საერთაშორისო სამართლებრივი ცნობის ცნება და სახეები 2236 2022.03.07
საერთაშორისო სამართლებრივი ცნობის ცნება და სახეები

საერთაშორისო ურთიერთობებში დროთა განმავლობაში ასპარეზზე გამოდიან ახალი სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად ებმებიან საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა იმისათვის, რომ ახლადწარმოშობილმა სახელმწიფომ დაიკავოს ნორმალური ადგილი საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში, საჭიროა, რომ დანარჩენმა სახელმწიფოებმა გამოხატონ ნება და სურვილი, რომ დაამყარონ მასთან საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობანი და ცნონ იგი. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ცნობის ქვეშ იგულისხმება სწორედ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატოს ნება, რომელიც მიმართული იქნება ახლად წარმოშობილი სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 

საერთაშორისო სამართლებრივ ცნობასთან მიმართებით არსებობს ორი ძირითადი თეორია, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიან ამ ინსტიტუტის მნიშნველობასა და როლს. პირველი, ეს არის დეკლარაციული თოერია, რომლის თანახმადაც, სხვა სახელმწიფოთა მიერ ახლადწარმოშობილი სახელმწიფოს ცნობა ფაქტობრივად მხოლოდ და მხოლოდ აკანონებს ამ ახალ სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ გახდომის ფაქტს, შესაბამისად ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო იმიტომ კი არ ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომ სხვა სახელმწიფოები ცნობენ, არამედ იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება გამოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და დაიცვას თავისი ინტერესები. სხვა სახელმწიფოების მიერ ცნობა მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება და საშუალებას აძლევს ახალ სახელმწიფოს, რომ მაქსიმალურად შეძლოს მისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზება. რაც შეეხება მეორე თეორიას, ესაა კონსტიტუციური თეორია, რომელიც დეკლარაციული თეორიისგან განსხვავებით ამტკიცებს, რომ ახლად წარმოშობილი სახელმწიფო, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, როდესაც სხვა სახელმწიფოები ცნობენ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოკლებულია უფლებას, რომ გახდეს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების სრულფასოვანი წევრი, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებები და იკისროს ვალდებულებები. 

გარდა ზემო აღნიშნულისა, სახელმწიფოს ცნობასთან ძალიან ახლოს დგას მთავრობის ცნობის საკითხი, რომელიც როგორც წესი დღის წესრიგში დაისმის მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფოს ქვეშ ხელისუფლებას ახალი მთავრობა იღებს ხელში, თუმცა არაკონსტიტუციური გზით, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, თავად სახელმწიფოები განსაზღვრავენ თუ რამდენად მიზანშეწონილია ახალი მთავრობის ცნობა, თუმცა ეს საკითხი არ შეიძლება ეყრდნობოდეს თვითნებობას, ამიტომ იურისტები ცდილობენ განსაზღვრონ მთავრობის ცნობის იურიდიული ბუნება. ამ საკითხთან მიმართებით, როგორც წესი, უმთავრეს კრიტერიუმად გამოიყენება ე.წ. „ეფექტურობის პრინციპი“, რომლის თანახმადაც მხოლოდ ისეთი მთავრობა შეიძლება იქნეს ცნობილი, რომელიც შექმნილია ხალხის ნების გამომჟღავნების შედეგად და ამ ნებამ მიიღო სათანადო გამოხატულება. ამასთან ახალი მთავრობის ცნობა დამოკიდებულია თავად მთავრობის უნარზე და მზადყოფნაზე, რომ შეასრულოს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო მოვალეობანი. 

გარდა მთავრობისა და სახელმწიფოს ცნობისა, არსებობს ცნობის ისეთი სახეც, როგორიცაა მაგალითად აჯანყებულ მხარედ ცნობა. ესაა შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს არა უბრალოდ ამბოხებას, არამედ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ ბრძოლას, ანუ აჯანყებას. სწორედ ასეთ დროს შესაძლოა, რომ სხვა სახელმწიფოებმა ცნონ აჯანყებულები „აჯანყებულ მხარედ“, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აჯანყებულები განიხილონ არა როგორც ბანდიტთა და მეკობრეთა „ხროვა“, არამედ როგორც კონკრეტულ ტერიტორიაზე განმტიკებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთანაც წარმოებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობანი და ამ საშუალებით უცხო სახელმწიფოებს მაგალითად ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყონ აჯანყებულთა ტერიტორიაზე მყოფ საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თუ „აჯანყებულ მხარედ“ ცნობს თავად ის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც წარმოებს შეიარაღებული ბრძოლა, მაშინ იგი აჯანყებულებზე ავრცელებს სამხედრო ტყვეობის რეჟიმს და მას არ აქვს უფლება განიხილოს ისინი, როგორც სამართლის დამრღვევები. 

როდესაც აჯანყება სამოქალაქო ომში გადადის და მხარეები შედარებით თანაბარი ძალების ხდება, ასეთ დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მეომარ მხარედ ცნობას, რომელიც როგორც წესი ოფიციალური დეკლარაციის საშუალებით ხდება, თუმცა დაიშვება სხვა აქტებიც, მთავარია რომ მათში ჩანდეს უცხო სახელმწიფოს სურვილი, რომ ცნოს მოცემული სტატუსი. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მეომარ მხარედ ცნობის შემთხვევაში, ხელისუფლებისთვი მებრძოლ პოლიტიკურ ორგანიზაციას ენიჭება ყველა ის უფლება, რომელიც საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს გააჩნია და ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო, რომელიც ცნობს  აჯანყებულებს „მეომარ მხარედ“, ვალდებულია დაიცვას ნეიტრალიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება საერთაშრისო სამართლის ნორმების დარღვევას. 

ცნობის კიდევ ერთ სახეს წარმოადგენს ერის ცნობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, კერძოდ ჩეხებმა, სლოვაკებმა და პოლონელებმა ომის პერიოდში გამოთქვეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის სურვილი და აქტიურად ჩაებნენ ამ ომში ანტანტის მხარეს. რადგანაც არც პოლონელებს და არც ჩეხებს ჯერ არ ჰქონდათ სახელმწიფო ტერიტორია ამიტომ ისინი ჯარებს საფრანგეთის ტერიტორიაზე ქმნიდნენ, ანტანტამ კი ისინი „მოკავშირე ერებად“ ცნო და ხელი შეუწყო მათი სახელმწიფოებრიობის შემდგომ განვითარებას.

ცნობის კიდევ ერთი სახე წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერძოდ სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზაციების ცნობა. ანტიჰიტლერულ კოალიციაში შემავალი ქვეყნები ცნობდნენ გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლთა ხელმძღვანელ ორგანოებს და ეხმარებოდნენ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ორგანოები არ წარმოადგენდნენ მთავრობებს და მათი უფლებებიც შედარებით ვიწრო იყო. არსებობდა წინააღმდეგობის ორგანიზაციების ორი ჯგუფი, კერძოდ, ემიგრაციაში მყოფი ორგანიზაციები და ორგანოები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყვნენ შექმნილნი. ამ ორგანიზაციებთან ანტიჰიტლერული კოალიცია ამყარებდა საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთოებებს, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი როლი ითალამაშა გერმანიის დამარცხებაში. 

ეროვნული განთავისუფლების ორგანიზაციის ცნობა ცნობის კიდევ ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ახლოს დგას წინააღმდეგობის ორგანიზაციის ცნობასთან. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ერი თუ ხალხი, რომელიც იბრძვის კოლონიალიზმის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემქნისათის, სარგებლობს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით, შესაბამისად ის ორგაოენბი, რომლებიც სათავეში უდგანან ამ ბრძოლას, სხვა ქვეყნების მიერ იცნობიან, როგორც ეროვნული განთავისუფლების ორგანიზაციები და მათთან მყარდება საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობები, რათა მათ გაუადვილდეთ თავისუფლებისთვის ბრძოლა. 

 

ავტორი: გიორგი აბაშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2015.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე