სამართალწარმოების პროცესში შეიმჩნევა გარიგებები, რომელთა დადება დაუშვებელია, შესაბამისად, მათ დაუშვებელი გარიგებების სახელწოდებით ვხვდებით. ასეთი გარიგებების ჩამონათვალში ფიქსირდება ზნეობის წინააღმდეგ დადებული – ამორალური გარიგებები. საინტერესოა, შესაძლოა თუ არა და რა როლი შეიძლება იქონიოს მორალურმა ნორმამ პირთა კერძო ავტონომიის შედეგად დადებულ გარიგებებზე? როდესაც ვსაუბრობთ ზნეობაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მისი არაკონკრეტიზებული მნიშვნელობა და ის, რომ ეს სიტყვა აბსტრაქტულ ცნებას წარმოადგენს. რადგან ზნეობის/მორალის ცნებას კონკრეტული მნიშვნელობა არ აქვს, იგი სამართალში განიმარტება, როგორც „საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტი“. აღსანიშნავია, რომ თავად ეს განმარტებაც ვერ იძლევა ერთგვაროვანი აღქმის საშუალებას. საზოგადოებაში ზნეობის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, საქართველო სამოქალაქო კოდექსში მისი განმტკიცების საჭიროება გაჩნდა, რაც სსკ–ის 54–ე მუხლით უზრუნველყო კანონმდებელმა. თუმცა აუცილებელია გადაფასებულ იქნეს ის თანმდევი პროცესები, რაც ამ ქმედებას მოჰყვა, საჭიროა გაანალიზდეს უარყოფითი შედეგებიც კარგთან ერთად და მიღებულ იქნეს საბოლოო გადაწყვეტა, წარმოადგენს თუ არა სსკ–ის 54–ე მუხლში ზნეობის წესების აბსტრაქტული განმტკიცება ქართული სამართალგანვითარების სიამაყეს, თუ საჭიროა ამ ნორმის მეტად მისადაგება იმ პრაქტიკულ და პრობლემურ გამოწვევებთან, რაც წარმოეშობათ კერძო სამართლის სუბიექტებს ყოველდღიურ ურთიერთოებებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ზნეობის/მორალის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა ჩვეულება, ღირებულება და ტრადიცია. მართლაც, მორალი არ არის ერთჯერადად შექმნილი ფენომენი, რომელიც ჰეტერონომიულად და სამუდამოდ შეიქმნა. იგი დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა. მისი შეცვლა დამოკიდებულია დროზე, რომელთან ერთადაც იცვლება მორალური წარმოდგენებიც – ის რაც ადრე ამორალური იყო დღეს სრულად არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთად. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათწლეულების წინ აფროამერიკელს არ შეეძლო ესაუზმა და სხვა ყოველდღიური, ყოფითი საქმიანობა განეხორციელებინა „თეთრკანიანთან“ ერთად, რადგან მისი ეს საქციელი უზნეობად აღიქმებოდა, თუმცა დღეს ასეთი წარმოდგენა აღარ არსებობს. მორალური წარმოდგენების შეცვლა ერთბაშად ვერ ხერხდება, ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ ზნეობა/მორალი გარკვეულწილად სტატიკურია. ეს ყოველივე ხდის ზნების არაკონკრეტიზებულ შინაარს სადავოს და ქმნის საჭიროებას მეტი ყურადღებიანობისას.
ზნეობის განმტკიცება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მორალი და სამართალი ავსებს იმ სისუსტეებს, რომლებიც მათ გააჩნია. სამოქალაქო სამართლის სუბიექტები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, თუ მათ არ ექნებოდათ გზა უზნეო გარიგებებისგან თავის დასაღწევად. „კანონი ანაზღაურებს მორალის ფუნქციურ სისუსტეებს, რომელიც დამკვირვებლის თვალსაზრისით ხშირად აწვდის შემეცნებას განუსაზღვრელ და მოტივაციურად არასტაბილურ შედეგებს“.
როგორც ცნობილია, სსკ–ის 54–ე მუხლის მიხედვით, მესამე ფასეულობას, რომელიც გარიგების ბათილობას იწვევს, წარმოადგენს ზნეობრივი ნორმები – „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“. 54–ე მუხლის ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა არის მორალი და რა იგულისხმება ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებაში.ზნეობის სამოქალაქო კოდექსში განმტკიცებით კერძო სამართალი ადამიანთან მეტ კავშირს ამყარებს, ითვალისწინებს იმ წესებს, რომლებიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული და ამით ანგარიშს უწევს ადამიანს, როგორც უმთავრეს ფასეულობას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამართლის სუბიექტს 54–ე მუხლმა (ზნეობის ჭრილში) ბევრი სიკეთე მოუტანა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან სანაცვლოდ გარკვეულ ნეგატიურ დათმობებზე წასვლა მოითხოვა ფიზიკური/იურიდიული პირისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა ნორმის რეალიზება სამართალწარმოებაში და მისით დადებითი შედეგების მოტანა.
ზნეობის ნორმებსა და პირთა კერძო ავტონომიას შორის წარმოიშვა გარკვეული კოლიზია, რომელიც იმსახურებს ყურადღებას და იმ ბალანსის გამონახვის აუცილებლობას ქმნის, რომელიც ზნეობის აბსტრაქტულ ხასიათს არ მისცემს უფლებას დაუსაბუთებლად ხელყოფილ იქნეს პირთა კერძო ავტონომიის საფუძველზე დადებული გარიგება. საინტერესო ხდება ის, თუ ორ მხარეს შორის, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ინდივიდუალური მორალური ვალდებულებები, საქმის გადაწყვეტის დროს მოსამართლემ, რომელსაც ასევე ჩამოუყალიბდა შინაგანი, ინდივიდუალური ზნეობრივი წესები, ზნეობის/მორალის ცნების რომელი აღქმით უნდა იხელმძღვანელოს? რომელიმე მხარის თუ თავისი? რათა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და არა მიკერძოებული. თითქოს, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება, თუმცა შემდეგი მიზეზის გამო ადვილია გამოსავლის მოძებნა – „ადამიანური ეთიკა ყალიბდება ისევ ადამიანთა თანაცხოვრებაში“. და რადგან ჩვენ ეთიკური (ზნეობრივი/მორალური) ნორმები გვიყალიბდება თანაცხოვრებაში სხვა ადამიანებთან, ე.ი., ამ თანაცხოვრებას გავლენა აქვს თითოეული ინდივიდის მორალური კანონების ჩამოყალიბებაზე, შედეგად კი იქმნება ერთი საერთო საზოგადოებრივი, დროით და სივრცით შემოსაზღვრული/ზღვარდადებული ეთიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს/უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლემ სამართალწარმოებისას. „აღიარებულ იქნა არა ზოგადი და აბსტრაქტული მორალი, არამედ კონკრეტულ საზოგადოებაში „გაბატონებული მორალი“. თუმცა ამ მიდგომიდანაც უნდა იარსებოს გამონაკლისმა და შეჯერებულ უნდა იქნეს შუალედი. ეს შუალედი შემდეგი სახის უნდა იყოს, რადგან სინდისი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, კერძო სამართლის სფეროში, მაშინ როცა პირებს ენიჭებათ კერძო ავტონომია, ხშირად გარიგების ორივე მხარისთვის ის, რაც ამორალური სრულად არაა, შეიძლება, ზოგადად, იმ საზოგადოებისთვის იყოს ამორალური, რომელშიც ეს სუბიექტები არსებობენ, ამიტომ გარიგება უზნეობის მიზეზით შეიძლება გაბათილდეს ორივე კონტრაჰენტის შეხედულების, შეცნობის, ნების თანხვედრის მიუხედავად. კამათს არ უნდა იწვევდეს, რომ კონტრაჰენტთა ასეთ ვითარებაში ჩაყენება მათი უფლების, კერძოდ, გარიგების შინაარსის, ფორმის თავისუფალი განსაზღვრის, უხეში დარღვევაა. სწორედ ეს წარმოადგენს ერთ–ერთ უარყოფით ეფექტს ზნეობის წესების გამტკიცებისას სსკ–ის 54–ე მუხლში და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გამახვილდეს ყურადღება, შესაბამისად, დაისვას კითხვა – ღირს თუ არა, საზოგადოებაში დამკვიდრებულმა ქცევის ზოგადმა წესმა (ზნეობა) ნეგატიური გავლენა იქონიოს პირთა კერძო ავტონომიაზე დამყარებული გარიგების ბედზე? სამართალწარმოება იმ მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ თუ გარიგების მხარეებს არ აქვთ პრობლემა მორალური წესების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგების შედეგებთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება ზიანს არ აყენებს სხვა მესამე პირებს, საზოგადოებაში დამკვიდრებულმა შეხედულებამ, რომ ეს ასეა და ისე არა, გავლენა არ იქონიოს კონტრაჰენტთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე. „გარიგების მოტივის ამორალურობა შეიძლება გახდეს მთლიანად გარიგების ამორალურად მიჩნევის საფუძველი, მაგალითად, საყვარელისთვის ანდერძით ქონების დატოვება იმ პირობით, რომ ის მოანდერძეს სიცოცხლის განმავლობაში მარტო არ დატოვებს“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რატომ უნდა ერეოდეს სამართალი პირის უფლებაში თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება? თუ ორივე მხარეს მოანდერძესაც და საყვარელსაც სურთ/აწყობთ იმ უპირატესობების სანაცვლოდ, რომლებიც გარიგებას მოაქვს, დადონ ასეთი შინაარსის შეთანხმება, რომელიც არ აყენებს მესამე პირს ზიანს. ამგვარად, სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით არ უნდა იქნეს გაზიარებული. ზნეობრივ წესებსა და კერძო ავტონომიას შორის არსებული კოლიზიისას ამ უკანასკნელის ბოლომდე უგულებელყოფა რაციონალური შეცნობის შედეგს არ წარმოადგენს და, უბრალოდ, სხვის უფლებებში უხეშ/გადამეტებულ ჩარევად უნდა იქნეს მიჩნეული.
გარდა ამისა, პრობლემაა მორალის არაერთგვაროვანი მნიშვნელობა, რაც მოსამართლეს აძლევს ფართო დისკრეციას განმარტების პროცესში. მოსამართლის მხრიდან ზნეობის განმარტება მეტად საპასუხისმგებლო და პრობლემური საქმეა, „ზნეობის საწინააღმდეგო დათქმის მქონე ხელშეკრულების შესახებ პოზიციის დაფიქსირება ყველაზე რთულია“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, კანონთან ერთად სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას განაპირობებს მორალური ქცევის სტანდარტიც. შესაბამისად, მიუხედავად კერძო ავტონომიის და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპის არსებობისა კერძო სამართალში, გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. ამრიგად, მნიშვნელოვანია, სამართლებრივ ურთიერთობებში, კერძო სამართლის სუბიექტებმა გაითვალისწინონ მორალური/ზნეობრივი ღირებულებები, რათა მათ მიერ დადებული ხელშეკრულება არ გაბათილდეს, თუმცა რამდენად ლოგიკურია ისეთი აბსტრაქტული ნორმის განმტკიცება სსკ–ში, როგორიცაა 54–ე მუხლი, რომლიდან გამომდინარეც, კონკრეტული აზრის გამოტანა თავად იურისტსაც არ შეუძლია. მოსამართლე მრავალია, ამიტომ რთულია განისაზღვროს რომელი მათგანის ინტერპრეტაციაა გასათვალისწინებელი, მაშინ, როცა ხშირია სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეთა განსხვავებული განმარტებები.
გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გარიგება ზნეობრივ ნორმებს მაშინ არღვევს, როცა იგი „ზოგადი სამართლიანი და მართებული წარმოდგენების სტანდარტს“ უგულებელყოფს. მოცემულ განმარტებაში მნიშვნელოვან დატვირთვას ასრულებს სიტყვა სამართლიანი. აღსანიშნავია, რომ როდესაც საუბარია „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტზე“, მოცემული დეფინიცია საშუალებას იძლევა მოაზრებულ იქნეს ისეთი რამ, რაც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ქცევის სტანდარტი, თუმცა არ არის სამართლიანი. ეს განმარტებები კერძო სამართლის სუბიექტებს ერთგვარ დაუცველ და გაურკვეველ მდგომარეობაშიც აყენებს, რადგან, პირველ რიგში, გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში არსებული განმარტება მოიაზრებს ზოგად სამართლიანობას, რაც, ასევე, არ წარმოადგენს კონკრეტული მნიშვნელობის მქონე ცნებას, ამიტომ მოსამართლეს, საქმის გადაწყვეტისას, ეს „ზოგადი სამართლიანობა“ აძლევს მეტ თავისუფლებასა და სამართლიანობის მისეული აღქმის გამოყენების საშუალებას. შედეგად, შესაძლებელია, რომ კერძო სამართლის ფარგლებში არსებული ურთიერთობათა სუბიექტი გახდეს მოსამართლის სუბიექტური განმარტების მსხვერპლი. ამგვარ შედეგებს მოიაზრებს განმარტება – „საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტიც“. გარიგების ბედი რომ მართლაც მოსამართლეზეა დამოკიდებული, ამაზე სასამართლოთა განსხვავებული განმარტებებიც მიუთითებს. თბილისის საქალაქო სასამართლოთა განმარტებით, „გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ–ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან“, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამორალური გარიგება „ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში“. ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა პრობლემების მატარებელია ზნეობის არაკონკრეტიზებული ხასიათი სსკ–ის 54–ე მუხლში. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განმარტების საჭიროების მქონე ნორმის განმტკიცება, 54–ე მუხლის სახით, არღვევს „სამართლებრივი უსაფრთხოების“ პრინციპს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ინდივიდმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რას მოითხოვს მისგან სამართალი. შესაბამისად, სამართლიანობის ფარგლებს გადაცილებულად უნდა ჩაითვალოს კერძო სამართლის სუბიექტებისთვის ისეთი ნორმის დადგენა, რომლის ნორმატიული ხასიათის გაგება ზუსტთან მიახლოვებულადაც შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის და, აქედან გამომდინარე, 54–ე მუხლის საჯაროობის მიზანი პრევენციაა იმ შედეგებისა, რაც ზნეობის წინააღმდეგ დადებულ გარიგებას მოჰყვება, თუმცა ამ ფუნქციას წარმატებულად ვერ შეასრულებს ნორმა, რომლის შინაარსიც ბუნდოვანია არა მხოლოდ კონტრაჰენტებისთვის, არამედ მოსამართლეებისთვისაც კი.
ზნეობის ნორმების აბსტრაქტულობამ შექმნა მდგომარეობა, რაც გულისხმობს –განმარტებას, როგორც არჩევანს სამართლებრივ ფასეულობებს შორის. ამ კუთხით აღსანიშნია, რომ ბუნებითი სამართლის წარმომადგენლებისთვის შესრულებისა და საპასუხო შესრულების არაქევივალენტურობაა ამორალურობის კრიტერიუმად მიჩნეული. მხარეთა ვალდებულებების დისპროპორციულობა მრავალ ქვეყანაში ამორალურობის გამო გარიგების ბათილობის საფუძველია, რადგან ისინი, უმეტეს შემთხვევაში, დადებულია ერთ–ერთი მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, მძიმე მდგომარეობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით და სხვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ „საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის“, რათა გარიგება ჩაითვალოს ამორალურად, რადგან უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ეს ხელს შეუშლიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და ნორმალურ განვითარებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ განმარტებით მართლმსაჯულება არა უახლოვდება და ემსახურება, არამედ სცილდება ადამიანს, საზოგადოებაში არსებულ რეალობას, რადგან რა უნდა იყოს იმაზე მეტი უზნეობა თუ არა ვინმეს გონივრული განსჯის უუნარობით, მძიმე მდგომარეობით სარგებლობა (რადგანაც მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან შეიძლება დადო ისეთი გარიგება, რომლითაც მას ობიექტურად დისპროპორციულ ვალდებულებას დააკისრებს, მისი ნები სისუსტის მიუხედავად) და სასურველი შედეგების მომტანი გარიგების დადება? გერმანული სამოქალაქო კოდექსის 138–ე მუხლის მე–2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს: „კერძოდ, ბათილია გარიგება, რომლითაც პირი სხვა პირის მძიმე მდგომარეობით, გამოუცდელობით, გონივრული განსჯის უუნარობით ან ნების მნიშვლოვანი სისუსტით აიძულებს ამ უკანასკნელს ვალდებულების შესრულების მოქმედების სანაცვლოდ მისადმი ან მესამე პირისადმი ქონებრივი სარგებლის შეპირებას ან შესრულებას, რომელიც აშკარად არაპროპორციულია ვალდებულების შესრულებისა“. ნეგატიურია ის, რომ სასამართლომ ლეგიტიმურად მიიჩნია სხვისი სისუსტით სარგებლის მოტანა გარიგების საშუალებით. სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს, გარიგება „სუსტი მხარის“ ნების მნიშვნელოვანი სისუსტით დაიდო თუ არა. სასამართლო პრაქტიკა იმ მიმართულებით უნდა წარიმართოს, რომ ადამიანი, როგორც სამართალშემოქმედების მიზანი, იყოს უპირატესი ყველა სხვა ფასეულობის მიმართ. განმარტება, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის ვალდებულებათა აშკარა დისპროპორციისას გარიგების გაბათილება ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, იმაზე მეტყველებს, რომ ფასეულობას, როგორც სამოქალაქო ბრუნვას, კერძო სამართლის სუბიექტზე მეტი მნიშვნელობა აქვს. ზნეობის ნორმის გამოყენებით გარიგების ბათილობა უნდა მოხდეს მაშინ, როცა ეს სამოქალაქო სამართლის სუბიექტს სჭირდება და არა მაშინ, როცა სამართალწარმოებას აწყობს ასე.
ერთგვარ გაურკვევლობის ვაკუუმს ქმნის ის ფაქტიც, რომ შესაძლოა მოხდეს გადახვევა „საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტიდან“. ამაში იგულისხმება ის, რომ კონკრეტულ სფეროში/შედარებით ვიწრო საზოგადოებაშიც შესაძლოა არსებობდეს მორალური წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“, მაგრამ მაინც შეიძლება გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ შეესაბამება კონკრეტულ სოციალურ წრეში მიღებულ ეთიკას. ამავდროულად, გარიგების ამორალურობა დამოკიდებულია სუბიექტთა სტატუსზე, მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე. მაგალითად, თუ მოსწავლის სტატუსის მქონე პირი აჩუქებს სკოლის მასწავლებელს საჩუქარს, ეს „მოსამართლემ შეიძლება ანტიზნეობრივად ჩათვალოს არა იმიტომ, რომ საჩუქრის მირთმევაა საზოგადოდ ამორალური, არამედ იმიტომ, რომ პედაგოგის ეთიკა თვლის ამას დაუშვებლად“. შესაბამისად, პირს ყოველთვის ვერ ექნება მოლოდინი, რომ მისი სამართლებრივი ურთიერთობის ბედი საყოველთაოდ მიღებული მორალური წესებით წარიმართება. ეს მას მეტი წინდახედულობის საჭიროებას უქმნის და კონტრაჰენტთა ურთიერთობის ბედს მეტად მერყევს ხდის.
ამრიგად, წინამდებარე სტატიაში არსებული მსჯელობიდან შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა: მნიშვნელოვანია ზნეობის ცნებისა და მახასიათებლების მაღალ დონეზე ცოდნა, რათა კონკრეტულ საქმეში მოსამართლემ გარიგების მხარე დაიხსნას ვალდებულებისგან, რომელიც გადაცილებულია ზნეობის ფარგლებს. ზნეობის ნორმები და სამართალი მნიშვნელოვან კავშირს ქმნიან, ავსებენ და აღმოფხვრიან ერთმანეთის სისუსტეებს. უამრავ სიკეთესთან ერთად მორალური ნორმების აბსტრაქტულმა ხასიათა ნეგატიური შედეგებიც მოიტანა. ერთ–ერთია ნების ავტონომიის გადამეტებული ხელყოფაა, ამიტომ სამართალწარმოება იმ მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ თუ გარიგების მხარეებს არ აქვთ პრობლემა მორალური წესების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგების შედეგებთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება ზიანს არ აყენებს სხვა მესამე პირებს, საზოგადოებაში დამკვიდრებულმა შეხედულებამ (ზნეობის წესები) გავლენა არ იქონიოს პირთა კერძო ავტონომიით დადებულ გარიგებათა სამართლებრივ ბედზე. მოსამართლეთა სიმრავლის გამო, რომლებიც განსხვავებულ განმარტებებს იძლევიან, რთულია პირმა წინასწარ განსაზღვროს თუ რომელი მათგანის განმარტება უნდა გაითვალისწინოს ზნეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, სამართალმა პირი, რომლის გონივრული განსჯის უუნარობითაც ამორალურად ისარგებლა კონტრაჰენტმა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ხარჯზე არ დატოვოს მძიმე მდგომარეობაში და ბოლოს, საყოველთაოდ მიღებული ზნეობა უკან იხევს კონკრეტულ ურთოერთობებში ჩამოყალიბებულის მიმართ, რაც გარიგების სამართლებრივ ბედს მეტად მერყევს ხდის, რადგან წინდახედულობის მაღალ ხარისხს მოითხოვს.
ჯამში, საბოლოო დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სსკ–ის 54–ე მუხლში განმტკიცებულმა ზნეობის ნორმებმა დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც მოიტანა. შეფასების საგანია ღირს თუ არა ყოველივე დადებითი განხილული უარყოფითი შედეგების ფასად. პოზიტიურად შეფასდებოდა ის, თუ კანონმდებელი გაითვალისწინებდა სასამართლო განმარტებებს და გარკვეული დონის რეგლამენტაციას მოახდენდა იმ თავისებურებებისა, რომლითაც ხასიათდება მორალი. მაგალითად, იმის, რომ კონკრეტული სტატუსის მქონე პირთა ურთიერთობებში უპირატესობით სარგებლობს მათ შორის დამკვიდრებული სპეციფიკური მორალური/ეთიკური ნორმები, ვიდრე საზოგადოდ აღიარებული მორალი. ამით მეტად მყარი საფუძველი შეექმნება სამართლის სუბიექტთა სამომავლო გარიგებებს.
გამოყენებული ლიტერატურა და სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება:
ხუბუა გ., სამართლის თეორია, თბილისი, 2015;
Moka-Mubelo W., Reconciling Law and Horality in human Rights Discourse: Beyond the Habermasian Account of Human Rights, a dissertation, Bosston College, 2015;
ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017;
ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011;
ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2016, სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ხელმისაწვდომია <http://press.tsu.ge/data/image_db_innova/disertaciebi_samartali/sergi_jorbenadze.pdf>;
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014;
ღვინაშვილი გ., იძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებებისგან, თბილისი, 2019, სამაგისტრო ნაშრომი, ხელმისაწვდომია
<https://openscience.ge/bitstream/1/1028/1/samagistro%20gviniashvili.pdf>;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 01 მარტის № ას–15–15–2016 განჩინება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის № 2/13966–12 გადაწყვეტილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის № 2ბ/4123–12 გადაწყვეტილება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის № ას–664–635–2016 გადაწყვეტილება;
ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტი – გიორგი ყველიაშვილი.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა