სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა და მისი კონსტიტუციური რეგლამენტაცია საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით  5543 2022.12.12
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა და მისი კონსტიტუციური რეგლამენტაცია საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით

 

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სამართლებრივ სახელმწიფოში უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი.  როგორც ავსტრიელი ფილოსოფოსი და იურისტი კელზენი ამბობს: „პირველი ეს არის საერთო საზოგადოებრივი ნება, რომელიც კანონებშია გამოხატული და მეორე ინდივიდის ნება“. გამოდის, რომ კანონში არსებული ნება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ნებას. ანუ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს, რომლებიც თავად არიან ხელისუფლების წყარო. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს სწორედ იმას, რომ ხელისუფლება შებოჭილი უნდა იყოს ხალხის მიერ ხალხისთვის. სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფცია დემოკრატიული წესწყობილების პირობებში წარმოშობილ შესაძლო რისკებს აზღვევს და სახელმწიფოს მთავარი მიზნის - თავისუფალი ადამიანის უზრუნველსაყოფად დამატებით გარანტიებს აყალიბებს.  

 სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი თანამედროვე გაგებით გულისხმობს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს სამართლიანი სამართლით შეზღდული. სამართლიანობა მეტად სადავო საკითხია , თუმცა აღიარებულია,  რომ სამართალი სამართლიანად ჩაითვლება, თუ კანონმდებლობით აღიარებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არსებობს ამ უფლებათა რეალური სარგებლობის შესაძლებლობები, უზრუნველყოფილია უფლებათა დარღვევის პრენევციები და მათი აღდგენის შესაძლებლობები.  

სახელმწიფო რომ სამართლებრივად განვიხილოთ, რაციონალური კანონების საფუძველზე უნდა იმართებოდეს. ანუ, სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება სათანადო წესით მიღებული კანონს. დაცული უნდა იყოს არამხოლოდ კანონის მიღების პროცედურა და საჯაროობა, არამედ მიღებული კანონები უნდა იყოს რაციონალური და შინაარსობრივად შესაბამისი ქვეყნის კონსტიტუციასთან.  

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გულისხმობს , რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,  როგორც წარუვალ უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღდული არიან ამ უფლებებიტა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. 

კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული , მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“(საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი).  

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი. საქართველოში გვაქვს კონსტიტუციის გადასინჯვის რთული წესი, რაც ხელს უშლის კონსტიტუციის ხშირად ცვლილებას, რადგან ეს ხალხში გამოიწვევდა ქვეყნის ძირითადი კანონისადმი უნდობლობასა და ქაოსს, ხოლო განსაკუთრებით რთული გადასინჯვის წესი ხელს შეუშლიდა კონსტიტუციას დროის შესაბამისად განვითარებულიყო და ფეხი აეწყო თანამედროვეობისთვის. ასევე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ სამართლიანი სახელმწიფოს არსებობისთვის კრიტიკულად აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით : „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“.  საქართველოში სამართლებრივი პრინციპის პრაქტკული რეალიზებისთვის განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ და ნათლადაა გამოკვეთილი ადამინის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.  

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის გარანტი იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილი იქნება მოქმედი კანონებითა და ადამიანის უფლებებით და ამდენად არ ექნება თვითნებობის, ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა.

 

ბიბლიოგრაფია:  

1. საქართველოს კონსტიტუცია 12.06.2022, კონსოლიდირებული ვერსია 2. კობახიძე ი. კონსტიტუციური სამართალი 2019 

3. გეგენავა დ. საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების ძირითადი სისტემური პრობლემები, თბილისი, 2012.  4. კახიანი გ. საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი და მისი ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში: კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი, თბილისი, 2008. 

5. ზოიძე ბ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პირობები(ზოგადი მიმოხილვა და საქართველოში არსებული მდგომარეობა),  ჟურნ.,,ადამიანი და კონსტიტუცია’’,№4, 2004. 

 

ავტორი: ელენე წოწონავა, თსუ-ის იურდიული ფაკულტეტის სტუდენტი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.