ახალი გამოწვევა საქართველოს საპარლამენტო სისტემაში - ბიკამერალიზმი1495 2022.02.22
ახალი გამოწვევა საქართველოს საპარლამენტო სისტემაში - ბიკამერალიზმი

 

მსოფლიო საზოგადოება არაერთხელ დამდგარა დიდი არჩევანის წინაშე, კერძოდ ამ დილემად შეგვიძლია მივიჩნიოთ ორ და ერთ პალატიან პარლამენტთა შორის უპირატესობის განსაზღვრა.

თანამედროვე სახელმწიფოებში პარლამენტთა ნაწილი მონოკამერულია (ერთი პალატისგან შედგება) ნაწილი კი – ბიკამერული. ბიკამერალიზმი ჩვენს რეალობაში ფართოდ გავრცელებული საპარლამენტო სისტემაა, რომელშიც წარმომადგენლობითი ორგანო შედგება ორი პალატისგან. სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტის პალატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სახელწოდებით. მაგალითად,  ზედა პალატა ხშირად იწოდება სენატად, საბჭოდ და ა.შ. ქვედა პალატის სახელწოდებებიდან კი ყველაზე გავრცელებულია წარმომადგენლობითი პალატა, ეროვნული კრება/ასამბლეა/საბჭო, დეპუტატთა პალატა და სხვა. 

ზედა პალატა სახელმწიფოში არსებულ მრავალ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელთაც განსხვავებული რელიგიური, იდეოლოგიური, ენობრივი თუ რასობრივი ინტერესები გააჩნიათ. საპარლამენტო პალატაში მათი თანამშრომლობა კი მიდის კონსესუსის დემოკრატიამდე. 

ქვედა პალატა, როგორც წესი, შედგება პოლიტიკური წარმომადგენლობისგან და ის პარტიების საქმიანობის ასპარეზია. ზედა პალატა კი ერთგვარი „მუხრუჭია“ იმ შემთხვევაში, თუ ქვედა პალატის უპასუხისმგებლო საპარლამენტო უმრავლესობა ხელში ჩაიგდებს კონტროლს. 

ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ზედა პალატა ქვედას საპირწონეა დაბალანსებული და ხარისხიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამასთან, მას გააჩნია საკონტროლო-საზედამხედველო ფუნქციაც.

უმეტეს შემთხვევაში, ზედა პალატა არ ექვემდებარება ქვეყნის მეთაურის მიერ დათხოვნას, რაც ხელს უწყობს პარლამენტის მუშაობის უწყვეტობას და ითვლება მის ძლიერ მხარედ.

ბიკამერალიზმი პატარა ქვეყნებში იმ შემთხვევაში ითვლება ეფექტურად, თუ ზედა პალატაში რეალურადაა შესაძლებელი ქვეყნის მთელი მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენა. ორპალატიანობის დატვირთვა აზრს კარგავს მაშინ, როცა რაიმე ობიექტური გარემოებებით (მაგალითად, ეთნიკური კონფლიქტების გამო) ეს ვერ ხერხდება.

პარლამენტარიზმი იცნობს ზედა პალატების ფორმირების სრულიად განსხვავებულ წესებს. ზოგიერთ ქვეყანაში მათი არჩევა ხდება პირდაპირი არჩევნებით (არგენტინა, ბრაზილია), არაპირდაპირი წესით (საფრანგეთი), შერეული სისტემით(ესპანეთი)... ზოგჯერ, პალატის შემადგენლობის გარკვეული ნაწილი ინიშნება უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ (სახელმწიფოს მეთაურის ან მთავრობის მეთაურის მიერ).

ზოგადად, პარლამენტის პალატების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობასა და დემოგრაფიულ მრავალრიცხოვნებაზე. ბიკამერალიზმი ყველაზე მეტად პერსპექტიულია ტერიტორიულად დიდ, ფედერალური მოწყობის სახელმწიფოებში, ვინაიდან პარლამენტის ზედა პალატა ორიენტირებულია რეგიონულ ინტერესებზე და ამიტომაც მის შემადგენლობას ქმნიან სახელმწიფოში არსებული თითოეული ფედერაციის (ან კონფედერაციის) სუბიექტის წარმომადგენლები - პლურალისტული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წევრები. ისინი აბალანსებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას.

დღეს საქართველოში მოქმედებს ერთპალატიანი პარლამენტი, თუმცა, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 26 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო პარლამენტის არჩევის წესებთან დაკავშირებით. 

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“

უფრო კონკრეტულად, 2024 წლიდან უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრით დაკომპლექტდება. მოცემული ცვლილებების თანახმად: 2024 წლიდან პარლამენტი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა; საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი; ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ დეპუტატებს მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება შეეძლებათ; პარლამენტში ფრაქციას ვერ შექმნის 7-ზე ნაკლები დეპუტატი (ზემოხსენებულ ცვლილებამდე რაოდენობის ქვედა ზღვარი 6 დეპუტატი იყო); 5%-იანი ბარიერი ძალაში დარჩება; გაუნაწილებელ მანდატებს, ანუ იმ პარტიების მიერ მიღებულ ხმებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მიიღებს ყველაზე მეტი ხმის მქონე პოლიტიკური პარტია. მაგრამ აქვე დადგენილია ბონუსის ზედა ზღვარი, რომლის თანახმადაც გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ პარტიის მის მიერ მიღებული ხმების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გუნაწილებელი მანდატები პროპორციულად სხვა ბარიერგადალახულ პარტიებზე განაწილდება.

საქართველოში პარლამენტის ორპალატიანი სისტემის არსებობას, რასაკვირველია, აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. 

დადებითად შესაძლოა შეფასდეს ის გარემოებები, რომ ორპალატიან საპარლამენტო სისტემაში: 

  • უზრუნველყოფილია ტერიტორიული წარმომადგენლობა, რაც ხელს უწყობს რეგიონალიზმისა და ფედერაციულობის პრინციპის რეალიზებას;  მოსახლეობის მეტი ჩართულობა სახელმწიფოს მართვაში ბიკამერალური პარლამენტის არსებობის უმთავრესი მიზანია. 

  • საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებისას ორპალატიანობა ამცირებს ნაჩქარევი/დაუბალანსებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ზრდის საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხს; 

  • უზრუნველყოფილია პოლიტიკური ძალების ერთგვარი როტაცია პარლამენტში, რაც, როგორც წესი, ზედა და ქვედა პალატების უფლებამოსილებათა განსხვავებული ვადებით არჩევის წესში გამოიხატება.  

უარყოფითი მხარეები კი დღევანდელ რეალობაში შემდეგნაირად უნდა შეფასდეს: 1) ბიკამერალური პარლამენტის ხარჯიანობა. ორივე პალატას ცალ-ცალკე ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსი და საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა ესაჭიროება. ეს კი საკმაოდ დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამატებითი ხარჯების გაწევა მიზანშეწონილი იქნება, ვინაიდან ის იმ მიზნების პროპორციულია, რომლებიც გულისხმობენ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფას და საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერებას. 2) ორპალატიანი პარლამენტის ერთ-ერთ სისუსტედ აგრეთვე უნდა ჩაითვალოს საკანონმდებლო პროცესის მოუქნელობა. თუკი ადგილი ექნება პარლამენტის პალატებს შორის აზრთა სხვადასხვაობას, საკანონმდებლო პროცესი შეფერხდება. ეს კი საკანონმდებლო სფეროში არასტაბილურ ვითარებას შექმნის.

ბიკამერალიზმის არსის ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ორპალატიან პარლამენტს შეუძლია გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა, ვიდრე ზიანის. ბიკამერალიზმის უარყოფით მხარეზე საუბარი მეტად განზოგადებულია, ვინაიდან მოცემული სისტემა სხვადასხვა ქვეყნებისთვის განსხვავებული შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ორპალატიანი პარლამენტის დამკვიდრება საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხის ზრდისა და მსოფლიო მასშტაბით განვითარების დონის ამაღლებისთვის. 


 

გამოყენებული ლიტერატურა:

1) “საქართველოს კონსტიტუცია”, მუხლი 37, პუნქტი 1. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

2) „ბიკამერალიზმის დილემები“; კ. ყურაშვილი, კ. ჩოკორაია, ა. ბუჩუკური; კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი; მეცხრე გამოცემა; ბათუმი; 2011.  

3) „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“; ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე; გამომცემლობა „მერიდიანი“; თბილისი 2017; გვ.260-264.

4) „კონსტიტუციური სამართალი“; ი. კობახიძე; თბილისი 2020; გვ.130-132.

5) “Bicameral system”; Encyclopaedia Britannica. https://www.britannica.com/topic/bicameral-system 

 

 

სტატიის ავტორი: მარიამ თურქაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე