ცელსუსი იუსტინიანეს დიგესტებში აღნიშნავს: ,,სამართალი არის სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება’’ - რომაელის ეს სიტყვები იმ სახელმწიფოში, სადაც სამართალი სამართლიანობის შვილად და, იმავდროულად, მის სინონიმად განიხილებოდა, თავის დროზე დიდ ჭეშმარიტებად აღიარეს, მაგრამ საკითხავია, დღეს თუ არის შესაძლებელი აღნიშნულის ესოდენ ხმამაღლა გაცხადება.
სამართალი და სამართლიანობა - სინონიმები თუ ორი ურთიერთგამიჯნული ცნება, გოგრა და კვახი თუ მსხალი და პამიდორი - დღემდე განუსაზღვრელია; განუსაზღვრელია, რადგან არ არსებობს არცერთი მათგანის ზუსტი, უნივერსალური დეფინიცია, რითაც აღნიშნულნი ნამდვილად ჰგვანან ერთმანეთს. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სამართლიანობის დაახლოებით 62 განსაზღვრება არსებობს და არც სამართლის შემთხვევაშია სახარბიელო მდგომარეობა. არსებობს არაერთი თეორია თუ სახე როგორც სამართლის, ისე სამართლიანობისა. ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც კია, დაახ. 2500 წლის განმავლობაში კაცობრიობამ, რომელშიც პეროდულად გენიოსებიც გამოერეოდნენ, ვერ შეძლო მისი არსებობისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ცნებების უნიფიცირება, მაგრამ აქ უნდა დავსვათ დიდი ,,მაგრამ’’, რადგან პრობლემა სწორედ დროისა და სივრცის, თაობათა და აზროვნების ცვალებადობაა, ვინაიდან სამართალიცა და სამართლიანობაც ისტორიული და კულტურული ფენომენია, ხოლო როგორც ნიცშე იტყოდა: ,,შეიძლება მხოლოდ იმის დეფინიცია, რასაც ისტორია არ აქვს’’.
ზემოაღნიშნულით თითქოს უკვე ნათელი და გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ვერ შევძლებთ სამართლისა და სამართლიანობის უნიფიცირებას, თუმცა ეს მაინც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უგულებელვყოთ ყოველი თეორია, არ ვიმსჯელოთ თითოეული მათგანის ავ-კარგიანობაზე, პირიქით ეს აუცილებელიც კია, ვინაიდან პირების ინტერესთა, უფლებათა თუ მოვალეობათა კოლიზია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელთა რეგულირებაც სწორედ სამართლისა და სამართლიანობის ამოცანაა.
სანამ უშუალოდ მიმოვიხილავდეთ სამართალსა და სამართლიანობას როგორც დამოუკიდებელ, ისე საერთო კონტექსტში, გავიზიაროთ დიგესტებში გამოთქმული აზრი: ,,სამართლის შემსწავლელს, უპირველეს ყოვლისა, იმის ცოდნა მართებს, თუ საიდან მომდინარეობს სამართლის სახელწოდება. სახელი ,,სამართალს ( ius) ,,სამართლიანობისაგან’’ (iustitia) ეწოდა.’’- და აი, პირველი კვეთა სამართლისა და სამართლიანობისა.
არისტოტელე წერს: ,,სამართლიანობა არის პოზიტიური სამართლის შეფასებითი მასშტაბი’’, მაშასადამე, სამართლი გაჩენის დღიდან ებსახურება ან უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის დაცვას, მაგრამ საკითხავია, თუ როგორია რეალობა. მე რომ მკითხოთ, არცერთი ეპოქის სამართლის სისტემა სრულყოფილად არ ემსახურება სამართლიანობის იდეას, მეტიც გვაქვს პირწმინდად უსამართლო სამართლის პრეცედენტებიც, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში პოზიტიური სამართლით დაკანონებული უსამართლობა. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ სამართალიცა და სამართლიანობაც შეფასებითია, შესაბამისად, ის რაც დღეს უსამართლობად გვესახება, უწინ არა მხოლოდ კანონმდებლის, არამედ ხალხის ღრმა რწმენითაც სამართლიანობად განიხილებოდა, მაგალითად, დღეს ოჯახში ძალადობა, მათ შორის ცოლის მიმართ, დანაშაულად და შესაბამისად, სამართლიანობის უხეშ დარღვევად მიიჩნევა, თუმცა უწინ განსხვავებული აზროვნების ადამიანებისთვის აღნიშნული დასაშვები და ხშირად სამართლიანობის გამომხატველი ქმედება იყო, რასაც ასახავს ნაპოლეონის 1804 წლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ქმრის მოღალატე ცოლი დამნაშავე იყო და სიკვდილით უნდა დაესაჯათ მაშინ, როცა მოღალატე ქმარი ყოველგვარი სანქციისგან თავისუფალდებოდა.
თუკი გადავალთ უშუალოდ სამართლიანობის განხილვაზე, უნდა გამოვყოთ აღნიშნული ცნების ობიექტური და სუბიექტური გაგება. პირველ შემთხვევაში სამარლიანობა საზოგადოებაში მიზანშეწონილად მიჩნეულ ქმედებებსა და წესრიგს გულისხმობს, ხოლო სუბიექტური თვალსაზრისით ყოველი ადამიანისათვის დამახასიათებელ სიქველეს. აქვე უნდა ვახსენოთ სამართლიანობის არისტოტელესეული კლასიფიკაცია. იგი თავის ცნობილ ნაშრომში ,,ნიკომაქეს ეთიკა’’ ერთმანეთისაგან მიჯნავს აბსტრაქტულ და პოლიტიკურ სამართლიანობას. პოლიტიკური სამართლიანობა მოიცავს სოციალური თანაცხოვრებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პრინციპებს. აბსტრაქტული სამართლიანობა კი დაკავშირებულია საერთო სიკეთის გაყოფის პრინციპებთან და ორი სახით არის წარმოდგენილი: განაწილებითი სამართლიანობა (iustitia distributiva) და გათანაბრებითი სამართლიანობა (iustitia commutativa). პირველ შემთხვევაში თანასწორობას გეომეტრიული პროპორციულობა აყალიბებს - განაწილებითი სამართლიანობა ,,არის სიკეთის განაწილება მოქალაქეთა ღირსების მიხედვით, ინდივიდთა თავისებურებების შესაბამისად’’ (არისტოტელე), ხოლო გათანაბრებითი სამართლიანობის შემთხვევაში არითმეტიკული პროპორციულობა - თუ ორი ტოლია, შესაბამისად, მესამეც ტოლია. მართალია სამართლიანობის გაგება გათანაბრებითისა და განაწილებითის განსხვავებული და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც კია, მაგრამ, ვფიქრობ, ამავდროულად, ისინი ურთიერთშემავსებლის ფუნქციასაც ასრულებს, რაც კარგად ჩანს ფაქტობრივ რეალობაში, კერძოდ, თუკი ამა თუ იმ სიკეთის გამანაწილებელი სახელმწიფოა, მიზანშეწონილია მან ადამიანებს მათი ინტერესების, დამსახურებისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით რაოდენობრივად არათანაბრად გაუაწილოს იგი (სიკეთე) და ეს იყოს სამართლიანი (განაწილებითი სამართლიანობა) და იმავდროულად, თავისუფალ ბაზარზე ყველამ მიიღოს გაღებულის პროპორციულად (გათანაბრებითი სამართლიანობა). მაშასადამე, ყოფით ცხოვრებაში გათანაბრებითიც და განაწილებითი სამართლიაობაც თავის მხრივ და თავის სფეროში უპირატესი და ეფექტურია.
ყურადღების ღირსია სამართლიანობის, როგორც სოციალური, საგნობრივი ანუ ინდივიდუალური და ფორმალური გაგება. სოციალური სამართლიანობა მოიცავს თანაბარი შესაძლებლობების წახალისებას, სოციალური პრივილეგიების დაწესებას. იგი ზრუნვას საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებების დაძლევასა და განვითარებისთვის თანასწორი პირობების შექმნაზე. ფორმალური და საგნობრივი (ინდივიდუალური) სამართლიანობის ცნება გამოიყენება პოზიტიურ სამართალთან მიმართებით, კერძოდ, პირველი მათგანი აწესებს ნორმის ამბსტრაქტულობისა და ზოგადობის ვალდებბულებას, ხოლო საგნობრივი სამართლიანობა იმ უსამართლობათა თავიდან ასაცილებლად გამოიყენება, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მოჰყვეს ფორმალურ სამართლიანობას. გარკვეულ შემთხვევებში ინდივიდუალური სამართლიანობა გვეხმარება აბსტრაქტულ და მოუქნელ ნორმათა გამოყენებაში, თუმცა, იმავდროულად, დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან შესაძლებელია თავი იჩინოს კანონშემფარდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებამ ან არასასურველმა შემთხვევითობამ.
სამრთლიაობის შეცნობით დაინტერესების მაღალი ხარისხის შედეგია მისთვის მიძღვნილი მრავალი თეორიის არსებობა, მათ შორისაა: ანალიტიკური, რომელიც აანალიზებს სამართლიანობის ცნების ლოგიკურ სტრუქტურასა და ლინგვისტურ შინაარსს; ემპირიული, რომელიც ისტორიულად, ფსიქოლოგიურად და სოციოლოგიურად აანალიზებს სამართლიონობის შესახებ არსებულ საზოგადოებრივ შეხედულებებს და ამ შეხედულებების როლს საზოგადოების განვითარების პროცესში და ნორმატიული, რომელიც გარდა იმისა რომ აღწერს საზოგადოებრივ ღირებულებით წარმოდგენებს, ასევე დაკავებულია მათი შეფასებითაც. სამართლიანობის ნორმატიული თეორია, თავის მხრივ, იყოფა მატერიალურ (მისი მიზანია ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რა არის სამართლიანი და რა არა) და პროცედურულ (იგი აყალიბებს სამართლიანი გადაწყვეტილების, ასევე სამართლიანი სამართლის დადგენის წესებსა და პირობებს) თეორიებად. პროცედურულ თეორიაში გამოჰყოფენ სასამართლო და სახელშეკრულებო მოდელებს. სახელშეკრულებო მოდელი, რომლის თანამედროვე ფორმა სამართლიანობის არგუმენტაციული თეორიაა, ადგენს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფს კონსესუსს იმის შესახებ, თუ რა არის სამართლიანი და რა არა. რაც შეეხება პროცედურული თეორიის სასამართლო მოდელს, იგი ეხება პარტნიორთა კვალიფიკაციის, დამოუკიდებლობისა და მიუმხრობლობის პირობებს და ადგენს დავის შემთხვევაში გადაწყვეტილების მესამე, დამოუკიდებელი და კვალიფიციური მხარის მიერ მიღების ვალდებულებას.
სამართალსა და სამრთლიანობაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ თანასწორობაც, როგორც მათი ფუძემდებლური პრინციპი. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ვკითხულობთ: ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.’’ - აღნიშული ნორმიდან მკაფიოდ იკვეთება რეალობა, რომელშიც ადამიანები არა ერთმანეთის, არამედ მაქსიმუმ პოზიტიური სამართლის წინაშე შეიძლება იყვნენ თანასწორნი (ისიც ფორმალურ დონეზე), რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან რეალობაში, სადაც ორი იდენტური წყლის წვეთიც კი არ არსებობს, ვერ იარსებებს თანასწორობა ადამიანთა შორის, მისი პირდაპირი გაგებით. თუმცა ხშირად სწორედ უთანასწორობა არის რეალური თანასწორობის ტოლფასი, რომელსაც ესწრაფვის სამართლიანობა, მაგალითად, ის რომ ერთი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება შრომობს და მეტ კეთილდღეობას, სარგებელს ნახულობს იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც საწადელის მიღწევისთვის სათანადოდ არ ირჯება, ნორმალური, და სამართლიანია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა თითოეულს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების თანაბარი საშუალება აქვს.
ჭეშმარიტი თანასწორობის მიღწევა, მისი პირდაპირი გაგებით, თუ რატომ არის შეუძლებელი რეალურ ცხორებაში, ნათლად არის წარმოჩენილი როულზის თეორიაში. აღნიშნული თეორიის ფუძემდებელი, ჯონ როულზი, განმარტავს, რომ თანასწორობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ფიქციურ მდგომარეობაში, როცა ადამიანები საკუთარი პიროვნულობისგან ,,არცოდნის ფარდით იქნებიან გამიჯნულნი’’ ანუ მათ არ ეცოდინებათ საკუთარი გონებრივი თუ ფიზიკური მახასიათებლების, მათი სტატუსის შესახებ - ასე კი რეალურ ცხორებაში არ ხდება. სწორედ ამიტომ როულზი სამართლიანად მიიჩნევს საზოგადოების წევრთა შორის არსებულ უთანასწორობას, თუმცა იმ დაშვებით რომ თითოეულს განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების თანაბარი შანსები ჰქონდეთ და მხოლოდ მათ მონდომებაზე, ძალისხმევაზე იყოს დამოკიდებული მათივე წარმატება. როულზის ამგვარი გაგება სამართლიანობისა ნამდვილად მისაღებია, თუმცა, ვფიქრობ, გარკვეულწილად რეალობას დაშორებული, ვინაიდან სამყაროში, სადაც ჯერ კიდევ გასაქანი აქვს ნეპოტიზმს, სადაც ადამიანები ვერ ირჩევენ ოჯახებს, ეროვნებას, ხშირად საცხოვრებელ ადგილსაც კი, ვერ ექნებათ არა მხოლოდ თანაბარი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები, არამედ ამ შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი შანსებიც. სწორედ ამ, არც თუ ისე სამართლიანი რეალობის შედეგია ის, რომ საერთო ქონების მესამედი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1%-ის ხელშია.
როულზის თეორიასთან ერთად უნდა ვახსენოთ სამართლიანობის უტილიტარული გაგებაც. უტილიტარიზმის ფუძემდებლები, იერემია ბენტამი და ჯონ სტიურტ მილი, თეორიაში სამართლიანობის კრიტერიუმად ბედნიერების მაჩვენებელს განსაზღვრავენ და აყალიბებენ დებულებას - ,,მაქსიმალურად დიდი კეთილდღეობა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის’’- ერთი შეხედვით საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება ,,ბედნიერების გამრავლების’’ იდეა, ბედნიერება ხომ ადამიანის სასურველი მდგომარეობაა, თუმცა იგი იმდენად აბსტრაქტული ცნებაა, რომ ბევრი რამ ბუნდოვანი რჩება და თავისთავად ბადებს მრავალ შეკითხვას. პირველ რიგში საკითხავია, თუ როგორია თითოეული ადამიანის გაგება ბედნიერებისა - პატარა ბავშვს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ ერთი ფილა შოკოლადიო, მაშინ როცა 30 წლის სანდროსთვის ეს შეიძლება ერთი მილიონი დოლარი იყოს; საკითხავია ისიც, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ ბედნიერების გამრავლება - ვარიგოთ შოკოლადები, მილიონი დოლარები? ან რამდენად სამართლიან შედეგებამდე მიგვიყვანს ადამიანთა ბედნიერებაზე ზრუნვა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში - ნუთუ შეიძლება სამართლიანად მივიჩნიოთ ნაცისტების მიერ ჰოლოკოსტით ან XIX საუკუნის აშშ-ს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ამერიკელების მიერ ჰეგემონიით ,,განცდილი ბედნიერება’’. მაშასადამე, ვფიქრობ, თვითონ ცნება ,,ბენიერება’’ შეიძლება კარგია, მისაღები და სასურველია, მაგრამ სამართლიანობის შეფასებით მასშტაბად ხშირ შემთხვევაში ვერ გამოდგება.
სამართლიანობაზე, როგორც პოზიტიური სამართლის შეფასებით მასშტაბზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს სამართლის ეკონომიკური ანალიზი, რომელიც, თავის მხრივ, სამართლიანობის საიტერესო შეფასებას გვთავაზობს. სამართლის ეკონომიკური ანალიზისთვის სამართლიანია ის კანონი, რომელიც მაქსიმალურად ყაირათიანად ხარჯავს საზოგადოებრივ რესურსებს. მისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა ღირს კანონი, მაგალითად, თუ განვიხილავთ ქურდობას, ეკონომიკური ანალიზისთვის მიზანშეწონილი და სამართლიანი იქნება არა დამნაშავისთვის თავისუფლების აღკვეთა, არამედ მისთვის მოპარული ნივთის სამმაგი ღირებულების გადასახადის დაკისრება, ვინაიდან ქურდობა, როგორც ფინანსური და არა ძალადობრივი დანაშაული, საზოგადოებისთვის იმდენად დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფომ ქურდის ციხეში გამოკეტვით თავის თავზე აიღოს მისი შენახვის ხარჯები. სამართლის ეკონომიკური ანალიზისეული სამართლიანობის რეალიზება, ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში მიზანშეწონილია, ვინაიდან სახელმწიფოს ფინანსების რაციონალური ხარჯვა მეტწილად სამართლიანად შეგვიძლია შევაფასოთ, მაგრამ სამართლიაობის რიცხვებით შეფასება ზოგჯერ შესაძლოა უსამართლობის მშობელადაც გადაიქცეს.
დასკვნის სახით შეიძლება, ითქვას, რომ სამართლისა და სამართლიანობის რაობის, მათი კავშირის, მსგავსებისა და განსხვავების განსაზღვრა შეფასების საგანია, შესაბამისად, გადაჭრით ვერ ვიტყვით სამართლიანია კელზენის მეორე (თითოეულს თანაბარი), მეხუთე (თითოეულს თავისი მიღწევების მიხედვით) თუ საერთოდ ჩვენს მიერ შექმნილი სამართლიანობის ახალი ,,ფორმულა’’. ხშირად იტყვიან ხოლმე: ,,იქ, სადაც ორი იურისტია სამი აზრიაო’’, მსგავსი რამ შეგვიძლია ვთქვათ განხილულ საკითხთან დაკავშირებითაც - რამდენი ადამიანიცაა, იმდენი და ხშირად მეტი სამართლიანობის გაგებაა. სამართლიანია თითოეულისთვის თანაბარი სიკეთის განაწილება თუ [სიკეთის] განაწილება მათი დამსახურების შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველი კონრეტული ადამიანის ინდივიდუალური შეფასების საგანია, ისევე როგორც შეფასება, მსჯელობა და დასაბუთება იმისა ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი.
გამოყენებული ლიტერატურა
გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბილისი, 2015 წელი, გვ. 83- 102.
ავტორი: სოფიკო არღვლიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა