მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში6223 2022.03.13
მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

 მორალური ზიანის ანაზღაურება დღესდღეობით მეტადრე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ჟამთასვლასთან ერთად მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი საკმაოდ ხშირად ფორმირდებოდა, იცვლებოდა მიდგომანი და შეხედულებები. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ჯერ კიდევ საბჭოურ პერიოდში მორალური ზიანის სისტემას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ კანონმდებლობა არ სცნობდა პასუხისმგებლობას მორალური ზიანისათვის. დღესდღეობით კი არაერთი სახელმწიფოს კანონმდებლობა აწესრიგებს მორალური ზიანის საკითხს, და საბედნიეროდ, ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაწყდებით არაერთ პრობლემასა და წინაღობას აღნიშნულთან დაკავშირებით. 

  უპირველეს ყოვლისა, უპრიანი იქნება განვიხილოთ ტერმინ „მორალური ზიანის“ დეფიცინია. ამ უკანასკნელის განხილვისას ვიგებთ, რომ იგი მომდინარეობს სიტყვა „მორალიდან“, რომელიც სინონიმია ზნეობრიობისა და წარმოადგენს ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებაში განსაზღვრავენ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას. მორალური ზიანი მოიცავს ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვას. ნიშანდობლივია, რომ სემატიკური მნიშნელობა სიტყვა „ტანჯვისა“ მოცემულ სისტემაში მიანიშნებს იმაზე, რომ ზიანის მიმყენებელი სუბიექტის ქმედებამ, აპრიორი, უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ნეგატიური ფსიქიკური რეაქცია. მორალური ზიანი შეიძლება გამოხატული იქნას რამდენიმე სხვადასხვა ასპექტში, მაგ: დამცირებაში, შიშში, უმწეობაში, სირცხვილში და იმ დისკომფორტის შემქმნელ გარემოებებში, რომელიც გამოწვეულია ზარალის  მიმყენებლის ბრალეული ქმედებით. ბუნებრივია, ვინაიდან, ვსაუბრობთ ზიანზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ანაზღაურება, რამე თუ არ დამკვიდრდეს “დაუსჯელობის სინდრომი” და ამ უკანასკნელმა არ გამოიწვიოს დანაშაულის ზრდა. მარტივად რომ ვთქვათ, ზიანის ანაზღაურება ერთგვარი მაპრევენცირებელი ზომაც არის. არსებობს ზიანის რეპარაციის ორი საშუალება: მიყენებული ზიანის ანაზღაურება თანხით, ანუ კომპენსაცია და ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა ანუ რესტიტუცია. უდავოა, რომ მორალური ზიანის რესტიტუცია შეუძლებელია, ვინაიდან ერთხელ მიყენებული ტანჯვის უკვალოდ წაშლა ადამიანის სულიერი აგებულებიდან გამორიცხულია. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს კომპენსაციის გზით. სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ სადავო საკითხი, კერძოდ, რამდენად მართებულია მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი თანხით. აღნიშნული მოცემულობის გასამყარებლად, უპრიანი იქნება, განვიხილოთ ნ. მალეინის შეხედულება: „მორალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, საუბარი უნდა იყოს არა მისთვის განკუთვნილი ფულის ოდენობასა და მის ანაზღაურებაზე (რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია სრულად შეესაბამებოდეს მიყენებული ტანჯვისა და განცდის ხარისხს), არამედ მის შემსუბუქებაზე, ანუ დაზარალებულის ტანჯვისა და განცდის გარკვეულწილად მოხსნაზე, მის დახმარებაზე, დაკარგულ გარემომცველ სამყაროსთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე, თითოეული შემთხვევის კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით“. უდავოა, რომ მორალური ზიანის უხეშად „გაზომვა“ და მატერიალური კომპენსაციის სახით გარდაქმნა წარმოუდგენელია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველადი მდგომარეობის აღდგენაც შეუძლებელია და აღნიშნულის ანაზღაურების უკეთესი საშუალება ამჟამად არ არსებობს, შესაბამისად კაცობრიობა დილემის წინაშე დგას, კერძოდ, ან სრულიად უსანქციოდ დარჩეს მორალური ზიანის მიყენება, ან კიდევ კომპენსაციის სახით ანაზღაურდეს. სამართლის სივრცეში უსანქციოდ რომელიმე უფლების დატოვება, საკუთრივ ამავე უფლების უარყოფის საპირწონეა. ამდენად, ვინაიდან პრაქტიკაში სხვა უკეთესი საშუალება არ მოიძებნება, უპრიანია, სამართალი მატერიალური, ფულადი კომპენსაციით მაინც იდგეს იმ უფლებების სადარაჯოზე, რომელთა შელახვის შედეგადაც დგება მორალური ზიანი. გარდა ამისა,  მნიშვნელოვანია დაზარალებულის გარკვეულწილად მორალური დაკმაყოფილებაც და მიღებული კომპენსაციის ხარჯზე დაზარალებულს შეუძლია უკვე სხვა ქონებრივი ინტერესისა თუ სურვილის განხორციელება. 

   აქვე არ იქნება ურიგო, განვიხილოთ მორალური ზიანის ანაზღაურების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები. ნიშანდობლივია, რომ ადამიანი დღის მონაკვეთში ხშირად განიცდის ფიზიკურ თუ ზნეობრივ ტანჯვას, მაგ, ეს უკანასკნელი შესაძლებელია გამოწვეულ იქნას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მხარის გაკვრის შედეგად, თუმცა, ბუნებრივია, ყოველი ასეთი შემთხვევისათვის კომპენსაციის დაწესება არ იქნება მართებული. შესაბამისად, უნდა არსებობდეს აღნიშნულის დამარეგულირებელი ბერკეტი. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი არსებობს კანონით ზუსტად გათვალისწინებული საფუძველი.  აღნიშნულს კი უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 - ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ - ის მოიცავს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემატიკას ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413 - ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, „არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.“ არამატერიალური ზიანი ანაზღაურდება ინდივიდუალური თავისებურებების, თვით ზიანის ხარისხისა და ხასიათის, ხანგრძლივობის, ბრალის ხარისხის (თუ კი ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და, რა თქმა უნდა, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. უდავოა, რომ მორალური ზიანის კომპენსაციის დროს დიდი ადგილი უჭირავს ზიანის სიმძიმესაც, რომელიც სხეულებრივთან ერთად სულიერ ან/და გონებრივი აღქმა - გაცნობიერების დაქვეითებას იწვევს და რომელიც არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის ერთ - ერთ კრიტერიუმად განიხილება. განსხვავებული და მარტივია ქონებრივი ზიანის ოდენობის დადგენა, რადგან ის ატარებს ეკონომიკურ შინაარსს და შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი სახით, კერძოდ, საჭიროა ზიანის დადგომამდე არსებული და მას შემდეგ შექმნილი ვითარების შეპირისპირება.

   ვგონებ, ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ, აღქმა - გაცნობიერების უნარის გარეშე დარჩენილი დაზარალებულის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას. მოგეხსენებათ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანთა შორის ერთ-ერთი ადგილი უკავია დაზარალებულის მიერ განცდილი უარყოფითი ემოციებით დადებითით ჩანაცვლება, თუმცა აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია როდესაც პირს დაკარგული აქვს აღქმა - გაცნობიერების უნარი. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით იურისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პირს უნდა მიეცეს სიმბოლური კომპენსაცია, ხოლო მეორენი  მიიჩნევენ, რომ დამნაშავე ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს და არ შეიძლება ის გათავისუფლდეს კომპენსაციის გაცემისგან მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ქმედებამ დაზარალებულს დააკარგვინა აღქმა - გაცნობირების უნარი.
            ამდენად, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხისადმი საზოგადოება საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი და არ დაეთმო ის დრო, რასაც რეალურად საჭიროებს. გარკვეულწილად, ეს ერთგვარ ნონსენსად მეჩვენება. არახალია, მორალური ზიანის ანაზრაურების საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და თითოეული პრობლემის დაძლევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ამ უკანასკნელის ფორმირება დღემდე არ დასრულებულა და მითუმეტეს, არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი სახით. 

 

ბიბლიოგრაფია

  • ბარაბაძე. ნ, მორალური ზიანი და მისი ანაზღაურების პრობლემა - სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2011 წელი;

  • ჩიკვაშვილი შ., მორალური ზიანი სამოქლაქო სამართალში, თბილისი, 1998 წელი;

  • ბიჭია. მ, გრიგოლ რცხილაძის ცხილაძის სტატიის სტატიის – „მორალური მორალური ზიანის ანაზღაურება ნაზღაურება“ – ანალიზი;

  • ბარამაძე. ნ, მორალური ზიანის ანაზღაურების უფლების წარმოშობის საფუძვლები, ადამიანი და კონსტიტუცია, N3 , 2005 წელი;

  • ბიჭია მ., დაზარალებულის გარდაცვალებით წარმოშობილი იურიდიული შედეგები, სამართალი და მსოფლიო, N4, 2016 წელი;

  • რუსიაშვილი გ., სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, www.gccc.ge, 07.10.2017.

 

ავტორი: ნინო გუგესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე