უზენაესი სასამართლოს ახალი განმარტება946 2012.10.19
უზენაესი სასამართლოს ახალი განმარტება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთადივიდენდის სამართლებრივი ბუნებისშესახებ (საქმე #ას-1328-1170-2010). აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა ნ. ს-შვილის სარჩელს, რომლითაც იგი მოითხოვდა მოპასუხე შპს „თ-ისათვის“ მის სასარგებლოდ 2004-2005 წლების მიუღებელი დივიდენდის თანხის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით,იგი წარმოადგენდა მითითებული საზოგადოების პარტნიორს, რომელმაც თავისი წილი გაასხვისა 2006 წელს, მაგრამ სადავო პერიოდის დივიდენდი საწარმოდან არ მიუღია.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო დივიდენდის სამართლებრივი ბუნების გარკვევა. პალატამ განმარტა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 50-ე მუხლი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ეს უფლება მოიცავდა დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი უფლება წარმოიშობოდა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლის მესამე ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). მითითებულ ნორმათა მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ იყო, არამედ განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენდა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდებოდა. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ, ვინაიდან მოპასუხე საზოგადოებას 2004-2005 წლებში ჰქონდა მოგება, ამიტომ მოსარჩელეს წარმოეშვა დივიდენდის მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში სამეურნეო წლის ბოლოს საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის (დივიდენდის მოთხოვნის) უფლების წარმოშობა აუცილებლად საჭიროებდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. ამდენად, მოსარჩელეს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დამტკიცდებოდა, რომ მოპასუხე საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით საწარმოს წლიური მოგება გადანაწილდა დივიდენდების სახით. ასეთი კრების ჩატარების ფაქტზე ვერც მოსარჩელე უთითებდა და არც მოპასუხე ადასტურებდა მის არსებობას. სარჩელი ეფუძნებოდა ასევე იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდის დივიდენდზე მოსარჩელის მოთხოვნის უფლება წილზე საკუთრების უფლებისაგან დამოუკიდებელი უფლება იყო და მისი განკარგვა შეიძლებოდა წილზე საკუთრების უფლებისაგან დამოუკიდებლად. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის აღნიშნული მსჯელობა მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სადავო პერიოდის დივიდენდზე მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ექნებოდა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა ზოგადად დივიდენდის მიღებისა და არა დივიდენდის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად იყო დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად არ დაიშვებოდა. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების დათმობაც ხდებოდა. სხვა საკითხი იყო დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემა, ამ შემთხვევაში პარტნიორი საზოგადოების კრედიტორს წარმოადგენდა და მას, როგორც კრედიტორს, უფლება ჰქონდა თავისი მოთხოვნა დივიდენდზე სხვა პირისათვის დაეთმო. დივიდენდის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელ უფლებას წარმოადგენდა და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადიოდა წილის მიმღებზე, თუ ეს სპეციალურად არ იქნებოდა აღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულებაში.იხილეთგადაწყვეტილებასრულად>>>დივიდენდის-სამართლებრივი-ბუნების-შესახებ