ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ  4063 2022.05.04
ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

 

ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები.  ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. ჩვენ კი განვიხილავთ ძალადობის ისეთ სახეს, როდესაც მსხვერპლის ადგილზე დგას ბავშვი და მოქმედება ხდება ოჯახში. სწორედ ოჯახში ძალადობაა ძალადობის ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმა რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი გვაძლევს ოჯახის დეფინიციას. ოჯახი-საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისთვის და დაცვისთვის ბუნებრიივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლებისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისათვის პასუხისმგებელი სხვა პირისგან. სწორედაც, რომ მშობლებს და ოჯახს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში.მათი პირდაპირი მოვალეობაა იზრუნონ ბავშვის ფიზიკური, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის. პირველ რიგში საჭიროა, მანამ , სანამ რომელიმე ადამიანი გადაწყვეტს, რომ  ჰყავდეს შვილი, კარგად შეაფასოს არსებული რეალობა და დარწმუნდეს რამდენად მზადაა იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებისთვის, რასაც მშობლობა ჰქვია.

 ზემოთ აღნიშნულ დეფინიციაში ყურადღება უნდა მიექცეს ორ მთავარ სიტყვას-კეთილდღეობა და დაცვა. სამწუხაროდ, უამრავი ბავშვისთვის საერთოდაც არ ასოცირდება ოჯახი  არც კეთილდღეობასთან და არც დაცვასთან. მეტიც, ხშირად ბავშვი  თავად ოჯახისგან ხდება დასაცავი. საქართველოში უამრავი ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. არსებობს ოჯახური ძალადობის 4 სახე: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და უგულებელყოფა.

პირველ რიგში განვიხილავ ძალადობის თითოეულ ფორმას.

 ფიზიკური ძალადობა არის ყველა ის ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს და იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. მაგალითად: დარტყმა , ხელის კვრა და სხვა ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება.

 ფსიქოლოგიური ძალადობა არის ისეთი ქცევები, რომლის მიზანია ბავშვის კონტროლი, მართვა და ემოციების დამორჩილება. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ერთად, ასევე ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობასთან ერთად.

სექსუალური ძალადობა ბავშვის გამოყენება სხვადასხვა სექსუალური მიზნისთვის. მაგალითად: სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვა, გაუპატიურება, გაუპატიურების მცდელობა, სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვა მრავალი.

უგულებელყოფა- მშობლის ან მეურვის მხრიდან გამოვლენილი გულგრილობა ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების მიმართ.

2013 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში ბავშვებზე ძალადობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დანაშაულია. მშობელთა 45%-ს დასაშვებად მიაჩნია  ბავშვის აღზრდის პროცესში ფიზიკური დასჯა.   ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდი არაძალადობრივზე ბევრად ეფექტიანია.  ქართველი მშობლების უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ ძველი ქართული ანდაზა ,, ბავშვი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო“ ისევ   ეფექტიანია.  რეალურად, ვფიქრობ არც სხვა დროს ყოფილა აღნიშნული ანდაზა საღი იდეოლოგიის გამტარებელი. 

ძალადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია იქ სადაც დაბალია განათლების დონე , კულტურის დონე და სოციალური მდგომარეობა. დამნაშავე ყოველთვის არის ისეთი მშობელი, რომელსაც არ შეუძლია აკონტროლოს საკუთარი რისხვა, რომელიც , შესაძლებელია ერთ დროს თავად იყო  ძალადობის მსხვერპლი, რადგან ძალადობაში გაზრდილი ბავშვი ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება მოძალადე. სტატისტიკურად ხშირ შემთხვევაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არის ისეთ ბავშვი, რომლის დედაც ძალადობის მსხვერპლია და ასევე ბავშვი, რომლის დაბადებაც არასასურველი იყო. 

ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ძალადობას ბავშვისთის და რამდენად დიდია სხვაობა კარგ ოჯახში გაზრდილსა და მოძალადე მშობლებთან გაზრდილ ბავშვს შორის. 

ბავშვი, რომელიც სისტემატიური ძალადობის მსხვერპლია თავის თანატოლებისგან ფიზიკური მახასიათებლითაც განსხვავდება, იგი უფრო მეტად გამხდარი და დაბალია, ასევე უჭირს იმ ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რასაც ლაპარაკი და სიარული ჰქვია. ფიზიკურ ჩამორჩენასთან ერთად, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ განათლების მიღება, ადამიანებთან ურთიერთობა, აქვთ ფსიქიკური პრობლემები და იტანჯებიან მუდმივი არასრულფასოვნების შეგრძნებით საბოლოოდ , ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ემსგავსებიან საკუთარ მშობლებს და ხდებიან ისეთივე მოძალადეები, როგორც მათ მშობლები, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე და ცხოვრების გზაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ის ემოციები, რომლითაც ბავშვობაში ივსება.

 რა შეიძლება იყოს აღნიშნული დანაშაულის გადაჭრის გზა ? პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ  საქართველოში  ბავშვთა უფლებების დაცვას დიდი ყურადღება ექცევა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი მე-2 ნაწილი გვეუბნება რომ ბავშვთა უფლებები დაცულია, ასევე ბავშვთა უფლებები განხილულია საქართველოს კანონში- ,,ბავშვის უფლების კოდექსი“.  გარდა ამისა, სახელმწიფო და ასევე სხვადასხვა არასამთავროები ამ პრობლემის გადასაჭრელად  მრავალ ღონისძებას ატარებენ . თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არაა. რადგან, ხშირ შემთხვევაში ბავშვი ისეა სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი, რომ ამის შესახებ სამართალდამცავი ვერც გებულობს, საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი მოსაზრების გამო. საზოგადოება უმეტესწილად მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია. 

რეალურად, პრობლემის გადაჭრის გზა ისევ ადამიანებშია. ცნობიერების ამაღლება არის ერთადერთი საშუალება , რაც პირდაპირ კავშირშია პრობლემის აღმოფხვრასთან. პირველ რიგში ცნობიერება უნდა ამაღლდეს ნაადრევი ქორწინების საკითხთან მიმართებაში, რადგან ეს  არის საკითხი რომელიც ხშირად ანგრევს, როგორც წყვილის ასევე მათი შვილების ცხოვრებას.  მატერიალურად გაუმართავი, ბიოლოგიურად და გონებრივად შუმდგარი ადამიანი, როდესაც ეჯახება პრობლემებს ის აუცილებლად ხდება აგრესორი, რასაც საბოლოოდ ძალადობამდე მივყავართ. შემდეგი საკითხი არის განათლება. განათლებულ და  წარმატებულ ადამიანში ნაკლებია შანსი გამოვლინდეს ძალადობის ნიშნები, ვინაიდან გონებრივად მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი მასზე სუსტს არ ჩაგრავს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი არის ის , რაც უკვე აღვნიშნე საზოგადოების მზადყოფნა დაიცვან მსხვერპლი მოძალადისგან, როდესაც საზოგადოებაში ჩამოყალიბდება იდეოლოგია, რომ დანაშაულზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ  და დავდგეთ მსხვეროლის გვერდით, მაშინ გაიმარჯვებს სიკეთე-ბოროტებაზე და სამართალი უსამართლობაზე.

 

ავტორი: ლანა გიორგაძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე