ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა3669 2024.07.20
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა

სამემკვიდრეო სამართალი

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მიხედვით:

გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

ამდენად, მემკვიდრეობა არის ორი სახის:

• ანდერძით მემკვიდრეობა

• კანონით მემკვიდრეობა

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

კანონით მემკვიდრეობის დროს:

პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ანდერძით მემკვიდრეობისას:

პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

ანდერძით მემკვიდრეობა

ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას - თავის სიცოცხლეშივე განსაზღვროს, ვის უნდა დარჩეს ქონება მისი გარდაცვალების შემდგომ.

 

ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებელი შეზღუდული არ არის მემკვიდრის განსაზღვრისას - მას შეუძლია მემკვიდრეთა წრეს გასცდეს და გარეშე პირის განსაზღვროს მემკვიდრედ.

კანონით მემკვიდრეობა და რიგი

I რიგი – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

II რიგი – გარდაცვლილის დები და ძმები.

III რიგი– ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV რიგი – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V რიგი – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

 

ხშირია კითხვები კანონით მემკვიდრეთა რიგთან დაკავშირებით.

მომავალ ბლოგებში, კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.