თანამედროვე სამყაროს განვითარების ეტაპზე სულ უფრო და უფრო წინ წამოიწია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა. ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა. ,,ადევნება არის ქალთა მიმართ ძალადობის ფორმა“. იგი არც თუ ისე ახალი მოვლენაა, თუმცა სახელმწიფოთა მხრიდან მისი კრიმინალიზაციის საკითხი თანდათან იზრდება, რაც მიუთითებს ადევნების საშიშროებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელსაც ის იწვევს. კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბულის კონვენცია), 2011 წლის 11 მაისს იქნა მიღებული. საქართველომ მას 2014 წლის 19 ივნისს მოაწერა ხელი. კონვენციის 34-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს, რომ განახორციელონ ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საჭიროა ადევნების კრიმინალიზაციისთვის. სწორედ სტამბულის კონვენციის გავლენის შედეგად, 2017 წელს ქართულ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა კიდევ ერთი ახალი მუხლი_ადევნება(151-ე პრიმა მუხლი).
უნდა ითქვას, რომ ადევნების მსხვერპლად ძირითადად ქალები გვევლინებიან, ხოლო დამნაშავედ_ მამაკაცები. ხშირ შემთხვევაში ქალებზე ადევნება მას შემდეგ ხდება, როდესაც ისინი მამაკაცებთან ურთიერთობას ასრულებენ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლი საერთოდ არ იცნობს დამნაშავეს. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოგვიანებით იგებს, რომ იგი ადევნების ობიექტი იყო. ადევნების კრიმინალიზაცია მართლაც, რომ მისასალმებელია. იგი სოციალურ პრობლემად უნდა მივიჩნიოთ. ადევნების შედეგად, მსხვერპლს ერთმევა ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა, ეზღუდება კონსტიტუციით გათვალიწინებული უფლებები, მასში იწვევს ფსიქიკურ ტანჯვასა და მუდმივ წნეხს, შიშს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების ერაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ უფრო პრობლემური და რთულად მართვადი გახდა ადევნების ფაქტების აღკვეთა.
თვითონ ტერმინი ,,ადევნება” წარმოიშვა ინგლისურენოვანი სიტყვიდან _Stalking. თვითონ ინგლისური ტერმინი მონადირეთა ენაში გამოიყენებოდა და ჩასაფრებას ნიშნავს. ამ ტერმინმა სამართლებრივი დატვირთვა მას შემდეგ მიიღო, როდესაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, გახშირდა თაყვანისმცემლების მხრიდან ცნობილი ადამიანების თვალთვალი და მანიაკალური გადაკიდება. სულ პირველად ადევნების კრიმინალიზაცია 1990 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კალიფორნიაში მოხდა. ამის საფუძველი გახდა ის, რომ იქ ხუთი კვირის განმავლობაში ზედიზედ 4 ქალი იქნა მოკლული ყოფილი მეუღლეების მიერ. ისინი დამცავი ორდერითაც სარგებლობდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. შემდგომში, კალიფორნიას სხვა შტატებმაც მიბაძეს და აქედან გავრცელდა ადევნების კრიმინალიზაცია სხვადასსხვა ქვეყანაში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაიზარდა ევროკავშირის წევრ იმ ქვეყანათა რაოდენობა, სადაც ადევნება დასჯად ქმედებად გამოცხადდა. ამ დროისთვის, არანაკლებ 21 ქვეყანაში არსებობს ადევნების საწინააღმდეგო სისხლის სამართლის ნორმები. ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ადევნება კრიმინალიზებული, არის: ბულგარეთი, ესტონეთი, დანია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და კვიპროსი.
ადევნების განმარტება სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით განსხვავდება. მსხვერპლზე კონტროლის განხორციელება, როგორიცაა: თვალთვალი, უკან გაყოლა ადევნების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ხშირად მსხვერპლის უმეტესობა განიცდის უძილობას, კოშმარებს, წონაში კლებას ან მომატებას, დეპრესიას, შფოთვას, კონცენტრაციის უნარის გაძნელებას. ზოგიერთი იძულებული ხდება შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და სამსახური. ბევრი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს ადევნების მომწესრიგებელ მუხლს. ბევრმა ბოლო წლების განმავლობაში შეიმუშავა და განახორციელა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ის მეთოდები და ხერხები, რომლებსაც დამნაშავე იყენებს მსხვერპლზე თვალყურის დევნებისთვის, არსებითად შეიცვალა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ადევნების მომწესრიგებელი მუხლის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა.
ადევნების დეფინიციას ქართული სისხლის სამართლის კოდექსის 1511_ე მუხლი განსაზღვრავს. ამ მუხლის 1 ნაწილის მიხედვით: ,,პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის“. ამ მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ხერხებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ქმედების ჩადენა, ესენია: უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია (ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით), ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება. აუცილებელია, რომ აღნიშნული ქმედება სისტემატურად ხორციელდებოდეს. ადევნება მატერიალაურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. 1511 მუხლი რამდენიმე ალტერნატიული შედეგის დადგომას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს. კერძოდ, შედეგის მიხედვით დამნაშავის ქმედება უნდა იწვევდეს: ,,პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის”.
ფსიქიკური ტანჯვა ყოველ კონრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს შესაბამისი ექსპერტიზის ანალიზით. შეიძლება ერთი პირისთვის ადევნება სულაც არ იწვევდეს ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა ამავე დროს მეორე პირმა პირიქით_ძლიერი ფსიქიკური აშლილობა განიცადოს. ყოველივე ამის გამო, მნიშვნელოვანია ობიექტურად შეფასდეს, საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამინისთვის ეს ქმედება გამოიწვევდა თუ არა ფსიქიკურ ტანჯვას. საფუძვლიანი შიშის პირობის არსებობის დასადასტურებლად სასამართლო პრაქტიკა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენაზე არ მიუთითებს.
ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის იძულებაში მოიაზრება ისეთი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლისთვის უკვე აუტანელი, შემაწუხებელი და გაუსაძლისი ხდება ცხოვრება. იცვლის სამსახურს, საცხოვრებელ სახლს, ერიდება ქუჩაში გამოსვლას, აღარ იყენებს სოცილიალურ ქსელებს და ა.შ. რაც შეეხება ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას, ამ დროს ადევნების მსხვერპლს ობიექტურად ექმნება ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება და შეცვალა თუ არა დაზარალებულმა ცხოვრების წესი, არ აქვს მნიშვნელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაცია არასასურველად მაშინ ითვლება როდესაც მისი შინაარსი საზოგადოებისთვის უარყოფითად აღიქმება. მაგალითად, როგორიცაა: ლანძღვა, გინება, შანტაჟი, მუქარა. შესაბამისად, თუ კი სისტემური კომუნიკაცია არ ატარებს ასეთ ხასიათს, ვერ მოგვცემს ამ დანაშაულის შემადგენლობას. ამიტომ ადევნებად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, როდესაც პირი მუდმივად ცდილობს თავის საყვარელ ადამიანს დაუმტკიცოს, რომ იგი არის ,,მისი ცხოვრების არსი და მიზანი“. რა თქმა უნდა, ის ამის განსახორციელებლად არ უნდა იყენებდეს მართლსაწინაარმდეგო ან ამორალურ ხერხს.
მნიშვნელოვანია, რომ ადევნება განვასხვავოთ ისეთი დანაშაულებისგან როგორიცაა: იძულება და მუქარა. ადევნება გარკვეულწილად მუქარის ელემენტებსაც მოიაზრებს, ამიტომ ადევნების დროს კიდევ ცალკე სსკ-ის 150-ე მუხლზე მითითება საჭირო არ არის. იძულებისას პირი იყენებს ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზეწოლას იმისთვის, რომ დაზარალებულს აიძულოს გარკვეული ქმედების შესრულება. ქმედებაში უნდა ვიგულისხმოთ, როგორც აქტიური მოქმედება, ისე უმოქმედობა. ამასთანავე, ამ ქმედების განხორციელება პირის უფლება უნდა იყოს. ადევნებისას პირს ასეთი მიზანი როგორც წესი არ აქვს. გარდა ამისა, ადევნებისთვის აუცილებელია ქმედების სისტემატურობა, რაც საჭირო არ არის იძულებისთვის, რადგან იძულებისას ქმედება შესაძლოა ერთჯერადი ხასიათის იყოს. იძულება დამთვრებულად ითვლება იძულების მომენტიდან, რასაც ვერ ვიტყვით ადევნებაზე. ადევნება შედეგიანი დანაშაულია, ამიტომ მის დამთავრებულად ცნობისთვის საჭიროა 1511 ში მითითებული ერთ-ერთი შედეგი დადგეს. ადევნება გარკვეულწილად მუქარის ელემენტებსაც მოიაზრებს, ამიტომ ადევნების დროს კიდევ ცალკე სსკ-ის 151-ე მუხლზე მითითება საჭირო არ არის. მუქარა პირზე ფსიქიკური ზემოქმედებით გამოიხატება. 151-ე მუხლი ვიწროდ განიმარტება და მოიცავს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას. მუქარის შემთხვევაშიც საჭირო არ არის ქმედების სისტემატურობა, განსხვავებით ადევნებისგან. ზემოთ აღინიშნა, რომ ქმედების ადევნებად კვალიფიკაციისთვის საჭიროა რამდენიმე შედეგიდან ერთ-ერთის დადგომა. მუქარის მთავარი შედეგი კი ერთია, კერძოდ, პირს შეექმნას მისი განხორციელების რეალური შიში.
რაც შეეხება ქორწინების იძულებას იგი ფორმალური დანაშაულია. ის დამთავრებულია იძულების მომენტიდან და არ აქვს მნიშვნელობა მან გამოიწვია თუ არა რაიმე მართლსაწინააღმდეგო შედეგი. როგორც იძულების და მუქარის შემთხვევაში, ქორწინების იძულების ობიექტური მხარე იმთავითვე არ გულისხმობს ქმედების განხორციელების სისტემატურობას. ქორწინების იძულების მთავარი მიზანი ერთი პირის სხვა პირზე ქორწინებაა, ადევნებისას კი დამნაშავეს სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ძველი ურთიერთობის აღდგენა ან პირიქით ურთიერთობის დაწყება, შურისძიება ან სხვა. 1511 მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე დამამძიმებელ გარემოებებსაც.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უამრავი საქმე აქვს განხილული ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელიც ამავე დროს ადევნებასაც ეხებოდა. ერთ-ერთ საქმეა ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ (Volodina v. Russia), რომელშიც მომჩივანი ყოფილი პარტნიორის მხრიდან ადევნების მსხვერპლი გახდა. მომჩივანის განმარტებით დამნაშავემ მას ჩანთაში განუთავსა GPS მოწყობილობა, რისი საშუალებითაც იგი ახორციელდებდა მის თვალთვალს. ამასთანავე იღებდა მუქარის შემცველ წერილებს, რომ დამნაშავე მას მოკლავდა, დაუზიანებდა ქონებას და აგრეთვე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს გაუნადგურებდა. მოძალადემ აგრეთვე მსხვერპლის ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა მისი ფოტო-სურათები, რის შედეგადაც დაზარალებულს შეელახა ღირსების უფლება. ადევნების არაერთი შემთხვევის შედეგად მომჩივანს გაუჩნდა შიშის განცდა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს მან თავის დასაცავად ცრემლსადენი სპრეი გამოიყენა, რომელიც თან დაჰქონდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დარღვევა დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ადევნების ფაქტებს შეიცავს არის თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ (Tkhelidze v. Georgia). განმცხადებლის ქალიშვილი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ გახდა ადევნების მსხვერპლი. ყოფილი პარტნიორი ლ.მ დაზარალებულ მ.წ-ს აკითხავდა სამსახურში და სახლში, უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს, ემუქრებოდა შვილის მოკვლით. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როდესაც მ.წ-ს ბავშვი მანქანით სკოლიდან მოჰყავდა, ლ.მ განზრახ დაეჯახა მის მანქანას. მ.წ -ს თან დაჰქონდა თავდაცვის სხვადასხვა საშუალებები, განიცდიდა უკიდურეს შიშსა და შფოთვას, როდესაც ხედავდა რომ ლ.მ უახლოვდებოდა მის ბინას ან სამუშაო ადგილს. ყველაფერი ადასტურებდა ლ.მ-ის მიერ მ.წ-ისთვის მიყენებულ საფრთხის რეალობას. საბოლოოდ, დამნაშავემ მოკლა მ.წ მის სამუშაო ადგილას, შემდეგ კი თავი მოიკლა. სასამართლომ გამოავლინა ხარვეზები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. პოლიციის თანამშრომლები მიუთითებდნენ არაზუსტი და არასრული მტკიცებულებების შესახებ. მათ ვერ უზრუნველყვეს სათანადო და ეფექტური მექანიზმების გამოყენება, რათა მომავალი საფრთხე, რომელიც მსხვერპლს ელოდა აღეკვეთათ. მიუხედავად იმისა, რომ შიდა საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებდა მოძალადის მიმართ სხვადასხვა დროებითი შემაკავებ ზომებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა პასიურობამ ხელი შეუწყო ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემდგომ გავრცელებას. საბოლოო ჯამში, საჭირო იყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ტრაგიკული შედეგის თავიდან აცილებას. სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი. ამრიგად, სახელმწიფოს მიერ პრევენციული ღონისძიებების მიუღებლობამ შეარყია განმცხადებლისა და მისი ქალიშვილის უფლებები.
საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ადევნება თანამედროვე იურიდიულ სამყაროში ერთ-ერთი გამოწვევაა. იგი ჯერ კიდევ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. თუმცა მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ახდენს ადევნების კრიმინალიზაციას. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ცალსახაა, რომ ადევნების პრევენციის და აღმოფხვრისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილება. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადევნების კრიმინალიზაცია საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადმული ნაბიჯია. მთავარი გამოსავალი ადევნების აღსაკვეთათ არის დროული და ეფექტური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ზემოთ იქნა განხილული, დროული და ეფექტური მექანიზმების გამოუყენებლობამ მსხვერპლის ფატალური შედეგი გამოიწვია. შესაბამისად, საჭიროა სახელმწიფომ მოქნილი საკანონმდებლო ბერკეტები გამოიყენოს და ადევნების შემთხვევები ადრეულ ეტაპზევე აღკვეთოს. აუცილებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც და მათ მაგალითებზე სწავლა. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რჩევებიც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ადევნების საკითხი საკმაოდ კარგად არის მოწესრიგებული, რაც შესაძლო მომავალ საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. ადევნება, როგორც ერთ-ერთი სამართლებრივი პრობლემა, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს, ამიტომ თითოეულ ადამიანს უნდა შეექმნას ისეთი განცდა, რომ სახელმწიფო მას მხარს დაუჭერს და შესაბამის ზომებს მიიღებს მის დასაცავად. სახელმწიფოს მთავარი მიზანიც ხომ ესაა, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ის ღირებულებები, რომლებიც ყველასთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) ლეკვეიშვვილი მ., მამულაშვილი გ., თოდუა ნ., სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I, მეშვიდე გამოცემა, თბ., 2019, გვ.365.
2) ჯიშკარიანი ბ., ადევნება, როგორც სისხლისსამართლებრივი შემადგენლობა, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი, 3/2018., გვ.45.
3) ჯუღელი ნ., ღვინჯილია ე., სტამბოლის კონვენციის 34-ე მუხლის (ადევნება) სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი, თბ., 2019, გვ.8.
4) მერებაშვილი ნ., ადევნების ქართული და უცხოური პრაქტიკა, ირინა აქუბარდიას საიუბილეო კრებული-60, თბ., 2020, გვ_117.
5) მითაიშვილი მ., ადამიანის უფლება დაცვა და სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სტატიათა კრებული, კორკელია კ.(რედ)., თბ., 2020, გვ.196.
6) Tribal Legal Code Resource: Sexual Assault and Stalking Laws. Guide for drafting or revising Victim-Centered Tribal Laws against sexual assault and stalking. Revising and Updated April 2017, p.118.
7) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3789678?publication=0.
8) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, იხ: https://www.matsne.gov.ge/document/view/16426?publication=238.
9) Volodina v. Russia, N41261/17, ECHR 2019.
10) Tkhelidze v. Georgia, N33056/17, ECHR 2021.
ავტორი: სალომე რიკაძე _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა