დისკრეციული უფლებამოსილება6004 2022.02.19
დისკრეციული უფლებამოსილება

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული სამართლის მეტად მნიშვნელოვან,თუმცა ამავდროულად ძალზე საკამათო საკითხს წარმოადგენს. დისკრეციული უფლებამოსილების ინსტიტუტთან დაკავშირებით, პირველად მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო მსჯელობა და მიუხედავად მრავალი გამოჩენილი პირის მოსაზრებისა და დასკვნისა აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებით, მის სიღრმეში ჩაწვდომა დღემდე გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. 

პირველ ყოვლისა, აღვნიშნოთ, რომ დისკრეციული უფლებამოსილების წარმოშობა უკავშირდება დამოუკიდებელი ადმინისტრაციული სასამართლოს შექმნას ავსტრიაში. სასამართლო ხელისუფლების შესახებ კანონში კი ნახსენები იყო ერთ-ერთი გარემოება: „ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმების უფლებამოსილება, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მიღებული იყო თავისუფალი დისკრეციის ფარგლებში“. ფაქტობრივად, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ დაუდო საფუძველი დისკრეციული უფლებამოსილების ფართო განხილვას. 

ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებათაგან რამდენიმეს განსაკუთრებით  გამოვყოფდი. მაგალითად, ცნობილი ფიზიოლოგის, ჩერმაკის თქმით:  „დისკრეციული უფელებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის მიღება. “ აქვე, ვახსენებ გერმანელი მეცნიერის, ფრიც ოსენბუჰლის განმარტებასაც, რომლის მიხედვითაც: „დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს კანონისშესაბამისი არჩევანი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრაში. “

ასევე ყურადსაღებია მეოცე საუკუნეში მოღვაწე ვალტერ ელინეკის მოსაზრებაც. ელინეკის აზრით, თავისუფალი დისკრეცია თავისმხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელისუფლების კანონით ბოჭვის პრინციპთან. მისივე მოსაზრებით, თავისუფალი დისკრეცია არ გულისხმობდა საკუთარი ნების თავისუფალ გამოვლენას, არამედ მასში იგულისხმებოდა, სავალდებულო მბოჭავი დისკრეცია.  ელენიკი თავისუფალი დისკრეციის არსებობას უშვებდა, როგორც მიზნის, ისე საშუალების არჩევის შემთხვევაში. აქვე აღვნიშნავ იმ გარემოებასაც, რომ სწორედ ელენიკი გახლდათ ის, რომელმაც განიხილა დისკრეციულ უფლებამოსილებაში დაშვებული შეცდომები, რაც ამ ინსტიტუტის ასევე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დისკრეციული უფლებამოსილების შემდეგნაირ განმარტებას იძლევა: „დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის

 

შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“.  

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ერთგვარ თავისუფლებას, აირჩიოს რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი, რომელიც მეტად რელევანტური და სამართლიანია ფაქტობრივი გარემოებებისდა გათვალისწინებით. თუმცა, თავისთავად, ნახსენები თავისუფლება არ უნდა გავიგოთ, როგორც შეუზღუდავი თავისუფლება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ყოველთვის უნდა მოქმედებდეს კანონის ფარაგლებში და კანონის შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, შესაბამისად მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.

აქვე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. აქედან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით. 

თანაზომიერების პრინციპის თვალსაჩინო განმარტება არის წარმოდგენილი 2006 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაში(საქმე №1/3/393,397,): „საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: „თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.“ 

აღნიშნული პრინციპი შედგება ოთხი ძირითადი ელემენტისგან(ლეგიტიმური მიზანი, შესაბამისობა, აუცილებლობა და პროპორციულობა), რომელთა შემოწმებაც აუცილებელია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისასაც.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებულ დამატებით უფლებამოსილებას, რომელიც მას აძლევს საშუალებას აირჩიოს რამდენიმე არსებული 

ალტერნატივიდან მხოლოდ ერთი. ამავდროულად, არჩევანის გაკეთებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმაძღვანელოს ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი პრინციპებით, განსაკუთრებით ეს ეხება კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გადააჭარბოს თავისი კომპეტენციის ფარგლებს, და რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს მეტად შესაფერისი და სამართლიანი. აქვე, ყურადსაღებია  ფარგლები იმ ე.წ. თავისუფლებისა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას.  მოცემულ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონიერების პრინციპით, რაზეც ასევე მსჯელობდა ლაუნიც. თავად ეს პრინციპი, ნახსენებია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე მუხლში, რომლის პირველივე ნაწილში მოცემულია შემდეგი დებულება: „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“, შესაბამისად, რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება გარკვეული თავისუფლება, ის მაინც ყოველთვის რჩება ვალდებული, დაემორჩილოს კანონს, იხელმძვანელოს კანონით დადგენილი წესებითა და მიზნებით და არ გასცდეს კანონით წინასწარდადგენილ ფარგლებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1]რ.ხოფერიას სადისერტაციო ნაშრომი, თემაზე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი, გვ.13

პირველწყარო - Schindler B., Verwaltungsermessen (Gestaltungskompetenzen der öffentlichen Verwaltung in der Schweiz), Zürich/St. Gallen 2010, გვ. 12-13.

[1]რ.ხოფერიასსადისერტაციონაშრომი, თემაზედისკრეციულიუფლებამოსილებისფარგლებშიადმინისტრაციულიორგანოსმიერმიღებულიგადაწყვეტილებებისკონტროლი, გვ.25-26. პირველწყარო - Czermak F., Was ist Verwaltungsermessen?, DÖV 1966, გვ. 751.

[1]Ossenbühl F., Tendenzen und Gefahren der neueren Ermessenslehre, DÖV 1968, გვ. 619.

[1]რ.ხოფერიას სადისერტაციო ნაშრომი, თემაზე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი, გვ.20.

[1]საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი.

[1]პ.ტურავა, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი(მეორე გამოცემა), გამომცემლობა „იურისტთა სამყარო“, თბილისი 2018; გვ.94.

[1]საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7მუხლის, პირველი ნაწილი.

[1]საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.№1/3/393,397, 16დეკემბერი, 2006წელი.

 

ავტორი: ნია ტორონჯაძე 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე