კიბერუსაფრთხოების ნაციონალური და საერთაშორისო მიდგომები8586 2022.02.27
კიბერუსაფრთხოების ნაციონალური და საერთაშორისო მიდგომები

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ტექნოლოგიურმა განვითარებამ და აღმოჩენებმა ელექტრონიკაში საზოგადოებას საშუალება მისცა ცხოვრება ახალ ეტაპზე გადაეყვანა. ცხოვრება ბერვად მარტივი გახდა, გამარტივდა ადამიანებს შორის ურთიერთობებიც. თუმცა ყოველივე ამ სიმარტივისა და კომფორტულობის უკან დიდი რისკი დგას. რისკ ქვეშაა ჩვენი პირადი ინფორმაცია, შემოსავლები და პირადი ურთიერთობები. ვინაიდან ჩვენი პირადი მონაცემებს უკვე ნებისმიერი სოციალური ქსელიც კი ფლობს, რთულია თავი დაცულად იგრძნო. სწორედ რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ჩვენს ცხოვრებაში ციფრული სამყაროს უპირტესობამ წამოწა წინ კიბერთავდასხმების საფრთხეც. არ არის გასაკვირი ისიც, რომ კრიმინალური სამყარო ამ უწყინარ და კომფორტურ სივრცესაც შეეხო. კრიმინალები ხშირად ბოროტად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს სარგებლის მისაღებად ან სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ავტომობილი, რომელიც თავდაპრველად შეიქმნა კანონმორჩილი ადამიანების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ იგი მალევე გახდა დანაშაულის საგანი (მაგ. მანქანის ქურდობა, მანქანის გაქურდვა), საშუალება (მაგ. ბანკის ძარცვისას კართან მდგარი მანქანა) და იარაღი (მაგ. ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც დამნაშავე მიიმალება). იგივე შეგვიძლია ვთქვათ კომპიუტერის შემთვევაშიც.  კომპიუტერიც თავდაპირველად უწყინარი საშუალება იყო ინფორმაციის მისაღებად ან ადამიანებთან დასაკავშირებლად, თუმცა კრიმინალური სამყარო ამ უწყინარ საშუალებასაც შეეხო.

კიბერუსაფრთხოება არის ინსტრუმენტების, პოლიტიკის, უსაფრთხოების კონცეფციების, უსაფრთხოების გარანტიების, სახელმძღვანელო პრინციპების, რისკების მართვის მიდგომების, მოქმედებების, ტრენინგების, საუკეთესო პრაქტიკის, გარანტიებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია კიბერ გარემოსა და ორგანიზაციისა და მომხმარებლის აქტივების დასაცავად. ორგანიზაციისა და მომხმარებლის აქტივები მოიცავს დაკავშირებულ გამომთვლელ მოწყობილობებს, პერსონალს, ინფრასტრუქტურას, პროგრამებს, მომსახურებებს, სატელეკომუნიკაციო სისტემებს და კიბერ გარემოში გადაცემულ ან/და შენახულ ინფორმაციის მთლიანობას. კიბერუსაფრთხოება ცდილობს უზრუნველყოს ორგანიზაციისა და მომხმარებლის აქტივების უსაფრთხოების თვისებების მიღება და შენარჩუნება კიბერ გარემოში შესაბამისი უსაფრთხოების რისკებისგან. და მაინც შესაძლოა კვლავ გაგვიჩნდეს შეკითხვა რატომ არის კიბერუსაფრთხოება ასე მნიშვნელოვანი? - სამინისტროები, სამხედრო და თავდაცვის დაწესებულებები, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელი კომპანიები აგროვებენ და ინახავენ დიდი რაოდენობით კონფიდენციალურ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში აგზავნიან აღნიშნულ ინფორმაციებს შესაბამისს ორგანოებში. თითოეულ დაწესებულებაში ნებისმიერი საბუთი თუ ხელშეკრულება ელექტრონული ფორმით ინახება. გამომდინარე იქიდან, რომ კიბერ-შეტევათა რაოდენობა მზარდია და მისი აღმოჩენა არც ისე მარტივია, დიდ ყურადღებას მოითხოვს კერძო და საჯარო ინფორმაციების, ასევე ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.

კიბერდანაშაულის ორგვარი გაგება არსებობს. ფართო გაგებით კიბერდანაშაული არის ნებისმიერი დანაშაული, რომელიც კიბერსივრცეში ხდება, ხოლო ვიწრო გაგებით კიბერდანაშაული არის შეტევა კიბერსაიტებზე, კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.რატომ არის კიბერდანაშაულთან ბროძოლა რთული? როგორც უკვე ვახსენე, კიბერდანაშაულის აღმოჩენა მარტვი სულაც არ არის, ხშირად ვერც კი ვიგებთ რომ გარკვეული დაჯგუფება ან პირი ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია მას მოპოვებული აქვს არაკანონიერი გზებით. შედარებით მარტივია აშკარა კიბერ შეტევების მასშტაბების დადგენა, მაგრამ აქაც თავს იჩენს გარკვეული ტიპის პრობლემები. ტექნოლოგიებსა და კიბერსივრცეს ამოფარებული დამნაშავეები მაქსიმალურად ცდილობენ დაფარონ საკუთარი იდენტობა. ცხადია, არც ერთი დამნაშავე არ გამოააშკარავებს საკუთარ სახელსა და გვარს, ამიტომ დანაშაულის სუბიექტის დადგენა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. მათ ყოველთვის შეუძლიათ გარკვეული ქმედებების ანონიმურად შესრულება. დანაშულის სუბიექტი შესაძლოა იყოს არა ერთ, არამედ რამდენიმე პირი ან ეს პირები სულაც რომელიმე ქვეყნის სახელით მოქმედებნდნენ, შესაბამისად ჭეშმარიტებისა და სიმართლის დადგენა უფრო რთულდება. ყოველთვის შესაძლებელია, დამნაშავემ გარკვეული მიზეზების გამო არ აღიაროს რომ იგი ასრულებდა სხვა, მესამე პირის დავალებებს, რაც ცხადია თავის მხრივ ართულებს საქმის საგამოძიებო პროცესს. სამწუხაროდ, კიბერდანაშაულის სირთულე მხოლოდ ქმედების სუბიექტის დადგენაში არ გამოიხატება. განსაკუთრებით სირთულეს ასევე წარმოადგენს აღმსრულებლების ადგილსამყოფელის დადგენა და აგრეთვე იმის დადგენა საიდან მოხდა კიბერშეტევა. არავისთვის არის უცხო ის, რომ არსებობს ბევრი აპლიკაცია და პროგრამა, რომელიც ამგვარ სიტუაციაში „დათვურ“ როლს თამაშობს. ეს პროგრამები ყველა ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი და მათი მთავარი დანიშნულებაა პირის ადგილმდებარეობის ცვილებაა ყოველი წამის ან წამის მეასედების განმავლობაში. ამ პროგრამის დახმარებით პირი შესაძლოა უმცირესი დროის შუალედში ფიქსირდებოდეს ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ თბილისში, ტოკიოში და ა.შ. ცხადია წარმოუდგენელია, რომ წამების განმავლობაში ადამიანი მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში აღმოჩნდეს, თუკი იგი ტელეპორტაციას არ გამოიყენებს, რაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფანტასტიკის ნაყოფია.  

გამომდინარე იქიდან, რომ კიბერდანაშაულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება მნიშნველოვანია აღვნიშნოთ აქამდე მომხდარი ისეთი კიბერ შეტევები, რამაც დიდი ზიანი მოუტანა საზოგადოებას. ჩვენთვის ყველაზე სენსიტიური 2008 წელს რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი რაოდენობის კიბერშეტევები იყო. შეტევების პირველი ტალღის შედეგად, გაითიშა სამთავრობო საიტები, შეიცვალა იქ არსებული ინფორმაცია ცრუ შეტყობინებებით. ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო მოსახლეობაში შიშის გაჩენა.  აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომს წინ სწორედ ეს კიბერშეტევები უძღოდა. აღნიშნული ფაქტმა კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საერთაშორისო მიმართულებით. 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს საქართველოს სხვადასხვა მართვით სისტემებზე. ამ კიბერშეტევის ობიექტი აგრეთვე იყო კერძო სექტორიც, ზიანი მიადგა აღნიშნული ორგანიზაციების ვებ გვერდებს და თითქმის შეუწყდათ ფუნქციონირება. კიბერშეტევის მიზანი საზოგადოებაში მღელვარების დათესვა იყო. 

კიბერშეტევა მსოფლიოსთვის დღის წესრიგად და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ისტორია ინახავს ისეთ კიბერშეტევებს, რომელმაც საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა კონკრეტულ ქვეყნებსა და მოსახლეობის დიდ მასშტაბებს. პირველ გამორჩეულ კიბერშეტევად მიიჩნევა მორის ჭიას (Morris worm), რომელიც 1988 წლის 2 ნოემბერს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) კომპიუტერიდან გავრცელდა.  ეს კიბერ ჭია მალე საოცარი სიჩქარით მრავლდებოდა და აჩერებდა კომპიუტერებს. 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 60,000 კომპიუტერი გახდა კიბერჭიის მსხვერპლი. კომპიუტერულ ჭიებს, ვირუსებისგან განსხვავებით, არ სჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა, ისინი თავად არსებობენ და მრავლდებიან. 

გამომდინარე კიბერდანაშაულთა მზარდი სტატისტიკისა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის თუ რა მიდგომები არსებობს მოცემული დანაშაულის აღმოსაფხვრელად როგორც ნაციონალურ ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ, რომ „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ვერ შედგება კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. რუსეთ - საქართველოს ომის დროს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევების პარალელურად, განახორციელა მიზანმიმართული კიბერშეტევები. აღნიშნულმა კიბერშეტევებმა აჩვენა, რომ კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეების დაცვა“  საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო სამართლებრივ-ნორმატიულ ბაზაზე მუშაობა მოცემული მიმართულებით, რის შედეგად 2013 წლის მაისში გამოქვეყნდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც „წარმოადგენს „ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის“ პროცესის ფარგლებში შექმნილი კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების პაკეტის ნაწილს. კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებას წინ უძღოდა 2012 წლის ივნისში  კანონის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ გამოქვეყნება.“  ამ კანონის მიზანია „ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას, დააწესოს საჯარო და კერძო სექტორების უფლება - მოვალეობები ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, აგრეთვე განსაზღვროს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კიბერ დანაშაულებს 35-ე თავი „კიბერდანაშაული“ ეთმობა. აღნიშნულ თავს ადრე კომპიუტერული დანაშაული ეწოდებოდა, თუმცა იგი საკმაოდ მოძველდა და 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით სრულიად განახლდა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცვის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო ეროვნულ პოლიტიკას, სტრატეგიასა თუ სხვა სახის ქმედით ზომებს, არამედ ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე. საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს გარკვეულ ხელშეკრულებებს, კონვენციებს, ნორმებს. ნატოს, გაეროს, ევროკავიშირს, დიდი რვიანს, მსოფლიოს ბანკის ჯგუფსა და სხვა ორგანიზაციებს უკვე გააჩნიათ საკუთარი სტრატეგიები. 2001 წლის 23 ნოემბერს ბუდაპეშტში ხელი მოეწერა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ევროპულ კონვენციას, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 1 ივლისს. კონვენცია მომზადდა ევროპის საბჭოს ფარგლებში კანადის, შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მონაწილეობით. დღესდღეისობით ეს კონვენცია არის მოცემულ სფეროში ერთადერთი აღიარებული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიღებულია საერთაშორისო დონეზე და ის არის ღია ყველა დაინტერესებული ქვეყნისთვის. კონვენცია ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს შექმნან სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა აუცილებელი კიბერდანაშაულის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისთვის. ასევე ყველა ხელმომწერი ქვეყანა თავის თავზე იღებს ერთმანეთისთვის დახმარების აღმოჩენას კიბერდამნაშავეთა სამართლებრივი დევნისა და ინციდენტების გამოძიების საკითხში. ევროპული კონვენცია არის ერთერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია და კლასიფიცირებულია კიბერდანაშაული. დოკუმენტში განსაზღვრულია კომპიუტერული დანაშაულების ეფექტური გამოძიების ინსტრუმენტები და მათთან ბრძოლა. კონვენციის მოქმედება ვრცელდება ყველა დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია კომპიუტერულ სისტემებში, ასევე ელექტრონული საშუალებებით შეგროვილ ნებისმიერი მტკიცებულებებზე. ამ ეტაპზე კონვენცია რატიფიცირებულია ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და შეერთებული შტატების მიერ, და ხელმოწერილია 46 ქვეყნის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ კონვენციას აქვს ფართო საერთაშორისო აღიარება, ზოგიერთი ქვეყანა მაინც ამტკიცებს, რომ კონვენცია ითვალისწინებს კიბერდანაშაულის აღსაკვეთად საჭირო არასაკმარის ზომებს, და რამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას. პირველ რიგში, კონვენცია კომპიუტერულ ქსელზე განხორციელებულ შეტევას განიხილავს როგორც კერძო და სახელმწიფო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, და არა როგორც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს. მეორე, კონვენცია ერთმანეთისგან არ ანსხვავებს შეტევებს ჩვეულებრივი კომპიუტერული ქსელებსა და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს შორის, ისევე როგორც ფართომასშტაბიან და ლოკალურ შეტევებს შორის. თუმცა კონვენცია წარმოადგენს სტანდარტულ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის ძალზედ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. მასში მოცემულია იურიდიული და ტექნიკური ნორმების ოპტიმალური კომპლექსი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე დამატებითი შეთანხმებების დამუშავების მიზნით. 

ევროპის საბჭოს ამგვარი მიდგომა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის დიდი ნაბიჯი კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის დასაძლევად. თუ საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო კომპლექსურად მიუდგებიან აღნიშნულ დანაშაულს მსოფლიო მარტივად შეძლებს კიბერდანაშაულთან ბრძოლას. მართალია, ჩვენ ვერ მოვახდენთ კიბერდანაშაულის აღმოფხვრას რაც არ უნდა დაცული პროგრამები შევქმნათ, თუმცა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მოწესრიგება ამ დანაშაულის მარტივად აღმოჩენის, ლოკალიზებისა და გამოძიებისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იქნება. როგორც უკვე ვახსენე, კიბერდანაშაულთან ბრძოლისთვის არ არის საკმარისი ქვეყნების ინდივიდუალური მიდგომები, ვინაიდან მსოფლიოს ისტორიაში მომხდარ კიბერშეტევათა შორის, რომელებმაც დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, არ ვრცელდებოდა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა შორის კონვენციების, ხელშეკრულებების, დეკლარაციების და შეთანხმებების შედგენა.

კიბერუსაფრთხოება კაცობრიობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კიბერშეტევები პროგრესირებადი დანაშაულია და ჯერ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლი რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს მან. შესაბამისად, იმისათვის რომ მსოფლიო მზად იყოს კიბერშეტევათა მოსაგერიებლად, აუცილებელია საერთაშორისო სამართალში მოხდეს ისეთი გარდამტეხი კონვენციების შექმნა, რომელიც დაარეგულირებს ამ ტიპის დანაშულს. აუცილებელია, საერთაშორისო სამართალში სპეციალიზებული ნორმების შეიქმნას, რომლებიც მოახდენენ კიბერდანაშაულების რეგულირებას. კიბერუსაფთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. წერტილოვანი საშუალებებით რთულია აღმოვფხვრათ თუნდაც მარტივი სახის კიბერშეტევები. თუმცა მდგომარეობა არც თუ ისე მძიმეა, როგორც უკვე ვახსენე ევროპის საბჭომ შექმნა კონვენცია „კიბერუსაფთხოების შესახებ“ რაც უდიდესი ნაბიჯია ამ მიმართულებით. გამომდინარე იქიდან რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნედ მიიჩნევა, კიბერუსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ეროვნული უსფრთხოების უზრუნველყობა. ეს დანაშაული იმსახურებს იმას, რომ სათანადოდ იყოს შესწავლილი და რეგულირებული. პრობლემას აგრეთვე წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიოს არ გააჩნია სასამართლო გადაწყვეტილებები. კიბერდანაშაული აუცილებლად მოითხოვს როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო გააზრებას. ყოველი ახალი გამოწვევა მოითხოვს მის სერიოზულ ჭრილში აღქმას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ გამოწვევას კაცობირიობისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. კიბერუსაფრთხოება, საბედნიეროდ, არ არის დაუძლეველი გამოწვევა, ამისათვის აუცილებელია მეტი ყურადრებისა და დროის დათმობა რეგიონალურ და საერთაშორისო დონზე.

 

გამოყებული ლიტერატურა: 

scott charney, kent alekander, types of computer crime, 25.11.2005. http://www.crimeresearch.org/articles/types-of-computer-crime (22.02.2022)

International telecommunications union(ITU), Definition of cybersecurity. https://www.itu.int/en/ITU-T/studygroups/com17/Pages/cybersecurity.aspx (22.02.2022)

მ.გიგაური, კიბერუსაფრთხოების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაზე, დისერტაცია, 2018 წელი. გვ.15.

სალომე შენგელია, კიბერდანაშაული - XXI საუკუნის გამოწვევა, სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი, 2011წ, გვ.50-51.

გურამ ღვინჯილია, კიბერშეტევა ძალის გამოყენების აკრძალვის კონტექსტში - საჭიროებს თუ არასაერთაშორისო სამართალი ახლებურ გააზრებას?, სამართლის ჟურნალი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, 2020. გვ.348

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, 20 თებერვალი 2020წელი. https://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(59).aspx (23.02.2022)

FBI, The Morris Worm, november 2 2018. https://www.fbi.gov/news/stories/morris-worm-30-years-since-first-major-attack-on-internet-110218 (23.02.2022)

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია,  20.05.2013 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1923932?publication=0 (23.02.2022)

საქართველოს კანონი, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. ძალაში შესვლის თარიღი 01.07.2012 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1679424?publication=4 (23.02.2022)

ვლადიმერ სვანაძე, კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კრებული, 2015 წელი. გვ.109

Council Of Europe, Convention on Cybercrime, Budapest, 23.11.2001 https://www.coe.int/en/web/conventions/full-list?module=treaty-detail&treatynum=185 (24.02.2022)

 

ავტორი: მარი დანელია, თბილისის სახელმწიფო უნივერტიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურისის სტუდენტი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე