მოტყუებით დადებული გარიგებები და ჩვენი უფლება2330 2022.02.27
მოტყუებით დადებული გარიგებები და ჩვენი უფლება

 

საზოგადოებაში თითქმის ყოველდღე იდება სხვადასხვა ტიპის გარიგება. გარიგება, ზოგადად, ეწოდება პირთა ნების გამოვლენას, რათა დაიწყოს, შეწყდეს ან შეიცვალოს სამართლებრივი ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს დაწერილი ან ზეპირი ხელშეკრულება (ხელშეკრულების ზეპირი ფორმაა, მაგალითად, როდესაც სურსათის მაღაზიაში შეიძენთ პროდუქტს). სამწუხაროდ ხშირად ხდება შემთხვევები, როდესაც გარიგება მოტყუებით იდება, ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ვინაიდან გარიგება დადებულია, ხოლო შეთანხმების ვალდებულებები შესრულებული, უკანდასახევი გზა აღარ არსებობს, თუმცა ეს მდგომარეობა სამართლებრივად გამოსწორებადია. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ვხვდებით მუხლებს საცილო გარიგებების შესახებ (სსკ-ის მუხლი 72-89). შეცდომით, მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგებები საცილო გარიგებებს მიეკუთვნება და ისინი დადების მომენტიდან ნამდვილია; თუმცა გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შეეცილება თუ არა, ესე იგი გაასაჩივრებს თუ არა, პირი მას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებების ერთ-ერთი სახეა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიდავოთ, მოვითხოვოთ მისი ბათილად, გაუქმებულად გამოცხადება. 

იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დავიცვათ საკუთარი თავი ან/და ახლობლები, უნდა ვიცოდეთ თუ რა შემთხვევებში ითვლება გარიგება მოტყუებით დადებულად და დროის რა ინტერვალში შეგვიძლია მოქმედება. 

თავდაპირველად, კარგად უნდა გავიაზროთ ის, თუ რას ნიშნავს მოტყუებით დადებული გარიგება. ეს არის ორი შემთხვევა, პირველი, როდესაც პირი იტყუება, ცრუ ინფორმაციას იძლევა გარიგების დადების მიზნით და მეორე შემთხვევა, როდესაც პირი მალავს ინფორმაციას, რადგან იცის რომ მისი გაჟღერების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება (სსკ. მუხლი 81). შესაბამისად, მოტყუებით შესაძლოა მოქმედებდეს პირი არა მხოლოდ აქტიური ქცევით (არასწორი ინფორმაციის გაცემით, მოტყუებით შექმნილი გარემოებით), არამედ, პასიურითაც- რაიმე გარემოების დაფარვით. აქვე: ყურადღება არ ენიჭება იმას, მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება შედის თუ არა პირის ინტერესში (სსკ. მუხლი 82). 

ზოგჯერ სამართლებრივ ურთიერთობაში ფიგურირებს მესამე პირიც. თუ მესამე პირი მოტყუებით დადებულ გარიგებაში იღებს სარგებელს და ამასთან ერთად იცის ან უნდა სცოდნოდა მოტყუების შესახებ, ამ გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება აქაც იმოქმედებს. ამ სიტუაციას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამის საპირისპიროდ, ეს უფლება ქარწყლდება ამავე მუხლის მეორე პუნქცით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც გარიგების დადებისას ორივე მხარე მოქმედებდა მოტყუებით. კერძოდ, თუ გარიგების დასადებად ორივე მხარე იტყუება, (აწვდის სახეცვლილ ინფორმაციას, ქმნის გარემოებას გარიგების დადების მიზნით ან არ ამჟღავნებს საჭირო ინფორმაციას), არცერთ მათგანს არ აქვს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება მეორე მხარის დადანაშაულებით. 

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მიზეზშედეგობრიობის დადგენა, ანუ იმის გააზრება, დაიდებოდა თუ არა გარიგება მოტყუების გარეშე. თუ პირი მოტყუების გარეშეც თანახმა იქნებოდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, ამ შეთმთხვევაში ეს მოტყუებით დადებულ გარიგებად ვერ ჩაითვალება და შესაბამისად არ იარსებებს ამ საფუძველით შეცილების უფლება და საჭიროება. სწორედ ამ მიზეზის გამო არის მოტყუებით დადებული გარიგებები საცილო და არა პირდაპირ ბათილი. პირი შესაძლოა მაინც თანახმა იყოს არსებულ პირობებზე და სულაც არ მოითხოვოს დადებული გარიგების ბათილობა. 

რაც შეეხება დროის ინტერვალს, მოტყუებით დადებული გარიგების შეცილებისთვის სსკ-ის 84-ე მუხლით განსაზღვრულია ვადა - 1 წელი. დრო აითვლება მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო შეცილების საფუძველის არსებობის შესახებ (რომ გარიგება მოტყუების საფუძველზე დაიდო). მართალია, მომტყუებელი პირის ინტერესების დაცვა არ წარმოადგენს საჭიროებას, თუმცა შეცილების ვადის დადგენა აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა. 

მიუხედავად განსაზღვრული ვადისა, ერთწლიანი ვადა შესაძლოა შეჩერდეს. ამისათვის კანონის ანალოგიით გამოიყენება 132-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტი (ზოგადად, როდესაც არ არსებობს კონკრეტული სიტუაციის მომწესრიგებელი კანონი, გამოიყენება ისეთი მუხლი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიახლოებული არსებულ სიტუაციასთან. ამას ეწოდება კანონის ანალოგია, ხოლო მსგავსი კანონის არარსებობის შემთხვევაში საქმე მიდის სამართლის ანალოგიასთან. ეს გულისხმობს საკითხის მოწესრიგებას სამართლის ზოგად სისტემასა და პრინციპებზე დაყრდნობით). აღნიშნული მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ,,აუცდენელი დაუძლეველი ძალა“, რაც ხელს უშლის პირს შეცილების განხორციელებაში, შეცილების ვადის დენა ჩერდება. ასევე შეზღუდულქმედუნარიან და მხარდაჭერის მიმღებ პირებთან დაკავშირებით გამოიყენება 134-ე მუხლის ანალოგია, რომლის პირობის არსებობის შემთხვევაშიც ჩერდება აღნიშნული ვადის დენა. 

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ შეცილების დროს უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტი, ცოდნა იმის შესახებ, რომ პირმა მოტყუებით იმოქმედა, ხოლო ცალკეული ეჭვები ამის შესახებ საკმარისი არ არის. 

ეს ყველაფერი შევაჯამოთ და დასკვნის სახით შევკრათ ინფორმაცია, რათა გაგვიმარტივდეს აღქმა: თუ ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, ესე იგი, როგორც ზემოთ განვმარტეთ, თუ პირმა ცრუ, არასწორი ინფორმაცია გასცა და შექმნა ისეთი გარემოება, რომ გარიგება დადებულიყო ან თუ პირმა ამავე მიზნის მისაღწევად დაფარა საჭირო ინფორმაცია (მოტყუება დუმილით) შეცილების უფლების მქონე პირმა მოტყუების საფუძველის არსებობის შეტყობიდან 1 წლის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით. 

განვიხილოთ მცირე მაგალითიც: თუ გამყიდველმა დამალა ნივთის ნაკლი, ამ მოტყუების გამო მყიდველს წარმოეშობა შეცილების უფლება (თუმცა, ამასთან ერთად, უფლების დაცვა შესაძლებელია სსკ-ის 490-ე და შემდგომი მუხლებით, რომლებიც კონკრეტულად ნასყიდობაში არსებულ შემთხვევებს აწესრიგებს).

სამართლებრივი შედეგი: მოტყუებით დადებული გარიგება საცილოა. გარიგების გაბათილების შემთხვევაში გაცემულის დაბრუნება ხდება ვინდიკაციის (სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის) ან შესრულების კონდიქციის (სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ,,ა“ პუნქტი) საშუალებით. გარიგების ბათილობა გულისხმობს გარიგების შედეგად დამდგარი სამართლებრივი შედეგების, ვალდებულებების გაუქმებას; რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ, მხარეები ვალდებულები არიან, რომ ერთმანეთს დაუბრუნონ ყველაფერი, რაც გადასცეს გარიგების დადების შედეგად. 




 

ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი- ნინო ჭონიაშვილი.


 

გამოყენებული ლიტერატურა:
 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები. რედაქტორი- ლატო ჭანტურია. თბილისი. 2017.
 

სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი. ლადო ჭანტურია. თბილისი. 2011.
 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები: 81; 82; 83; 84; 172; 490; 976.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე