას, თანამფლობელობისას და ა.შ.), მოპოვებული ძალადობით (თუმცა მფლობელობა ნაკლოვანად აღარ ითვლება და მიიჩნევა მშვიდობიანად, როცა ძალადობა წყდება. ასევე, საკუთარი მფლობელობის დაცვა ძალის გამოყენებით არ აქცევს მფლობელობას ნაკლოვანად), წყვეტილი ( ვინაიდან წყვეტილობა შეიძლება გაიგივდეს მფლობელობის მიტოვებასთან). ასევე ხარვეზიანია მფლობელობა დამალულ ნივთზეც, ვინაიდან აქ ირღვევა საჯაროობის პრინციპი, რის გამოვლინებასაც წარმოადგენს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაც.

პრეზუმფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექცია ისიც, რომ შეუძლებელია საკუთრების ვარაუდი დავუშვათ როგორც ნივთის ახალი, ისე ძველი მფლობელის მიმართ, ამიტომაც სსკ-ის 158 II მუხლში კანონმდებელი აკონკრეტებს, რომ ძველი მფლობელის სასიკეთოდ პრეზუმფცია ქმედითია მხოლოდ და მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სწორედ ასეთი მოწესრიგების გამო, ხშირად იქმნება ვითარება, როდესაც „მფლობელობაწართმეული ნივთის ნამდვილი მესაკუთრე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე მფლობელი არამესაკუთრე, ვიდრე გაირვევა მათი ნამდვილი უფლებრივი მდგომარეობა.“აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გარემოების არსებობა ხშირად ხდება მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის კრიტიკის საფუძველი. 

მტკიცების ტვირთი

მფლობელმა ევალება ამტკიცოს მხოლოდ  ნივთზე მფლობელობის მოპოვების ფაქტობრივი გარემოებები და არა საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი გარემოებები, როგორიც არის, მაგალითისთვის, გამსხვისებლის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, პრეზუმფციის უარყოფა უნდა მოხდინოს მოწინააღმდეგე მხარემ სრულოფილი მტკიცებულებების წარმოდგენით. 158-ე მუხლი (ზოგადად, პრეზუმფციების შემთხვევაში არსებული წესის შესაბამისად)  იწვევს მტკიცების ტვირთთან მიმართებით მხარეთა მოვალეობების შენაცვლებას, ვინაიდან მფლობელი ეტყდნობა პრეზუმფციას და ამტკიცებს მფლობელობას, არა სამართლებრივი შედეგების გამომწვევ ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობას.

მოწინააღმდეგე მხარეს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის უარყობა შეუძლია იმ გარემოებების დამტკიცებით, რომლებიც მიუთითებენ, რომ ნივთზე პირდაპირ მფლობელობას არ გამოუწვევია საკუთრების მოპოვება.  ასევე, უარყოფა შესაძლებელია იმაზე მითითებითაც, რომ მფლობელმა საკუთრება ნივთზე მოიპოვა მფლობელობის წარმოშობამდე. ამ შემთხვევაში, არ იარსებებს 158-ე მუხლის წინაპირობები და პრეზუმფციაც, შესაბამისად, ვერ იქნება ქმედითი. 

სსკ-ის 158 II მუხლიდან გამომდინარე, საკუთრების ვარაუდის უარყოფა შესაძლებელია  მაშინაც, თუ პირი (მოწინააღმდეგე მხარე) დაამტკიცებს რომ ნივთი მისი ბატონობიდან მისი ნების გარეშე გავიდა, ანუ თუ მიუთითებს, რომ მან ნითი დაკარგა, მოჰპარეს და სხვ. 

საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ აღნიშნული პრეზუმფციის უარსაყოფად სახეზე უნდა იყოს უფლების წყვეტა. 

ამასთანავე, „პირობადებული საკუთრების შემთხვევაში, პრეზუმფცია შესაძლებელია, უარყოფილ იქნეს, როდესაც ნივთის პირობადებული საკუთრებით გადაცემა გამომდინარეობს სავაჭრო სფეროში დამკვიდრებული გარემოებებიდან“ 

პრეზუმფციის სუსტი მხარეები

ის, თუ რამდენად ახერხებს მფლობელობა და მის საფუძველზე მესაკუთრეობის ვარაუდი თანამედროვე დინამიკური სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკის პირობებში სრულყოფილად შეასრულოს საჯაროობის ფუნქცია, მეტად საკამათოა. მაგალითისთვის განვიხილოთ პირობადებული საკუთრების შემთხვევა, როდესაც მფლობელი, რომელიც არ წარმოადგენს მესაკუთრეს, იყენებს ნივთს. აქედან გამომდინარე, მეორე მხარეს ყოველთვის ვერ ექნება იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მფლობელი აღმოჩნდება მესაკუთრე - მას არ შეუძლია ენდოს მფლობელობის სახით ფაქტობრივ გარემოებებს.

ამ მაგალითის საფუძველზე ნათელია, რომ ბრუნვის მონაწილეებს არ შეუძლიათ დაინახონ მფლობელობის ფაქტობრივი მდგომარეობის უკან არსებული უფლებრივი მდგომარეობა. ისინი ყოველთვის არიან იმ რისკის ქვეშ,  რომ მფლობელობის სახით ხილული მდგომარეობის ნდობით შესაძლოა მოტყუვდნენ უფლების ნამდვილობასთან მიმართებით, რადგან უფლება, თავისი ბუნებით, არ არის ხილული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება გაჩნდეს შეხედულება, რომ საჯაროობის პრინციპის უფრო ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის კარგი იქნებოდა მოძრავი ნივთების შემთხვევაშიც საჯარო რეესტრთან გვქონოდა ურთიერთობა, თუმცა ამგვარი მოწესრიგებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდებოდა მოძრავი ნივთების შეუფერხებელი სასაქონლო ბრუნვა და საქმე მიდგებოდა არარელევანტურად დიდ ხარჯებთან, ვინაიდან ასეთი ბუნების ნივთები უფრო სწრაფად განადგურებადია და მათი ბრუნვაც უფრო დინამიკურია. ამდენად, საჯარო რეესტრში უძრავი ნივთების მსგავსად მოძრავი ნივთების დარეგისტრირების წესის განმტკიცება არ იქნებოდა ოპტიმალური გადაწყვეტა (აქვე აღვნიშნოთ, რომ გემებისა და თვითმფრინავების აღრიიცხვა რეესტრში ხდება მათი მახასიათებლების  გათვალისწინებით).

პრეზუმფცია, რაღა თქმა უნდა, არ გულისხმობს სრულ ჭეშმარიტებას (როგორც დეფინიციაშიც აღვნიშნე), ამიტომ ხშირად, ლოგიკურია, ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობა განსხვავდება. არის შემთხვევები, როდესაც პირი ნივთს მესაკუთრის ნების წინააღმდეგ ფლობს. ასეთ დროს  მესაკუთრეს (მოსარჩელეს) აწევს მტკიცების ტვირთი - მან უნდა დაამტკიცოს ნივთზე მფლობელობის მისი ნების წინააღმდეგ დაკარგვისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობის ფაქტიც. ეს, შეიძლება, უსამართლობის გრძნობას იწვევდეს, თუმცა აიხსნება იმით, რომ მფლობელმა გარკვეული სახით დააფუძნა თავისი მფლობელობა და ამით მოიხსნა სისხლისსამართლებრივი დელიქტის (ქურდობის) ბრალდება, ამიტომ მასზე ხელახლა მტკიცების ტვირთის დაკისრება არა მიზანშეწონილი.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187 I მუხლის პირველი წინადადება: „შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია“ პირდაპირ განამტკიცებს სსკ-ის 158 I მუხლში ასახულ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, შესაბამისად, ჩვენს მიერ განხილული ვარაუდი არ არის კოდექსში ჩადებული მოწყვეტილი, დამოუკიდებელი ნორმა, რომელიც შინაარსობრივად არ უკავშირდება სხვა ნორმებს და სასამართლო პრატიკაშიც ნაკლები ყურადღება ენიჭება ან იშვიათად თუ გამოიყენება. პირიქით, იგი არის პრეზუმფცია, რომელიც  ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარესა და სიმარტივეს, არ ჩამორჩება თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებსა და მუდმივად ცვალებად ხასიათს, იგი აბსოლუტურ შესაბამისობაში მოდის მოძრავი ნივთების სამართლებრივ ბუნებასთან და მათთან მიმართებით არსებულ პრაქტიკულ შემთხვევებსა და მოთხოვნებთან. აღნიშნული პრეზუმფციის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს სასამართლო პრაქტიკაში მისი ხშირი გამოყენება და საკმაოდ საინტერესო განმარტებები სასამართლოს მხრიდან, რომელთა ნაწილიც ამ ნაშრომშიც განვიხილეთ. 

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრება და მფლობელობა ეს არა საზოგადოების განვითარებისგან გამიჯნული, მისგან მოწყვეტილი სამართლებრივი კატეგორიებია, არამედ მათი არსებობა სწორედ კაცობრიობის პროგრესის, მათი ინტერესების, შეხედულებების, მისწრაფებების ასახვაა, შესაბამისად, შეუძლებელია აქტუალურად არ ჩაითვალოს მათ შორის კავშირის ისეთი გამოხატულება, როგორიც მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაა, რომელიც სწორედაც პირებს შორის ურთიერთობის ნაყოფია, პრაქტული საჭიროებებიდან წარმოშობილი დებულებაა. რომ არა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, საზოგადოების ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება, მეტად გართულებული, მოუქნელი, დროში გაწელილი, არასაჭირო ხარჯებითა და პროცედურებით დატვირთული იქნებოდა. საკუთრების ვარაუდი, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო ბრუნვის ოპტიმალური მექანიზმის ერთ-ერთი „არსებითი შემადგენელი“ ნაწილია, ურომლისოდაც სახეზე სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.

 


 

გამოყენებული ლიტერატურა:

BGB) გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, (2010.03.01-ის მდგომარეობით), მთარგმნელი/რედაქტორი ჭეჭელაშვილი, თბილისი, 2010

ზარანდია თ., სანივთო სამართალი, თბილისი, 2019

სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი II, თბილისი, 2018

ქოჩაშვილი ქ., მფლობელობა-ფაქტი და უფლება , სამართლის ჟურნალი (თსუ), №2б 2009

ქოჩაშვილი ქ., მფლობელობა, როგორც საკუთრების პრეზუმფციის საფუძველი (სადისერტაციო ნაშრომი), თბილისი, 2012  

შოთაძე თ., სანივთო სამართალი, თბილისი, 2014

 

Gemeinsame Konferenz der Staatlichen Ivane-Javakhishvili-Universität Tbilisi und des Max-Planck-Instituts für ausländisches und internationales Privatrecht / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი კონფერენცია,  Eigentum und Rechtssicherheit: Wandel des Eigentumsbegriffs / საკუთრება და სამართლებრივი სტაბილურობა:  საკუთრების ცნების ტრანსფორმაცია,  თბილისი, 5-6 ნოემბერი, 2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №ას-533-509-2016. იხ. უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი <www.supremecourt.ge>  

 

 

ავტორი: ანა მარია კვაბზირიძე, 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე