ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?165 2024.12.25
ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?

საშემოსავლო გადასახადი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით:

გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

გადასახადები 2 სახისაა: საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს მიეკუთვნება სწორედ საშემოსავლო გადასახადი.

ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?

• რეზიდენტი ფიზიკური პირი;

 

• არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

რა წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს?

რეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში:

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ხოლო საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში:

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი:

როგორც წესი, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.

თუმცა განაკვეთი განსხვავებულია სხვა შემთხვევებში, მაგალითად:

 

საცხოვრებელი ფართობის გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.

 

ასევე, 5 პროცენტით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

რა ტიპის შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას?

მაგალითად, მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია;

 

საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

 

საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;

 

და სხვ.

 

ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, განსაკუთრებით, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.