გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი საქართველოში921 2022.02.27
გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი საქართველოში

 საქართველო მსგავსად სხვა ქვეყნებიც აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩეხეთი, რომლის ხელისუფლებამაც საპენსიო ასაკი ჩვეულებრივზე კიდევ უფრო დაბლა დასწია ქალებისთვის, რომლებიც მარტოხელა დედები არიან, თუმცა მსგავსი მიდგომა არ გაითვალისწინა მარტოხელა მამებისთვის. ასეთი მოწესრიგების საწინააღმდეგოდ საქმეც კი აღიძრა ორი შვილის მარტოხელა მამის მიერ. მაშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიცია, რომ ღონისძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა ფაქტობრივი უთანასწორობის შედეგების შემსუბუქება/კომპენსირება, რომელიც ჩეხეთის წარსული გამოცდილებით იყო გამოწვეული, როდესაც ქალები პასუხისმგებელნი იყვნენ ოჯახზე, შვილების აღზრდაზე და იმავდროულად მუშაობდნენ სრულ განაკვეთზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ეროვნული ხელისუფლება უკეთეს მდგომარეობაში/პოზიციაში იყო იმის სწორად განსასაზღვრად, როდის გახდებოდა ქალთა არასახარბიელო მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ეს „პოზიტიური ქმედება“ აშკარად არაპროპორციული ტვირთი მამაკაცებისთვის.

      რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, კონსტიტუციის მე-11 მუხლი მტკიცედ იცავს იმ პრინციპს, რომ აკრძალულია არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ხოლო არსებითად უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. ეს პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ საქმეზე აღუნიშნავს. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ორი მათგანი. პირველი, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „ქრისტეს ეკლესია“, სსიპ – „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“ და სხვები, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებულ განსხვავებულ დღგ-ს შეღავათებს არსებითად თანასწორ იურიდიულ პირებს ანუ სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის. მაშინ, სასამართლომ უსამართლოდ მიიჩნია მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის განსაკუთრებულ ღვაწლზე მითითება ლეგიტიმურ მიზნად. მეორე გადაწყვეტილება შეეხებოდა, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას და მოცემულ შემთხვევაში  არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის მე-14 მუხლთან და მე-19  მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენდა იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე.

    რაც შეეხება უშუალოდ გენდერულ თანასწორობას, უნდა აღინიშნოს, რომ მე-11 მუხლში ცალკეა მოხსენიებული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, რაც მას ანიჭებს კლასიკური ნიშნის სტატუსს და უფლების დამრღვევს აფრთხილებს, რომ ჩარევის ნებისმიერი მცდელობა თავიდანვე ინტენსიურ ხასიათს ატარებს მისი მნიშვნელობის გამო. ცალკევეა მოწესრიგებული გენდერული თანასწორობის საკითხი ამ მუხლის მესამე ნაწილში. საქართველო გენდერული თანასწორობის მხრივ გარკვეულ წინსვლას განიცდის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე „გირჩი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელიც ეხებოდა სქესთა შორის არსებული ბალანსის გაუმჯობესებას საქართველოს პარლამენტში აუცილებელი კვოტირების დაწესებით და პარტიული სიის ყოველ ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი ქალი კანდიდატის გათვალისწინებით, როგორც დროებითი ღონისძიება, დადგინდა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილიცაა. სხვადასხვა კანონებში ( იგულისხმება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-4 მუხლი, საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ“  56-ე მუხლი, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ მე-11 მუხლი, საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და მრავალი სხვა) ასახული ფორმალური თანასწორი უფლების დადგენის მიუხედავად, ქალი ხშირ შემთხვევაში არ აღიქმება მამაკაცის თანასწორ, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღებ სუბიექტად. წლების განმავლობაში საქართველოში საგანგაშოა სქესის ნიშნით ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების რიცხვი, ოჯახში ძალადობა, ქვეყანაში კვლავაც პრობლემურია ადრეული ქორწინების საკითხი, ასევე, ამ მიზეზით განათლების, განსაკუთრებით კი, ზოგადი განათლების ეტაპზე სწავლის შეწყვეტა და ა.შ. იგულისხმება ის, რომ უმეტესად, ქალის სასტარტო პირობები განათლების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების დანერგვის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდულია. დასახელებული გარემოებები მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში კვლავაც არსებული და გაბატონებული ქალის სოციალური როლის აღქმასთან, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს შორის სოციალური ფუნქციების ტრადიციულ, კონსერვატორულ გადანაწილებას გულისხმობს, რის მიმართაც საზოგადოებრივი დამოკიდებულება განსხვავდება. მართალია, ეს არ უკავშირდება რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას, მაგრამ რიგ სფეროებში ქალები საკუთარი უნარების რეალიზების გზაზე აწყდებიან გარკვეულ ბარიერებს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ უახლესი კვლევა  „სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოში ფერმერი ქალების მიერ დამუშავებული მიწის წილი 20%-ია, კაცების კი - 80% (საქსტატი, 2013წ.), ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი 57%-ს უტოლდება, კაცების კი - 77%-ს (საქსტატი, 2015წ.). კვლევის შედეგები მეტად არასახარბიელოა: გამოკითხულთა 90% აღნიშნავს, რომ ფინანსურ სირთულეებს განიცდის, შინამეურნეობების 54%, სადაც ოჯახის მარჩენალი ქალია, აღნიშნავს, რომ სურსათის ყიდვასაც ძლივს ახერხებს, მარჩენალი კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 39%-ია. შიდა ქართლის გარდა, ყველა რეგიონში ქალები უფრო მეტი საათის განმავლობაში მუშაობენ, ვიდრე - კაცები: სახლის შიდა და გარე სამუშაოს გაერთიანების შემთხვევაში, ფოკუსური ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ქალები ყოველდღიურად კაცებზე 2.5 საათით (სამეგრელო) და 8 საათით (კახეთი) მეტს მუშაობენ. გენდერული უთანასწორობა ასახვას ჰპოვებს სახელფასო სისტემაშიც, რაც გულისხმობს მსგვასს თანამდებობაზე მყოფი პირებისთვის განსხავებულ ანაზღაურებას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა ამ მიმართულებით ცხადყოფს, რომ 2017 წლის მონაცემებით, თვიურ ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა 35,2%-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები ყოველთვიურად კაცების მიერ გამომუშავებულ 1 ლართან მიმართებაში 65 თეთრს გამოიმუშავებდნენ. მნიშვნელოვანია გენდერული სახელფასო სხვაობის გამოთვლა საათების მიხედვითაც, რადგან ქალებს, სახლში შესრულებული აუნაზღაურებელი შრომის გამო, ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ნაკლები დრო აქვთ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ უმუშევარ ქალებს უკეთესი მახასიათებლები აქვთ - მათ 38%-ს უმაღლესი განათლება აქვს, კაცებში იგივე მაჩვენებელი 16%-ია. 

   გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ ასევე ადრეული ქორწინების პრობლემასაც. მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. რაც შეეხება ადრეული ქორწინების განხილვას გენდერული თანასწორობის ჭრილში, უნდა ითქვას, რომ ის  განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე. ზოგადად, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. ადრეული ქორწინება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების სრულფასოვნად მიღებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლიდან, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე.

     უსამართლობა იქნება იმის დაშვება, რომ  გენდერული თანასწორობის ბორბალი მხოლოდ ცალ მხარეს ბრუნავს. ხშირად არათუ ქალები, არამედ მამაკაცებიც ყოფილან უთანასწორო მოპყრობის მხვერპლნი. შეგვიძლია გავიხსენოთ, საქართველოს ერთ-ერთ ლაუნჯ-ბარ „ბამბუში“ მომხდარი შემთხვევა, როცა ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც კლუბში 18 წლიდან დაიშვებოდნენ, მამაკაცებისთვის ეს ასაკი 21 წელს წარმოადგენდა. ამ შემთხვევის გამოსასწორებლად შესაბამისი ღონისძიებები გაატარა საქართველოს სახალხო დამცველმა და წერილობითი რეკომენდაციებით მიმართა ლაუნჯ-ბარის მესაკუთრეს.  

    საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ვხვდებით სტერეოტიპულ მიდგომებს სქესთა შორის თანასწორობასთან მიმართებით, თუმცა წინა წლების მონაცემებთან , თუ პრაქტიკასთან შედარებით დღევანდელი მდგომარეობა უფრო იმედის მომცემია, ვინაიდან საფუძვლიანი ლეგიტიმური მიზნის გარეშე უფლებაში ნებისმიერი სახით ჩარევა, თუნდაც ეს იყოს გენდერის ნიშნით, გაუმართლებელია.

 

ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ნორმატიული მასალა

  1. საქართველოს კონსტიტუცია.

  2. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

  3. საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.

  4. საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“.

გამოყენებული ლიტერატურა და სასამართლო გადაწყვეტილებები

  1. კ.კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მეხუთე გამოცემა, თბილისი, 2019 წელი.

  2. სსს გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანი ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 25 სექტემბერი, 2020 წელი.  

  3. სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „ქრისტეს ეკლესია“, სსიპ – „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია“საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 3 ივლისი, 2018 წელი. 

  4. სსიპ „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 22 დეკემბერი, 2011 წელი.

  5. სახალხო დამცველის რეკომენდაცია „სქესის და ასაკის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ“.

გამოყენებული ელექტრონული მისამართლები

  1. https://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2019/05/dialogue-to-be-launched-on-policy-aiming-to-eliminate-gender-pay-gap

  2. https://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2016/04/pervasive-gender-inequality-in-rural-areas

  3. https://georgia.unfpa.org/ka/topics/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

 

ავტორი : ანნა ბედენაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი. 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე