რა იცით საბიუჯეტო სისტემასა და მის პრინციპებზე?1617 2012.10.20
რა იცით საბიუჯეტო სისტემასა და მის პრინციპებზე?
ბიუჯეტი – ეს არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ვალდებულებათა შესრულების მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის, საბიუჯეტო პროცესისა და შესაბამისი ბიუჯეტების ერთობლიობა. სწორედ ბიუჯეტი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უპირველეს საზრუნავს. მსურს გაგაცნოთ ის დებულებები, რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო სისტემის ძირითად პრინციპებსა და არსს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ პრინციპებს კანონი განსაზღვრავს და მათი გათვალისწნება სავალდებულოა საბიუჯეტო პროცესის ყველაეტაპზე:
  • ყოვლისმომცველობა– ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;
  • გამჭვირვალობა– ბიუჯეტების პროექტების საკანონმდებლო ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
  • ანგარიშვალდებულება– საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე;
  • დამოუკიდებლობა– სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლების წყაროები და საკუთარი ხარჯების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების შემოსავლები და ხარჯებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა დგინდება კანონმდებლობით;
  • ერთიანობა– ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლებით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ანგარიშთა ერთიანი ჩამონათვალით, საბიუჯეტო დოკუმენტაციით, საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობით სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
  • უნივერსალურობა– ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული ხარჯის ან/და ღონისძიების დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსავლების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;
  • კონსოლიდირება- ყველა სახელმწიფო შემოსულობით სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შექმნა, ამ ფონდიდან ხარჯების გაწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მისი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მსურს აქვე გესაუბროთ საბიუჯეტო პროცესზე, რომელიც საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია და გითხრათ თუ რა პრინციპით ივსება საქართველოს ბიუჯეტის ხაზინა. ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობებია:

  1. შემოსავლები,მათ შორის:
  • მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები;
  • მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები – სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული წმინდა მოგება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მოგება, ადმინისტრაციული გადასახდელები (მათ შორის, მოსაკრებლები), ჯარიმები და საურავები, ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებით მიღებული და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა);
  • კაპიტალური შემოსავლები – ფიქსირებული კაპიტალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, აქციების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, მიწისა და არამატერიალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო წყაროებიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები;
  1. გრანტები- საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები ან სასაქონლო ფორმით მიღებული და მონეტიზებული გრანტები;
  2. სესხები– საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აღებული სესხები.