როგორია ქორწინების სპეციფიკა საერთაშორისო კერძო სამართალში2499 2012.10.19
როგორია ქორწინების სპეციფიკა საერთაშორისო კერძო სამართალში
როდესაც გვაქვს საქმე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია საერთაშორისო სამართალთან, ეს უკვე იწვევს ბევრ კითხვისნიშანს და გაურკვევლობას. მითუმეტეს, თუ საქმე საოჯახო საკითხებს ეხება. დღეს მინდა რამდენიმე დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება სწორედ ამ სფეროსთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ ქორწინების პირობები თითოეული დასაქორწინებელი პირისათვის ექვემდებარება იმ ქვეყნისსამართალს, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება. თუ ქორწინების პირობებიდან რომელიმე არ არსებობს და ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, შესაძლებელია საქართველოს სამართლის გამოყენება, თუ:
  • სხვა ქვეყნის სამართალი ქართულ ჩვეულებებთან შედარებით ზღუდავს ქორწინების თავისუფლებას;
  • წინა ქორწინება ხელს არ უშლის ხელახალ ქორწინებას;
  • წინა ქორწინება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილებით შეწყვეტილი ან ბათილია;
  • დასაქორწინებელი პირის ყოფილი მეუღლე გამოცხადებულია გარდაცვლილად.

ზოგადად, ქორწინების ფორმის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც განხორციელდა ქორწინება, მაგრამ თუ დასაქორწინებელ პირთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, ქორწინება საქართველოში შეიძლება განხორციელდეს იმ ქვეყანაში მოქმედი ქორწინების ფორმის შესაბამისად, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება. გაითვალისწინეთ, რომ თუ მეუღლეების ქონებრივი ურთიერთობები ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამართალს და ერთ-ერთ მეუღლეს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს ან სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში ეწევა, მაშინ მესამე პირთან დადებული გარიგებების მიმართ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება, თუ ამ პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს: რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთვნებოდა; სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. რაც შეეხება ქორწინების შეწყვეტას, ის ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ. როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. იმედი მაქვს ეს ინფორმაცია გამოგადგებათ ოჯახური ცხოვრების დაკანონებასა, და შემდგომი ურთიერთობის წარმართვაში. დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად იხილეთ საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“.