ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდამჭერი ფონდი924 2012.10.19
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდამჭერი ფონდი
მზადება ცხოვრებისეული წინსვლისთვის, კარიერისთვის და პროფესიული განვითარებისათვის ბავშვობიდან იწყება. ეს არის პერიოდი როდესაც ჩვენ ვყალიბდებით და განვსაზღვრავთ თუ რა ინტერესები და მისწრაფებები გვაქვს. არჩევანი კი მართლაც ფართოა და ბევრ დაფიქრებასა და დაკვირვებას მოითხოვს.

სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდში ალბათ ყველა ვყოფილვართ სხვადასხვა გაერთიანებების წევრი, სადაც ჩვენნაირივე ინტერესების მქონე ახალგაზრდებთანერთად ვგეგმავდით და ვახორციელებდით სხვადასხვა ღონისძიებებს. მსგავს გაერთიანებებს სახელმწიფოც უდგას გვერდით. საქართველოს კანონმდებლობა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ, შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან. გაითვალისწინეთ, რომ ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა არ ვრცელდება პროფკავშირებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე. ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ წევრთა არანაკლებ 2/3-ისა არიან 26 წლამდე ასაკის, საერთო ინტერესის მქონე, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაერთიანებული მოქალაქეები. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

  • კავშირების საქმიანობაში ჰუმანურ და პატრიოტულ ღირებულებათა უპირატესობა და საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების აღიარება;
  • კავშირების მიერ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა;
  • კავშირების დამოუკიდებლობის გათვალისწინება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას.

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მიზნით შექმნილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მეშვეობით. ფონდი იქმნება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.ფონდი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით შექმნილი პროექტების დაფინანსებას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და მათ რეგიონულ განვითარებას. ფონდი თანამშრომლობს გამოცდილ და საიმედო პარტნიორებთან. ამასთან, ფონდი მუდამ ისწრაფვის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერისაკენ.

სხვა სიახლეები