კონფიდენციალურობა  ციფრულ ეპოქაში1037 2022.02.22
კონფიდენციალურობა ციფრულ ეპოქაში

მსოფლიო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ციფრულ სამყაროზე. ასეთი ცვლილებების ფონზე, ტექნოლოგიური განვითარების ტემპი და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფორმები თითოეულ ჩვენგანზე ყოველდღიურად ახდენს გავლენას სხვადასხვა სახით. ცოტა ხნის წინათ გადაიხედა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჩარჩო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ევროპა მსოფლიოში მონაცემთა დაცვის წინა ხაზზე დგას. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის სტანდარტები ეფუძნება ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციას, ევროკავშირის ინსტრუმენტებს - მათ შორის, მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასა და მონაცემთა დაცვის დირექტივას პოლიციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ორგანოებისათვის - ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ გაატარეს მონაცემთა დაცვის ფართო და ზოგ შემთხვევაში, კომპლექსური ღონისძიებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფიზიკურ პირებსა და ბიზნესზე და ფართო სარგებელი მოუტანა მათ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის პატივისცემის უფლების ნაწილია.  დღესდღეობით, ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტია მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელსაც აქვს სავალდებულო ძალა. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მონაცემთა დაცვა აღიარებულია დამოუკიდებელ ფუნდამენტურ უფლებად. ევროკავშირის კანონმდებლობაში მონაცემთა დაცვა პირველად მონაცემთა დაცვის დირექტივით დარეგულირდა 1995 წელს. მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან ერთად, ევროკავშირმა მიიღო კანონმდებლობა სახელმწიფო ორგანოების მიერ მონაცემთა დაცვის დამუშავებაზე სამართლის დასაცავად.  იგი ადგენს მონაცემთა დაცვის წესებსა და პრინციპებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, რომლის მიზანია დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, დადგენა, სისხლისსამართლებრივი დევნა, ან სასჯელის აღსრულება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თითოეული ოპერაცია სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ყველა სახის პერსონალურ მონაცემს და დამუშავებას, პირად ცხოვრებასთან კავშირის ან მასზე გავლენის მიუხედავად. პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლოა არღვევდეს პირადი ცხოვრების უფლებასაც.  

         მეორე მხრივ, ნებისმიერ ოპერაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას უკავშირდება, შეიძლება მოხვდეს მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი წესების მოქმედების სფეროში და ამოქმედდეს პერსონალური დაცვის უფლება. მაგალითად, როდესაც დამსაქმებელი უბრალოდ აღრიცხავს ინფორმაციას დასაქმებულთა ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ, ეს პირად ცხოვრებაში ჩარევად ვერ მიიჩნევა, მაგრამ ჩარევის მტკიცება შესაძლებელია, თუ იგი დასაქმებულის პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირს გადასცემს. დამსაქმებელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს მონაცემთა დაცვის წესებს, ვინაიდან დასაქმებულებზე ინფორმაციის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავებაა. 2013-2014 წლებში მიღებული რეზოლუციები მასობრივი თვალთვალის უარყოფით გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს სახელმწიფოების პასუხისმგებლობას სადაზვერვო ორგანოების უფლებამოსილებათა შეზღუდვის მხრივ, ხოლო გაეროს ბოლოდროინდელ რეზოლუციებში ასახულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე დებატების ძირითადი განვითარება. კერძოდ, 2016 და 2017 წლების რეზოლუციები ადასტურებს სადაზვერვო უწყებათა უფლებამოსილების შეზღუდვის საჭიროებას და გმობს მასობრივ თვალთვალს. პერსონალურ მონაცემთა დაცვა მიეკუთვნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს. მე-8 მუხლი ადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპონდენციის პატივისცემის უფლებას და  განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია ამ უფლების შეზღუდვა. ევროსასამართლოს არაერთი საქმე აქვს განხილული მონაცემთა დაცვის საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა: კომუნიკაციაზე მიყურადება, თვალთვალის (როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან) სხვადასხვა ფორმა და საჯარო უწყებების მიერ პერსონალურ მონაცემთა შენახვისგან დაცვა. პირადი ცხოვრების პატივისცემა არ არის აბსოლუტური უფლება, ვინაიდან მისმა განხორციელებამ შეიძლება დააზიანოს სხვა უფლებები (მაგ.: გამოხატვისა და ინფორმაციაზე წვდომის უფლებები) და პირიქით. ამრიგად, სასამართლო ესწრაფვის ბალანსის დაცვას იმ უფლებებს შორის, რომლებსაც შეეხება კონკრეტული საქმე. მისი განმარტებით, კონვენციის მე-8მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს თავშეკავებას ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს კონვენციით დაცული უფლება; ასევე, გარკვეული გარემოებებისას, მათ აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, პატივი სცენ პირად და ოჯახურ ცხოვრებას.  კონვენცია ვრცელდება ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე - როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის, მათ შორის, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველი ორგანოების მიერ. იგი ადამიანის უფლებებს იცავს პესონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დარღვევებისგან და, ამავდროულად, მიზნად ისახავს მათი საერთაშორისო გადაცემის რეგულირებას. 

        კონვენციით გათვალისწინებული პრინციპები შეეხება მონაცემთა სამართლიან და კანონიერ შეგროვებასა და ავტომატურ დამუშავებას კონკრეტული ლეგიტიმური მიზნებით, რაც ნიშნავს, რომ დაუშვებელია მათი გამოყენება სხვაგვარად, ან შენახვა იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე საჭიროა ამ მიზნების მისაღწევად. დებულებები შეეხება მონაცემთა ხარისხსაც. კერძოდ, ისინი უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური, ზომიერი (პროპორციული) და ზუსტი.  კონვენცია, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების გარანტიებისა და უსაფრთხოების ვალდებულებებს, კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა (როგორიცაა: პიროვნების რასობრივი კუთვნილება, პოლიტიკური შეხედულებები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგია, სქესობრივი ცხოვრება და ნასამართლობა) დამუშავებას დაცვის სათანადო სამართლებრივი მექანიზმის გარეშე.  ასევე, იგი იცავს ფიზიკური პირის უფლებას, იცოდეს, თუ რა ინფორმაცია ინახება მასზე და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი შესწორება. კონვენციით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს აღმატებული ინტერესები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება ან თავდაცვა.  აღსანიშნავია, რომ 108-ე კონვენციას შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქვს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებშიც ის რატიფიცირებულია. 2016 წელს, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მიხედვით, მოხდა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მოდერნიზება. შედეგად, კანონმდებლობას მიენიჭა ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის შესაძლებლობა ციფრული ეპოქის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების კონტექსტში. GDPR ითვალისწინებს და ავითარებს მონაცემთა სუბიექტის ძირითად უფლებებსა და პრინციპებს, რაც მოცემულია მონაცემთა დაცვის დირექტივაში. მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია პირდაპირ ვრცელდება, მაგრამ მასთან სრული შესაბამისობისათვის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განაახლონ მონაცემთა დაცვის შიდასახელმწიფოებრივი კანონები. მონაცემთა დაცვის სპეციალური წესების შექმნა საჭირო იყო ელექტრონული კომუნიკაციის სექტორშიც. ინტერნეტის, ასევე, ფიქსირებული და მობილური ტელეფონების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალობის უფლების დაცვა. დირექტივა რომელიც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში დირექტივა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, ადგენს წესებს ამ ქსელებში პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების, მის დარღვევაზე შეტყობინებისა და კომუნიკაციების კონფიდენციალობის შესახებ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს და მიიღონ ზომები ამგვარ მონაცემთა განადგურების, დაკარგვის ან შემთხვევით დაზიანების თავიდან ასაცილებლად. 

      2017 წლის იანვარში კომისიამ გამოაქვეყნა საკანონმდებლო წინადადება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში პირადი ცხოვრების პატივისცემისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება არ არის აბსოლუტური; მისი შეზღუდვა ნებადართულია საჯარო ინტერესის საფუძველზე, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. პირადი ცხოვრების პატივისცემისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებების შეზღუდვის პირობები წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლსა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 52-ე მუხლის პირველ პუნქტში. ევროპის საბჭოს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონიერი ჩარევაა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში და ის დაშვებულია, თუ დამუშავება:

• ხორციელდება კანონის შესაბამისად;

• კანონიერ მიზანს ემსახურება;

• პატივს სცემს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსს;

• აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერი მიზნის მისაღწევად და მისი პროპორციულია. სამართლის თანახმად, ჩარევა კანონის შესაბამისია, თუ ეყრდნობა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს გაკრვეულ სტანდარტებს. კერძოდ, კანონი უნდა იყოს „ხელმისაწვდომი შესაბამისი პირებისათვის და შეიძლებოდეს მისი შედეგების განჭვრეტა.“  წესი განჭვრეტადია, თუ „ის ფორმულირებულია საკმარისი სიზუსტით, რათა ნებისმიერ პირს ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, დაარეგულიროს საკუთარი ქცევა.“ ამასთან, „ამ მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი სიზუსტის ხარისხი დამოკიდებულია განსახილველ საკითხზე. მაგალითები: საქმეში Rotaru v. Romania განმცხადებელი აცხადებდა, რომ დაირღვა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, რადგან რუმინეთის სადაზვერვო სამსახურები ინახავდნენ და იყენებდნენ დოკუმენტს, რომელიც მის პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა. 

          ECtHR-მა დაადგინა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა იძლეოდა იმ ინფორმაციის შემცველი საიდუმლო ფაილების შეგროვების, ჩაწერისა და დაარქივების შესაძლებლობას, რომელიც გავლენას ახდენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თუმცა იგი არ განსაზღვრავდა რაიმე შეზღუდვას ამ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე, რაც შესაბამის ორგანოს აძლევდა შეხედულებისამებრ მოქმედების საშუალებას. მაგალითად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ ადგენდა, კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია უნდა დამუშავებულიყო, რომელი კატეგორიის ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა თვალთვალის ზომები, რა პირობებში შეიძლებოდა ასეთი ზომების მიღება და როგორი პროცედურა უნდა დაცულიყო. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ აკმაყოფილებდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრულ განჭვრეტადობის მოთხოვნას და დაადგინა მისი დარღვევა. საქმეში Taylor-Sabori v. the United Kingdom განმცხადებელი იყო პოლიციის თვალთვალის ქვეშ. მისი პეიჯერის „კლონის“ გამოყენებით, პოლიციამ მოიპოვა წვდომა განმცხადებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე. იგი დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს მონაწილეობა შეთანხმებაში ნარკოტიკული საშუალების მომარაგების შესახებ. სასამართლოზე პროკურატურის მიერ განმცხადებლის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებათა ნაწილი შედგებოდა პეიჯერით გაგზავნილი შეტყობინებებისგან, რომელიც გაშიფრა პოლიციამ. განმცხადებლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ბრიტანულ კანონმდებლობაში არ არსებობდა დებულება, რომელიც დაარეგულირებდა პირადი სატელეკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით კომუნიკაციის ფარულ მოსმენას. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებაში ჩარევა არ იყო „კანონის შესაბამისი“. 

          ECtHR-მა დაასკვნა, რომ ეს არღვევდა კონვენციის მე-8 მუხლს.  კანონიერი მიზანი შეიძლება იყოს დასახელებულ საჯარო ინტერესებს შორის ერთ-ერთი, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონიერი მიზნები, რომლებიც ამართლებს ჩარევას, მოიცავს შემდეგ საკითხებს: საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა; საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან დანაშაულის თავიდან აცილება; ჯანმრთელობის, ზნეობისა თუ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს კანონი უნდა არეგულირებდეს. ეს მოთხოვნა გულისხმობს, რომ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ხელმისაწვდომია, განჭვრეტადი და საკმარისი სიცხადით ფორმულირებული, რაც ფიზიკურ პირებს აძლევს საკუთარი მოვალეობების გააზრებისა და ქმედებათა დარეგულირების შესაძლებლობას. სამართლებრივი საფუძველი მკაფიოდ უნდა განმარტავდეს შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების მასშტაბსა და ფორმას, რაც ფიზიკურ პირებს იცავს თვითნებური ჩარევისგან. ქარტიის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დოკუმენტით აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე შეზღუდვების  დაწესება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ამასთან, ის უნდა შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს.  

          ქარტიით გათვალისწინებულ უფლებებზე დაწესებული შეზღუდვის გასამართლებლად, ის რეალურად უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო ინტერესის სტანდარტს, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება ხშირად ურთიერთქმედებს სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან.  მონაცემთა დაცვის უფლება ხშირად ურთიერთქმედებს სხვა უფლებებთან (მაგ: გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უფლება). აღნიშნული ურთიერთკავშირი ხშირად არაერთმნიშვნელოვანია: არსებობს სიტუაციები, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება უპირისპირდება კონკრეტულ უფლებას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში იგი ეფექტიანად უზრუნველყოფს ამავე უფლების პატივისცემას. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლების შემთხვევაში, პროფესიული საიდუმლოება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ნაწილია. სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც გამოიყენება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებაზე დაწესებული კანონიერი შეზღუდვის შესაფასებლად. როდესაც სასწორზე დევს სხვადასხვა უფლება, სასამართლოებმა უნდა დააბალანსონ და დაარეგულირონ ისინი.  მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების გაწონასწორება გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან. გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქარტიის მე-11 მუხლით (გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება) და მოიცავს „პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე, საზღვრების მიუხედავად.“     ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ქარტიის მე-11 მუხლის, ისე კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე, იცავს ინფორმაციის არა მხოლოდ გაზიარების, არამედ მიღების უფლებასაც. გამოხატვის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს ქარტიის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის 85-ე მუხლით: „პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.“ ამ მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება შეუთავსონ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას. კერძოდ, ჟურნალისტური, აკადემიური, სახელოვნებო ან ლიტერატურული გამოხატვისთვის, საჭიროა გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების დადგენა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის კონკრეტულ თავებთან მიმართებით. ეს აუცილებელია პირადი ცხოვრების უფლების დასაბალანსებლად გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან.  პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიცავს უსაფრთხოების რისკებს, ვინაიდან დარღვეულმა უსაფრთხოებამ შეიძლება გამოიწვიოს დამუშავებული მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურება, დაკარგვა, შეცვლა, არაავტორიზებული წვდომა ან გამჟღავნება. 

          ევროპის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირებს მოეთხოვებათ სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება მონაცემთა დამუშავების ოპერაციებში არაავტორიზებული ჩარევის ასარიდებლად. ეს ვალდებულება ეხებათ სოციალური ქსელების პროვაიდერებსაც, რომლებზეც ვრცელდება მონაცემთა დაცვის ევროპული წესები. 

  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, სამართლებრივ სახელმწიფოში, ინდივიდის უფლებები უზენაეს ღირებულებით კატეგორიაში არის აყვანილი. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს საზოგადოების წევრთა უფლებების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფა. 

ამჟამად, პირადი ცხოვრების დაცვის საკითხი თავისი აქტუალობის მწვერვალზეა. ამის დასადასტურებლად საკმარისია იმ ტექნოლოგიური მიღწევების გააზრება, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებებით, აქტიურად იყვნენ ინტეგრირებულნი საზოგადოებაში და მეტად აითვისონ ტექნოლოგიები უკეთესი ცხოვრებისეული და სოციალური პირობების შექმნის მიზნით. გარდა ამისა, სოციალური ურთიერთობების გამძაფრებული სიხშირე დიდ როლს თამაშობს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევასა და იმ გამოწვევების ფორმირებაში, რაც დღეს სახეზეა როგორც თითოეული ინდივიდის, ისე სახელმწიფოს წინაშე. 

ამჟამად, ამ უფლების წინაშე არსებული გამოწვევები მეტად მრავალფეროვანი და კომპლექსურია, რაც მისი დაცვის აუცილებლობას მეტ მნიშვნელობას სძენს. 

 ზოგადად, ინფორმაციის გადაცემა და ურთიერთგაცვლა, სადაც პერსონალური მონაცემებიც ფიგურირებს, ყველაზე ხშირი ინტენსივობით დღეს ხორციელდება. აღნიშნული პრაქტიკა წინ წამოწევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას, რისი უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს შესაბამისი უფლებადაცვითი ნორმების შემუშავებითა და არსებული რეგულაციების დახვეწით. 

ზოგადი მსჯელობის საფუძველზე, უფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე შესაძლოა უკავშირდებოდეს ადამიანის სხვა უფლებებსაც. ამდენად, თემატიკის აქტუალობას განაპირობებს ის რეალობა, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის და ამ ინფორმაციის გამოყენების მიმართ არსებობს საზოგადოებაში. 

ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ის თავსებურებები, რაც ახლავს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და დამუშავებას, შესაძლოა იწვევდეს მის ცალკე ფუნდამენტურ უფლებად აღიარების აუცილებლობას სახელმწიფოს ძირითადი კანონით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო 2018 წლის გამოცემა

  • მონაცემთა დაცვის ევროპული სამართალი

     

ავტორი:  გიორგი კობალაძე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტი

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე