როცა ოცნებას აიხდენ, სახლს იყიდი და...989 2024.01.18
როცა ოცნებას აიხდენ, სახლს იყიდი და...

სანივთო სამართალი

ვივიენისა და აკაკის ამბავი:

მე და ჩემი მეუღლე პენსიას ვიღებთ უკვე რამდენიმე წელია.  ჩვენი შვილები არაფერს გვაკლებენ, წამლებსაც ისინი გვყიდულობენ. ჩვენი პენსია, ფაქტობრივად, საერთოდ არ გვეხარჯება. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგროვება.

 

დიდი ხანია ოცნებად მაქვს პატარა ბინის ყიდვა... ხოდა, ამასწინათ, ჩემმა მეზობელმა ეფემიამ მითხრა პირველი სართულის ხალხმა ‘გრინკარტა’ მოიგო როგორც იქნა და დეკემბერში ამერიკაში მიდიან, თან ბინის გაყიდვა ეჩქარებათო.

 

ჩემს მეუღლეს როგორც კი ვუთხარი, მაშინვე დამთანხმდა. შევეხმიანე ჩემს მეზობლებს, ფასზეც შევთანხმდით. ასე მითხრეს, თანხა ახლა მოგვეცი და დანარჩენი საკითხები მერე მოვაგვაროთ, რამდენიმე თვეშიო. გული კარგს არ მიგრძნობს, ან ამ სხვა საკითხებში რაღა იგულისხმა?! იქნებ დამეხმაროთ.

 

სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგება

გსმენიათ რაიმე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის შესახებ?

გკითხავთ, იცით როგორ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება? 

ამ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და შემდგომი მუხლები. დასახელებული ნორმის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

ამდენად, აუცილებელ პირობებს წარმოადგენს:

ა) გარიგების წერილობითი ფორმა და

ბ) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

ბინის შეძენისას საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით შემძენის მხრიდან.

შემძენის ინტერესებს იცავს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

ხშირ შემთხვევაში, ბინის შეძენა ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს.

ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სჯობს ‘პრობლემური’ საკითხები გაიაროთ/გადაამოწმოთ, რათა შემდგომი გაუგებრობა აიცილოთ თავიდან.

თუკი კითხვები დაგრჩება, ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს.

კითხვების შემთხვევაში, მოგვმართე.