"სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და..."1882 2024.02.27
"სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და..."

საოჯახო სამართალი

ლევანისა და ლილიანას ამბავი:

- მე და ჩემი მეუღლე, ლილიანა უკვე რამდენიმე წელია ქორწინებაში ვიმყოფებით. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, თუმცა ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ერთმანეთის მიმართ საკმარის ყურადღებას ვეღარ ვიჩენდით და ურთიერთობა დაგვეძაბა.

 

პროფესიით ექიმი ვარ, კერძოდ, ქირურგი და ალბათ, წარმოგიდგენიათ კიდეც, რა დატვირთვით მიწევს მუშაობა. ჩემი მეუღლე კი ბიოლოგიის მასწავლებელია და სკოლის შემდგომ, კერძო მოსწავლეებიც ჰყავს.

 

მუდმივი დაძაბულობის გამო, გადავწყვიტეთ განქორწინება, თუმცა ეს ყველაფერი ასეთი მარტივიც არ აღმოჩნდა. ყოველდღიური კამათი გვიწევს ქონების განაწილებაზე. ვერ ვიგებ, ჩემი ფონეიდოსკოპი ან სამედიცინო ლიტერატურა ლილიანას რაში სჭირდება...

 

იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ და აგვიხსნათ, როგორ იყოფა ქონება მეუღლეებს შორის განქორწინებისას?

 

 

ქონების გაყოფა განქორწინებისას

მეუღლეთა თანასაკუთრება

პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის მეუღლეთა თანასაკუთრება. აღნიშნულს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომლის თანხამად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამასთან, ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:

• ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

• ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

ამასთან, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

 

პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთების ბედი

პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

 

რა გზით იყოფა მეუღლეთა ქონება?

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით,  ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.

სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს.

 

თუკი კითხვები დაგრჩება, ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს.

ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ.