როგორ და სად უნდა მიიღოთ მშენებლობის ნებართვა?1781 2012.10.19
როგორ და სად უნდა მიიღოთ მშენებლობის ნებართვა?
როდესაც საუბარია მშენებლობის წამოწყებაზე, პირველ რიგში დაფიქრდებით იმაზე, თუ როგორ უნდა დააპროექტოთ თქვენთვის სასურველი შენობა, რამხელა ხარჯებთან არის ის დაკავშირებული, თან ყველაფერი კარგად უნდა გაიწეროს დროშიც. მოსაფიქრებელი და განსასაზღვრი იმდენი დეტალი და წვრილმანია, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან რთული ხდება. თუმცა პირველ რიგში იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ თქვენი ჩანაფიქრი კანონიერად და ყველანაირი სამართლებრივი წესის დაცვით განახორციელოთ. ამისთვის კი პირველ რიგში უნდა მიმართოთ „თბილისის არქიტექტურულ სამსახურს“, რომელიც წარმოადგენს თბილისის მერიის იურიდიულ პირს და აქ უნდა გაიაროთმშენებლობის ნებართვის მისარებად აუცილებელი სამი ეტაპი.

პირველ რიგში თქვენ უნდა წარადგინოთ ისეთი დოკუმენტაცია, როგორიცაა:

  • განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავთ მიზნად;
  • საკუთრების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
  • ტოპორუკა მასშტაბით 1:500 და 1:2000;
  • გარემოს ამსახველი ფოტომასალა;
  • თანამესაკუთრის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა.

დაიმახსოვრეთ ისიც, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა მოგიწევთ 4 ეგზემპლარად. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის ადმინისტრაციულ აქტს, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გადასასვლელად 30 დღის ვადაში კვლავ მიბრძანდებით თბილისის არქიტექტურის სამსახურში, სადაც მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული საბუთები და დოკუმენტაცია დაგჭირდებათ. ესენია:

  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი;
  • ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
  • საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

ამჯერად კი თქვენ მიიღებთ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციულ აქტს, 20 დღის ვადაში მიბრძანდებით თბილისის არქიტექტურის სამსახურში და უკვე მესამე ეტაპზე წარადგენთ:

  • არქიტექტურულ სამშენებლო პროექტს;
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
  • ტექნიკურ პირობებს, რომელსაც თქვენ მოგცემენ თელასში, თბილისის წყალში და ყაზტრანსგაზში;
  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკას და ამონაწერს რეესტრიდან.

თუ ყველა საბუთი წესრიგშია, და თქვენს მიერ ცაფიქრებული მშენებლობის წამოწყება დასაშვებია, მესამე ეტაპის შემდეგ 10 დღის ვადაში თქვენ მიიღებთ მშენებლობის ნებართვას. ((წყარო:http://www.tbilisi.gov.ge))

სხვა სიახლეები