1243
2012.10.19
მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები
საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დღევანდელ რუბრიკაში მინდა გესაუბროთ მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებზე. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; ბ) მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა; გ) მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; დ) საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება; ე) მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ვ) მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება; ზ) დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა; თ) სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა; კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
(წყარო:http://hcoj.gov.ge/ge/distsiplinuri-samartaltsarmoeba/distsiplinuri-pasukhismgeblobis-safudzvlebi)