რა განსხვავებაა აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?2162 2012.10.19
რა განსხვავებაა აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?
ხშირად გვხვდება პრაქტიკაში კითხვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რა განსხვვავებებია აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაცია შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მომეძიებია და თქვენთვის მომეწოდებინა ინფორმაცია ამ საკითხზე. ერთ ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას. ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის, ანშტამპის ავთენტურობის დამოწმებას. ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე რგოლის (უწყების) მონაწილეობას. ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.